კატეგორია: ბლოგი
alt

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ნაციონალური მედიაორგანიზაციების ნაწილმა გაჭირვებით დაძლია რელიგიის ჟურნალისტიკის პირველი კლასის პროგრამა და თითქოს ეპისკოპოსისა და მღვდლის გარჩევა ისწავლა, თითქოს დაიზუთხა კიდეც სხვაობა პანაშვიდსა და პარაკლისს შორის, აღარც ბოლომდე მიწასგართხმული შემეოხებდა სრულიად საქართველოს მამებსა და დედებს, დროდადრო კი გვიგდებდა სახელგანთქმულ “ერორს”, როცა სინოდის სხდომიდან გამოვარდნილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდების გადმოცემა უწევდა, ფიზიკის კანონებსაც კი აყენებდა ეჭვქვეშ დიდი შაბათის ცეცხლის დღესასწაულზე, მაგრამ კაცი მაინც იფიქრებდა, პანდემია რომ დაიწყოს, რაღაცას მოახერხებენო.

ო, წმიდაო გულუბრყვილობავ!

ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ვინც სასწაულების ფაქტად გასაღებით ფიზიკას აუქმებს, არც ვირუსოლოგიას დაინდობს და არც ეპიდემიოლოგიას.

მრავალგზის გვინახავს, როგორ მარცხდება მედია ფანატიზმთან, სიძულვილთან, ანტიმეცნიერებასთან თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ჟურნალისტებს მრავალგზის უმტყუნიათ საზოგადოებისთვის და უღალატიათ პროფესიული ეთიკისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასე სასიკვდილოდ და მასშტაბურად არაადეკვატური.

და კი, რთულ დროს, სამოსნობაც ვერაფერი შეღავათია. საკმარისი არ არის, უბრალოდ აღარ იწვე, აღარ თვინიერებდე და ოდნავ გაკადნიერებას ბედავდე. საკმარისი არ არის შორენას მუქარანარევ ზარებს აღარ პასუხობდე, ან შენი სიუჟეტები კათოლიკოს-პატრიარქისადმი აღვლენილ ონლაინწირვას აღარ ჰგავდეს.

საკმარისი არ არის, ქალბატონ ეზუგბაიას, ბატონ გამყრელიძეს, იმნაძეს ან ცერცვაძეს ეკლესიის თავგასულობაზე კითხვებს უსვამდე, როცა ისინი დიდი უპასუხისმგებლობით იჩლექენ ენას, ან შეშინებულები ძლივს და უკვე დაგვიანებით ახერხებენ არტიკულაციას - წირვაზე არ წახვიდეთო. საკმარისი არ არის ხელისუფლებას, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის მინისტრებს ეკითხებოდე - მერე კანონი რომ ირღვევაო?

საკმარისი არ არის, რადგან მედია თავის მოვალეობას კითხვის დასმით არ ამოწურავს. ხანდახან მისი მოვალეობა პასუხის არმიღებაა.

პასუხის არმიღებაა საჭირო, როცა მეცნიერი - მეცნიერებას ჰყიდის, ხელისუფლება - ხელისუფლებას, ხოლო ეკლესია - რწმენას.

სხვა შემთხვევაში, ჟურნალისტებიც გავყიდით ფაქტებს.

ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირების არაადეკვატურ კომენტარებსა და აშკარა ტყუილებს, ზოგჯერ გონიერების გამაუქმებელთ.

ჩვენ არ უნდა ვჯერდებოდეთ მხოლოდ წინასწარ დაწერილი ნელთბილი გზავნილების ფოსტალიონობას.

ანგარიშვალდებული პირები უნდა უფრთხოდნენ მედიის რისხვას. უნდა უფრთხოდნენ პასუხისმგებლობით აღვსილი პროფესიონალების უმწვავეს კრიტიკასა და უკიდურესად, რეალობასთან ადეკვატურობაში გამწვავებულ და, მე თუ მკითხავთ, განრისხებულ ტონს.

ჩვენ უნდა ვასხვავებდეთ ფაქტებსა და ინტერპრეტაციებს.

რა არის ფაქტი?

ფაქტი ის არის, რომ პანდემიის კრიზისის დროს, ხელისუფლება და მედიცინა პრაქტიკულად ჩამოემხო გავლენიანი რელიგიური ფანატიკოსების ფერხთით და მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევითღა ცდილობს ჩვენს გამოსარჩლებას, საბოლოოდ კი მომავალ არჩევნებზე საკუთარი ბედის გამოსარჩლება სურს.

ფაქტი ის არის, რომ დღისით-მზისით თუ შუაღამით-კომენდანტით კანონი ირღვევა. ფანატიზმი კი მასზე აღზევდა.

ფაქტი ის არის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენი ჯანმრთელობა მედიცინის პროფესიონალების ხელიდან გამოსტაცეს და ჭკუიდან შემცდარი ფანატიკოსებს გადაულოცეს.

ფაქტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგებმა თუ ინფექციონისტებმა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონობას უკიდურესად ყრუდ უპასუხეს და ჩვენს ჯანმრთელობას ზოგი ენამოჩლექით გამოესარჩლა - ზოგმაც, იმას ვიზამ, რასაც ფანატიკოსთა გავლენიანი ლიდერი მიბრძანებსო.

მედიამ ეს ფაქტები ვერ გადმოსცა. ვერ დაგვანახა. ვერ შემოგვთავაზა სურათი, სადაც თავსდამტყდარი უბედურება არსებითად იქნებოდა გადმოცემული, იმდენად, რომ უბედურების კატასტროფულობა აღგვექვა.

ამის პარალელურად, მან აირჩია ებალანსებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ნაციონალური მედიაორგანიზაციები რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათ აპოლოგეტებს სასიკვდილოდ დიდ დროს უთმობდნენ, ეს მაშინ, როცა ადეკვატურად კრიტიკულ აზრს ზოგჯერ ეთერიდან აძევებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ მომაკვდინებელი ფანატიზმის სტერილური გაშუქება ჟურნალისტიკა არ არის, ჟურნალისტიკა ფაქტების ხელოვნებაა.

ჩვენ არ მოგვეთხოვება ვაბალანსოთ კანონსა და უკანონობას შორის.

ჩვენ არ მოგვეთხოვება პატივისცემა დავუდასტუროთ გავლენიან კრიმინალებს (“დიდი პატივისცემით, მამა ანდრია, მე თქვენ არ გებრძვით, მაგრამ რომ გვწამლავთ, მაინც მიწევს გაფხაკუნება”).

ჩვენ არ მოგვეთხოვება ამ კრიმინალებს საზოგადოების საღი აზრისგან გადარწმუნების შესაძლებლობა მივცეთ.

აბა, არ გავაშუქოთო?! გვკითხავენ ხოლმე კრიტიკოსებს კოლეგები. როცა ეს კითხვა უკვე ჩამოთვლილი არგუმენტების შემდეგ დაისმის, პასუხის ხასიათზე აღარ ხარ, მაგრამ პასუხი საჭიროა.

რაღა თქმა უნდა, გაშუქება აუცილებელია!

საქართველოს ეკლესია ამ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშეა, მისი არგაშუქება, ან დისპროპორციულად მცირე გაშუქება მხოლოდ ბრიყვული, სტერილური და ელიტისტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც იქნა, ჩვენი ლიბერალური მედიაც დაეხსნა.

გაშუქება აუცილებელია, მაგრამ აქ თავს იჩენს ცენზურის, სურვილისა და კომპეტენციის პრობლემები.

ხანდახან ცენზურა გავალებს, შენი კომპანიისა თუ ამ კომპანიის მფლობელთა უსაფრთხოებას მოუფრთხილდე, ხანდახან თვითცენზურას იწესებ, რომ ქუჩაში არ გცემონ, ხანდახან სურვილი კი გაქვს - მაგრამ კომპეტენცია არა.

კომპეტენცია კი მოითხოვს შემოქმედებითობასა და სიფხიზლეს. ვერც ერთი პროფესიონალი, ფუნდამენტური პრინციპების მიღმა ვერ დაწერს სტანდარტების სრულ ჩამონათვალს, რადგან სტანდარტები გარემოებებისა და მიზნების კომბინაციით ყალიბდება. გარემოებები კი მუდმივად იცლვება. კონტექსტი ხან ამას მოგვთხოვს, ხან იმას - დანარჩენები კი შედეგებით იზომება. თუ შედეგი საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარუმატებელ ფორმატებზე.

წარუმატებელი ფორმატები და წარუმატებელი გაშუქება პანდემიის დროს - აღარ არის პროფესიული ღირსებისა თუ საზოგადოების ინფორმირებული არჩევნის საკითხი - ჯანმრთელობის საკითხია.

კი ვხუმრობდით, მაგრამ ხანდახან მედია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი სინამდვილე, გადავაფასოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, რომ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები.

ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში არ დგას, დასავლური, რესპექტაბელური მედიებისთვის თვალის გადავლებაც კმარა, ერთ ნიუსში ათი შეცდომის საპოვნელად.

სწორედ ამ კრიზისის შედეგია ისიც, რომ მრავალი არაკომპეტენტური და გამოუცდელი კრიტიკოსი, ხანდახან იმგვარი სტანდარტების სასრულ ჩამონათვალს წარმოგვიდგენს, რომლებიც არაფრით პასუხობს მუდმივ ცვლადს - გარემოებას. ხანდახან ეს კრიტიკა ჩაშენებულია სიზარმაცეში - სჯობს ამტკიცო, რომ რაღაც არ უნდა გაშუქდეს, იმისთვის, რომ ოდნავ მეტი არ წაიკითხო, ხანდახან - განუსწავლელობაში.

პროფესიული სტანდარტების ფორმირება არ დასრულებულა, ის მიმდინარეობს აქ და ახლა - სტანდარტებიცა და ეთიკაც, საბოლოოდ პროცესია - მთავარია, არ იცვლებოდეს მიზნები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის რეპუტაცია და ცნობადობა. ჰედლაინი, რომელსაც ერთი მედია ერთ აუდიტორიას აწვდის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად იკითხებოდეს, ვიდრე მეორის მიერ შერჩეული იგივე. სხვაა მედიაა, სხვაა აუდიტორია. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას, უსწრაფესი უკუგებით მუშაობაში ვაკორექტირებდეთ პოლიტიკას - საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილებების აქტიური მიღება და არა გამზადებული სტანდარტებით გაზარმაცება - “ტრენინგზე მოვისმინე და საკმარისია” ან “ნაცნობმა მედიაექსპერტმა გამობრძნა” - სავალალო შეცდომაა.

რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური დისკუსია და ლეგიტიმური განსხვავებები, მათ შორის, იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი მიზნის მისაღწევად და ეს დებატი კვლავ გაგრძელდება - მთავარია გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებდნენ და არა რეალობას მოწყვეტილი ზარმაცები, მთავარია მიზნები გვქონდეს საერთო.

ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც კრიტიკოსთა ტყვეებად და არც მხოლოდ საკუთარ ნაბადს დანდობილ შეუვალ თავკერძებად. ჟურნალისტის მოვალეობაა ყოველდღიურად ვითარდებოდეს ახალ დისკუსიებსა და კონტექსტებში.

მოვიდა დრო, მედიამ აღიაროს თეოლოგიური და კანონიკური რწმენა-წარმოდგენების პოლიტიკურობა. კანონიკა ისეთივე პოლიტიკური შეიძლება იყოს, როგორც კანონი. უძველესი დოკუმენტებიც კი, დღემდე ახდენენ გავლენას გეოპოლიტიკაზე.

მაგალითად, აღარარსებული ქალაქის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს, მის მიერვე გამოცემული სიგელი გააუქმა, 451 წლის ქალკედონის კრების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ 2019 წელს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცა. ყოფილა კანონიკა პოლიტიკის კომპონენტი?

როცა შენი მედია ამ თემატიკას დროს არ უთმობს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს აჩლუნგებ, შედეგად კი საზოგადოება ადვილად მოწყვლადია გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტების მავნებლური თუ მკვლელი ფანატიზმის წინაშე.

რელიგია გაშუქების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალისტები რომლებიც ამ პროფილს ცხოვრებას მიუძღვნიან.

სხვანაირად, არაფერი გამოვა.
კატეგორია: ბლოგი
„დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ!... ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ… დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს” (III მეფეთა, 18; 26-27)

როგორც ამბობენ, თუ ერთხელ სინდისზე ხელი აიღე, შენი შეჩერება ბუნების კანონებსაც გაუჭირდებათ. ალბათ, სწორედ ამიტომ, სამამულო ჟურნალისტიკა, მას მერე, რაც მუსრს გაავლებს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკასა და კანონს, წინასააღდგომოდ მიადგება ხოლმე... ფიზიკას.

ქართული მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებას არწმუნებს, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით ცეცხლი არსაიდან ჩნდება. მეტიც, თუ რამდენიმე წუთის შემდეგ, გარეთ გამოტანილსა და სანთელზე გადაკიდებულს, სხეულის რომელიმე ნაწილს მიუშვერ, არ დაგწვავს. ბუნებრივია, ეს „ხილული სასწაული“ შესაბამის სოუსშია შემოთავაზებული, რომელმაც მთავარი სათქმელი უნდა გვითხრას: ჩვენ თვალწინ აღსრულებული „ფაქტი“ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთობასა და ჭეშმარიტებას მოწმობს, შესაბამისად, ის წარმოადგენს ყველა სხვა რელიგიური ჯგუფის სიცრუის დასაბუთებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით სომხების.

და, ასე, ტაძარში შეჭრილი ერთმანეთს შემჯდარი არაბების დაფდაფები და დიპლიპიტოები, თითქოს მხოლოდ იმიტომ გამოსცემს ხმას, რომ დიდი შაბათის მოწყენილობისთვის განწირულ სატელევიზიო „ვიორსტკას“ ახალი სული შთაბეროს.

ხოდა, აბა, ვის რაში სჭირდება საღი აზრი და ბუნების კანონები, როცა სასწაულები და ქადაგება ასე კარგად იყიდება? „იცინოს ახლა მამა პეტრემ გასათხოვარი მიკი მაუსის ფონზე“, - ჩაიღიმებს რეიტინგით კმაყოფილი პროდიუსერი და სიუჟეტის ავტორს გასძახებს: „ქრისტე აღსდგა, გოგო, რა ოქრო მყავხარ!“. მომავალი წელიც მალე მოვა. პროდიუსერმა იცის, რომ უფალი, ჯაჯანიძის ჯინაზე, კვლავაც გამოგზავნის ცეცხლს, მადლმოსილი რეიტინგის დასაწერად, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. აეროპორტში ჯგუფია გასაგზავნი. ლაშა ჟვანიას ცეცხლი მოაქვს. პრომეთე შოკშია. ბრიტანელმა მეცნიერებმა წმიდა გიორგის მიერ შემუსვრილი გველეშაპის ჩონჩხი იპოვნეს. „არ წვავს, არ წვავს!“, „სამყაროს შეუძლია ერთი წლით ამოისუნთქოს“, „აპოკალიფსი წელს არ მოხდება“, „მოძღვრები ანტიქრისტეს გამეფებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ“. მოკლედ, ქვეყანაში, სადაც სიუჟეტების უმრავლესობის ნახვის შემდეგ გვიწევს დავსვათ კითხვა: „ნეტა სინამდვილეში რა მოხდა“, არაფერია გასაკვირი, მაგრამ წმიდა ცეცხლის გაშუქება მაინც სტაბილურად აღმაშფოთებელია.

რა არის საჭირო იმისთვის რომ რელიგიის ჟურნალისტიკის მინიმალური სტანდარტი მაინც დაკმაყოფილდეს და ისედაც ნაგვემი ეთიკა, ჯვარს არ ვაცვათ? ალბათ, რამდენიმე კომპონენტი უნდა მოვიდეს წესრიგში: შენს უფროსს საღი აზრი რეიტინგზე მეტად უნდა უყვარდეს, მეტიც, მას უბრალოდ უნდა გააჩნდეს საღი აზრი. ამასთან, არც შენ და არც შენს რედაქტორს/პროდიუსერს საპატრიარქოსა და საზოგადოების რისხვის არ უნდა გეშინოდეთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით, აღდგომის შუქზე.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასწაული არ არის ფაქტი

მისი ფაქტად გასაღება კი მედიაეთიკის უხეშ დარღვევასა და რელიგიურ პროპაგანდას წარმოადგენს. ჟურნალისტს შეუძლია თქვას, რომ „მართლმადიდებელთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოვიდა“ - მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებით ფორმაში. მედიის მოვალეობა არ არის ქადაგება. მისი როლის შესახებ შესაძლოა, არსებობდეს მოსაზრებათა ლეგიტიმური მრავალფეროვნება, მაგრამ არც ერთ სკოლას არ მიაჩნია, რომ პროფესიული ჟურნალისტიკა უნდა ქადაგებდეს. განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იმათ მიერაც ფინანსდება, ვის წინააღმდეგაც ამ „სასწაულით“ მანიპულირებენ. რატომ „მართლმადიდებელთა ნაწილის რწმენით“? იმიტომ, რომ ყველა მართლმადიდებელს ცეცხლის გარდამოსვლის არ სწამს. არც ერთი მსოფლიო კრება და მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთი დოქტრინა, მსგავს „სასწაულს“ არ ცნობს. შესაბამისად, მისი არაღიარებით, ვინმე მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთას ვერ დაექვემდებარება.

დამახინჯებული ფაქტი

გამაოგნებელია, მაგრამ ისინიც კი, ვინც წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას აკრიტიკებენ, არ ფლობენ ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე. მავანი იმასაც ამბობს, რომ პატრიარქი ცეცხლს თეთრი ფოსფორით ანთებს. სინამდვილეში - და გთხოვთ, ყური ვუგდოთ ჭეშმარიტების მომენტს - იერუსალიმის საპატრიარქოს, დიახ, სწორედ იმ საპატრიარქოს, რომელიც წმიდა ცეცხლის რიტუალს აღასრულებს - წარსულში უარუყვია, რომ ცეცხლი ხელთუქმნელია და ტაძარში ყოველწლიურად სასწაული აღესრულება, იმ გაგებით, რომ ცეცხლი არსაიდან ჩნდება. მეტიც, მის წარმომადგენლებს უთქვამთ საპირისპიროც. სომეხთა სამოციქულო ეკლესია, რომელიც რიტუალში მონაწილეობს, ასევე უარყოფს, რომ განმეორებად, ყოველწლიურ სასწაულთან გვაქვს საქმე. საიდან უნდა იცოდეს ეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ გავლენიან მედიას თავში აზრადაც არ მოსვლია საკითხში გარკვევა?

რას ამბობს იერუსალიმის საპატრიარქო?

იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლობა უმთავრესად წმიდა ცეცხლის რიტუალთან დაკავშირებით პროაქტიურად პოზიციას არ გამოხატავს. მეტიც, ის ხშირად აიგნორებს მორწმუნეთა შეძახილებს, რომლებიც სინათლის ღვთისმსახურებას სასწაულად მოიხსენიებენ. სასწაულის რწმენა, ხალხური მისტიფიკაციის შედეგია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში თავად თესავდნენ/სათანადო წინააღმდეგობას არ უწევდნენ, მასზე კაპიტალიზებდნენ და ახლა, თავისივე შექმნილი მონსტრის ტყვეები არიან. ამიტომ, სიმართლეს ყრუდ და პასიურად, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით მაინც ამბობენ.

ეს ხელს არ უწყობს დემისტიფიკაიას, მაგრამ მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, უთქვამთ, რომ ისინი ცეცხლს მაცხოვრის საფლავზე ანთებული კანდლინდან ანთებენ. მეტიც, პატრიარქის შესვლისას კუვუკლიაში ანთია არა მხოლოდ ეს კანდელი. მეორე კანდელი, ყველას დასანახად, ტელეკამერების წინ, საგანგებოდ შეაქვთ ტაძარში (და, რა თქმა უნდა, რიტუალის ქართველი კომენტატორის ყურადღებას ვერასდროს იქცევს). გავყვეთ ოფიციალურ განცხადებებს, რომლის მხოლოდ ერთ მაგალითსაც მოვიყვან:

2000 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი; 2001 წლის 15 სექტემბრამდე, ანუ შემდეგი პატრიარქის, ირიონეოსის არჩევამდე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახლდათ პეტრას მიტროპოლიტი კორნელიუსი; 2001 წლის 15 აპრილს, აღდგომას, სწორედ მიტროპოლიტმა კორნელიუსმა შეასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი; იმავე წელს, მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, განაცხადა, რომ ცეცხლი კი არ გარდამოდის, არამედ მას აკურთხებენ.

"საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი (აქ იგულისხმება მოსაყდრე) აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში; მისით იკურთხება ეს ცეცხლი".

2001 წლის 15 აპირლს, როცა მიტროპოლიტი კორნელიუსი ერთად შეკრულ 33 სანთელს კანდელზე მოკიაფე ცეცხლიდან ანთებდა, საქართველოში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ყვიროდნენ, რომ მან ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე მოულოდნელად აალებული ცეცხლისგან აანთო. ხოლო სკეპტიკოსები პასუხობდნენ, რომ მან ეს სანთებელის ან თეთრი ფოსფორის მეშვეობით გააკეთა. ვინ ცდებოდა? ორივე მხარე. რატომ? იმიტომ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა, კონსპიროლოგიისთვის საუკეთესო ნიადაგია.

მიტროპოლიტის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რა იგულისხმება სასწაულში. არა ცეცხლის გარდამოსვლა, არამედ უკვე არსებულის კურთხევა. პატრიარქოს ლოცვის ტექსტიც იმავეს გვეუბნება. ცეცხლის ღვთისმსახურება აღესრულება ერთადერთი სიმბოლური დანიშნულებით: გამოსახოს ქრისტეს აღდგომის ნათელი. იმავე წესს აღასრულებენ ყოველ აღდგომას, მაგალითად, კათოლიკეები.

ამ განცხადების შემდეგ მეუფე კორნელიუსი არათუ არავის განუკვეთავს, პატრიარქ ირინეოსის დამხობის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე 2005 წელს, ამჟამინდელი პატრიარქის, თეოფილე მესამის არჩევამდე.

ტყუილი - პატრიარქს ისრაელის პოლიცია ჩხრეკს

ვისაც წმიდა სინათლის ღვთისმსახურებისთვის („ცეცხლის გარდამოსვლის“) პირდაპირ ეთერში უდევნებია თვალი, მოისმენდით, რომ პატრიარქს ისრაელის პოლიცია საგანგებოდ ჩხრეკს, იმის დასადგენად, ხომ არ შეაქვს მას „სანთებელა“ კუვუკლიაში. ამ გავრცელებული ტყუილის თავხედურობა იმაში მდგომარეობს, რომ კადრში ვერასდროს ვხედავთ ჩხრეკის ფაქტს. პატრიარქი განიმოსება და სტიქრის ამარა შედის საფლავზე. მას, თან მიჰყვება სომეხთა სამციქულო ეკლესიის იერარქი (რომელთა პოზიციასაც ქვევით შევეხებით).

მიტროპოლიტი კორნელიუსი ამბობს, რომ პატრიარქი კუვუკლიაში შესვლის წინ იმიტომ კი არ განიმოსება, რომ ვინმემ გაჩხრიკოს, რისი უფლებაც არავის აქვს - არამედ თავმდაბლობის ნიშნად. პატრიარქი თავს იმდაბლებს მაცხოვრის სავარაუდო საფლავზე შესვლის წინ.

არმენოფობია და პარაისტორიული ფალსიფიკაციები

საკვირველია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული, რომელიც სიძულვილისა და სიკვდილის დამარცხების შინაარსის მატარებელია, ჩვენში არმენოფობიური გამონათქვამებისა და ზიზღის გაღვივებისთვის გამოიყენება. გვიყვებიან ქვის სვეტზე, რომლიდანაც თითქოს ცეცხლმა ამოხეთქა, რადგან ერთხელ, სომხებმა მართლმადიდებლები კუვუკლიაში არ შეუშვეს და უფალს ასე მოუწია იქვე მდგარი ბერძნების გამხნევება, სომხებისთვის კი, თითის დაქნევა. რა თქმა უნდა, მედიაორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს უთქვამს, რომ ეს ლეგენდა ისტორიულად არ დასტურდება. გვიყვებიან ასევე, რომ სომეხი ქრისტიანები რიტუალში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ, რაც ასევე, ტყუილს წარმოადგენს. საიდან უნდა გაგვეგო სიმართლე, თუ არც ერთხელ, არც ერთ ნაციონალურ ტელევიზიას, გამონაკლისი ლიბერალური მედიის გარდა, არ უთხოვია კომენტარი სომეხი ქრისტიანებისთვის, რომლებიც იმას მოყვებოდნენ, რასაც მიტროპოლიტი კორნელიუსი ყვება: ცეცხლი ინთება კანდლიდან, რომელიც კუვუკლიაში ანთია. სომეხი ქრისტიანები შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყანაში რთულად საპოვნელები იყვნენ, მაგრამ საქართველოში ისინი სიდიდით მეორე ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ და ყოველთვის მზად არიან ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხონ. მართალია პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინება მაინც უწევთ, მაგრამ თუ დასვამთ კითხვას: ანთია თუ არა კანდლები, როცა ბერძენი პატრიარქი და სომეხთა პატრიარქის წარმომადგენელი ეკლესიაში შედიან? მათ პასუხის გაცემას გაუიოლებთ.

არ წვავს, არ წვავს!

თავს უფლებას მივცემ, პატივი ვცე ღირსებას და ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ შევყვე - ის, რაც თავისთავად ცხადია, არ საჭიროებს არც ერთ დამატებით კითხვას. ცეცხლი წვავს.

დაბოლოს

შეგვიძლია უსასრულოდ ვწეროთ იმ მითებსა თუ ტყუილებზე, რომელსაც მედია წინასააღდგომოდ მტკიცებით ფორმაში ავრცელებს, მაგრამ, ვფიქრობ, დაინტერესებული მკითხველი ადვილად მიაგნებს google-ს საძიებო სისტემას, სადაც ის, საბედნიეროდ, ქართულ ენაზეც აღმოაჩენს წმიდა ცეცხლის რიტუალის შესახებ ცნობებს. საჭიროა იმის გააზრება, რომ წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის რწმენა, არ არის მხოლოდ ერთი, უბრალო გულუბრყვილობა, რომელიც სრულიად უვნებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. წლების განმავლობაში მასზეა დაამყნეს ქსენოფობიის, განსხვევებულის მარგინალიზებისა და რელიგიური ფანატიზმის არაერთი ყლორტი, რომელიც იზრდება და საკრალური ძალაუფლებით აღჭურვავს იმათ, ვისი დაბალანსებაც მედიის პირდაპირი მოვალეობაა.

ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია დაწერო სრულყოფილი გაიდლაინი რელიგიის ეთიკური გაშუქებისთვის, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ეს ბლოგპოსტი ამგვარი მოთხოვნის გაჩენას მაინც შეუწყობს ხელს. პრინციპი იგივეა, რაც დანარჩენი ჟურნალისტიკისთვის: თუ არ შეგვიძლია სრულად გავერკვეთ საკითხში, არ უნდა ვამტკიცოთ ის, რაც ფაქტი არ არის და არ გამოვრიცხოთ ისინი, ვინც პროცესში ასევე მონაწილეობენ. უფრო მარტივად - წერე ნეიტრალური ენით და დააბალანსე სიუჟეტი. პირველ ნაბიჯად ესეც კმარა.

P.S ბლოგპოსტში საგანგებოდ არ დავასახელე არც ერთი მედიაორგანიზაცია. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია გამოკვეთო, მაინც რომელმა შესცადა უფრო მეტად, შესაძლოა ამას დაემცრო პრობლემის ის ღრმა და ყოვლისმომცველი მასშტაბი, რომელთანაც საქმე გვაქვს.

ლევან სუთიძე (ტაბულას ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი 2010 წლიდან. 2013 წლიდან მიჰყავს საავტორო გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“)