კატეგორია: ეთიკა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული ბავშვთა საკითხების მედიამონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მედიაში არასრულწლოვნები კვლავ ხშირად არიან ქველმოქმედების მიმღებ ობიექტებად წარმოჩენილნი. ქველმოქმედების გამცემებად კი გვევლინებიან საჯარო უწყებები, კერძო კომპანიები, პოლიტიკოსები და ა.შ. არასრულწლოვნებს ხშირად ვხედავთ სარეკლამო მასალებშიც.

ის, რომ მედიაში ბავშვები ქველმოქმედების ობიექტები და რეკლამის ან პიარის მონაწილეები ხშირად ხდებიან, რაოდენობრივი მონაცემების მიხედვითაც ჩანს. სამონიტორინგო პერიოდში ბავშვები ქველმოქმედების ობიექტებად 465 მასალაში იყვნენ წარმოჩენილნი, ხოლო 418 მასალა კი იმგვარი იყო, სადაც არასრულწლოვნები კონკრეტულმა უწყებებმა, პოლიტიკოსებმა თუ კერძო კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის გამოიყენეს: „ასეთ შემთხვევებშიც მედია მთლიანად მიყვება მათ მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს, აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დღესასწაულების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების დროს,“ - აღნიშნულია კვლევაში.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაგალითად, აუტიზმის ცნობადობის დღეს პარლამენტარებმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს. რამდენიმე სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაშიც მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ დამსწრე საზოგადოებას ფრაქციის თავმჯდომარე მიესალმა, დაათვალიერეს 12 წლის ბავშვის ნამუშევრების გამოფენა, მაგრამ თავად ბავშვებზე აქცენტი არ გაკეთებულა. „ეტანიუსს“ არც ის გამორჩენია, რომ საბავშვო ბაღის ზეიმს ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე და კულტურის სამსახურის უფროსი დაესწრნენ. Kvira.ge-ს სიახლე კი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის წინ 900 კვადრატულ მეტრზე სკვერი მოეწყო და რომლის პროექტიც IX და X კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგმა დაწერეს და თავად განახორციელეს, კარგად აჩვენებს მედიის ზოგად მიდგომას ბავშვებისადმი - სიახლეში მთავარი იყო არა ის, რომ პროექტი მოსწავლეებმა განახორციელეს, არამედ აქცენტი გაკეთდა სკვერის გახსნასა და გამგებლის მიერ წითელი ლენტის გაჭრაზე. პროექტის ავტორი მოსწავლეების შესახებ მხოლოდ ერთი წინადადებით, ნიუსის ბოლოშია აღნიშნული. ისინი ფოტოზეც კი ვერ მოხვდნენ.

ქარტიის კვლევის მიხედვით, გამოწვევად რჩება ჯანმრთელობის პრობლემების და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები არასრულწლოვნების გაშუქება - მედია ცდილობს, რაც შეიძლება სენტიმენტალურ ჭრილში გააშუქოს კონკრეტული ბავშვის მძიმე მდგომარეობა და ხშირად, აუდიტორიასაც მაუწოდებს ხოლმე, დაეხმაროს არასრულწლოვანს. „ერთი მხრივ დღის წესრიგში დგას ბავშვის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, რის გაუმჯობესებაში მედია ფიქრობს, რომ დაეხმარება, თუ აუდიტორიას მოუწოდებს თანხის ჩარიცხვისკენ, მეორეს მხრივ კი მედიის ფუნქცია არ არის ქველმოქმედება“ -ვკითღხულობთ ანგარიშში.

მაგალითად, Newpost.ge-მ გაავრცელა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია მის დასახმარებლად. გამოცემამ გაასაჯაროვა არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის დიაგნოზი, არამედ გამოყენებული აქვს ფოტო, სადაც ბავშვი ნახევრად შიშველია და მისი სხეულის დაზიანებული ნაწილი ჩანს. ანგარიშის მიხედვით, „მსგავსი ფოტოს გამოყენება, მიუხედავად გამოცემის კეთილი მიზნებისა, არაეთიკურია და ბავშვის ამ მდგომარეობაში გამოსახვა. ამ სტატიებს შესაძლოა ჰქონდეს კეთილშობილური მიზანი დაეხმაროს პატარებს, მაგრამ რადგანაც ჟურნალისტის მოვალეობა პრობლემის არსის ხალხამდე მიტანა, მისი მხილება და ხელისუფლების იძულებაა, რომ არსებული პრობლემები გადაჭრას, აუცილებელია ამ თემების სიღრმისეულად გაშუქება. ნათლად უნდა ჩანდეს, რატომ სჭირდება ამ ხალხს ქველმოქმედება და რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება დაიცვას პატარები ამ ყოფისგან. თუ ბევრი ჟურნალისტი მოსთხოვს პასუხს ხელისუფლებას, უფრო მეტია შანსი, რომ ძირეული რეფორმები გატარდეს. ამ პრობლემის ასე ფრაგმენტულად, ზედაპირულად გაშუქებამ კი დღეს შეიძლება იხსნას კონკრეტული ბავშვი, მაგრამ ხვალ სხვები კვლავ დადგებიან ამ სისტემური პრობლემის წინაშე. სოციალური შეჭირვების საკითხები მედიაში ფაქტობრივად ქველმოქმედებს კონტექსტში შუქდება, იმის მაგივრად, რომ მედიამ პრობლემა აჩვენოს და დასვას კითხები სახელმწიფოს მიმართულებით, გვიყვება კონკრეტული ბავშვების სენტიმენტალურ ისტორიებს მძიმე სოციალური პირობების შესახებ“.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია - არასრულწლოვნები ქველმოქმედების ობიექტები განსაკუთრებით, რელიგიური თუ სხვა ტიპის დღესასწაულების დროს ხდებიან. მედიასაშუალებები ასეთ დღეებში ყველაზე მეტ დროს უთმობენ სხვადასხვა პოლიტიკოსის, ფონდისა თუ ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ, სად და როგორ მოინახულა ბავშვები; მიუტანა საჩუქრები და ა.შ. “ეკრანებსა და სტატიებში რომელიმე სახელმწიფო უწყების ან კერძო კომპანიის ვიზიტისას ნახსენები ბავშვებით, მედია იმ დღის შემდეგ, როგორც წესი, აღარ ინტერესდება”- აღნიშნულია კვლევაში.

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვების თემაზე მიძღვნილი მასალების 63% (217 მასალა) სწორედ საპირველივნისო ღონისძიებებმა, სარეკლამო/პიარ მასალებმა და საქველმოქმედო ღონისძიებებმა დაიკავა.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მასალების უმეტესობაში აქცენტირებული იყო არა თავად არასრულწლოვნები, არამედ მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობის ფონდთან ერთად კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებთან. აჭარის ტელევიზიამ კი გააშუქა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ვიზიტი ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და ბენეფიციარებისთვის ტკბილეულისა და საჩუქრების დარიგება.

ამ საკითხებზე საუბარია ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეიმუშავა. წესებში ვკითხულობთ:

· „ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარმოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯისშესაქმნელად აქტიურად იყენებენ ბავშვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების გამოყენებით“.

· „უმჯობესია, ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს. მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გაშუქდეს თანმიმდევრობით, კონკრეტული ისტორიები კი ჟურნალისტებმა სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად გამოიყენონ“.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: ეთიკა
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა, ონაილნმედიაში ხშირად შუქდება უცხოელებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამბების ნაწილი ემსახურება ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების დისკრედიტაციას.

თუკი მანამდე მედიასაშუალებების ნაწილი ქართული მიწის „დასაცავად“ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ღიად ქსენოფობიურ კონტექსტში წერდა, ამჯერად ონლაინმედიაში სხვა ტენდენციაც გააქტიურდა. გამოცემები ფაქტის სახით, სხვა ქვეყნების მაგალითზე გვიყვებიან უცხოელების მიერ შექმნილ პრობლემებზე და ამით, ირიბად „ამართლებენ“ მიწის გასხვისების ამკრძალავი საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას.

16 აგვისტოს „geworld.ge“ გერმანიის მაგალითზე ყვებოდა, რომ ევროპაში „საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია მოხდა“ და ისინი ეძებენ საშუალებებს, რითიც მიგრაციის ტალღას შეაჩერებენ და თავიდან აირიდებენ იმ დანაშაულებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსული უცხოელები სულ უფრო და უფრო ხშირად სჩადიან.

„პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია“ ამ სტატიით კი, სავარაუდოდ, ავტორს სურდა, ეჩვენებინა, რომ მიწის გასხვისების აკრძალვით, საქართველო ბევრს მაინც არაფერს კარგავს, რადგან უცხოური ინვესტიციები ისედაც არ ჩანს. იგივე გამოცემა, ამერიკელ არქიეპისკოპოსზე დაყრდნობით, ამტკიცებდა, რომ „თუ გსურთ გაიგოთ ევროპის სახე 100 წლის შემდეგ, უნდა შეხედოთ ახალგაზრდა მუსლიმი იმიგრანტების სახეებს“.

მიგრანტების რაოდენობის ზრდის თემაზე „geworld-ი“ სხვა დროსაც აქტიურობდა: „გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს 31 ქვეყანაში 10 ზრდასრული ადამიანიდან, სულ ცოტა, სამს სურს, მუდმივად გადადიოდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს,“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ მასალაში.

„საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა,“ - ამ სათაურის სტატიის პირველწყარო „pia.ge“ იყო, თუმცა სტატია სხვა ონლაინგამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის, „info9-მ“ და „digest.pia.ge-მ.“ ავტორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წერდა, რომ „ირანელების მასობრივი მიგრაციის საფრთხე რეალურია და ირანს დამშრალი ურმიის ტბის აღდგენა საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით სურს“. თემა რომ ირიბად უკავშირდებოდა ზემოთ ნახსენებ კანონპროექტს, კარგად ჩანს ფრაზიდანაც: „მათ ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ამ დრომდე, ირანელები მიწასაც უპრობლემოდ ყიდულობდნენ. სულ რაღაც, რამდენიმე თვეა, რაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღარ გაიყიდება. თუმცა, ბინადრობის უფლებას ძველებურად თავისუფლად იღებენ.“

კიდევ ერთი თემა, რომლითაც ქსენოფობიით გამორჩეული მედიები სპეკულირებდნენ, სოფელ კუმისის მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხია. „ახლა მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე შეზღუდვაა, თუმცა, მათ მოასწრეს ყიდვა,“ - ვკითხულობთ მასალაში.

კუმისის ტერიტორიაზე არაბული დასახლების მშენებლობაზე და ვარაუდზე, რომ არაბული სოფელი ადგილობრივებს „ლუკმასა და თავისთავადობას წაართმევს“ წერდა „საქინფორმიც.“
კატეგორია: ეთიკა
მედია ბავშვების შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტში ბავშვებს იშვიათად იყენებს წყაროდ. მათ პრობლემებზე საუბრობენ მშობლები, ექსპერტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექიმები, მასწავლებლები, ერთი სიტყვით, საუბრობს ყველა, გარდა თავად ბავშვებისა. ეს ტენდენცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, უკვე მეხუთე წელია უცვლელია.

მედია ბავშვებს წყაროდ როგორ წესი, კულტურასა და სპორტზე მომზადებულ მასალებში იყენებს ხოლმე. ეს ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება. „რატომღაც მიიჩნევა, რომ ბავშვმა სერიოზულ თემებზე კომენტარები არ უნდა აკეთოს. ამ ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მედია აშუქებს ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს (ხანდახან საკმაოდ სიღრმისეულადაც კი ერთი შეხედვით) თუმცა, სიუჟეტში თემის მთავარი გმირები - ბავშვები საერთოდ არ საუბრობენ“ - ვკითხულობთ ქარტიის 2017 წლის მედიამონიტორინგის ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი სოფელ დაგვაში სკოლის ინფრასტრუქტურის პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა პირდაპირ უკავშირდება განათლებას და მოზარდებს, მათი აზრი მასალაში არ ჩანს. კიდევ ერთ სიუჟეტში, რომელიც პირველ არხზე 14 ივნისს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გავიდა, საუბარია სწავლების ახალი მეთოდის დანერგვაზე სკოლებში და უშუალოდ ეხება ბავშვებს, თუმცა მხოლოდ ზრდასრულები საუბრობენ, ბავშვები ზოგად კადრებში ჩანან.

ქარტიის კვლევის მიხედვით, ბავშვების ხმა იმ შემთხვევაშიც კი არ ისმის, როდესაც მასალა უშუალოდ ბავშვების აქტივობას ეხება. მაგალითად, სააგენტო GHN-მა გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით „ირაკლი კობახიძემ და იანოშ ჰერმანმა ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი" გამარჯვებულები გამოავლინეს“. მასალაში საუბრობენ ევროკავშირის ელჩი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, მაგრამ თავად გამარჯვებული ბავშვებისთვის აზრი არ უკითხავთ. იგივე ნიუსი იმავე სტილში გამოაქვეყნეს სხვა ვებგვერდებმაც, მაგალითად, ინფო 9-მ, for.ge-მ, „ეს ნიუსი სავარაუდოდ პრესსამსახურის მიერ არის მომზადებული და სააგენტოებისთვის გაგზავნილი, თუმცა ამის შესახებ არსად არ არის მითითებული“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისსაც კი რთულია ისეთი მასალების მოძებნა, რომლებიც ბავშვებზეა და არა პოლიტიკური ან კერძო პირების საპირველივნისო ღონისძიებებზე. ქარტიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელსაც პირველმა ივნისმა ქართულ მედიაში, ძირითადად, ბავშვების გარეშე ჩაიარა. ეს დღე თავისი პიარკამპანიისთვის და მედიაში პოზიციონირებისთვის აქტიურად გამოიყენა სხვადასხვა კომპანიამ. გარდა იმისა, რომ 2016 წელთან შედარებით 75-ით შემცირდა ბავშვებზე მომზადებული მასალები, ამ 400 მასალიდანაც ბავშვის ხმა მხოლოდ 45 შემთხვევაში ისმოდა. 2015 წელს კი ანალოგიური ტიპის მასალების მხოლოდ 15%-ში მონაწილეობდნენ ბავშვები. განსაკუთრებით დღის გადაცემებში ხშირად ბავშვები უბრალოდ დეკორაციის როლს ასრულებენ.

ქარტიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბავშვების მონაწილეობით და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული მასალებით გამოირჩევა ხოლმე „რეალური სივრცე“.

ის, რომ აუცილებელია მედიამ ბავშვებს მისცეს საშუალება, გამოხატონ აზრი მათთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულია ეთიკის ქარტიის მიერ, ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც: „ბავშვების ინტერესები ფართოა, მათ თამაშისა და გართობის გარდა სხვა საკითხებიც აინტერესებთ. მათთან დაკავშირებულ საკითხებზე უფროსებთან ერთად თავად ბავშვებიც ასაუბრეთ. შეეცადეთ, ერთის მხრივ დაიცვათ ბავშვის ინტერესები და მეორეს მხრივ არ შეზღუდოთ მისი გამოხატვის თავისუფლება“.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: ეთიკა
ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეებმა მომხდარის ამსახველი კადრები თავად გადაიღეს, რაც სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში თემაზე მომზადებულ მასალებში სიღრმისეულად მიმოიხილეს ამბის მონაწილეთა პირადი ცხოვრება, ამაში მათ მეზობლები და ნათესავები დაეხმარნენ. რესპონდენტები მომხდარის „პროვოცირებისთვის“ ახალგაზრდა ქალს კიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ მისმა საქციელმა უბიძგა მეუღლეს, შური ეძია. „ინფო რუსთავმა“ კი ადგილობრივების ის კომენტარები გაავრცელა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და ხერხებს აღწერდნენ. ფაქტის გაშუქებისას ტელემედიაში აღინიშნა, რომ „საზარელი დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობა გახდა“.

„ეს ყველაფერი იმ გოგოს ბრალია, ამ გოგოზე უკვე მესამედ ხდება ასეთი რამ,“ - ამბობდა დაზარალებულის დედა „იმედის“ სიუჟეტში.

„გოგონას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ,“ - ამბობდა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტიც. „ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ამასთან ყოფნა უნდოდა,“ - ისმოდა სიუჟეტიდან.

ტელეკომპანია „იბერიას“ 11სთ-იან გამოშვებაში კი წამყვანი ჩართვაზე მდგარ ჟურნალისტს ეკითხება: „სოფო, რა გახდა ეჭვიანობის საფუძველი?“, რის პასუხადაც ჟურნალისტი ამბობს: „სოფელში ამბობენ, რომ ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არსებობდა“. ამავე მასალის შესავალ ტექსტში კი წამყვანმა მაყურებელს ისიც განუმარტა, თუ რა მეთოდით გააუპატიურეს მამაკაცი.

ახლობელი, რომელიც ეთერში საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ ინიციატივას გოგონა იჩენდა, მამაკაცი კი „თავიდან თავს არიდებდა“ და „იმ ღამით ძალიან ნასვამი იყო“.

გაშუქებაში მთავარი აქცენტი იყო არა იმაზე, რომ პირი ძალადობის მსხვერპლი გახდა, არამედ ძალადობის მოტივზე. საზოგადოებაში ამგვარი საკითხებისადმი არსებული ზოგადი სტერეოტიპებისა თუ განწყობების გათვალისწინებით, ძალადობის მოტივად ეჭვიანობის დასახელება, კონკრეტული, პირადი დეტალების გასაჯაროება და ჟურნალისტური მასალების ფოკუსის მთლიანად ამ საკითხზე გადატანა, ქმნიდა განცდას, რომ ერთი მხრივ „დაზარალებულმა კაცმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“, მეორე მხრივ კი, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ქალი გახდა. მასალებისთვის ამგვარი ფოკუსის შერჩევა ქმნიდა განწყობას, რომ დაზარალებული და ქალი არასწორად მოიქცნენ და მოძალადეების პროვოცირება მოახდინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
კატეგორია: ეთიკა
14 აგვისტოს „ასავალ დასავალი“ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ჩაწერილ იმ კლიპს გამოეხმაურა, სადაც ბავშვები თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე საუბრობდნენ.

სტატიის ავტორის გაღიზიანება კლიპის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც მოსწავლეები ამბობდნენ, რომ „ნებისმიერი სახის სიყვარული სიყვარულია“ და ყველა ადამიანი თანასწორია. გამოცემა, „საქართველოს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ეს კლიპი ლგბტ ორგანიზაციების დაფინანსებით, „ლგბტ იდეების პროპაგანდისთვის“ შეიქმნა. მასალაში გამოცემა მოსწავლეებს "სასირცხვილო საქციელის" ჩადენაში "ამხელს" და აქვეყნებს ყველა მათგანის ფოტოს, ასევე, ახსენებს ერთ-ერთის სახელსა და გვარს.

სტატიაში ასევე, ჩანს მცდელობა, „ამხილონ“ „ლგბტ იდეების პროპაგანდისტი“ დირექტორი და პედაგოგები. ავტორი განათლების მინისტრს მოუწოდებდა, ვაშლის დარიგების ნაცვლად, „ერთი-ორი დამპალი ვაშლი თავში სთხლიშოს ლგბტ პედაგოგებს და სკოლიდან გააპანღუროს“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:

· უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.

· ნუ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა -დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა;

· ჟურნალისტმა თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს;

ქარტიის მე-8 პრინციპში კი ნათქვამია, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებამ, „tvzvezda.ru-მ“ გამოაქვეყნა სიახლე, თითქოს ევროკავშირი აპირებს, დაუწესოს სანქციები აშშ-ს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ „ანონიმურ წყაროს ბრიუსელიდან".

მასალაში „ზვეზდა“ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეუზღუდოს წვდომა ამერიკულ კომპანიებს ევროპული ბანკების კრედიტებზე და ეს იქნება პასუხი იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

სინამდვილეში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, 26 ივლისს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არავითარი განცხადება ანტიამერიკულ სანქციებზე არ გაუჟღერებია. ევროკავშირმა მხოლოდ და მხოლოდ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუძლია, ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, რადგან ისინი შეეხება იმ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, თუმცა იუნკერისვე განცხადებით, ევროკავშირი მოახერხებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

წყარო: Stopfake
კატეგორია: ეთიკა
„საქართველო და მსოფლიო“ ეხმაურება იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც 13 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, ჰომოსექსუალი პირებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვის შესახებ.

გარდა იმისა, რომ ტექსტი ჰომოფობიურია, იგი შეიცავს ცრუ ინფორმაციასაც, თითქოს ჰომოსექსუალობა სისხლით გადადის და დღეს უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა თავის დროზე სწორედ იმიტომ მიიღეს, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცის სისხლის გადასხმის შემთხვევაში „არავინ იყო დაზღვეული, რომ ერთ მშვენიერ დღეს გული სხვა კაცისკენ გაუწევდა“.

„ახლა კი, არ არის გამორიცხული, სისხლის ბანკში ნაყიდი სისხლი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანისა იყოს და ჩვენს შვილებს გადავუსხათ, მერე კი… მერე ის, რომ მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ჩვენც შეგვაშინებს და ბავშვსაც; საბოლოოდ კი, ვერც მივხვდებით, რა მოხდა და რატომ აერია ცხოვრება თუ გონება შვილს, რომელსაც მანამდე ანალოგიური ნიშნები არ ჰქონდა,“ - წერდა ავტორი.

სინამდვილეში, მიზეზი, რის გამოც მსმ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ივლისის გადაწყვეტილებამდე სისხლის დონორობა ეკრძალებოდათ, არა მასალაში დასახელებული დეზინფორმაცია, არამედ ის გახდა, რომ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით, ჰომოსექსუალი ადამიანები ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორთა კატეგორიაში მოხვდნენ.

დღეისათვის კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ჰომოსექსუალი ადამიანებისთვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. სასამართლოს განმარტებით, „არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე. წ. „ფანჯრის პერიოდის(ფარული პერიოდის, როდესაც ინფიცირებული დონორის გამოვლენა ტესტირების არსებული მეთოდებით ვერ ხერხდება)“ შემდეგ. შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის არათანაზომიერია“.
კატეგორია: ეთიკა
„უზნეობა დემოტრაკიის სახელით,“ - ამ სათაურით „geworld-მა“ 19 ივლისს მორიგი ჰომოფობიური მასალა გამოაქვეყნა. სტატია იწყება შეკითხვით - „ევროპელობა გეობით განისაზღვრება?“ ავტორი ლგბტ ადამიანებს „პედერასტებად,“ „ორიენტაციააღრეულებად,“ „სოდომისტებად,“ „გახრწნილებად“ და „გარყვნილებად“ მოიხსენიებდა.

ტექსტში, გაურკვეველ კვლევაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ლგბტ მშობლების გაზრდილ ბავშვებს „ფსიქიკის კარდინალური დარღვევები აღენიშნებათ“, რომ, თითქოს მათი უმეტესობა ლოიალურადაა განწყობილი ცოლქმრული ღალატისადმი, განსხვავებით, „ნორმალურ ოჯახებში“ აღზრდილი ბავშვებისგან.

„გარყვნილი დედის აღზრდილი ბავშვების 31 პროცენტი და გარყვნილი მამის მიერ აღზრდილი ბავშვების 25 პროცენტი იძულებით ჩაურთავთ სექსუალურ ურთიერთობაში (მათ შორის, მშობლებს). ჩვეულებრივ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს არ აჭარბებს,“ - ამ წინადადებით კი ავტორი ამტკიცებდა, რომ ოჯახური ძალადობა ჰომოსექსუალთა ოჯახებში გაცილებით ხშირია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, მედიას უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის (მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო) თავიდან ასაცილებლად.
კატეგორია: ეთიკა
5 ივნისს „ობიექტივის“ „ღამის სტუდიას“ ფილოსოფოსი, ლაზარე ზაქარიაძე, სტუმრობდა. როგორც დასაწყისში წამყვანმა აღნიშნა, სტუმართან ერთად, „საზოგადოების ინერტულობაზე“ უნდა ესაუბრა, თუმცა, მოგვიანებით, გადაცემა ჰომოფობიური განცხადებებისა და ანტიდასავლური გზავნილების ტრიბუნად იქცა.

„ნატოს ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლების მეუღლეები შეიკრიბნენ ცალკე და ამ მეუღლეებს შორის, ანუ ქალბატონებს შორის, ერთი ვაჟბატონია... ნატოს სამხედრო ბლოკი, რომლის კუნთებსაც ვათამაშებთ ჩვენ,“ - აღნიშნავდა სტუმარი.

„როგორ შეიძლება, ყველაზე უფრო დიდი სამხედრო ძალმოსილების მატარებელი ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ხელმძღვანელის მეუღლე იყოს კაცი. ისა... ხო, კაცი, ამერია ახლა კაცი და ქალი რომელია. ეს რომ იყოს ხელოვნების, ან შოუბიზნესის, ან კულტურის წარმომადგენლები, კიდევ შეიძლება, ამის გაგება, მაგრამ აქ საუბარია სამხედრო სტრუქტურაზე,“ - სწორედ ამ თემაზე მსჯელობას მოჰყვა სხვა ჰომოფობიური განცხადებები.

წამყვანი რესპონდენტის შეჩერებას გადაცემის განმავლობაში მსგავსი ფრაზებით ცდილობდა: „თქვენ მაგაზე არ იდარდოთ,“ „ჩვენ ჩვენი ქეთო ვიტიროთ.“ მოგვიანებით კი, რესპონდენტის ანტიდასავლურ პათოსს შემდეგი ფრაზით იზიარებდა: „ნატოს წევრი ქვეყნები აბსოლუტურად უსუსურები არიან, ისინი ვერ შველიან საკუთარ მოქალაქეებს.“

გადაცემის სტუმარი განაგრძობდა ჰომოფობიური განცხადებების კეთებას და ლგბტ ადამიანებს „სოდომური ცოდვის მატარებლებად“ მოიხსენიებდა: „იქ არიან ადამიანები რომლებმაც ეს ორიენტაცია შეგნებულად აირჩიეს. აი, ეს სოდომური ცოდვის გზა აქვთ შეგნებულად არჩეული;“ „როდესაც ადამიანი სოდომურ ცოდვას ირჩევს ნებაყოფლობით, მისი ფსიქიკა სხვანაირია, იმიტომ, რომ მას სხვა ენერგეტიკული რესურსი აქვს,“- მსგავსი „უცნაურობებით“ ახასიათებდა სტუმარი ლგბტ ადამიანებს.

წამყვანი შიგადაშიგ ცდილობდა, გამიჯნოდა და დაპირისპირებოდა რესპონდენტის გამონათქვამებს: „ისიც მიუღებელია, როდესაც ასეთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ერჩიან, რომ ისინი ჩვენგან გასხვავებულები არიან. ეს არ უნდა იყოს მიზეზი მათზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშწორებისა,“ - ამბობდა წამყვანი, რასაც რესპონდენტის გაკვირვება მოჰყვა: „ვინ დაესხა თავს? არ მახსენდება.“ წამყვანის ფრაზას, რომ „იყო რამდენიმე მკვლელობა,“ რესპონდენტმა უპასუხა, რომ ესეც არ ახსენდება.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, წამყვანი და სტუმარი ლგბტ ადამიანებზე, როგორც ავადმყოფებზე, საუბრობდნენ, რომელთაც თანაგრძნობა სჭირდებათ:

„მოსკოვში მითხრა ერთმა ადამიანმა, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის, მე ხომ ასეთი დავიბადე და სად იყოო ღმერთი მაშინ, როდესაც მე ბუნებამ ეს მარგუნა და იცი, მე ვერაფერი ვერ ვუთხარი. შენ რას უპასუხებდი ესეთ ადამიანს,“- წამყვანის ამ შეკითხვას რესპონდენტის შემდეგი ფრაზა მოჰყვა: „ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება, შედეგიანი აღმოჩნდეს, მათი კურნების თვალსაზრისითაც.“

„ერთი გეი შეიყვარო ჯერ და მერე შეიყვარონ გეი სამყარო - ეს არის იდეოლოგია. მე ამის წინააღმდეგი ვარ, თორემ, შეიძლება, ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაზე უფრო თანამგრძნობი ვარ. მე, შეიძლება, შევიდე იმის მდგომარეობაში, რაღაცა ხომ ტკივა იმ კაცს, რაღაცა აწუხებს. „რა თქმა უნდა, ის ხომ ადამიანია,“ - ერთვებოდა წამყვანი.

სტუმარმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა „მედიცინისა და ფსიქოლოგიის თემაა,“ რასაც გარკვეულწილად, წამყვანიც ეთანხმებოდა.

„თუ აქ მედიცინის თემაა და არ არის ამ ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანი, მაშინ რა უნდა ვქნათ?“ „შეიძლება, მასაც წყდება გული, მაგრამ, რა ქნას?“- ასეთ კითხვებს სვამდა წამყვანი.
კატეგორია: ეთიკა
24 აპრილს „პალიტრანიუსზე“ გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ ცხოვრობს მეორე ჯგუფის ინვალიდი მარტოხელა დედა, ორ შვილთან ერთად, სკოლის ბალანსზე არსებულ ყოფილ ინტერნატში. სიუჟეტში სენსაციურ და სენტიმენტალურ ჭრილში გაშუქდნენ არასრულწლოვნები, რომლებსაც ჟურნალისტი ქველმოქმედებისა და მოწყალების მიმღებ ობიექტებად წარმოაჩენდა, რითაც კიდევ უფრო სენტიმენტალურს ხდიდა მასალას. მთელ სიუჟეტს ავტორის დრამატული ტექსტი და ტრაგიკული მუსიკაც გასდევდა.

„ეშინია გათენების. როცა წვება, თვალზე ცრემლი არ შრება. ბავშვებს ისედაც ყველაფერი აკლიათ და ყველაფერს დანატრებულები არიან. სადარდებელს შვილებს აღარ უმატებს, მაგრამ ისიც ვეღარ უძლებს ხვალინდელი დღის შიშს და უპერსპექტივო მომავალს,“ - წამყვანის ეს სიტყვები გასდევდა კადრში ერთ-ერთი არასრულწლოვნის გამოჩენას.

„ბავშვები სკოლას რომ დაამთავრებენ, საცხოვრისის დატოვება მოუწევთ. არ იციან, სად და როგორ უნდა წავიდნენ. კიდევ 8 წელი და ალბათ, ქუჩა... ქუჩა, რომელსაც თავშესაფარი ერქმევა. თავშესაფარი, რომელსაც არც ჭერი და არც კედლები არ ექნება,“-ამბობდა ავტორი.

სენტიმენტალური იყო სიუჟეტის დასასრულიც: „მათ მძიმე ყოფას არსებობისთვის აღებული ვალები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. იმედი არსად ჩანს, ხვალინდელი დღე მათთვის შიშია. დრო მათთვის მხოლოდ ასტრონომიულად გადის, ისე კი გაჩერებულია, მათი საათის ისრები უკიდურეს გაჭირვებაში გაჩერდა“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:

- მედიამ მასალის მთავარ მიზნად სისტემური პრობლემის მხილება უნდა დაისახოს. მედიას უნდა ახსოვდეს, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგო­მარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ მედიასაშუალებასთან დაკავშირება ვერ მო­ახერხეს.

- მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გაშუქდეს თანმიმდევრულად. კონკრეტული ისტორიები მედიამ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიყენოს.

- მედია უნდა მოერიდოს მძიმე ემოციური კადრების გამოყენებას.

- რაც არ უნდა მძიმე იყოს ისტორია, ეცადეთ წარმოაჩინოთ პოზიტიური დე­ტალებიც. მაგალითად, ყველა ბავშვს, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პი­რობებისა, აქვს ინტერესები, ჰობი. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარს თამაში, კითხვა, ხატვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი დეტალების ჟურნა­ ლისტურ პროდუქტში წარმოჩენაც.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: ეთიკა
ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის 2017 წლის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება ისეთ ჟურნალისტურ პროდუქტში, რომელშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი, ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ფიგურირებს, თუმცა მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე მასალა, რომლშიც ჟურნალისტებმა ბავშვები საჭირო დროს არ დაფარეს, ან სხვა დეტალები გაამჟღავნეს, რამაც არასრულწლოვნის სახის დაფარვას აზრი დაუკარგა. გარდა ამისა, კვლავაც პრობლემაა ბავშვების სახის დაფარვა მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს.

კრიტიკას იმსახურებდა მედიასაშუალებების მიერ ცხენის ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვნის შესახებ მომზადებული მასალები. მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვების დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის ბრალდებული, მსჯავრდებული ან მოწმეა,“ სიახლეებში სრულად ან ირიბად ხდებოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. დღეისათვის „გუგლის“ საძიებო სისტემაში ბავშვის სახელის და გვარის ჩაწერისას მარტივად იძებნება ამ თემაზე მომზადებული მასალები, საიდანაც ვიგებთ, რომ ბავშვს ცხენების ქურდობაში სდებენ ბრალს და საქმეზე გამოძიება სწორედ ქურდობის მუხლით დაიწყო.

პრობლემაა იმ არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაც, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მაგალითად, „იმედის კვირაში“ 25 მაისს გავიდა სიუჟეტი C ჰეპატიტის პროგრამის მუშაობისა და მისი ბენეფიციარების შესახებ. სიუჟეტი იწყება ერთ-ერთი არასრულწლოვნით, რომელსაც აქვს C ჰეპატიტი. ბავშვი სრულადაა იდენტიფიცირებული, გამჟღავნებულია მისი ჯანმრთელობის მდგომაროება და სამედიცინო ისტორია. ასევე, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბავშვი არ არის მშობლების ბიოლოგიური შვილი, მის ბიოლოგიურ დედას კი აივ ინფექცია ჰქონდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაუწყებელს არ გაუთვალისწინებია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი სტიგმისა და დისკრიმინაციის საფრთხეები.

მედიისთვის გამოწვევად რჩება ბავშვების დაფარვა ტექნიკური თვალსაზრისითაც: „როდესაც მაუწყებლები მიიღებენ ბავშვის არაიდენტიფიცირების გადაწყვეტილებას, ტექნიკურ ხარვეზად რჩება ბავშვების ისე გადაღება, რომ დაფარვის შემდეგ კადრში ბავშვის ნაცვლად გადღაბნილი წრე არ ჩანდეს,“- ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

არასაჭირო იდენტიფიცირებასთან ერთად, არანაკლებ პრობლემურია არასაჭირო დაფარვა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ცხადყო, რომ მედია ხშირად ზედმეტ, უსაფუძვლო სიფრთხილეს იჩენს და ბავშვებს ფარავს მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. ამის კარგი მაგალითია, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის „სხვა შუადღის“ ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც ბავშვთა საკითხების გაშუქების 2016 წლის ანგარიშში მოხვდა. გადაცემა ეძღვნებოდა თემას, ასეირნებენ თუ არა ძიძები სიცივეში ბავშვებს. ერთ-ერთი წამყვანი შეხვდა ძიძას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ ბავშვების ნაცვლად კადრში გადღაბნილი წრეები „სეირნობდნენ“.

„ბავშვის დაფარვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესდეს. როდესაც ბავშვის სახის გარდა ყველაფერი იდენტიფიცირებულია, მაშინ მისი სახის დაფარვა აზრს კარგავს,“ - ვკითხულობთ ამავე ანგარიშის რეკომენდაციებში.

როგორ დავფაროთ არასრულწლოვნები, ამის შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ბავშვთა გაშუქების სახელმძღვანელოც, სადაც ვკითხულობთ:

· ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რაიმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარესდეს მისი მდგომარეობა.

· ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია როდესაც ის არის:

✔ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი; ✔ ბრალდებული/მსჯავრდებული/მოწმე; ✔ არის ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში; ✔ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან; ✔ აივ-დადებითი ან შიდსით დაავადებული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბა­ვშვი, მშობელი ან მასზე პასუხისმგებელი პირი არ განაცხადებს თანხმობას სრულიად შეგნებულად.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .