„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა
ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის
თავისუფლების დარღვევის ყველა ის შემთხვევაა გაანალიზებული, რომელიც
2024 წელს, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში დაფიქსირდა.
მონიტორინგის შედეგებით, საკვლევ პერიოდში [გასული წლის იანვარი-დეკემბერი] მედიის თავისუფლების დარღვევის 1 548 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა დაშინება და მუქარა იყო), რაც მედიის 2 567 წარმომადგენელს შეეხო.
„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციისა“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოც მოხვდა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2024 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი, ჟურნალისტების სამართლებრივად შევიწროების, დაშინების, ფიზიკური ძალადობისა და დაკავებების ფონზე, კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.
2024 წელს საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 138 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ 241 სუბიექტს შეეხო. შემთხვევების 37%-ში (51 შემთხვევა) კი სამართალდარღვევის წყარო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები იყვნენ.
„დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ასევე შეგვატყობინეს, რომ მათი საქმეები არ არის გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საქმეები მოიცავდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკუთრებაზე თავდასხმას, სიტყვიერ თავდასხმას, სამართლებრივ დევნასა და ცენზურას.
MFRR-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ონლაინ მედიის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტში არ შეშვებისა და ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევებზე.
მასში აღნიშნულია ისიც, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახშირდა. ასევე, „გარდა ამისა, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში შესვლა აეკრძალათ“.
ანგარიშში ასახულია მედიის თავისუფლების დარღვევის ისეთი ფაქტებიც, როგორებიცაა:
- Azel.tv-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის დაკავება;
- პროევროპულ აქციებზე „პუბლიკას“ რეპორტიორ ალექსანდრე ქეშელაშვილზე, „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავასა და „TV პირველის“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილზე თავდასხმის ფაქტები.
მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.
„ამ დღიდან მოყოლებული, MapMF-მა დააფიქსირა პრესის თავისუფლების 43 დარღვევა, რომელიც სულ მცირე 85 ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს შეეხო. შემთხვევათა თითქმის 70%-ში (30) ინციდენტების წყარო პოლიცია და უსაფრთხოების ძალები იყვნენ“.
„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ 27 და კანდიდატ 9 ქვეყანაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.