9 საუკეთესო რჩევა ჟურნალისტებისგან ჟურნალისტებს
16.08.2017
რა იყო საუკეთესო რჩევა, რაც კარიერის განმავლობაში კოლეგისგან მიგიღიათ - ეს კითხვა, CJR -მა (Columbia Journalism Review) წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დაუსვა.

1. უესლი ლოუერი - The Washington Post - ის რეპორტიორი: მას შემდეგ, რაც The Washington Post - ის გუნდს შევუერთდი, ერთ-ერთი პირველი რედაქტორი, რომელთანაც მუშაობა მიწევდა ტერენს სამუელი იყო. მან მითხრა, რომ მუდმივად მეფიქრა გასაშუქებელი ამბების იდეებზე და ჩამომეწერა ისინი. ის ჩემგან მოითხოვდა ყოველი ახალი მასალის მონახაზი ფურცელზე დამეწერა. ამ მონახაზში აუცილებლად უნდა ყოფილიყო:

- მასალის ორი სავარაუდო ლიდი, რომელთაგან ერთ-ერთს ავირჩევდით;

- რედაქტორთან და გუნდთან თათბირის შემდეგ, რა იყო ის თემები რაც ცალკე ამბად გამოდგებოდა;

- იმავე ან მსგავს თემაზე კოლეგების მიერ მომზადებულ მასალებს რა ტიპის სტატისტიკა, ფაქტები კომენტარები ერთვოდა.

- რა თემებს აშუქებდნენ პატარა ან ლოკალური მედიასაშუალებები და ხომ არ შეეძლო უფრო დიდ არხს, მეტი რესურსით, იმავე თემის უფრო სიღრმისეული გაშუქება

2. რუკმინი კალიმაჩი - The New Your Times - ის კორესპონდენტი და NBC-ის კონტრიბუტორი: 2001 წელს ინდოეთში შტატგარეშე თანამშრომელი ვიყავი და მინდოდა საერთაშორისო მიმართულებით კორესპონდენტად დამეწყო მუშაობა, როდესაც The Boston Globe - ის რედაქტორს დავეკონტაქტე, დავურეკე და ვკითხე, როგორ გავმხდარიყავი გამოცემის საერთაშორისო ამბების კორესპონდენტი. მეგონა, რომ ის იმ ადამიანების საკონტაქტო ნომრეს მომცემდა, რომლებიც The Boston Globe - ის საერთაშორისო მიმართულებას კურირებდნენ. ან უკეთეს შემთხვევაში The Times - ისა და The Washington Post - ის რედაქტორებთან დამაკავშირებდა. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, იმედგაცრუებული დავრჩი. მან მითხრა, რომ ჩემი ამბიციები გვერდით უნდა გადამედო და ჯერ, მუშაობა პატარა გაზეთში მარტივი საქმით უნდა დამეწყო. „უამრავ შეცდომას დაუშვებ და უკეთესია, თუ ამ შეცდომებს პატარა გაზეთში დაუშვებ“- მითხრა მან.

3. ჯავედ კალემ - The Los Angeles Times - ის რეპორტიორი, პულიტცერის პრემიის მფლობელი: რჩევა, რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს, დებორა ნელოსნისგანაა, რომელიც ახლა მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორია. როდესაც The Seattle Times - ში სტაჟირებას გავდიოდი, ის იმ მომენტისთვის გამოცემის საგამოძიებო რეპორტიორი იყო და საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ პატარა სემინარი წაგვიკითხა - წარმოიდგინეთ თქვენი ისტორია, როგორც ცენტრში ამბის მქონე წრეების ერთობლიობა, დაიწყეთ გარე რგოლით - წყაროებით, რომლებიც ამბავთან შორიდან არიან დაკავშირებული, შემდეგ იფიქრეთ დოკუმენტებზე, სტატისტიკაზე და ასე განაგრძეთ ცენტრისკენ მოძრაობა.

4. ნიკ კორასანიტი - The New York Times - ის ციფრული კორესპონდენტი: „ნიუ იორკის იტაკას კოლეჯის კომუნიკაციების მიმართულებით ვსწავლობდი, სადაც ვიდეოს რედაქტირებას გვასწავლიდნენ. ძალიან გავბრაზდი, იმიტომ, რომ კოლეჯში გაზეთის რეპორტიორობის სასწავლად მივედი. მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩემი დროისა და სწავლის საფასურის ფუჭი ფლანგვა იყო. პრეტენზიის გამოსახატავად ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მივედი და ვუთხარი - „სასაცილოა, რატომ ვაკეთებ ამას?“ რაზეც მან მიპასუხა - „ჟურნალისტიკის ინდუსტრია იცვლება და შენ ამბის ნებისმიერი ფორმით თხრობა უნდა შეგეძლოს. ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა სტუდენტმა ახლახან დამირეკა და მითხრა, რომ მან The New York Times - ში ვიდეო მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ამრიგად, თუკი Times-ი სწორედ ის ადგილია, სადაც შენ წასვლა გსურს, შენ ამბის ყველა განსხვავებული ფორმით თხრობა უნდა შეგეძლოს“.

5. რობერტ ჰერგურზი - The Chicago Sun Times - ის საგამოძიებო ჟურნალისტი: მე ყველაზე მეტად, მამაჩემისგან მიღებული რჩევა მახსენდება. ის The Chicago Times -ის რეპორტიორი იყო. „თუკი რედაქტორი ისეთ რამეს გკითხავს, რაც არ იცი, უთხარი, რომ არ იცი, მაგრამ აუცილებლად მოიძიებ. თუკი რაიმე გამოგრჩა, ბოდიში მოიხადე და თქვი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ არ განმეორდეს“ - მითხრა მამაჩემმა მაშინ, როცა ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.

6. კრისტიან მილერი - ProPublica - ს უფროსი გამომძიებელი რეპორტიორი და პულიტცერის პრემიის მფლობელი: საუკეთესო რჩევა მივიღე ლეგენდარული ჟურნალისტისგან ტერი მაგგერისგან, რომელმაც პრეზიდენტ კენედის მკვლელობა გააშუქა. ერთხელ მან მითხრა: „ეს შეიძლება იყოს კეთილშობილური პროფესია, თუკი კეთილშობილი ადამიანი ხარ“.

7. ტომ კოლი - NPR - ის კულტურის მიმართულების რედაქტორი: NPR - ის კულტურის ბლოკის რედაქტორმა ერთხელ მითხრა: „აიძულე ისინი, გითხრან „არა“. მაგალითად, როცა ამბავს აკეთებ მუზეუმზე, რომელიც გაქურდეს და მუზეუმის წარმომადგენლები კომენტარზე ნათლად უარს არ გეუბნებიან, თუმცა ცხადია, რომ არ აპირებენ საუბარს, უნდა აიძულო, რომ თავადვე, პირდაპირ გითხრან „არა“.

8. კორი ჯონსონი - Tompa Bay Times - ის საგამოძიებო ჟურნალისტი :„ენდე, მაგრამ გადაამოწმე, ეს უსიამოვნებებს აგარიდებს“. ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა წყარო ზედმეტად კეთილგანწყობილია შენდამი და უშურველად გაწვდის ინფორმაციას, დოკუმენტებს.

9. თინა როზენბერგი - Solution Journalism Network -ის თანადამფუძნებელი და The New York Times -ის ბლოგერი: „საუკეთესო რჩევა, რომელიც მიმიღია, ასეთია - ყოველი ინტერვიუს დასაწყისში რესპონდენტს უთხარი, რომ ბოლოში შემდეგ კითხვას დაუსვამ - „არის რამე ისეთი, რაც უნდა მეკითხა და არ გკითხეთ?“ - და ბოლოში აუცილებლად ჰკითხეთ“.

წყარო: https://www.cjr.org/
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ