გამოცემები AI-ს ხელოვნური ინტელექტის „დასატრენინგებლად“ OpenAI-ს თავიანთ მასალებზე წვდომას უზღუდავენ - რა ხდება?
07.09.2023
ტექსტის მაგენერირებელი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მედია საფრთხეს ხედავს და რეგულირებაზე მუშაობს.

OpenAI-ს ChatGPT საჯაროდ ხელმისაწვდომი 2022 წლიდან გახდა. ახალი პროდუქტის ჩაშვებასთან ერთად, მალევე დაიწყო დისკუსია გამოწვევებზე, რომლებსაც AI (ხელოვნური ინტელექტი) სხვადასხვა პროფესიას უქმნის, მათ შორის ჟურნალისტიკასაც.
  • წაიკითხეთ ვრცლად, „ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში - შესაძლებლობები და გამოწვევები“

როგორ აგროვებს AI მასალებს?

ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელები, როგორიცაა Chat GPT "გაწვრთნილია" ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ ვრცელ მასალებზე, მათ შორის სტატიებზე, სამეცნიერო ნაშრომებზე, წიგნებსა თუ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე. „მიღებული ცოდნით“ კი შეუძლია მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა ან კონკრეტული დავალების შესრულება, მაგალითად სტატიის დაწერა.

სხვადასხვა გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიც ხელოვნური ინტელექტის „გასაწვრთნელი“ ერთერთი საშუალება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც Open AI-მ „ინტერნეტში მცოცავი“ ბოტი, chatbot ჩაუშვა, გამოცემების ნაწილმა გადაწყვიტა, მისთვის მასალებზე წვდომა შეზღუდოს.

რა არის "მცოცავი ბოტი"?
  • „მცოცავი ბოტი“ ინტერნეტში ხელმისაწვდომ წყაროებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით „იძენს ცოდნას“.
  • Open AI-მ გამოაქვეყნა ინსტრუქცია თუ როგორ შეუძლიათ გამოცემებს თავიანთ მასალებზე წვდომა Open AI-ს ბოტს სრულად შეუზღუდონ ან მიუთითონ კონკრეტული მასალები, რომლებსაც გამოიყენებს Open AI.
  • როგორც Open AI-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ გავლენიანმა, პასუხისმგებლობიანმა წყაროებმა მათ მასალებზე მისცენ წვდომა ბოტს, რათა დაიხვეწონს და მეტად სანდო გახდეს AI.

რატომ უზღუდავენ წვდომას გამოცემები ბოტს?

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან ერთად, მალევე გაჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვის საფრთხე, რადგან რამდენიმე ავტორის ან გამოცემის გამოქვეყნებულ ტექსტს AI იყენებს იმისთვის, რომ დააგენერიროს ახალი. სწორედ ამიტომ, არაერთმა ავტორმა უჩივლა Open AI-ს მათი სტატიების გამოყენებისთვის.

დამატებით, კომიკოსმა და მსახიობმა, სარა სილვერმენმა საჩივარი შეიტანა “Meta”-ს წინააღმდეგაცაც, ის ამტკიცებს, რომ კომპანიამ თავისივე ხელოვნური ინტელექტის, LLaMa-ს, გასაწვრთნელად, სილვერმენის წიგნი ნებართვის გარეშე გამოიყენა.

თუმცა, open AI-ს ბოტისთვის წვდომის შეზღუდვა, პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სტატიები თუ სხვა მასალები ხშირად ონლაინ ბიბლიოთეკებში, არალეგალურ ვებგვერდებსა თუ სხვა საიტებზეც ვრცელდება.

რომელმა გამოცემებმა აუკრძალეს Open AI-ს მასალების გამოყენება?

გამოცემებიდან ერთერთი პირველი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის „გაწვრთნისთვის“ მათი მასალების გამოყენება აკრძალა “The New York Times” იყო. ამის შემდეგ, ეს შეზღუდვა დააწესეს სხვა გამოცემებმაც, მათ შორის:
  • The Guardian
  • CNN
  • Reuters
  • Canberra Times და სხვა.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ