დაშვებული შეცდომის შესწორების წესები მედიაში
19.04.2018
შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის, არც მედია. თუმცა, მთავარი ისაა, როგორ რეაგირებს გამოცემა მისი ნებსითი თუ უნებლიე უზუსტობის შემდეგ. წლების განმავლობაში არასწორად გაშუქებული ამბისა გამო ბოდიში არაერთმა სოლიდურმა გამოცემამ მოიხადა და გამოქვეყნებული მასალაც შესაბამისად შეასწორა. ზოგმა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მკითხველს მოუბოდიშა, ზოგი კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ გამოქვეყნებული ამბის წაშლით შემოიფარგლა. ამგვარი აუცილებლობის წინაშე ქართული მედიაც არაერთხელ დამდგარა.

 

შესწორება თვითრეგულირების ნაწილია, ანუ, თავად მედია აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა და მზადაა გამოასწოროს. საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესწორების გარკვეული სტანდარტი და პრაქტიკა ჩამოყალიბდა.

2013 წელს, ეუთოს მხარდაჭერით, ონლაინმედიის თვითრეგულირების გზამკვლევი გამოიცა, რომელშიც ამ ტიპის მედიის მიერ შეცდომის შესწორების რეკომენდაციებია მოცემული. გზამკვლევის მიხედვით:

  • მედიამ არასწორი ინფორმაცია არ უნდა წაშალოს ან არ უნდა ჩაანაცვლოს ის ახლით;
  • მედიამ უნდა ჩაასწოროს მასალა და მკაფიოდ განმარტოს, რომ მასალის წინა ვერსია შეიცავდა უზუსტობებს;
  • მედიამ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ძველი და შესწორებული მასალები.

მედიის მიერ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების დროს, მისი გასწორების სტანდარტი, ადგილობრივი თვითრეგულირების ორგანოს მიერ საქართველოშიც არის განსაზღვრული.

საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-5 პრინციპის მიხედვით, “მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ამ პრინციპის განმარტების თანახმად, მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, რა დროსაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” რეკომენდაციით, მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება მედიის ტიპის, მასალის მოცულობისა და მასალის გავრცელების შესაბამისად, ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.

თუკი მედიის მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ პირის რეპუტაცია შელახა, გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიაყენეს შეურაცხყოფა, ანდა გავრცელდა არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკის თანახმად,

ონლაინ მედიის შემთხვევაში მასალის მხოლოდ მოხსნა საკმარისი არ არის. იმავე ადგილას უნდა მიეთითოს რომ დაშვებული შეცდომის გამო მოიხსნა ან ჩასწორდა მასალა.

მაგალითად, 2018 წლის 4 თებერვალს, საბჭომ განიხილა საქმე - “ნინო ვეზდენი თამარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ”. სადავო ვიდეომასალა გადაიღო ონლაინგამოცემა POSTV - მ. მოქალაქეებს ეკითხებოდნენ "რამდენჯერ გქონია სექსი ერთ ღამეში?” გამოკითხვაში ნინო ვეზდენიც მონაწილეობდა, რომელმაც დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა - “არასოდეს, არცერთხელ”. ამავე გამოკითხვაში ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ მას ერთ ღამეში სექსი 13-ჯერ ჰქონია. ჟურნალმა „რეიტინგმა“ ფეისბუქ გვერდზე ეს ვიდეომასალა გამოაქვეყნა წარწერით: „ყველაზე მეტჯერ 13-ჯერ მქონია ღამეში სექსი, რეკორდი მოვხსენი“. ვიდეოს ფოტოდ კი ნინო ვეზდენის ფოტო დაურთო, რომელმაც აუდიტორიის აგრესია და შეურაცხყოფა მიიღო ამ ფრაზის გამო. მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ის დაუკავშირდა “რეიტინგს”. მასალა ჯერ ჩაასწორეს და შემდეგ საერთოდ წაშალეს.

აღნიშნულ საქმეზე ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სხვა პირის ფოტოს და ციტატის მითითება, რასაც პირის დისკრედიტაცია მოჰყვება, უხეში გაუფრთხილებლობაა, ამიტომაც მხოლოდ მასალის ჯერ ჩასწორება და შემდეგ წაშლა, კონკრეტულ შემთხვევაში, რედაქციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იყო. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტს იმავე ფეისბუქ გვერდზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განეცხადებინა, რომ მან შეცდომა დაუშვა, აღეწერა ეს შეცდომა და ნათელი გაეხადა მისი მკითხველისათვის, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა. ამასთან - “სოციალური ქსელის ბუნება, არასწორი ინფორმაციის ერთხელ გავრცელება ართულებს იმ აუდიტორიისათვის შეცდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა და დაიჯერა არაზუსტი ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპიც” - ნათქვამია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, უკვე დაბეჭდილ და გავრცელებულ გამოცემაში აუცილებელია, რომ მეორე ნომერში გავიდეს შესწორებული ინფორმაცია. თანაც იმავე გვერდზე, რომელზეც წინა არაზუსტი ინფორმაცია დაიბეჭდა. ამასთან ნათლად უნდა იყოს მითითებული, რომ ეს ტექსტი წინა ნომერში დაშვებული შეცდომის შესწორებაა.

ტელევიზიასთან დაკავშირებითაც ადეკვატურობა არის მნიშვნელოვანი. შეცდომა დროულად უნდა გასწორდეს იმავე ტიპის გადაცემაში და მკაფიოდ ითქვას შეცდომის შესახებ. მხოლოდ ვიდეომასალის არგამოყენება იმავე ინფორმაციის არგამეორება შესწორებად ვერ ჩაითვლება. ამ თემაზე მნიშვნელოვანია ქარტიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. სადავო მასალა შეეხებოდა სომხური ანსამბლის მიერ ქართული ცეკვის ვითომდა მითვისებას, რასაც ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 2030-მა სიუჟეტი მიუძღვნა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ამბავი ტყუილი იყო, ცეკვის აკადემიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნა, რომ ქართული ცეკვის შესრულებისას მიუთითეს თუ რომელი ქვეყნის ცეკვას ასრულებენ. ეს განცხადება ეთერში წაიკითხა წამყვანმა, თუმცა ქარტიამ მაინც დაადგინა შესწორების პრინციპის დარღვევა, რადგან არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით, იმისათვის, რომ შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

შესწორების ვადები

როგორც კი ნებისმიერი ფორმით ცნობილი გახდება მედიისთვის, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე მაშინვე უნდა ჩასწორდეს. ჩასწორების გონივრული ვადა განისაზღვრება დაშვებული შეცდომის სიმძიმის, მედიის ტიპის შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არაზუსტი ინფორმაცია და ყველაფერი უნდა იღონოს მედიამ, რომ იმავე აუდიტორიას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ყველა პასუხისმგებლიანი რედაქცია, თუკი მას მკითხველის თვალში სოლიდური და სანდო გამოცემის იმიჯის შენარჩუნება სურს, ვალდებულია, რომ დაშვებული შეცდომა ხმამაღლა აღიაროს, მოიბოდიშოს და არაზუსტი ინფორმაციის შემცველი მასალა სტანდარტების შესაბამისად შეასწოროს.
New layer...

თეგები : შესწორება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ