კატეგორია: ბლოგი
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის!“ გაიმართება, გააქტიურდნენ ანტილიბერალური ჯგუფებიც. პარალელურად, მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის მათი დისკრიმინაციული, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები.

შესაბამისად, ისევ დღის წესრიგში დადგა კითხვა, უნდა გააშუქოს თუ არა მაღალი სტანდარტის მქონე მედიამ ამგვარი ჯგუფების წარმომადგენლებთან ინტერვიუები, მათი მოწოდებები თუ განცხადებები, მიიწვიოს თუ არა სტუმრად თოქ-შოუებში?

პასუხია, დიახ. მაგრამ მთავარი გამოწვევაა, როგორ გავაშუქოთ ამგვარი საკითხები ისე რომ:

  1. მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ მიადგეს ზიანი
  2. საზოგადოებას გააგონოს არადომინანტური, ხშირად, ხმაწართმეული მოქალაქეების ხმა.
  3. მოქალაქეებმა მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული გადამოწმებული ინფორმაცია.
  4. მოქალაქეებმა აღიქვან სიმართლე სრული კონტექსტით.
  5. მედიამ შეასრულოს თავისი როლი და ფუნქცია დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესში და დაიცვას პროფესიული ეთიკის სტანდარტები.

ხუთი რჩევა მედიას ამ საკითხებთან გასამკლავებლად:

ვაჩვენოთ არა სენსაციური ახალი ამბავი, არამედ სიმართლე მთელი კონტექსტით

უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია მისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. მედიამ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომ მოქალაქეებმა მეტი გაიგონ კონკრეტული საკითხების შესახებ და შემდეგ, სწორი დასკვნები გამოიტანონ.

ამისთვის, პირველ რიგში უნდა შეგეძლოს იმის გარკვევა, თუ ვინ არიან ეს ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფები.

ისტ ანგლიის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ ფერგიუსონი, 2016 წლის ნაშრომში, „როგორ დავუპირისპირდეთ ძალადობრივ ექსტრემიზმს მედისა და კომუნიკაციის სტრატეგიით“, წერს:

„ძალადობრივი ექსტრემიზმი უფრო იდეოლოგიაა რომელიც შეიძლება ითარგმნოს ან არ ითარგმნოს ძალადობრივ ქმედებებში. ძალადობრივი ექსტრემიზმი ქმედებასთან ერთდ ან მის გარეშე მოიცავს იმ ადამიანების მრწამსს, შეხედულებებსა და სამოქმედო სტრატეგიებს, რომლებიც მხარს უჭერენ ან იყენებენ ძალადობას მათი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის იდენტობით განპირობებული შეხედულებების გასავრცელებლად ან გასამყარებლად.“

მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ არა მხოლოდ ცალკეული მოქმედება, არამედ ისიც, რა მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები შეიძლება ქონდეს ამგვარ მოქმედებას.

სიძულვილის ენასთან გასამკლავებლად, ფერგიუსონის ერთ-ერთი რეკომენდაცია კარგად ხსნის სიძულვილის ენის პრაქტიკის მქონე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქების პრინციპსაც:

„სიძულვილის ენის დაძლევა მოითხოვს ბევრად უფრო სიღრმისეულ სტრატეგიას, ვიდრე უბრალოდ ამგვარი შინაარსის აკრძალვა ან დაბლოკვაა. ის მოითხოვს ერთიან მიდგომას, რომელიც დაძაბულობისა და საზოგადოების დაყოფის მიზეზების წარმოშობის საფუძვლებს ეხება“.

იდენტობების (ნამდვილი ქართველობა, მართლმადიდებლობა, კაცობა და ა.შ.) დაცვის სახელით, ექსტრემისტული ჯგუფები ცდილობენ მათგან განსხვავებულის მათი იდენტობისთვის საფრთხედ და დაწესებული სოციალური ნორმისგან გადახრად წარმოჩენას, მათ შევიწროვებას; მათი ხილვადობის შემცირების მიზნით, საჯარო სივრციდან განდევნას და ამით საკუთარი გავლენის შენარჩუნებას.

მათი ძალისა და გავლენის დემონსტრირებისთვის ამგვარი ექსტრემისტული გაერთიანებები მათთვის მიუღებელ სხვადასხვა ჯგუფს მათივე იდენტობის გამო ესხმიან თავს, უზღუდავენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს და ცდილობენ მათ დაშინებას.

წყაროების მიმართ ვიყოთ ჯეროვნად მიუკერძოებლები, მაგრამ არა ნეიტრალურები და ინდეფერენტულები

ინფორმაციის წყაროს შერჩევისას, ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მან საზოგადოებას, რატომ არის ამ რესპონდენტის პოზიციის გაშუქება, მისი აზრის მოსმენა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, არის თუ არა კომპეტენტური აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ და ა.შ. ასევე, წყაროს მიმართ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა ჟურნალისტური ეთიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

თუმცა, ჟურნალისტებს, ხშირად, მიუკერძოებლობა და ნეიტრალობა, მიუკერძოებლობა და განსხვავებული პოზიციების ბალანსი ახალ ამბებში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თოქ-შოუებისა და სხვა პროგრამებში ერთმანეთში ერევათ. არადა, მიუკერძოებლობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ბალანსი და ნეიტრალურობა.

განსაზღვრეთ, რა არის სიძულვილის ენა

სიძულვილის ენად მიიჩნევა ის მოსაზრებები და ტექსტები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ, სექსუალურ იდენტობასა თუ სხვა ნიშანთან და შეურაცხმყოფელია კონკრეტული ჯგუფის ან ადამიანის მიმართ.

საქართველოში სიძულვილის ენას არეგულირებს სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმა, მათ შორისაა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (2004) და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (2009), რომელიც მედიას დისკრიმინაციული პროგრამების გაშვებას უკრძალავს. სისხლის სამართლის კოდექსი (1999) კი ყველას, არა მხოლოდ მედიას, აკისრებს პასუხისმგებლობას ისეთ მოწოდებაზე, რომელიც სხვადასხვა ნიშნის, იდენტობის მქონე ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას ისახავს მიზნად და ქმნის ძალადობის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 მუხლი მიუთითებს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

მედიას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუთმოს საკუთარი პლატფორმა სიძულვილის ენის გავრცელებას მისი მკაფიო იდენტიფიცირებისა და სახელდების გარეშე

სიძულვილის ენა აძლიერებს შუღლსა და შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფასა და რადიკალიზაციას და, რაც მთავარია, ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე ძალადობას აქეზებს, რაც საფრთხეს უქნის ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

დაპირისპირებული, ერთმანეთის მიმართ აგრესიულად განწყობილი საზოგადოება აღარ იძლევა მრავალფეროვნების, თანასწორობის, ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალებას.

მაგალითდ, ჰომოფობიური შეხედულებების მქონე ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დაკავშირებულია „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ღირსების მარშის გაუქმებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იხსნის პასუხისმგებლობას მარშის გასაპროტესტებლად მისული ადამიანების ქცევაზე და ამბობს, რომ თითოეული ადამიანი ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. პარალელურად, ჯგუფი „ალტ-ინფო“ აცხადებს მომხრეების მობილიზებას და „სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების“ შექმნას, რათა ხელი შეუშალონ ღირსების მარშის ჩატარებას.

საბოლოოდ, მედიამ რაღა თქმა უნდა, უნდა გააშუქოს ღირსების მართშან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მარშის ჩატარების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები და პოზიციები, იმ პირობით, რომ:

  1. ძალადობრივ ექსტრემისტულ ჯგუფებსა და მათ წარმომადგენლებსა თუ მხარდამჭერებს დაარქმევს თავის სახელს და არ მოიხსენიებს მათი ამგვარი სახელდების გარეშე.
  2. აჩვენებს არა სენსაციურ ახალი ამბავს, ინტერვიუსა თუ განცხადებას ყოველგვარი შეფასების გარეშე, არამედ აჩვენებს ამგვარი განცხადებისა თუ ინტერვიუს არსს, ასახავს სიმართლეს მთელი კონტექსტით.
  3. წყაროების მიმართ იქნება ჯეროვნად მიუკერძოებელი, მაგრამ არა ნეიტრალური, რაც ნიშნავს წყაროსთვის მხოლოდ მისი თვალსაზრისის პროპორციული დროის დათმობას და არა მექანიკურ ბალანსს წყაროთა შორის და მიუთითებს წყაროს ნებისმიერ მახასიათებელს, რომელიც მაყურებელს მისი მოტივაციის და განცხადების შეფასების საშუალებას მისცემს.
  4. არ დაუთმობს საკუთარ პლატფორმას სიძულვილის ენის გავრცელებას, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას მისი იდენტობის საფუძველზე ამგვარი ენის მკაფიო იდენტიფიცირებისა და სახელდების გარეშე.

დამატებით: როგორ გავაშუქოთ მიუკერძოებლად, მაგრამ ჯეროვნად?

დიდი ბრიტანეთის საკომუნიკაციო სერვისების მარეგულირებელი ორგანოს (Ofcom) განმარტებით, სიტყვა “ჯეროვანი” მიუკერძოებლობის არსის სწორად გაგების მნიშვნელოვანი პირობაა.“ თავად მიუკერძოებლობა ნიშნავს იმას, რომ ერთ მხარეს არ უნდა მიენიჭოს რაიმე სახის უპირატესობა მეორე მხარესთან შედარებით. “ჯეროვანი” კი ნიშნავს “ადეკვატურს” ან “შესაბამისს” გასაშუქებელი საკითხის მიმართ.

წინააღმდეგობრივი და საკამათო პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას, რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი თვალსაზრისი და პოზიცია უნდა აისახოს სიუჟეტში ან სიუჟეტების ციკლში, რომელიც ამ თემას ეხება. თუმცა, “ჯეროვანი მიუკერძოებლობა არ ნიშნავს დროის თანაბარ განაწილებას თითოეული თვალსაზრისის ან პოზიციისთვის, ან იმას, რომ ყველა არგუმენტი ან ყველა არგუმენტის ყველა ასპექტი იყოს წარმოდგენილი”.

ჯეროვანი მიუკერძოებლობა წყაროს მიმართ ნიშნავს, რომ მას იმდენი დრო უნდა დაეთმოს, რამდენსაც მოითხოვს იმ საკითხისა თუ მოვლენის არსი და კონტექსტი, რომლის შესახებაც სიმართლის დადგენას ცდილობს ჟურნალისტი. გაშუქების მიზანი მოძალადესა და მის მსხვერპლს შორის მექანიკური ბალანსის დაცვა, თითოეულისთვის თანაბარი დროის მექანიკურად დათმობა კი არ არის, არამედ, სწორედ საკითხის არსიდან გამომდინარე, ყველა რესპონდენტისთვის საჭიროა იმ მნიშვნელოვანი კითხვების დასმა, რომელიც სიმართლის დადგენას, დემოკრატიის პრინციპების დაცვას, დაჩაგრული, ხმაწართმეული მოქალაქის პოზიციის საზოგადოებისთვის გაცნობას, საზოგადოების სამსახურში ყოფნასა და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილების გავლენის ჩვენებას ემსახურება.

შესაბამისად, წყაროს მიმართ მიუკერძოებელი, მაგრამ საკითხის მიმართ არანეიტრალური ჟურნალისტი შეეცდება, რომ ზედმიწევნითი სიზუსტით შეისწავლოს საკითხი, გააანალიზოს არსებული ფაქტები და შესაბამისი პროპორციულობით ასახოს ინფორმაციის წყაროების პოზიციები. რა თქმა უნდა, თავად წყაროებს (პოლიტიკოსებს, ინტერესთა ჯგუფებს, სხვა რესპონდენტებს) არ აქვთ მიუკერძოებლობის ვალდებულება აუდიტორიასთან და ისინი შეიძლება ემხრობოდნენ ამა თუ იმ თვალსაზრისს, მაგრამ ჟურნალისტებმა უნდა მიუთითონ წყაროს ნებისმიერი მახასიათებელი, რომელიც მაყურებელს მისი მოტივაციის შეფასების საშუალებას მისცემს.
კატეგორია: ბლოგი
ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს. ქარტიის მე-7 პრინციპი ამბობს:

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ხშირად, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, რომ ბალანსის დაცვისთვის მეორე მხარე სჭირდებათ. სწორედ აქ არის პრობლემა - ძალადობის და დისკრიმინაციის მომხრე ვერასოდეს იქნება საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში მეორე ლეგიტიმური მხარე. ტექნიკური ბალანსი არ არის პროფესიული სტანდარტი. მაგალითად, როცა ქალს სახის გამოჩენისთვის ქვებით ქოლავენ, ქმართან გაშორებისთვის სახეს მჟავით უწვავენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, მოძალადეები ვერ იქნებიან ამ თემაზე საჯარო დისკუსიის ლეგიტიმური მონაწილენი. მედიამ საზოგადოების ინფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მეტი გაიგონ კონკრეტული საკითხების შესახებ და შემდეგ, სწორი არჩევანი გააკეთონ. მარტივად, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მტერი და მოკეთე გაარჩიონ ერთმანეთისგან.

როცა ეთერში ისმის ქსენოფობია - განსხვავებულის მიმართ სიძულვილი, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ რესპონდენტი გააჩეროს და არ დაუშვას სიძულვილის ფრქვევა. ფაქტებით გამყარებული ინფორმაციით და საკითხის ცოდნით დაიცვას ადამიანები უმრავლესობის, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური, ტერორისგან.

კომუნიკაციის თეორეტიკოსი, მედიის კრიტიკოსი და კოლუმბიის პროფესორი ჯეიმს ქერი წერდა, რომ მედია არ არის საზოგადოების მხოლოდ ამსახველი, ის ქმნის კიდეც საზოგადოებას, საზოგადოების საერთო და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და კონტექსტებს. მედია საზოგადოებრივი დისკუსიის, უფრო სწორად სამოქალაქო საჯარო დისკუსიის მონაწილეა. სამოქალაქო სივრცისთვის კი ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი მოვლენაა. სამოქალაქო სივრცისთვის სწორედ საერთო საჯარო სიკეთეა მნიშვნელოვანი.

მედიის სოციოლოგი, მრავალი წიგნის ავტორი ახალი ამბების სოციოლოგიასა და ინფორმაციის გავლენაზე მაიკლ შადსონი წერს, რომ მედია მშრალად არ უნდა აშუქებდეს მოვლენებს და უნდა ეცადოს, რომ ყურადღება მიაქციოს გასაშუქებელი საკითხის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა კონტექსტებს, რაც საზოგადოებას ამ მოვლენის არსში უკეთ გარკვევაში დაეხმარება.

პროფესიული მედიის როლი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ აღწეროს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქმედება, მაგალითად ქსენოფობთა მარში, არამედ ახსნას რა არის მარშის მხარდამჭერთა მოტივაცია, აჩვენოს მარშის სრული კონტექსტი და მნიშვნელობა ჩვენი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. კულტურის ისტორიკოსები წერენ, რომ მთავარია აჩვენონ არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ისიც, რა მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ მოქმედებას. მოახდინოს მისი მენტალური, ემოციური, კონცეპტუალური დეკონსტრუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღწერა, რაც ჟურნალისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არამედ ფართო კონტექსტის ჩვენება, ერთი შეხედვით დაფარული მნიშვნელობებისა და სიმბოლოების ახსნა. მედიის მიზანია იმ მსოფლმხედველობის დეკონსტრუქცია, რომელიც რესპონდენტს ამოძრავებს. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი მოვლენის, საკითხის სახელდება - ეთნიკურად არაქართველი ადამიანების მიმართ სიძულვილის მობილიზება ვერ იქნება ქართველთა მარში, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს ასე უნდათ პოზიციონირება და პატრიოტიზმით სპეკულაცია. მედიამ უნდა დაარქვას მოვლენებს სახელი, თქვას, რომ ეს ქსენოფობთა მარშია, რომელსაც თავად ორგანიზატორები ქართველთა მარშს უწოდებენ.

თუ საკითხის მშრალად გაშუქება და ტექნიკური ბალანსი ხელს უშლის მოვლენის არსის გაგებას, ე.ი. მედია ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას - სიმართლე მოუყვეს საზოგადოებას.

მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება არ ნიშნავს სიმართლის დაკარგვას. მოვლენების არსის ანუ სიმართლის ჩვენება კი გამორიცხავს სხვაზე მოძალადეების ლეგიტიმურ მხარედ აღიარებას და საზოგადოებრივი სიკეთისთვის უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი დისკუსიის იაფფასიან, მყვირალა ცირკად ქცევას.