ჟურნალისტები პოდიუმზე
28.11.2016
23 ოქტომბერს 40-მდე ჟურნალისტმა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე, „მასმოდა 2016-ზე,“ მოდელის ამპლუა მოირგო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ჟურნალისტებს ორგანიზატორებისა და პარტნიორი კომპანიებისაგან სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

„სტუდიამონიტორის“ ინფორმაციით, მოდების ჩვენებისთვის, რომელშიც ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, თბილისის მერიამ 36 971 ლარი დახარჯა, რაც ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას, ტექნიკური და ადმინიტრაციული ჯგუფის ჰონორარებს, დიზაინერის ანაზღაურებასა და სასცენო ხარჯებს მოხმარდა.

„მასმოდას“ საქართველოში ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ის პირველად 2005 წელს ჩატარდა და მას შემდეგ 8-ჯერ გაიმართა. 2012 წლიდან სამწლიანი პაუზის შემდეგ კი წელს, მერიის ფინანსებით, ღონისძიება კვლავ აღდგა.

ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ტელევიზისა თუ ონლაინგამოცემის ჟურნალისტებმა მიიღეს, ხოლო საღამოს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია უძღვებოდა.

„ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი” - ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია მაუწყებლის თანამშრომლემა მიიღოს საჩუქრები, ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.

ქმნის თუ არა რაიმე ეთიკურ უხერხულობას ჟურნალისტის მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებაში, იმ ფონზე, როცა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი თბილისის მერიაა, ხოლო მონაწილეები საჩუქრებს სხვადასხვა ბიზნესკომპანიებისგან იღებენ? რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ისეთი კონკურსები, როგორიც მასმოდაა და ამ კონკურსის შედეგად მიღებული ,,სიკეთეები," შეუთავსებელია სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპთან: „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებლისთვისაა სავალდებულო შესასრულებლად, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, ცალსახად გვეუბნება, რომ ,,მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს". ცხადია, ეს პრინციპი სავალდებულოა მაუწყებლებისთვის, მაგრამ ეხება არამაუწყებელ მედიებსაც, რადგან ჟურნალისტური პრინციპი ზოგადია ყველასთვის, სადაც არ უნდა მუშაობდე, თუნდაც თავისუფალი ჟურნალისტი იყო,“ - განმარტავს ნათია კუპრაშვილი.

თეგები : ინტერესთა კონფლიქტი ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ