18.04.2018
მედიაჩეკერი ხუთ ასეთ, საინტერესო
ისტორიას გაგაცნობთ.
ორსონ უელსის „სამყაროების ომი“
1938 წლის 30 ოქტომბერს უელსმა
რადიოსადგურ CBS-ში პიესა “სამყაროების ომი“ დადგა. წარმოდგენაში
მარსიანელები დედამიწას იპყრობდნენ და ადამიანებს ანადგურებდნენ.
მეორე დღეს ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოუს
მსვლელობის პარალელურად ამერიკის ქუჩები მასობრივმა პანიკამ და
ისტერიამ მოიცვა, ადამიანების დაშავდნენ და დაიღუპნენ კიდეც.
(საუბრობდნენ თვითმკვლელობის შემთხვევებზე).
ამ ამბიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაირკვა, რომ ისტორია გაზვიადებული იყო. რადიოპიესის 75 წლის იუბილეზე ამერიკულმა გამოცემამ Slate -მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ საღამოს CBS-ის შოუს ძალიან ცოტა ადამიანი უსმენდა, იმდენად ცოტა, რომ ყველა მათგანსაც რომ დაეჯერებინა რასაც იქ ყვებოდნენ, მასობრივ ისტერიას მაინც ვერ გამოიწვევდა.
ამ ამბიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაირკვა, რომ ისტორია გაზვიადებული იყო. რადიოპიესის 75 წლის იუბილეზე ამერიკულმა გამოცემამ Slate -მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ საღამოს CBS-ის შოუს ძალიან ცოტა ადამიანი უსმენდა, იმდენად ცოტა, რომ ყველა მათგანსაც რომ დაეჯერებინა რასაც იქ ყვებოდნენ, მასობრივ ისტერიას მაინც ვერ გამოიწვევდა.
აღმოჩნდა, რომ ამერიკული ბეჭდური
მედიის ნაწილმა პანიკის შესახებ ტყუილი სპეციალურად გაავრცელა.
გაზეთებს სურდათ რადიოს, როგორც ინფორმაციის წყაროს დისკრედიტაცია
მოეხდინათ და იმ დროისათვის მზარდი პოპულარობის მქონე კონკურენტი
ჩამოეშორებინათ.
ვოლტერ დიურანტი და უკრაინის შიმშილობა
მეორე ისტორიაც 30-იანი წლების
ამერიკას უკავშირდება. New York Times-ის პულიცერის პრემიის მფლობელი
რეპორტიორი, ვოლტერ დიურანტი 1922-1936 წლებში გაზეთის მოსკოვის
ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ეკუთვნოდა იმ ინფორმაციის უდიდესი
ნაწილი, რომელიც ამერიკაში საბჭოთა კავშირის შესახებ ვცრელდებოდა.
არაერთი საინტერესო რეპორტაჟის ავტორ დიურანტს 1931 წელს პულიცერის
პრემიაც კი გადასცეს. თუმცა მალე გაირკვა, რომ მისი ნამუშევრების
ნაწილი საბჭოთა პროპაგანდას ემსახურებოდა და ხშირად რეალობას იყო
აცდენილი.
დიურანტის ყველაზე ცნობილი ტყუილი
1932-33 წლებში უკრაინაში შიმშილობის ამბის დამალვა იყო. ინფორმაცია
მალე მაინც გავრცელდა ბრიტანულ პრესაში, დიურანტი კი ჯიუტად უარყოფდა
სიტუაციის სიმძაფრეს და წერდა, რომ მართალია პირობები ძალიან ცუდი
იყო, მაგრამ ეს არ იყო შიმშილობა.
ათეული წლების შემდეგ სხვადასხვა
ორგანიზაციები და ადამიანთა ჯგუფები ჟურნალისტისთვის პულიცერის
პრემიის ჩამორთმევას მოითხოვდნენ. პულიცერის კომიტეტმა ამ საკითხზე
ორჯერ, 1990 და 2003 წელს იმსჯელა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
კომიტეტის წევრების აზრით, დიურანტი იმსახურებდა პრიზს იმ
სტატიებისთვის, რაც 1932 წლამდე დაწერა და რაც ტყუილი არ იყო. მის
საქციელს ბევრი იმით ამართლებდა, რომ სტალინის დიქტატურის პირობებში
კომპრომისების გარეშე მოსკოვში მუშაობა თითქმის წარმოუდგენელი იყო და
დიურანტსაც დიდი არჩევანი არ ექნებოდა.
Washington Post-ის პულიცერის პრიზის მფლობელი
სტატია 8 წლის ნარკოდამოკიდებულ ბავშვზე
1971 წლის ივნისში, კონგრესისთვის
სიტყვით მიმართვისას, ამერიკის პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა
ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოების „ნომერ პირველ მტრად“ დაასახელა
და „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი“ დააანონსა. ამ ამბიდან 9 წლის
შემდეგ, „ომის“ აქტიურ ფაზაში, Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია
სახელწოდებით “ჯიმის სამყარო“.
მასალაში ჟურნალისტი ჯენეტ კუკი 8 წლის ჰეროინდამოკიდებული ბიჭის ისტორიას ყვებოდა და დეტალურად აღწერდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ მასალისთვის ჟურნალისტმა პულიცერის პრემია მიიღო.
ამ შემთხვევაშიც, მალე გაირკვა, რომ ისტორია გაყალბებული იყო და „ჯიმი“ რეალურად არ არსებობდა. Washington Post-მა ბოდიში მოიხადა, კუკი კი იძულებული გახდა ჯილდო უკან დაებრუნებინა და პოსტი დაეტოვებინა. ეს ერთადერთი შემთხვევაა პულიცერის ისტორიაში, როდესაც პრიზი უკან დააბრუნეს.
Rolling Stones-ის ჯგუფური გაუპატიურების ყალბი ისტორია
2014 წლის ნოემბერში, ჟურნალმა
Rolling Stone-მა, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "A Rape on
Campus“ ( გაუპატიურება კამპუსში). მასალის ავტორი ჟურნალისტი საბრინა
ერდელი ყვებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონას, ჯეკის
ამბავს, რომელიც, მისი მტკიცებით ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი
იყო. სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ შეიტყუა ჯეკი მეგობარმა
ბიჭმა ბნელ ოთახში, სადაც კიდევ რამდენიმე ბიჭი დახვდა და დაახლოებით
3 საათის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე. სტატიას დიდი გამოხმაურება
მოჰყვა, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ისე მედიისა და
პოლიციის მხრიდან.
თუმცა, გამოძიების შედეგად ვერც
სხვა ჟურნალისტებმა და ვერც პოლიციამ, მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ Rolling Stones-ის ჟურნალისტმა სათანადოდ
არ გამოიძია დეტალები და მხოლოდ ერთ წყაროზე, ე.წ. მსხვერპლზე
დაყრდნობით მოამზადა მასალა. ისტორიის სიყალბე სტატიის გმირმაც
აღიარა. აღმოჩნდა, რომ მან ეს ამბავი იმ ბიჭის ყურადღების მისაქცევად
მოიგონა, რომელიც მოსწონდა. თუმცა, იგი ამბობდა, რომ ინტერვიუს დროს
თავისი გამოგოილი ამბის თავადაც სჯეროდა.
Rolling Stones-ს ამ ამბის გამო
არაერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა. 2016 წელს გამართულ სასამართლოზე
ჟურნალს უნივერსიტეტიდან შესული საჩივრების გამო 1 მილიონი დოლარის,
საბრინა ედერლის კი 2 მილიონ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
Pointer Institute-მა ამ ამბავს „ წლის შეცდომა“ უწოდა
ჟურნალისტიკაში.
სვეტლანა ალექსეევიჩის ტყუილი სიკვდილი
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე
დიდი ტყუილი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, სვეტლანა
ალექსეევიჩის „გარდაცვალების“ ამბავი იყო. 2017 წლის 18 მაისს
Twitter-ის ანგარიშზე, რომელიც თითქოს საფრანგეთის კულტურის მინისტრს,
ფრანსუაზ ნისენს ეკუთვნოდა, ასეთი ტექსტი გავრცელდა: „საშინელი
ამბავი. სვეტლანა ალექსეევიჩი გარდაიცვალა“.
ნისენი მანამდე ხელმძღვანელობდა
საგამომცემლო სახლს Actes Sud-ს, რომელმაც ალექსეევიჩის წიგნები
ფრანგულად გამოსცა და პირადადაც იცნობდა მწერალს. ამ დეტალის პოსტის
სანდოობაში ეჭვი ბევრს არ შეუტანია, არც ის გადაუმოწმებიათ, რომ
ანგარიში ახალი შექმნილი იყო და ეს ინფორმაცია მისი მფლობელის მხოლოდ
მეოთხე პოსტი იყო.
ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის
არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის: Rossiiskaya Gazeta-მ, RIA
Novosti-მ, ასევე Current Time TV-მ, რომელიც რადიო თავისუფლებისა და
ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტია. რუსეთს არც ევროპული გამოცემები
ჩამორჩნენ- ალექსეევიჩი მკვდრად გამოაცხადეს ფრანგულმა Le Figaro-მ და
მთავარმა პორტუგალიურმა ყოველდღიურმა გამოცემამ Diario de
Noticias.
მოგვიანებით, ნისენის ყალბი
ექაუნთის შექმნა და ტყუილი ინფორმაციის გავრცელება თავის თავზე აიღო
იტალიელმა ჟურნალისტმა, ტომაზო დებენედეტიმ. იგი ცნობილია, როგორც
ყალბი ინტერვიუების ავტორი, მათ შორის ისეთ დიდი მწერლებთან ,
როგორებიც არიან ფილიპ როთი და ჯონ გრიშამი.