„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გამოცემა „პუბლიკის“
ფოტორეპორტიორისთვის, მინდია გაბაძისთვის თბილისის საქალაქო
სასამართლოში პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს ეხმაურება
და სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს
პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს და სასამართლოს ტერიტორიაზე მათი
უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოს.
ქარტიის განცხადებით, ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება და მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს:
„ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უცნობი პირები თავს დაუსჯელად ესხმიან“.
გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის თანმხლებმა პირებმა.
„ჟურნალისტებს შორის იყო „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ“.
დღესვე „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე, არ მიუმართავს.
„მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია და „ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს“.
ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოიძიოს.