მოხუცი ჩიბუხით - ერთი ფოტოს ისტორია
27.03.2017
დამტვრეული საწოლი, ბათქაშის ნატეხები, მოშლილი დარაბები ფანჯრებზე. ნახევრად დანგრეული ოთახის ცენტრში წვეროსანი მოხუცი ჩიბუხს ეწევა და მუსიკას უსმენს. ყველაფერი ისეა დალაგებული, თითქოს მხატვრული ფილმის სცენაა. არადა, ეს მოქმედება ალეპოში რეალურად ხდება, ფოტო დოკუმენტურია. ფრანს-პრესის სააგენტოს სურათი რეზონანსული აღმოჩნდა. ჩიბუხიანმა მოხუცმა, კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიოს სირიის 6 წლიანი დამანგრეველი სამოქალაქო ომი. მისი ისტორიითაც ბევრი დაინტერესდა.

მოჰამედ მოჰიედინ ასინი, იგივე აბუ ომარი ძველი მანქანების კოლექციონერი იყო. თუმცა, ომის გამო 30-მდე ანტიკვარული ავტომობილიდან უმეტესობა დაკარგა - დაცხრილეს, დაწვეს ან მოიპარეს. მოხუცი ალეპოს იმ ნაწილში ცხოვრობდა, რომელსაც რამდენიმე წელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით, სირიის სამთავრობო ძალებმა მთელ ქალაქზე მოიპოვეს ძალაუფლება. რამდენიმეკვირიან სისხლიან ბრძოლებს ომარი გადაურჩა, თუმცა არეულობას შეეწირა მისი სახლი, კოლექცია და ცხოვრების გატაცება.

ფრანს-პრესის ბეირუთის ბიუროს ხელმძღვანელი სემი კეთზი და ფოტოგრაფი ჯოზეფ ეიდი მოხუცს მარტის დასაწყისში ესტუმრნენ. ომარის ისტორია კეთზისთვის უკვე ცნობილი იყო, ფრანს-პრესის ჟურნალისტმა კარამ ალ-მასრიმ მასზე ერთი წლის წინ სიუჟეტი გააკეთა. ალეპოში ჩასული რეპორტიორები, რომლებსაც ნაომარი ქალაქის გაშუქება სურდათ, მოხუცი კოლექციონერის ბედმა დააინტერესა და მისი მოძებნა გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ალ-შაარის უბანში ყველამ იცოდა ომარის სახლი.

“რკინის მწვანე ჭიშკართან მივედით და დავაკაკუნეთ. კარის გაღებისთანავე დამეუფლა შეგრძნება, პასუხისმგებლობა, რომ მისი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გამეგო.” - ყვება კეთზი ჟურნალ Time-თან ინტერვიუში. ომარმა სტუმრები დანგრეულ სახლში შეიპატიჟა, თავად ვინილის ძველი დისკი გადმოიღო, ყუმბარებისგან დამსხვრეულ საწოლზე ჩამოჯდა, მუსიკა ჩართო და ჩიბუხი გააბოლა.

ეს არის სცენა ფოტოზე. ჟურნალისტების ლოდინი ინტერვიუმდე, სანამ ომარი შეასრულებს თავის რიტუალს, მოუსმენს საყვარელ მუსიკას, ძველ არაბულ ჰანგებს და გააბოლებს ჩიბუხს. სანამ ჩაწერენ ინტერვიუს არეულ ოთახში, დანგრეულ სახლსა და განადგურების პირას მისულ ქალაქში.

ომარისთვის მისი კოლექცია ყველაფერი იყო. სემი კეთზის თქმით “ის განსაკუთრებით იყო მიჯაჭვული საკუთარ წარსულზე. ამ ყველაფრის გარეშე კი ომარმა საკუთარ თავი თითქოს დაკარგა. სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს აღადგინოს სახლი, კოლექცია და დააბრუნოს ცხოვრება უკან.”

კეთზის თქმით, ეს სცენა მას არასდროს დაავიწყდება. მოხუცის სახე ერთი მხრივ მწუხარებას და მეორე მხრივ იმ პრობლემებთან ბრძოლას ასახავს, რომელიც მას თავს დაატყდა. “ვიცი, ყოველთვის, როცა ცხოვრებაში ახალი პრობლემა შემხვდება, როცა დანებებას გადავწყვეტ, გამახსენდება აბუ ომარი. მოხუცი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მაინც ზის თავის დანგრეულ ოთახში, ეწევა ჩიბუხს და უსმენს საყვარელ მუსიკას.” - დასძენს კეთზი Time-თან ინტერვიუში.

მტვრით დაფარული და სისხლიანი ბავშვების ფოტოები სირიიდან მსოფლიოს რამდენჯერმე მოედო. ბევრს უნახავს ეს, მძაფრი შეგრძნებების გამომწვევი კადრები. თუმცა, ეიდის ფოტომ ომის კიდევ ერთი, განსხვავებული და მძიმე სურათი წარმოაჩინა. ომით დანგრეული ცხოვრება მუსიკისა და ჩიბუხის ფონზე.


მომზადებულია ჟურნალ Time-ის სტატიის მიხედვით. http://time.com/4701247/aleppo-syria-car-collector/

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ