პანდემიამ ჯავახეთში თითქმის ყველა სფერო დააზარალა და ერთ-ერთი ასეთი არის სოფლის მეურნეობა, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
ადგილობრივები ჩივიან, რომ გაუფასურებული ლარის, გაძვირებული პროდუქტებისა და საწვავის ფონზე, გლეხების მიერ მოწეული მოსავლის ფასი სულ უფრო და უფრო მცირდება. კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში ახლა კიდევ უფრო დაამძიმა. ახალციხიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს სოფელი ვალე, სადაც ადგილობრივები ძირითადად კომბოსტოს, ჭარხლისა და კარტოფილის მოყვანით ირჩენენ თავს.
ტონობით მოწეულ მოსავალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყიდიან და წლიდან წლამდე თავი ასე გააქვთ. თუმცა პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა და, მოგეხსენებათ, კომენდანტის საათმა გლეხები სახლში დატოვა. კომენდანტის საათი ერთერთი გამოწვევაა მათთვის, ვინც სოფელში ცხოვრობს. თუ ადრე მოსავალი გასაყიდად ქვეყნის სხვა ქალაქებში მიჰქონდათ, ახლა გადაადგილების შეზღუდვის გამო კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზაც ჩაიკეტა.
ვალეს მკვიდრი, გურამ გოზალიშვილი, მეცხრე არხთან აცხადებს, რომ წლების განმავლობაში კურატორობდა თანასოფლელებსა და მყიდველებს შორის ურთიერთობას, თუმცა ახლა ამბობს, რომ წელს ჭარბი მოსავალი მოვიდა და ჯამში მოსახლეობის მოსავალმა დაახლოებით 40 ათასი ტონა შეადგინა. ვალელებმა მოსავლის მხოლოდ 60 პროცენტამდე რეალიზაცია შეძლეს, დარჩენილ ტონობით გაფუჭებულ პროდუქტს კი ყრიან ან, უკეთეს შემთხვევაში, პირუტყვს აჭმევენ.
ვალეში გლეხებს კარტოფილის გარდა, კომბოსტოც უფუჭდებათ. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღესდღეობით აწუხებთ მათ.
სხვა გაძვირებული პროდუქტის მიუხედავად, ფერმერები იძულებულები არიან ერთი კილოგრამი კომბოსტო 8 თეთრად, ხოლო კარტოფილი 30 თეთრად გაყიდონ, რათა ბაზრიდან ისევ სახლში წაღება არ მოუწიოთ.
შექმნილ ვითარებას სავალალოს უწოდებენ სპეციალისტები. სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ბოლო წლების შრომა პრაქტიკულად წყალში გადაიყარა, რადგან პანდემიამდე ხდებოდა ისე, რომ ერთ ოჯახს მხოლოდ კომბოსტო, მეორეს კარტოფილი ან მესამეს მხოლოდ ჭარხალი მოეყვანა.
ჭარბი მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა სამცხის გარდა ჯავახეთსაც აწუხებს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ჩივის, რომ ტონობით კარტოფილი უფუჭდებათ და მის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ.
ჩაკეტილი საზღვრების გამო, სოფლის მაცხოვრებლები მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ ვეღარ წავიდნენ. ყველამ მიწა დაამუშავა და კარტოფილი დათესა. მოსახლეობას კორონავირუსის კი არა, ამ შემთხვევაში ჭარბი მოსავლის მიუხედავად, სიღარიბის უფრო ეშინია, როგორც თვითონ ადგილობრივები გვიცხადებენ. ახალქალაქის მერი კი აცხადებს, რომ მოსახლეობას 40 ათასამდე ტონა კარტოფილი აქვს ამ დროს და რეალიზაცია რომ უჭირთ ამის შესახებ არამხოლოდ მათ, არამედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც შეატყობინეს.
მოგეხსენებათ წელს საქართველოში უცხოეთიდან სამ მილიონ დოლარამდე ღირებულების კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მოსახლეობის პროტესტსაც ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს და კიდევ უფრო იწვევს. ისინი ამბობენ, რომ პანდემიამ მათ ჭარბი მოსავალი, შემცირებული შემოსავალი და დაკარგული სახსრები დაუტოვა.