16.08.2016
ბიზნესის რეესტრი
www.napr.gov.ge - ვებსაიტზე ბიზნესის რეესტრში შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების, ორგანიზაციების მფლობელებისა და წილების შესახებ, და რაც მთავარია, აქვე ნახავთ კომპანიის მესაკუთრეების პირადი ნომრებსაც, რაც შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ. ბაზის გამოსაყენებლად საჭიროა იცოდეთ კომპანიის იურიდიული სახელი ან საინდენტიფიკაციო ნომერი.
თუ კომპანიის სახელი არ იცით და გაინტერესებთ კონკრეტულ პირს რა კომპანიებთან აქვს კავშირი, “განმცხადებლით ძებნა”/”მონაწილეებით ძებნის” გრაფაში ჩაწერეთ სახელი და გვარი ან პირადი ნომერი. აქ ნახავთ ყველა იმ კომპანია/ორგანიზაციას, რომელთანაც თქვენთვის საინტერესო ადამიანს რაიმე კავშირი აქვს, რა წილს ფლობს და ა.შ.
როდესაც იპოვით კომპანიას, რომელსაც ეძებდით, pdf ფაილების ქვემოთ “სკანირებული დოკუმენტებია” მიმაგრებული. ამ დოკუმენტების გასახსნელად სპეციალური პროგრამაა საჭირო. პროგრამას djvu ჰქვია. ის, უფასოდ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და მარტივად დააინსტალიროთ.
აქ შესაძლოა იპოვოთ კომპანიის წესდება, ინფორმაცია ვინ ვის რამდენად, როდის მიჰყიდა წილი და კომპანიასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დოკუმენტაცია.
Companyinfo
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა იყო www.companyinfo.ge, სადაც საჯარო რეესტრის ბაზიდან წამოღებული ინფორმაცია არა pdf ფაილებად, არამედ დამუშავებული სახით იყო განთავსებული და ადვილად იძებნებოდა. მაგალითად, კონკრეტული ადამიანის სახელისა და გვარის შეყვანის შემდეგ ყველანაირ ინფორმაციას აჩვენებდა თავისი დოკუმენტაციით.
ტექნიკური მიზეზების გამო, ბაზა ბოლოს 2014 წლის სექტემბერში განახლდა და ძიებაც ჭირს, მაგრამ შესაძლოა ინფორმაციის პოვნაში მაინც დაგეხმაროთ, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრისგან განსხვავებით ძველი ინფორმაცია უკეთესად იძებნება.
უძრავი ქონების რეესტრი
www.napr.gov.ge - ზე არის უძრავი ქონების რეესტრიც, თუ მიწის/საკუთრების საკადასტრო კოდი ან მისამართი იცით და შესაბამის გრაფაში ჩაწერთ, გაიგებთ ვინ ფლობს მას. ასევე შეიძლება ნახოთ რას ფლობს კონკრეტული ადამიანი/კომპანია.
თუ თქვენთვის საინტერესო საკუთრებას იპოვით და დამატებითი ინფორმაციის გაგება გინდათ, (ვისგან შეიძინა პირმა, რამდენი გადაიხადა) უნდა მიხვიდეთ საჯარო რეესტრში და ითხოვოთ ეს დოკუმენტები. შეავსებთ განცხადებას, გადაიხდით შესაბამის თანხას და სასურველ დოკუმენტებსაც მიიღებთ.
მოვალეთა რეესტრი
www.nap.gov.ge - ამავე საიტზე მოიპოვებთ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების შესახებ, სხვადასხვა სახის რუკა და ა.შ.
სახელმწიფო შესყიდვები
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვებსაიტია www.procurement.gov.ge, სადაც შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფოს შესყიდვები, ონლაინ ადევნოთ თვალი, რაზე აქვს სახელმწიფოს გამოცხადებული ტენდერი, რომელი კომპანიები მონაწილეობენ, ვინ რა ფასს სთავაზობს, ვინ იმარჯვებს, ვის შეუწყვიტეს ხელშეკრულება, რა მიზეზით. მოკლედ, ჟურნალისტებისთვის ფასდაუდებელი ინფორმაციაა.
არ დაგავწყდეთ, რომ პირდაპირ შესყიდვებზეც (ტენდერის გარეშე) გაქვთ წვდომა. შედიხართ ვებგვერდზე, აჭერთ ტენდერების გრაფას ხელს და მარჯვნივ ზედა კუთხეში აწერია CMR. სწორედ CMR-შია პირდაპირი შესყიდვები.
გირჩევთ, რომ ვებსაიტზე დარეგისტრირდეთ, რადგან დარეგისტრირების შემთხვევაში, უფრო მეტ ინფორმაციასთან გაქვთ წვდომა.
ამავე ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია, სახელმწიფოს კონსოლიდირებული ტენდერების, შავი სიების და სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული დავების შესახებ (ამისათვის უნდა შეხვიდეთ “დავების საბჭოში”)
კავშირები
www.kavshirebi.ge - ეს არის ბაზა, სადაც იპოვით კავშირებს პერსონებსა და ორგანიზაციებს შორის. ძირითადად, შეყვანილია პარლამენტარების კავშირები კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, ადამიანებთან. ბაზაში, ამ ეტაპისთვის ბევრი ინფორმაცია არაა, მაგრამ ცდა მაინც ღირს.
ამომრჩეველთა ელექტრონული სია
www.voters.cec.gov.ge - ამომრჩეველთა ერთიანი ელექტრონული სიის ბაზაა. თუ თქვენ საჯარო რეესტრში უკვე მოძებნეთ კონკრეტული კომპანია, იპოვეთ ამ კომპანიის მფლობელი და გინდათ გადაამოწმოთ, არის თუ არა ეს ის ადამიანი, ვინც თქვენ გგონიათ, ან უბრალოდ გინდათ ნახოთ, ვინ არის მასთან ერთად რეგისტრირებული, მოძებნოთ მისი იურიდიული მისამართი, ამისთვის ზემოთ ნახსენები ვებგვერდი უნდა გამოიყენოთ. შედიხართ, წერთ პირად ნომერსა და ადამიანის გვარს. სულ ეს არის.
ინტერაქტიული რუკა
www.tas.ge - მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტია. უნდა დააჭიროთ “ინტერაქტიულ რუკას”. გაგიხსნით ფანჯარას, საძიებო ველში ჩაწერთ თქვენთვის საინტერესო საკადასტრო კოდს. მოგიძებნით კონკრეტულ ადგილს, ხოლო მარჯვნივ უნდა მონიშნოთ რა გაინტერესებთ: ინფრასტრუქტურული პროექტები, ელექტრონული განცხადებები, საზღვრები... მარჯვნივ i - ს დააჭერთ, მერე ისარს მიიტანთ თქვენთვის საინტერესო საკადასტრო კოდთან და ამის მიხედვით შეგიძლიათ იპოვოთ ამ კონკრეტულ საკადასტრო კოდზე ან მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მერიის არქიტექტურის სამსახურში შესული განცხადებები და მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხები, გადაწყვეტილებები, მათ შორის სამშენებლო ნებართვების შესახებ ინფორმაცია.
ქონებრივი დეკლარაცია
www.declaration.ge - თუ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობით ხართ დაინტერესებულები, მაშინ ამ ვებსაიტს უნდა ესტუმროთ და ნახოთ, როგორ იცვლებოდა მათი და მათი ოჯახის ფინანსური/ქონებრივი მდგომარება წლიდან წლამდე.
საკანონმდებლო აქტები
www.matsne.gov.ge - საკანონმდებლო ცვლილების მოსაძიებლად ამ ვებსაიტს უნდა მიმართოთ. სწორედ აქ გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.
თუ ვებგვერდზე დარეგისტრირებული ხართ, შეგიძლიათ ნახოთ კანონის პირველადი ვერსია და მასში შესული ცვლილებებიც, ხოლო თუ ავტორიზაციას გაივლით (ფასიანია), შეგიძლიათ გაეცნოთ დღეისათვის მოქმედ საკანონმდებლო აქტს, ყველა ცვლილების გათვალისწინებით.
შემოწირულობები
http://www.transparency.ge/politicaldonations/ - აქ კი შეგიძლიათ იპოვოთ 2012 წლიდან დღემდე პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობები. მონაცემი ადვილად იძებნება როგორც შემომწირველების, ასევე პოლიტიკური პარტიების მიხედვით.
ბაზებმა თავიდან შეიძლება დაგაბნიოთ, ტექნიკური წინააღმდეგობა შეგხვდეთ, გაბრაზდეთ და ნერვები მოგეშალოთ, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ, მიხვდებით, რომ გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია და თქვენს საწვალებლად სულაც არაა გამოგონილი, უფრო პირიქით. ეცადეთ, რომ ეს ბაზები ერთმანეთთან დაკავშირებულად წარმოიდგინოთ და ერთგან მოპოვებული ინფორმაცია, მეორეგან შეავსოთ, მესამეგან გადაამოწმოთ და ა.შ. მაგალითად იპოვეთ კომპანია, ნახეთ ვინაა მფლობელი, გადაამოწმეთ საარჩევნო სიაში, მოძებნეთ რა შესყიდვებში მიუღია მონაწილეობა და რომელი უწყების ტენდერებში იგებს.
შესაძლოა, ინფორმაცია, რომელსაც სამინისტროდან თვეებია ელოდებით ან საერთოდაც, არ გაძლევენ, ამ ბაზებში იძებნება და მის საპოვნელად არც თუ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ .
სალომე ცეცხლაძე