18.12.2018
ლიბერიის ომში კრისი და ტიმი ფრონტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მეგობრობის მიუხედავად, როგორი განსხვავებული სტილიც ჰქონდათ მუშაობისას, ისეთივე განსხვავებული კონტექსტი ჰქონდა მათთვის ომს.
ლიბერიამ ფოტოგრაფების ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. მეგობრებს აქამდე ერთობლივი ფოტოგამოფენა არასდროს ჰქონიათ და მათმა მეგობარმა და კოლეგამ მაიკლ კემბერმა გადაწყვიტა, პირველი ასეთი გამოფენა სწორედ ლიბერიის სამოქალაქო ომის თემაზე გაეკეთებინა.
„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ The New York Times-ის სტატიას, რომელშიც კემბერმა გაიხსენა ცნობილი ფოტორეპორტიორები, ლიბერიის სამოქალაქო ომი და პერიოდი, რომელმაც ცნობილი ფოტოგრაფების ცნობიერებაში დიდი კვალი დატოვა.
იბერიელები გაურბიან 2003 წლის ივლისში მონროვიას
სტოქტონის ხიდთან მომხდარ ბრძოლის ხმას. Chris
Hondros/Getty Images
2003 წლის 21 ივლისი იყო, ლიბერიის სამოქალაქო ომი. იმ დღეს ქალაქი
მძიმედ დაბობმბეს, ამერიკელი ფოტოგრაფი კრის ჰონდროსი აფეთქებებს
იღებდა, როცა სკოლის მოსწავლეს ლასა ჰარდინგს წააწყდა.ბიჭი ცოტა ხნის წინ დაღუპულიყო. ლურჯი შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, იწვა ტალახში და თავში მიყენებული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ხელში ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა ზურგჩანთა.
ბომბებმა იმ დღეს 60 ადამიანი იმსხვერპლა. ჰონდროსი შუა თავდასხმის დროს შეჩერდა, რომ ეს სურათი გადაეღო. ერთ-ერთი იმ მრავალი სურათიდან, რომელიც ლიბიის მეორე სამოქალაქო ომის საზღაურს აღბეჭდავდა.
ფოტოგრაფმა ბიჭის სასკოლო ბარათიც იპოვა, სენტ მერის კათოლიკური სკოლის მე-7ბ კლასი. ბარათი, რომელზეც დედაქალაქ მონროვიას ალყის დროს დაღუპული ათასობით ადამიანიდან ერთ-ერთის მონაცემები იყო დატანილი. მსხვერპლის უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო.
ფოტორეპორტიორი კემბერი იქ The New York Times-თვის მუშაობდა, ხოლო ჰონდროსი Getty Images-თვის. ორივე ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ მონროვიაში. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, რომელსაც ამბოხებულები ბომბავდნენ.
“იქ იყვნენ ბავშვები მაისურებითა და ფრანებივით დიდი სანდლებით“, - ჰყვება კემბერი, რომელიც ქალაქში ჰონდროსთან ერთად რამდენიმე კვირა მუშაობდა, -“იქ მხოლოდ უბედურება იყო.”
ამ დროს კი ჰეტერიგტონი ომის ამბოხებულთა მხარეს უყურებდა. ბრიტანელ ფოტოგრაფს მეგობრებისგან ფრონტის ვიწრო ხაზი ჰყოფდა.
„დარწმუნებული ვარ, ტიმი იღებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა, როგორ ისროდნენ ამბოხებულები ბომბებს. ჩვენ კი ამ დროს ვიღებდით სურათებს, როგორ ეცემოდა ეს ბომბები ხალხს“, - იხსენებს კემბერი.
2011 წლის 20 აპრილს ლიბიაში, მისრატაში მიმდინარე ბრძოლის დროს ჰონდროსი და ჰეტერინგტონი აფეთქებას ემსხვერპლნენ.
„ომი და მშვიდობა ლიბიაში“, - წელს კემბერმა და სინტია რივერამ ორი მეგობარი ფოტორეპორტიორის ერთობლივი გამოფენა გააკეთეს, რომელიც 16 დეკემბერს დაიხურა.
„ისინი არა მარტო კოლეგები, არამედ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ, ერთად დაიღუპნენ, მაგრამ მათი ნამუშევრები აქამდე ერთად არასდროს გამოფენილა“, - ჰყვება კემბერი, რომელმაც არაკომერციული საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცე დააფუძნა და ჰეტერინგტონს მიუძღვნა.
კრის ჰონდროსის ფონდთან ერთად გაკეთებულ გამოფენაზე კონფლიქტებზე მომუშავე ფოტორეპორტიორების კარიერის ადრეული წლების ფოტოები იყო გამოტანილი. ლიბერიის სამოქალაქო ომების კადრები.
აფრიკის ამ ქვეყანაში 1989 წლიდან 2003 წლამდე ორ სამოქალაქო ომს 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მშვიდობისმყოფელთა დახმარებით ქვეყანაში სტაბილურობა და დემოკრატია მაინც დამყარდა.
ლიბერიის სამოქალაქო ომები მიმდინდარეობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სოციალური მედია დაიპყრობდა მსოფლიოს. მაშინ, როცა ფოტოჟურნალისტიკას ჰქონდა ომის მიმდინარეობაზე ხელშესახები გავლენა. „იბეჭდებოდა მათი სურათები, სხვადასხვა პოზიციებიდან, განსხვავებული კონტექსტებით. ვფიქრობ, მათმა ფოტოებმა ომის დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანეს“, - მიიჩნევს კემბერი.
ფოტოგრაფები მეგობრობდნენ, მაგრამ ფრონტის სხვადასხვა მხარეს იყვნენ, მათი სტილიც კონტრასტული იყო. ჰონდროსი მძაფრ, ახალი ამბებისთვის დამახასიათებელ ფოტოებს იღებდა, კადრებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოცემების მთავარ გვერდებზე ხვდებოდა. ჰეტერინგტონი კი, რომელიც საშუალო ფორმატის ჰეიზელბადით მუშაობდა, თითქოს უფრო მშვიდი, დამაფიქრებელი და კონცეპტუალური იყო.
„ტიმი იღებდა დახვრეტილ კედლებს, ნახატებს ქუჩებში, მებრძოლთა მოხატულ სახეებს ახლო ხედიდან, იღებდა გარემოს. მისთვის მთავარი კონტექსტი იყო. ბრძოლის შუაში მოხვდებოდა, მაგრამ გვერდით გაიწევდა და ყველაფრის აღბეჭდვას უფრო ფართო ფოკუსით ცდილბოდა, სადაც ჰუმანიზმისა და ომის არსი აღიქმებოდა“, - იხსენებს მისი მეგობარი ფოტოგრაფი.
თუ ჰონდროსი ომის პირველ, უხეშ სახეს აჩვენებდა, ჰეტერინგტონი ლიბიის ომს ნიუანსებით, პოეტურად აღწერდა და აფართოებდა ჩვენს თვალსაწიერს იმ მოვლენების შესახებ.
მის ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ამბოხებულთა ანტისაჰაერო ბრიგადის ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც შეყვარებულს ემშვიდობება. მათი მიმიკები, ექსპრესია გამოხატავს ერთ მთლიან გულისტკივილს. გოგოს ხელი ნაზად უდევს ბიჭის მუხლზე, რომელიც მანქანიდან თავისი შეყვარებულისკენ გადმოხრილა. ჰეტერინგტონის ეს სევდიანი ფოტო ომიდან განშორებისა და დაკარგვის შიშს აღბეჭდავს.
გამოფენა „ომი და მშვიდობა ლიბერიაში“ ომის გარდა თავად ფოტოგრაფებზეც მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა იქ ყოფნამ მათ ცხოვრებასა და პროფესიაზე.
ფოტოგრაფები ხშირად ჩადიან ქვეყნებში, აშუქებენ კონფლიქტებს, ზოგჯერ ჯილდოებსაც იღებენ და შემდეგ მიდიან. ჰეტერინგტონი მოგვიანებით ლიბერიაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ. ტიმი ქვეყნის ცხოვრებაში ბოლომდე ჩაერთო. ფოტორეპორტიორი აფინანსებდა სხვადასხვა პროექტს და მისი მძღოლის ქალიშვილს სწავლის საფასურსაც უფინანსებდა.
ლიბერიაში დაბრუნდა ჰონდროსიც, ეძებდა ხალხს, რომელსაც იღებდა. მათ შორის იყო ჯოზეფ დუო, ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მებრძოლი, რომელიც მეამბოხეებისკენ გასროლილ რაკეტას აღნიშნავდა.
ლიბერიაში დაბრუნებული ჰონდროსი დაეხმარა დუოს, რომ ესწავლა უნივერსიტეტში. ბიჭმა, ყოფილმა მებრძოლმა, რომელიც წლების განმავლობაში უიმედოდ ცხოვრობდა, სამართალი შეისწავლა, გასულ წელს კი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.
ამის მიუხედავად, არც ერთი ფოტოგრაფის კარიერა ლიბერიით არ შემოსაზღვრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰონდროსის მუშაობა ერაყში და ჰეტერინგტონი ავღანეთში. თუმცა, კემბერი მიიჩნევს, რომ ლიბერია მათი დანიშნულების წერტილად იქცა.
„ტიმს ლიბერიის მსგავსად არსად უმუშავია. ეს იყო მისი კარიერის განმსაზღვრელი მომენტი, იმ მიდგომისა და ომის ტიმისეული ხედვის, რომლითაც ჰეტერინგტონი გამოირჩეოდა“, - ჰყვება კემბერი. მისი თქმით, ჰეტერინგტონის მსგავსად ლიბერიამ დიდი გავლენა მოახდინა ჰონდროსზეც.
„ის ნიჭიერი, პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო. მაგრამ ლიბერია კრისისთვის არ იყო უბრალო სამუშაო ადგილი. მან ამ ხალხისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია, თავად ლიბერიამაც ჰონდროსის პროფესიონალიზმი და მისი ცხოვრება სულ სხვა დონეზე აიყვანა.“
ჰონდროსმა და ჰეტერინგტონმა კონფლიქტების გაშუქებას ბევრი რამ შემატეს. არც ერთ მათგანს არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორივესთვის მნიშვნელოვანი ის ხალხი იყო, ვისაც კადრში აღბეჭდდა. მათთვის ფოტოგრაფები ხშირად თავის სიცოცხლესაც აყენებდნენ საფრთხის ქვეშ.
„ტიმსა და კრისს ენდომებოდათ გამოფენაზე აქცენტი არა მათზე, არამედ იმ ლიბერიის მოქალაქეებზე გაკეთებულიყო, რომელთა ცხოვრებასაც ომმა დიდი დაღი დაასვა. ყველა ომს ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - ამბობს კემბერი.
მომზადებულია www.nytimes.com-ის მიხედვით.