22.08.2017
ხალხის რეაქცია მძაფრი იყო, გენერალი ნუე ნგოპ ლანი საძულველ კაცად იქცა. ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხნის შემდეგ ის დაიჭრა, საჭირო იყო ფეხის ამპუტაცია, თუმცა ავსტრალიის საავადმყოფოებმა დაშავებული არ მიიღეს. ნგოპ ლანს ამერიკაში უმკურნალეს, თუმცა მისი დეპორტაციის მოთხოვნით აქაც დიდი კამპანია დაიწყო. გენერალს მიიჩნევდნენ სადისტად და სამხედრო დამნაშავედ. თუმცა, ჟენევის კონვენცია მას არ დაურღვევია.
ედი ადამსი იხსენებდა, რომ ვიეტკონგელი ნგუე ვან ლემი ე.წ. “სიკვდილის ჯგუფის” კაპიტანი იყო. უმოწყალოდ ხოცავდა არა მარტო ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოქალაქეებსაც. იმ დღეს ვიეტკონგელთა “სიკვდილის ჯგუფი” ნაციონალურ პოლიციას დაესხა თავს. მათ ოფიცრები თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად დახოცეს. თუმცა, საბოლოოდ, დაპირისპირებაში სამხრეთ ვიეტნამელებმა გაიმარჯვეს და ვიეტკონგელებიდან კაპიტნის დატყვევება მოახერხეს. ორიოდე კითხვის დასმის შემდეგ, გენერალმა ნუე ნგოპ ლანმა ტყვე სიკვდილით დასაჯა. ამ სცენის ამსახველმა ფოტომ კი თავად გენერალს გამოუტანა განაჩენი.
“ამ ფოტოში ორი კაცი კვდება: ტყვიის ობიექტი და გენერალი ნგუე ნგოპ ლანი. მან მოკლა ვიეტკონგელი, მე კი ჩემი კამერით გენერალი მოვკალი,” - იხსენებდა ედი ადამსი მოგვიანებით. “დღეს ფოტოსურათები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია მსოფლიოში. ხალხს მათი სჯერა. თუმცა, ზოგჯერ ფოტოები იტყუებიან, თუნდაც მანიპულაციის გარეშე. სურათი თითქოს ნახევრად სიმართლეა… აი ეს ფოტო, მაგალითდ, არ ამბობს - “რას გააკეთებდი შენ იმ მცხუნვარე დღეს, გენერლის ადგილას რომ ყოფლიყავი? რას იზამდი, თუკი ხელში ჩაიგდებდი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტიპად წოდებულ ადამიანს, რომელსაც ხელები ჯერ კიდეევ შენი ხალხის სისხლით ექნებოდა დასვრილი? მე ფოტოთი გენერლის ცხოვრება გავანადგურე, თუმცა ლანს არასდროს უსაყვედურია ამის გამო. როცა მისი სიკვდილი შევიტყვე, გავუგზავნე ყვავილები და წერილი: “ვწუხვარ, თვალები ცრემლით მევსება.” - ყვება ედი ადამსი.
AP-ის ამ ფოტოზე ბევრს მართლა არ უკითხავს, რატომ მოკლა უიარაღო ადამიანი გენერალმა. რა მოხდა მანამდე და რას განიცდიდა იმ წამებში გენერალი, ტყვე თუ ფოტოგრაფი. ხალხმა სურათზე დაინახა სისასტიკე და სიკვდილი - როგორც ვიეტნამის და ზოგადად ყველა ომის სიმბოლო. ედი ადამსის ამ ფოტომ 1969 წელს პულიტცერის პრემია მიიღო და იმოქმედა ამერიკელთა დამოკიდებულებაზე ვიეტნამის ომის შესახებ. გენერალმა ნგუე ნგოპ ლანმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერასდროს მოახერხა დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას. მან ვირჯინიის შტატში პიცერიაც გახსნა, თუმცა 1991 წელს გენერლის ვინაობა გაირკვა და ლანი იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საჯარო ცხოვრებას. ადამსი იხსენებს მის ერთ-ერთ ბოლო ვიზიტს პიცერიაში, როცა ტუალეტის კედელზე წარწერაც დახვდა - “ჩვენ ვიცით ვინ ჯანდაბაც ხარ”. გენერალი 1998 წელს, 67 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.