პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ბაჰრუზ
სამადოვის დაკავებას გმობს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი
დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. IPI ჟურნალისტ ჯავიდ აღას
სამგზავრო აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმებასაც
მოითხოვს.
OC media-ს კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა 21 აგვისტოს დააკავეს. ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
სამადოვის კოლეგები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.
OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის თქმით, ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს. ასევე, ის ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ქვეყნის შიდა ამბებზე, მთავრობასა და პოლიტიკაზე.
ნიკურაძის შეფასებით, სადამოვის დაკავების მიზეზი შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მისი მოსაზრებები გამხდარიყო.
„ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება მისსავე მოსაზრებებს უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, რადგან ომის დროსაც კი, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, რაც აზერბაიჯანისთვის საკმაოდ საკამათო პოზიციაა.
მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამობებნ, ბრალი ღალატში ედება… ეს ალბათ, კონფლიქტთან დაკავშირებული მოსაზრების გამოა და არა პოლიტიკური კრიტიკის გამო“.
24 აგვისტოს აზერბაიჯანში OC media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, სამად შიხი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში გამგზავრებას ცდილობდა.
OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი, ჯავიდ აღა კი აეროპორტში, როგორც მოწმე სამადოვის საქმეზე, 27 აგვისტოს დააკავეს. მოგვიანებით ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს. აღა ლიტვაში ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად მიემგზავრებოდა.