ომი დამთავრდა - War is Over
09.05.2018
ფოტოერთ ფოტოში გადმოცემული დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ისტორიამ მრავლად შემოგვინახა. თუმცა, კადრი, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭავი ვიზუალური ილუსტრაციაა ფოტოგრაფიის ისტორიაში. უცნობი მეზღვაურისა და მედდის სპონტანური კოცნა თაიმ სქუერზე ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმ განწყობას, რაც ომის დამთავრების ამბის გაგებისას შეიძლება ჰქონოდათ ადამიანებს.

ეს ისტორიული კადრი ფოტოგრაფმა, ალფრედ ეიზენშტადტმა 1945 წლის 14 აგვისტოს გადაიღო ნიუ იორკში. ამ დღეს იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომის საბოლოო დასასრულს ნიუ იორკელები თაიმ სქუერზე აღნიშნავდნენ. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ გადაღებისას ერთ მომენტში უნიფორმებში გამოწყობილი წყვილი შენიშნა, რომელიც ერთმანეთს კოცნიდა. სცენა იმდენად ეფექტური იყო, წამებში მოიმარჯვა კამერა და რამდენიმე კადრის გადაღებაც მოასწრო. ეიზენშტადტი განსაკუთრებით თეთრი და მუქი ფერის უნიფორმების კომბინაციამ მოხიბლა: „მას ( ფრიდმანს) რომ მუქი კაბა სცმოდა, ან მეზღვაურს თეთრი უნიფორმა, ალბათ ფოტოს საერთოდ არ გადავიღებდი“, - იხსენებს ფოტოგრაფი წლების მერე.

რამდენიმე დღეში ფოტო ჟურნალ Life-ში დაიბეჭდა, მაგრამ რადგანაც კადრში სახეები არ ჩანდა, პერსონაჟების ვინაობა ათეული წლების განმავლობაში დარჩა ინკოგნიტოდ. ჟურნალი უამრავ წერილს იღებდა ადამიანებისგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე ისინი იყვნენ გამოსახული. თუმცა, გმირების ვინაობა საბოლოოდ მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, როდესაც ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ ომის ვეტერანებზე შექმნილი პროექტისთვის Veteran History Project, ამ ფოტოს ისტორიაც დეტალურად გამოიკვლია.

ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდები მეზღვაური - ჯორჯ მენდონზა და მედდა - გრეტა ციმერ ფრიდმანი არიან. ამ კადრში მათი პირველი, შემთხვევითი შეხვედრაა ასახული. 22 წლის მენდონზა რამდენიმე კვირის დაბრუნებული იყო იაპონიიდან, სადაც მისი გემი ამერიკელ მებრძოლებს ემსახურებოდა. კაპიტულაციის ამბავის გავრცელებისთანავე ის საცოლესთან ერთად თაიმ სქუერზე მოზეიმეებს შეუერთა. 21 წლის გრეტა ციმერ ფრიდმანი კი იმ დორისთვის მანჰეტენზე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა და ცხადია, ომის დასრულების ამბავი არც მას დარჩენია უყურადღებოდ. როგორ მოგვიანებით მენდონზა გაიხსენებს, სამედიცინო უნიფირმაში ჩაცმული ქალის დაინახვისას, ჩათვალა, რომ ის სამხედრო მედდა იყო და ვინაიდან ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა მათ თავდაუზოგავ შრომას, გახარებული, ინსტინქტურად მივარდა და აკოცა.

"ეს ტრადიციული კოცნა არ ყოფილა, ეს ზეიმი იყო და არა რომანტიული ღონისძიება", - იხსენებს 2005 წელს მიცემულ ინტერვიუში ფრიდმანი. ჯორჯ მენდონზას მტკიცებით, ფოტოზე უკან, მარცხნენა მხარეს, მისი მომღიმარი საცოლე რიტაც ჩანს. ის დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს და სულ ახალხანს 95 წლის იუბილეც მასთან ერთად აღნიშნა. საკულტო ფოტოს გმირი ქალი, გრეტა ციმერ ფრიდმანი კი 2 წლის წინ, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ