"დედასთვის" - #10 - ზაზა ადანაია, 53 წლის, განათლების სპეციალისტი
14.12.2021

ციფრული ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების გამოცდილებაზე სასაუბროდ “პოდკასტის“ მეათე ეპიზოდში თბილისის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლის საგანამანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, 53 წლის ზაზა ადანაია მოვიწვიეთ.

ზაზა ადანაია თავადაც ტოტალურად უსინათლოა. მას სკოლა პანსიონში ვესტუმრეთ, იქ სადაც უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები გაკვეთილების შემდეგ მიდიან და რჩებიან. ბავშვების მოსვლამდე ერთი საათი გვქონდა, ამიტომ მეათე ეპიზოდის გმირის ჩასაწერად სკოლა-პანსიონის ერთ-ერთი ოთახის კუთხე შევარჩიეთ, ჩამწერი მოწყობილობა გავმართეთ და საუბარი დავიწყეთ.

ტექნოლოგიურ რევოლუციაზე საუბრისას მხედველ და სპეციალური საჭიროებების არ მქონე ადამიანებს მარტივად გვავიწყდება ის სარგებელიცა და ბარიერებიც, რაც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს ექმნებათ ტექნოლოგიების გამოყენებისას.

ზაზა ადანაიასთვის, რომელსაც სამყარო ინტერნეტამდეც ახსოვს, ტექნოლოგიური პროგრესი პირდაპირ კავშირშია უსინათლო ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. პირველ რიგში ის გულისხმობს ინფორმაციაზე წვდომას, შესაბამისად სამყაროსთან მუდმივ კავშირს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას მისი სმარტფონთან ურთიერთობის მაგალითზეც მარტივად მივხვდი. მეათე ეპიზოდის გმირი იმავე აპლიკაციებით სარგებლობს, როგორითაც მე, სრულიად მხედველი ადამიანი. ამაში მას სპეციალური წამკითხველი პროგრამები ეხმარება. მიუჩვეველი ყურისთვის ეს ხმა და თხრობა უჩვეულო და რთულად გასაგებია, თუმცა თუ სმენას დაძაბავთ შინაარსის გამოტანა არ უნდა გაგიჭირდეთ.

პოდკასტის ჩაწერის დროს, როდესაც ბატონ ზაზას მისი YouTube პროფილის აღწერა ვთხოვე, მას ამაში სპეციალური წამკითხველი პროგრამა დაეხმარა. ეს პროცესი მეათე ეპიზოდის ჩანაწერში კარგად აღიქმება, თუმცა მათთვის ვინც ამ მცირე ბლოგს კითხულობთ, გეტყვით რომ წამკითხველი პროგრამა ისე მუშაობს, როგორც გესმით, ანუ იმის მაგივრად რომ აპლიკაციის გახსნისას თავად მიყვნენ ვიზუალურ ინსტრუქციას, უსინათლო ადამიანები სპეციალური პროგრამით შექმნილ აუდიო-ინსტრუქციას უსმენენ და შესაბამისად ირჩევენ რას და როგორ დააჭირონ აპლიკაციაში.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვის ამბავი სწორედ YouTube-ში ავარჩიეთ. ბატონ ზაზას რამდენიმე საინფორმაციო არხი აქვს გამოწერილი, თუმცა „ფორმულას“, „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვებებს გვერდი აუარა და ალტ-ინფოს ინტერნეტ ტელევიზიაზე შეჩერდა. თქვა, რომ მისთვის უკვე გასაგებია რას იტყვის ტელეკომპანია „იმედი“, რა ინტერპრეტაციით მომიყვება ამბავს „Tv-პირველი“, მაგრამ ამ არხებს შორის „ალტ-ინფო“ შედარებით ახალი საინფორმაციო პლატფორმაა, ამიტომ მაინტერესებს მათი აზრი დღის აქტუალურ თემაზეო. პოდკასტის ჩაწერის დღეებში საინფორმაციო სივრცეში ვარდების რევოლუციის 18 წლისთავი დომინირებდა, შესაბამისად ეპიზოდის სტუმარს აინტერესებდა არა „იმედის“ ან „მთავარის“,არამედ „ალტ-ინფოს“ ინტერეპრეტაცია ამ თემაზე - „ალტ ინფო“ კონსერვატიული და ხშირად ძალადობრივი რიტორიკით გამორჩეული ტელევიზია და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიაა.

ალტ-ინფოს YouTube-ის არხს 26 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. საერთო ნახვების რაოდენობა კი 10-მილიონ ნახევარზე მეტია. ინტერნეტის გარდა, ისინი საკაბელო არხებითაც მაუწყებლობენ. ჩვენი ექსპერიმენტისთვის, ბატონმა ზაზამ ის ეპიზოდი შეარჩია, რომელშიც თვალსაზრისს გამოთქვამს „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წევრი და ამავე დროს ანალიტიკური გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანი ჯაბა ჟვანია.

ვიდეო დაახლოებით საათნახევრიანია, რასაც ბოლომდე ვერ ვუყურეთ, თუმცა პირველი რამდენიმე წუთის შემდეგ, ბატონი ზაზა ჯერ მედიაწიგნიერების ხუთ კითხვას გაეცნო, შემდეგ კი პასუხების გაცემა დაიწყო.

ვინ შექმნა ამბავი?

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის პირველ კითხვას ზაზა ადანაიამ სწრაფადვე უპასუხა. თქვა რომ ამ ვიდეოს უკან კონსერვატიული ღირებულებების მქონე პარტია „ალტ-ინფო“ დგას, რაც მისთვის სრულად გასაგებს ხდის მათ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს. ვკითხე, დაინტერესდებოდით თუ არა ამ არხის სიღრმისეული კვლევით, მაგალითად დაფინანსების წყაროების ანალიზით მეთქი, რაზეც მითხრა რომ მოსახლეობას ამ ინფორმაციაზე წვდომა გაუჭირდება, თუმცა მედიაწიგნიერების პირველი კითხვის პასუხი ნამდვილად მოითხოვს ამ ინფორმაციის მოძიებასო. უფრო მეტიც, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დეტალებიაო.

რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მოსაპყრობად?

ამ კითხვამ სტუმარი ოდნავ დააბნია, თუმცა პასუხის მოძიება რთული არ იყო. თქვა რომ, ეს კონკრეტული გადაცემა იმიტომ შეარჩია, რომ ალტ-ინფოს ინტერპრეტაცია აინტერესებდა, ანუ ზაზა ადანაიას პასუხიდან ისე გამოვიდა, რომ ამბავი თავად შეარჩია და არა პირიქით, ამბავმა შეარჩია ის.

როგორ აღიქვამს ერთსა და იმავე მესიჯს სხვა და სხვა ადამიანი?

ამ კითხვაზე პასუხი ბატონმა ზაზამ თავისი მეგობრების მაგალითით ახსნა. თქვა, რომ „ალტ-ინფოს“ ანალიტიკური გადაცემის აუდიტორიაში იქნებოდნენ ისეთები, რომლებიც „ალტ-ინფოს“ ინტერპრეტაციას გაიზიარებდნენ, ისევე როგორც იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც ამ ინტერპრეტაციას კრიტიკულად შეხედავდნენო. ასეთ ადამიანებს ჩემს მეგობრებშიც ვიპოვი, ოღონდ, ცხადია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთს არ გვაკარგვინებსო.

რა ღირებულებები/იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?

კონსერვატიული, ნაციონალური მოძრაობის ქილიკისკენ მიმართული იდეოლოგიის ამოკითხვა ბატონ ზაზას არ გაჭირვებია, იმის მიუხედავად რომ გადაცემას მხოლოდ რამდენიმე წუთით უყურა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზაზა ადანაია „ალტ-ინფოს“ მესიჯებს კარგად მომზადებული შეხვდა.

რა არის გამოტოვებული?

აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ რომ, გადაცემა ბოლომდე არ გვინახავს, შესაბამისად ლეგიტიმური პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთულია. ამის მიუხედავად, ბატონმა ზაზამ დასაწყისშივე სწორად ივარაუდა, რომ „ალტ-ინფოს“ ეს გადაცემა აუცილებლად გამოტოვებდა „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს.

დაგისვამთ თუ არა ეს კითხვები მანამდე მეთქი, ვკითხე ბატონ ზაზას, რაზეც მიპასუხა, რომ მსგავსი ფორმულირებით შეიძლება არა, მაგრამ ამაზე დაფიქრებულა. ის, რაც მისთვის ამ ექსპერიმენტში ახალი იყო, არის მედიაწიგნიერების პირველი კითხვა. თავად კითხვის ფორმულირებაც „ვინ შექმნა“ უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ამბავი შექმნილია ვიღაცის მიერ. ეს უკვე უნდა აჩენდეს კრიტიკულ კითხვებს აუდიტორიაშიაო, აღნიშნა ბატონმა ზაზამ და მადლობა გადაგვიხადა, რომ ამაზე ამ გზით დამაფიქრეთო.

ჩაწერისას პოდკასტის მეათე ეპიზოდის გმირმა იმდენი სიახლე გამიზიარა უსინათლოებისთვის შექმნილ ციფრულ სერვისებზე, მტკივნეულად გავაცნობიერე, რომ ხშირად შშმ პირების პრობლემებს გადაწყვეტილების მიმღები პირები უფრო ნაკლებად აგვარებენ, ვიდრე ეს ტექნოლოგიებმა შეძლეს. უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნილ აპლიკაციებს შორის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი „ჭკვიანი სათვალე“ აღმოჩნდა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:

OrCam and Messi are Empowering the Blind Community

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ