10.10.2021
პოდკასტის მეექვსე ეპიზოდის სტუმარი 38 წლის ნინო გაგილაძეა, თბილისის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომელი. მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი სკოლის მოსწავლეა, ამიტომ საუბარი ონლაინ სკოლაზე დავიწყეთ.
მალევე გავარკვიე, რომ პოდკასტის ჩაწერაზე 10 წლის შვილის სმარტფონით იყო მოსული, რადგან გზად თავისი ტელეფონი ხელოსანს დაუტოვა შესაკეთებლად. ვთხოვე მისი შვილის პირადი ინფორმაციის გამხელის გარეშე მოეყოლა რა აპლიკაციებს იყენებს ოჯახის ერთ-ერთი უმცროსი წევრი და, ზოგადათ, მშობლობის როგორ სტრატეგიას ირჩევს შვილებთან ურთიერთობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დისციპლინის კუთხით.
გამიზიარა რომ 10 წლის შვილს არ აძლევს სოციალური მედიის ანგარიშის გახსნის უფლებას, რის გამოც მოზარდი პოპულარულ საბავშვო აპლიკაციას „LIKE“-ს იყენებს. ნინომ მითხრა, რომ ტიკ-ტოკისგან და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ ბავშვებისთვის უწყინარი ვიდეოები ვრცელდება, და რამდენიმე ასეთი ვიდეოც მაჩვენა.
როცა ჩემი გოგონა მოზრდილებისთვის განკუთვნილ სოციალური მედიის პლატფორმაზე დარეგისტრირდება, აუცილებლად მკაცრად გავაკონტროლებო, რაც, თუ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, მაინც-და-მაინც ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არ არის.
დასავლეთში ტარდება კვლევები ციფრულ სამყაროში მშობლობის გამოცდილებაზე, სადაც იკვეთება რომ აკრძალვებზე დაფუძნებული მიდგომა სწრაფ და ეფექტურ შედეგს მხოლოდ მოკლე ვადაში იძლევა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. ამავე კვლევებში საუბარია იმაზეც რომ ყველაზე ეფექტური თანამშრომლობაზე, ციფრული ტექნოლოგიების კოლაბარაციულ მოხმარებაზე (co-using) ორიენტირებული მიდგომაა, როდესაც ბავშვიც/მოზარდიც და მშობელიც ღიაა ახალი ცოდნის მისაღებად, მათ შორის ერთმანეთისგანაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მედიაწიგნიერების კვლევის არეალში შემოდის, საკითხის მასშტაბიდან გამომდინარე ცალკე განხილვა სჭირდება, ამიტომ შორს აღარ წავალ.
ნინოსთვის ინფორმაციის პირველწყარო ფეისბუქი და ინსტაგრამია. საინფორმაციო არხებიდან, როგორც ახსოვს, მხოლოდ პირველი არხი აქვს დალაიქებული, თუმცა ნიუსფიდში ხშირად ხვდება სხვა სატელევიზიო არხებსაც. საინტერესოა, რომ ნინოსთვის ფეისბუქის მიმართ ინტერესი პოპულარული თამაშებით - „ფერმა“ და “Candy Crush”-ით დაიწყო, თუმცა მალე მობეზრდა და ახლა ამ სოციალური ქსელისადმი მიზიდულობის მთავარი ცენტრი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფოტოები, მეგობრები, და მრავალფეროვანი ინფორმაციაა“.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში იშვიათად აზიარებს. არ უყვარს პირადი ცხოვრების ყველა დეტალის ამ სივრცეში გამოფენა. უფრო სხვების პოსტებს ვეცნობი, ვიდრე საკუთარს ვაზიარებო.
პოდკასტის მეორე ნაწილის, ანუ მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე, ნინოს ვკითხე გაეგო თუ არა რაიმე მედიაწიგნიერების შესახებ, რაზეც გულწრფელად მიპასუხა, რომ არა. განმარტებისგან მეც თავი შევიკავე და მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვა წავაკითხე. ვერც ამ გზით დავეხმარე, ამიტომ პირდაპირ გადავეშვით მედიაწიგნიერების ექსპერიმენტში.
მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი
ფეისბუქის სქროლვისას მისი ყურადღება მალევე მიიქცია TV 25-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ამბობდა რომ ქვეყნის მთავარმა ინფექიონისტმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად კახეთში „კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა“ რა დროსაც ღვინო „კრამიტით“ შესვა. პირველი, რამაც ფეისბუქზე პოსტის სახით გავრცელებულ ამბავში მისი ყურადღება მიიპყრო იყო ფოტო, რომელშიც ჩანდა ღია სივრცეში გაშლილი სუფრა და ფეხზე მდგარი ამირან გამყრელიძე კრამიტით ხელში. როგორც კი ამ ცნობას თვალი შეავლო, ჯერ ხმამაღლა გაიცინა, და ჩემს კითხვაზე - დამაჯერებელი იყო თუ არა მისთვის ეს ცნობა- დაფიქრების გარეშე მიპასუხა, რომ „დიახ“. როდესაც არგუმენტის მოშველიება ვთხოვე, თქვა რომ დედა რესტორანში მუშაობს და მისგან არაერთხელ მოუსმენია რომ საყოველთაო კარანტინის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნახავს, შესაბამისად მისთვის რთულად დასაჯერებელი ვერ იქნებოდა ინფორმაცია მოქეიფე ამირან გამყრელიძისა და მისი თანამშრომლების შესახებ.
წინა ეპიზოდებიდან გეცოდინებათ, რომ მედიაწიგნიერების პირველი კითხვა ავტორის/მესიჯის ვინაობის გაგებას ეხება. ეპიზოდის სტუმარმა თქვა რომ ინფორმაცია TV 25 მა გაავრცელა, თუმცა ამაზე შორს აღარ წასულა. სინამდვილეში ამ ცნობის პირველწყარო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდია „მონიტორი“ იყო. აქამდე რომ მისულიყო, მისთვის ეს ცნობა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენდა, რადგან სტუდია „მონიტორი“ ქართული მედიის სივრცეში მაღალი პროფესიული ეთიკითა და სტანდარტებით გამოირჩევა.
ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე ნინოს მივუთითე რომ ამბავი სრულად წაეკითხა. როგორც კი ამბის პირველ-ორ ხაზს გასცდა, ამოიკითხა, რომ ამირან გამყრელიძეც და მისი თანამშრომლებიც აცრილები არიან და რომ ისინი ღია სივრცეში შეიკრიბნენ, შესაბამისად ეს საფრთხის შემცველი არავისთვის ყოფილა, არადა სათაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა რომ ამირან გამყრელიძემ კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა. ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ამბის უხერხულობას, მაგრამ ფეისბუქიდან TV-25-ის გვერდზე გადასვლითა და ცნობის სრულად წაკითხვის შემდეგ ნინო ჩემი დახმარების გარეშე მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ფოტომ და სტატიის სათაურმა აღაშფოთა, და ამ პირველმა იმპულსმა ის, გარკვეულწილად, შეცდომაშიც შეიყვანა. იმისთვის რომ ამ იმპულსური შეცდომის მასშტაბი გაეაზრებინა, კიდევ ერთი მითითება მივეცი: ისევ ფეისბუქზე დაბრუნება და პოსტის ქვეშ არსებული კომენტარების წაკითხვა. „აი ხომ გითხარი. ხალხს ეს სტატია არც გაუხსნია, ისე ლანძღავენ ამირან გამყრელიძესო“ - მითხრა ნინომ, და ბოლოს ესეც დაამატა „დაფიქრდით, სანამ ლანძღვას დაიწყებთო.“ რა გვაჩვენა ექსპერიმენტმა? როგორც წესი მედიაწიგნიერების ამ ექსპერიმენტში ამბის/ინფორმაციის შინაარსობრივ ანალიზს თავს ვარიდებთ, პოდკასტის მიზნებიდან და ფორმატიდან გამომდინარე, ამიტომ ამჯერადაც აქცენტს ამბის გადმოცემის ფორმაზე და დღევანდელი ეპიზოდის გმირის შეფასებაზე გავაკეთებ. ზემოთ მოტანილი ვიზუალური მასალიდან იკვეთება, რომ ამბის სათაური და შინაარსი სოციალურ მედიაში მანიპულირების ძალიან კარგი მაგალითია, რასაც ნინოს თქმით, თვითონ არა, მაგრამ ჩემი რამდენიმე ნაცნობი აუცილებლად წამოეგებოდაო. არადა ნინოს პირველი რეაქცია ამ პოსტის გახსნამდე და წაკითხვამდე ოდნავ საპირისპირო იყო. ექსპერიმენტით გამოჩნდა, რომ ასეთი მანიპულრებადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის მსხვერპლი წამიერად შეიძლება გახდე. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანთა ამ კატეგორიას უკვე დაკარგული აქვს ნდობა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. ისეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ ფეისბუქის პოსტის ფორმატი, რომელიც სათაურით, პოსტით და მცირე სარედაქციო კომენტარით შეცდომით ხშირად სრულ სტატიას უტოლდება, მნიშვნელოვნად აძლიერებს პოლარიზაციისა და უნდობლობის გამწვავებას ჩვენს საზოგადოებაში.