08.10.2018
2008-2016 წლებში თუ კი ვინმეს ფოტოს ხშირად შეხვდებოდით ინტერნეტში, ერთ-ერთი პირველი ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. ქარიზმატული და პოპულარული ლიდერის პრეზიდენტობა სოციალური ქსელების აქტუალობის პიკს დაემთხვა, რის გამოც ობამა თითქმის ყოველდღიურად ექცეოდა ამა თუ იმ გამოცემის ყურადღების ცენტრში. ამაში დიდი წვლილი თეთრი სახლის იმ დროინდელ ფოტოგრაფს, პიტ სუზასაც მიუძღვის, რომელსაც პრეზიდენტისთვის ორ მილიონამდე ფოტო აქვს გადაღებული. მათ შორის ბევრი საკულტო ფოტოც.
თუმცა, სუზას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ისტორიული ფოტო, ალბათ მაინც 2011 წლის 1 მაისს ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას გადაღებული კადრია, - პატარა ოთახში პრეზიდენტი ობამა ვიცე პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ერთად უყურებს სპეცოპერაციას. ეს კადრი მაშინ არაერთი გამოცემის მთავარ გვერდზე მოხვდა. ვინაიდან არც სპეცოპერაციის კადრები არსებობს და არც ბინ ლადენის გარდაცვალების დამადასტურებელი რაიმე ფოტო მასალა, ეს ერთადერთ გასაჯაროებულ ფოტოდ რჩება, რომელიც პროცესის დროს არის გადაღებული და კარგად ასახავს ვითარებას.
2017 წლის ნოემბერში პიტ სუზამ წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „ობამა: ახლო პორტრეტი“. ფოტოფრაფმა ამ ისტორიული კადრის გადაღების დეტალებზე სწორედ მაშინ ისაუბრა:
„სპეცოპერაციის დღეს პრეზიდენტი და მისი უსფრთხოების გუნდი ერთ პატარა ოთახში შეიკრიბა რომ თვალყური ედევნებინა პროცესისთვის. მე ოთახის ერთ-ერთი კუთხე ავირჩიე, იმდენი ხალხი იყო, რომ მოძრაობა რთული იყო და იქიდან ვიღებდი ფოტოებს. ცოტას ლაპარაკობდნენ, მხოლოდ აკვირდებოდნენ რა ხდებოდა. როდესაც პრეზიდენტი შემოვიდა ამ პატარა საკონფერენციო ოთახში, მაგიდის თავში ბრიგადირი გენერალი იჯდა. ის წამოდგა, რომ პრეზიდენტისთვის ადგილი დაეთმო, თუმცა, პრეზიდენტმა უთხრა: „არა, არა, დარჩი მანდ“. გენერალი ლეპტოპთან იჯდა და ადმირალ მაკგრავენს ეკონტაქტებოდა. პრეზიდენტმა იქვე მდგარი სკამი გამოსწია და მის გვერდით დაჯდა. ეს ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც სპეცოპერაცია დასასრულისკენ მიდიოდა. რთულია, კარგად განსაზღვრო, ზუსტად რა მომენტი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს იყო ის ეპიზოდი, როცა სპეციალური ძალები ბინ ლადენის სახლში შევიდნენ და ეკრანზე არ ჩანდა ვიდეო, რა ხდებოდა შიგნით, ისინი კი ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა. მთელი ეს 40 წუთი ძალიან დაძაბული და მშფოთვარე იყო, ეს მათ სახეებზეც ჩანს. ოპერაციის დასრულება, რა თქმა უნდა, ყველასთვის შვება იყო, მაგრამ მილოცვები და მხიარულება ნამდვილად არ ყოფილა. ოპერაციის ბოლოს პრეზიდენტი უბრალოდ ადგა და რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა. განწყობა ერთდროულად დამთრგუნველიც იყო და სადღესასწაულოც.“ - იხსენებს სუზა.