"პანდემია უფრო მეტად რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. პანდემიამდეც არ ზრუნავდა მათზე სახელმწიფო", - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ანა ბაქრაძე გვიამბობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომელთაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.
წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:
დღეს ვისაუბრებ ადამიანებზე, რომელთა პრობლემებზეც ბოლო პერიოდში ვმუშაობდით რედაქციაში და ვისაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდა. მე ვარ ანა ბაქრაძე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი.
ოთხი ადამიანი ცხოვრობს ერთ ოჯახში. ესენი არიან დედმამიშვილები და ოთხივეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამ ოჯახს არც პანდემიამდე ჰქონია დალხენილი ცხოვრება და ახლაც სხვაზე მეტად გაუჭირდათ. დაიკეტა ბაზრობები, რკინიგზის სადგურები, სადაც მიდიოდნენ და ვაგონს ალაგებდნენ ან ვიღაცას ბარგის გადაზიდვაში ეხმარებოდნენ. ორი ლარი იქნებოდა თუ ხუთი, მათ აძლევდნენ და საკმარისი იყო რომ ეარსებათ. რადგან ეს ყველაფერი გაჩერდა, დაიკეტა რკინიგზა და ბაზრობა და ასევე სადგურები, აღარ აქვთ შემოსავლის წყარო. ფინანსურ პრობლემებს ისიც ემატება, რომ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების მიმღებლობა არის ძალიან რთული. სამწუხაროდ არც სოციალური სამსახურები მუშაობენ კარგად.
როცა ამ თემის მოკვლევა დავიწყეთ ჩვენ ამ სოფელში მერის წარმომადგენელს დავუკავშირდით, ვკითხეთ ამ ოჯახის შესახებ, ეხმარებოდა თუ არა მუნიციპალიტეტი რამით. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მერის წარმომადგენელს საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ. ამ ოჯახის ერთერთი წევრი, 50 წლამდე ქალბატონი წლების მანძილზე მკურნალობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ შეხვდა კორონავირუსი, საიდანაც გადაიყვანეს თერჯოლის კოვიდ კლინიკაში. ეს ქალბატონი გამოჯანმრთელდა და თერჯოლის ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ სახლში გაწერა. მხარდამჭერის გარეშე გამოუშვეს კლინიკიდან. ძლივს მიაგნო სახლს. როგორც ვიცი, მეზობელ სოფელში მივიდა და თანასოფლელებმა იცნეს და ჩაიყვანეს თავის სახლში.
ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ თემის მოკვლევა აღმოჩნდა, რომ დაწესებულება რომელსაც მივმართეთ, ეს ადამიანები იყვნენ უგულვებელყოფილნი. არავინ დაინტერესდა მათი მდგომარეობით საერთოდ. გვიჭირდა მათზე რაიმე ინფორმაციის მოძიება და ყველა კითხვაზე იქნებოდა ეს ფსიქიატრიული კლინიკა თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გვპასუხობდნენ რომ ეს იყო პერსონალური მონაცემები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი ავალდებულებდა არ გაეცათ რაიმე ინფორმაცია მათზე. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შიდა ქართლის ცენტრში როდესაც მივედით, იქ მომუშავე ადამიანი არ მაძლევდა ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერს რომ დავკავშირებოდი და რაიმე პასუხი მათგან მაინც გამეგო, ზრუნავდნენ თუ არა ამ ადამიანზე. ასევე სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებასაც დავუკავშირდი, სადაც თერჯოლამდე ეს ქალბატონი იწვა, და ამ დაწესებულების იურისტი ასევე არ მაძლევდა კლინიკის დირექტორის ტელეფონის ნომერს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ჩვენგან გაიგო, რომ არსებობდა ასეთი ოჯახი მუნიციპალიტეტში. სოფლის ამბულატორიასაც დავუკავშირდით, რომელმაც ასევე ჩვენგან გაიგო რომ ეს ქალბატონი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერეს. ისინი ისევ ცხოვრობენ სახლში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები. სახლი, სადაც არ არის შეშა, ღუმელი, საჭმელი და მათ ისევ ისე უჭირთ.
ჩვენ ასევე ხშირად დავდივართ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში. სადაც ასევე რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ ადამიანები, გამყოფი ზოლის სოფლებში. განსაკუთრებით კი მარტოხელა ადამიანები, რომლებსაც ოკუპაციასთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გამყოფ ხაზთან ერთერთ სოფელში ცხოვრობს 56 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. არ ჰყავს არავინ, არც ნათესავი და ახლობელი. ცხოვრობს დანგრეულ სახლში. თუ მასთან არ მივიდა მეზობელი და არ ჰკითხა პური ხომ არ გინდა, წამალი ხომ არ გჭირდება, რა გჭირდება? თუ მეზობელმა არ მოიკითხა, თავად ვერ მივა მეზობლამდე და ვერც სოფლის მაღაზიამდე. სოფლის სამარშრუტო ტაქსს აბარებდა ქალაქიდან ამოეტანა წამალი და პროდუქტი და როცა ეს ტრასპორტიც გაჩერდა, ეს ადამიანი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში.
ვხედავთ, რომ გაჩერდა ბიზნესი, რთულ მდგომარეობაში არიან სასტუმროები და ა.შ. ტურიზმი რეგიონებში ფაქტიურად აღარ არსებობს. ვიცით, რომ ეს დიდი დარტყმაა ეკონომიკაზე და ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ პანდემია უფრო მეტად რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. პანდემიამდეც არ ზრუნავდა მათზე სახელმწიფო. თუმცა იქნებ ახლა მაინც მივიტანით ხელისუფლების ყურამდე მათი პრობლემები, რომ ვისაც გადაადგილება უჭირს, განცხადების დაწერა არ შეუძლია, ხელის მოწერაც კი არ შეუძლია დოკუმენტზე, ამ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. მათზე და მათ პრობლემებზე არამარტო ისაუბრონ, რეალურად უკეთესობისკენ შეცვალონ მათი მდგომარეობა.