საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ წინასწარ დასკვნებს
აქვეყნებს. წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების
შესახებ მისიის მოხსენების მიხედვით, პოლარიზებული მედიაგარემო და
კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით
ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების
გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის
გაკეთებაში.
„მედია მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმისა და დაშინების აქტებისა და ზეწოლის გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. ODIHR -ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება და კომერციული სატელევიზიო არხების მიერ ახალი ამბების მიუკერძოებელი გაშუქების კანონიერი ვალდებულების უგულვებელყოფა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას. პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.
მედია
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოხსენების მიხედვით, მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს აძლიერებს. მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობენ, რასაც სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტიც ემატება, რის გამოც ისინი დამოკიდებული ხდებიან პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებზე.
„ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმის, დაშინებისა და ზეწოლის აქტების გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. სამოქალაქო ცილისწამების პროცედურებთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, სამოქალაქო ცილისწამების საფუძვლით ბოლო დროს წარმოშობილი საჩივრები ოპოზიციასთან აფილირებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რაც ძირს უთხრის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს ფინანსურად მყიფე მედია გარემოს“.
ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბარში მხარეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვან ბარიერებთან არის დაკავშირებული. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზეც.
„საკანონმდებლო ნორმების თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან დაიცვან მიუკერძოებლობა და იმოქმედონ სამართლიანი და პლურალისტური მიდგომებით; თუმცა, აღნიშნული მხოლოდ თვითრეგულაციის საგანია მაშინ, როცა უფასო და ფასიანი რეკლამის განთავსებისა და ასევე დებატების გამართვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებას კომუნიკაციების კომისია უწევს მეთვალყურეობას. კომუნიკაციების კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურა არ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, რის გამოც ეს უწყება სანქციების დაწესების მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს მაუწყებელთა უმრავლესობას, მათ შორის კომერციულ მაუწყებლებს, კანონი ავალდებულებს მნიშვნელოვანი ოდენობის საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებს გამოუყონ. თუმცა, ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ უფასო საეთერო დრო და დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მარეგულირებელმა ნორმებმა, რომლებიც იყენებენ ცნებას „სხვა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურებიან“ და მათმა ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებამ კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოებს ექვსი მაუწყებელის დააჯარიმების შესძლებლობა მისცა და შეუსაბამოდ შეზღუდა ოპოზიციურ პარტიათა უფლება წინასაარჩევნო აგიტაცია მედიასაშუალებებით ეწარმოებინათ“.
როგორც მისიის ანგარიშში ვკითხულობთ, მაუწყებლები ვალდებული არიან შეამოწმონ პოლიტიკური პარტიის შინაარსი. „ქართული ოცნების“ საჩივრების შედეგად კი, სამი ტელეკომპანია არაერთხელ დაჯარიმდა იმის გამო, რომ ეთერში არ განათავსა „ქართული ოცნების“ კონკრეტული წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც ტელეკომპანიის განმარტებით კანონის, მათ შორის „სიძულვილის ენის შესახებ“ ნორმებს არღვევდა.
„ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წაყენებულ წინა მოთხოვნებს უარი ეთქვა პროცედურული საფუძვლით. შედეგად მთავრობასთან დაკავშირებულმა ორმა ტელეკომპანიამ, რომელთა მონიტორინგსაც ODIHR-არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია აწარმოებდა, 11 ოქტომბერს სრულად შეწყვიტა ოპოზიციურ პარტიათა წინასაარჩევნო რეკლამების გაშუქება. „ძლიერი საქართველოსა“ და „ ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ საჩივრები სასამართლომ ძალაში დატოვა, მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე მაუწყებელი კი დაჯარიმდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი დაჩქარებულ პროცედურებს არ უზრუნველყოფს, კანონდარღვევები არ გამოსწორებულა, რაც ძირს უთხრის ოპოზიციის შესაძლებლობებს თანაბარი პირობებით აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია“.
ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 18-დან 25 ოქტომბრის პერიოდში ექვსი ტელეკომპაიისა და ორი ონლაინ მედიასაშუალების მონიტორინგი განახორციელა.
„ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება; კანონის მოთხოვნის მიუხედავად კომერციული ტელეკომპანიები არ იცავდნენ ახალი ამბების მოუკერძოებელი გაშუქების ვალდებულებას. ტელეკომპანიების უმრავლესობამ ახალი ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვნა. თუმცა, კომერციული ტელეკომპანიების გაშუქების ტონი თანხვედრაში იყო საჯაროდ აღქმულ პარტიულ მიკერძოებასთან. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი) წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი). “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ ერთადერთ დებატებში მთავრობისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე“.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას.
„პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლების უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას თბილისში 18 ექსპერტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი წარმოადგენდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებს დააკვირდა 42 ქვეყნის წარმომადგენელი 530 დამკვირვებელი, მათ შორის ODIHR-ის 30 ხანგრძლივვადიანი და 332 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია, ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38- წევრიანი დელეგაცია.
„მედიაომბუდსმენმა“ 26 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების გაშუქების მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებისთვის
მოამზადა გზამკვლევი
- "როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?"
გზამკვლევი არჩევნების დღის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციებს აღწერს. მასში საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, გასული წლების გამოცდილებიდან მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციებიც არის თავმოყრილი.
„მედიაომბუდსმენის“ გუნდი აგრძელებს მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებასაც. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592
გზამკვლევი „როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?“ იხილეთ ბმულზე:
ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ "მედიის
ადვოკატირების კოალიციამ" USAID-ის მედია პროგრამის მხარდაჭერით
კვლევა მოამზადა, რომლის მიზანიც 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე
პერიოდში მედიის წარმომადგენლების შევიწროების მასშტაბისა და გავლენის
აღრიცხვა იყო.
მიმდინარე წლის ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ოფიციალური სახელმწოდებით - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელმეორედ დააინიციირა, რასაც ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე ძალის გამოყენებით დაშალეს. პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც.
კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებიც გაუკრეს. წარწერების გამოჩენამდე კი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და სისტემური დევნის გამო შესაბამის უწყებებსაც მიმართეს.
ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ გამოკითხვაში მონაწილეობა 43 მედიის 91-მა თანამშრომელმა მიიღო, საიდანაც 21 რეგიონულ მედიას წარმოადგენდა, 22 კი - ნაციონალურს. კვლევის კითხვარი რამდენიმე შინაარსობრივ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი უცხო ნომრებიდან მიღებულ ზარებს ეხებოდა. როგორც კვლევის შედეგებიდან ვლინდება, რესპონდენტების 24%-მა მიიღო და უცხო ნომრებიდან შესულ ზარებს უპასუხა კიდეც, 40%-მა კი ზარი უპასუხოდ დატოვა.
"მიღებული ზარებიდან 57% მოიცავდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 43% - ეპიტეთებს: “აგენტი” და “მოღალატე”, 35% - ძალადობის მუქარას, 13% - ჰომოფობიური შინაარსის შეურაცხყოფას. იმ რესპონდენტების 90%, ვინც ზარი მიიღო, აცხადებს, რომ მათთან 10-მდე ზარი შევიდა".
კვლევაში მონაწილე პირების 13%-ის თქმით, 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, 14%-ის შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები აქციაზე გამოვლინდა, 9%-მა პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება დაასახელა, 6%-მა კი სახლთან დახვედრისა და მანქანით ან პირის მიერ ადევნების ფაქტი აღნიშნა.
"ასევე, ამ პერიოდში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ავტომობილის "ჩხრეკას", აქციაზე დაკავებას, პირადი ტელეფონის ჩამორთმევას, სოციალურ ქსელებში ტროლების მიერ გინებას და ლანძღვას, გენდერული ნიშნით დაცინვა-დისკრიმინაციას, კიბერბულინგს, სექსუალური ორიენტაციით დარცხვენის მცდელობას, წერილობით მუქარას ანგარიშსწორებაზე, “ფეისბუკზე” მათი ფოტოების განთავსებას და დამცინავი და დამამცირებელი პოსტების გამოქვეყნებას მათი მისამართით".
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ ვინც განაცხადა, იმ რესპონდენტების მხოლოდ 17% ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მათი განცხადება ძალადობის შესახებ სერიოზულად მიიღეს.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის ძალადობის შესახებ მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ რესპონდენტების 65%-ში გაბრაზება გამოიწვია, 38%-მა კი პირადი უსაფრთხოების ზომები მიიღო.
"ფიზიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჟურნალისტებმა, ბოლო პერიოდში, გადადგეს შემდეგი ნაბიჯები: 47% სახლიდან გასვლისას ყურადღებით ათვალიერებს გარემოს, 43% საპროტესტო აქციებზე დამცავ აღჭურვილობას იყენებს, 26%-მა წიწაკის სპრეი შეიძინა, 19%-მა სახლის/ოფისის საკეტები გააუმჯობესა, 13%-მა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ერთმანეთის ადგილსამყოფელის გადამოწმების წესები, 8% საჯარო სივრცეში მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მასთან ერთად სხვა ადამიანიც არის".
კითხვარის შინაარსობრივი ნაწილის ანალიზის შედეგად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის ისიც, რომ მედიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავები ხელს უშლიან. ასევე, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად არის გაუარესებული ჟურნალისტების დაცულობის საკითხი და ფიზიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაცაა.
კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციებიც:
ფოტო
გადაღებულია 16 ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის
ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით, თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს
გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და 2025 წლის 1
იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 16 250
ლარი (დარიცხული)
განისაზღვრა.
თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბერს 6 წლის ვადით აირჩია. 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 12 500 ლარი (დარიცხული) განსაზღვრა.
მანამდე გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერს, 4 000 ლარს შეადგენდა (ხელზე ასაღები თანხა).
თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ კი, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
სტუდენტური მოძრაობა - „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი, ნიკო
მანაგაძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების
ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.
გუშინ, 20 ნოემბერს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო. სამსახურმა „მედიაჩეკერთან“ განმარტა, რომ ამ ტელეკომპანიებში „იმედი“, „მთავარი არხი“ და „პირველი არხი“ იგულისხმება.
როგორც მანაგაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს: „იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში.. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).
და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ “პოლიციელებზე” კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”.
საქართველო. 2024. პ.ს. ტელეკომპანია “იმედმა” მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო. :))“.
19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4
წარმომადგენელს შეუშალეს:
„მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავების შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა ამავე ტელეკომპანიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ „სასამართლოზე მიბრძანდება[სერგი ბარამიძე] და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი. თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს, სასამართლოში იტყვის“. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კი, მემანიშვილმა იკითხა: „იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს?.. კანონს თუ არღვევს და არ ემორჩილება პოლიციას, არ უნდა დავაკავოთ?“
„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულია მინდია გაბაძე და მარიამ ნიკურაძე, გივი ავალიანი კი უწყებამ უკვე გამოკითხა.
მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს გამოეხმაურა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - CPJ და სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ქართული ორგანიზაცია.
პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოში მომუშავე ონლაინ მედიებიც: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, Netgazeti, „ბათუმელები“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 19 ნოემბერსვე მიმართა ტელეკომპანია „იმედმაც“. „იმედი“ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს იმას, რომ აქციის დარბევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პროსამთავრობო მედიის კამერის წინ საქართველოს დროშით დგებოდნენ და „მთავარი არხის“ ოპერატორისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის დაგმობას სთხოვდნენ.
„იმედის“ მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
„„ნაცმედიის“ რომელიმე წარმომადგენელს ვიღაცა რაღაცას ეტყვის, გადაკრულ სიტყვას და კიოდნენ და წიოდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშლიანო”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ვოდეო
„იმედის“ მიმართ პატივისცემა გამოხატა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა: „რაც ეხლა იმედის , საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა ობიექტური ჟურნალისტების მიმართ ხდება აქციაზე არის სიბნელე და ჩვეულებრივი ფაშიზმი..“
„პირველმა არხმა“ კი, 19 ნოემბერს გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან“. ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე პროტესტის ნიშნად „მოამბის“ ჟურნალისტის, შალვა სუმბაძის პირდაპირ ეთერში ჩართვისას კამერასთან ევროკავშირის დროშას აფრიალებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ნიკო მანაგაძეს მიმდინარე წლის 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის კლინიკაშიც გადაიყვანეს. მანაგაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა მისი ცემის ფაქტზე ჯერ გამოვლენილი არავინ არ არის.
ფოტო -
პუბლიკა
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - CPJ 19 ნოემბერს, სამართალდამცავების
მიერ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის ძალის
გამოყენებით დაშლასა და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს
ეხმაურება.
CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება და სხვა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ, ძალისმიერი ხელის შეშლა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან მოვლენებზე ქართველი ხალხის ხელმისაწვდომობას.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ყველა შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა“.
19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4 წარმომადგენელს შეუშალეს.
„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულია მინდია გაბაძე და მარიამ ნიკურაძე, გივი ავალიანი კი უწყებამ უკვე გამოკითხა.
გუშინ, 20 ნოემბერს კი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე
კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
კონფერენციის პარალელურად „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“
(RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტების გათავისუფლება
მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“
RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.
RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.
თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო
კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების
ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA
ავრცელებს.
პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.
ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.
ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“, თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.
ფოტო: censor.net
უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთის პატიმრობაში
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახალხო დამცველმა,
დმიტრო ლუბინეცმა საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა.
„მაქვს რუსული მხარის ოფიციალური დოკუმენტური დადასტური უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსეთმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვიქტორიას ოჯახს და მეგობრებს,“ – აღნიშნულია ლუბინეცის განცხადებაში.
ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში, აღმოსავლეთ უკრაინაში რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩასვლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა. 2024 წლის მაისში კი, რუსეთმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი დააკავეს და ის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დმიტრო ლუბინეცის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც.
„ჟურნალისტების უკანონო დაკავება და გატაცება არის რუსეთის ფედერაციის იარაღი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ! რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიქტორია როშჩინას გარდაცვალებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც გამოეხმაურა. CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის თქმით, ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.
„CPJ შოკირებულია რუსეთის მიერ მისი უკანონო პატიმრობის დროს ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, როშჩინა სხვადასხვა დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა.
ოთხშაბათს ვუყურე გოგა ხაინდრავას... ფილმს... ნუ, ფილმს კი არა,
პროპაგანდისტულ იგავ-არაკებს „სიბრძნე სიცრუისა“, რომელშიც აუცილებლად
უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სიბრძნე და სიცრუე, რომელსაც ფაქტებად
ასაღებს „ლე ხაინდრაო" და ტელეკომპანია „იმედი“. ამავე ტელეკომპანიის
ეთერში ხაინდრავამ ისიც აღნიშნა, რომ ფილმი პორნოლიბერალიზმზეა.
პრინციპში, როდესაც შენი ქვეყნის სამი ფორმალური (საკანონმდებლო,
აღმასრულებელი, სასამართლო) და მეოთხე არაფორმალური ხელისუფლება
(სახელისუფლებო მედია) ჯგუფურად „აუპატიურებს“ ლიბერალურ ღირებულებებს
და დემოკრატიას, სხვა რა ასოციაცია უნდა დაგრჩეს თუ არა
პორნოგრაფიის!
ამ პროპაგანდისტული ფილმის მიზანი ერთია - გააშავოს
დასავლეთი, ევროპა, არასამთავრობო სექტორი, აქტიური სამოქალაქო
საზოგადოება და გაათეთროს “რუსული ოცნება,” რომლისთვისაც „ომი
მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინრობა ძალაა“. აფხაზეთის ომზე
ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის - „ოცნებების სასაფლაო“ რეჟისორი დღეს უკვე
თამამად ასამარებს საქართველოს მოქალაქეების ოცნებებს - ახლო
მომავალში გახდნენ ევროკავშირის და ნატო-ს წევრები.
დასკვნა N1: „იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო
მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე.”
რა გავიგეთ ამ ფილმით? ის, რომ ხაინდრავამ და მისმა სარედაქციო
კოლეგიამ - ნათია ბერიძემ და ვატო შაქარაშვილმა (სხვებს ვერ ვიხსენებ)
იციან მონტაჟის საფუძვლები და კინოს ისტორია. ეს რომ არა, აბა ასე
კარგად როგორ გამოიყენებდნენ „კულეშოვის ეფექტს“. “კულეშოვის ეფექტი”
იცით რა არის? აი, მონტაჟის ოსტატებმა რომ აიღონ და თქვენი ბედნიერი
სახის გამომეტყველება დაუკავშირონ გარდაცვლილი ბავშვის კადრს და ასე
შექმნან თქვენი უარყოფითი იმიჯი იმაზე მინიშნებით, რომ არ გაქვთ
ემპათია და ხართ გულქვა ადამიანი. თავის დროზე რეჟისორმა ლევ
კულეშოვმა ახლო ხედით გადაიღო მსახიობი მოზჟუხინის სახე და დაამონტაჟა
ჯერ წვნიანით სავსე თეფშთან, შემდეგ კი ბავშვის კუბოსთან. ცხადია,
ორივე შემთხვევაში იცვლებოდა კონტექსტიც და ქვეტექსტიც.
ზუსტად ამას აკეთებს ხაინდრავა, როცა „რუსული კანონის“ მიღებით გაბრაზებული ადამიანების ქმედებას და კონტექსტიდან ამოგლეჯილ საჯარო გამოსვლებს ამონტაჟებს სასურველ კონტექსტში და იყენებს მედია ჩარჩოს (ფრეიმს) მაყურებლის განწყობების ჩამოსაყალიბებლად. გარე თვალისთვის ისე ჩანს, თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა - უმიზეზოდ წვავენ ზონდერბრიგადებად ქცეული პოლიციის მანქანებს; ამსხვრევენ მინებს პარლამენტში; ესვრიან ქვებს სამართალდამცავებს; ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. და არსად ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მთავარია, რომ მაყურებელი იწყებს მორალურ განსჯას, რაც არის ამ ფილმის მთავარი მიზანი. ხაინდრავამ მშვენივრად იცის, რომ ფრეიმინგი არის შერჩევითი რაკურსი და მისი ზემოქმედების ქვეშ გაუთვითცნობიერებული მაყურებელი ყოველთვის არაცნობიერ დონეზე ამუშავებს ამოფარებულ პროპაგანდას. ხაინდრავა იმდენჯერ ახსენებს ფილმში FARA-ს, რომ თავისი მაყურებელიც აშკარად ცხვრის ფარა ჰგონია - მორჩილი, დამყოლი, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას მოკლებული ცხვრის ფარა, რომელიც ვერ დაინახავს ცხვრის ტყავში გახვეულ მანიპულატორ მგელს. ხაინდრავას მთელი ფილმი ერთი დიდი „კულეშოვის ეფექტია“ და მეტი არაფერი.
დასკვნა N2: „თუ...მაშინ...“
თუ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, მაშინ დაისჯებით.
თუ იბრძოლებთ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ნატოში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ოკუპაციის შეჩერებას, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ქვეყნის ოკუპირებული ნაწილის დაბრუნებას, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ენერგოდამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.
თუ მოინდომებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.
ღმერთო, გვესროლე მეტეორი!
უკვე დაგავიწყდათ? „თუ... მაშინ...“ სერიოზული არგუმენტია, მით უმეტეს მაშინ, როცა თვალსაჩინოებისთვის „არა ომს!“ – „აირჩიე მშვიდობა“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია და პირდაპირ და ირიბი გზით გეუბნება შენ, დაშინებულ ამომრჩეველს, რომ „თუ შეცვლი“ ამ ტოქსიკურ რეალობას, „მაშინ დაისჯები“ უკრაინასავით. ხაინდრავას პროპაგანდისტული ფილმიც ამ გზავნილით სრულდება. უბრალოდ ხაინდრავა კაპიტულანტურ პოზიციას უწოდებს „სიბრძნის დასამაბს“.
„მართლა ძალიან მშურს უკრაინელების“, - ამბობს ერთ-ერთ დამონტაჟებულ კადრში ჩემი და, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და ეს კომენტარიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან, რადგან ნანკას „შურს“ უკრაინელების ბრძოლისუნარიოანობის, თავისუფლებისადმი ლტოლვის, მიზანდასახულობის, ერთობის, ნებისყოფის, გამძლეობის... მაგრამ ამას ვერ გააგებინებ ხაინდრავას, რომელიც შემდეგ იგავს „საშური...“ იწყებს უკრაინის დაბომბვის, ნანგრევებად ქცეული ქვეყნის და უკრაინელი მებრძოლების ძმათა სასაფლაოს კადრებით. და მისი ლოგიკით, მაყურებელმა არ უნდა იკითხოს - ვინ ბომბავს უკრაინას ამ კადრში? რატომ ბომბავენ? ვინ არის ამ კადრში მსხვერპლი და ვინ არის ბოროტმოქმედი? ბრავო. აპლოდისმენტები.
დასკვნა N3: “რაც მეტჯერ გაიმეორებ ტყუილს, მას უფრო მეტი აღიქვამს სიმართლედ.“
„უნდა ავკრძალოთ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში“, —
ჰპირდებოდნენ კასპელებს “ქართული ოცნების” კანდიდატები. მერე რა, რომ
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია. დავპირდეთ, ჩვენი
რა მიდის. აბა, ბიჭო, გლეხი წელში ვერ მოხრილა ყანაში ამათი შიშით -
საიდან ჩამოჰკრავს მოულოდნელად უბედურების ზარი, არავინ იცის… ხომ
გსმენიათ ფენტეზის ჟანრის სტატისტიკა - “ადრე ერთ მამაკაცზე 3-4 ქალი
მოდიოდა”, ჰოდა, ახლა ერთ მამაკაცზე 3-4 გეი მოდის! მააშ! მარტო კასპი
კი არ არის ამ დღეში! აბაა! სხვათა შორის, ხაინდრავა ბუნდესტაგის
საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის
„გაშავებას“ და დისკრედიტაციას რომ ცდილობს ამ თავის ფილმში - აქაოდა,
როთი ჰომოსექსუალია და მის სიტყვას არ აქვს ფასი ქრისტიანი,
მართლმადიდებელი საზოგადოებისთვისო, ალბათ, ახსოვს, რომ მსოფლიოში
ყველაზე დიდი პორნოსაიტის PornHub-ის 2017 და 2022 წლის სტატისტიკის
თანახმად, საქართველოდან შემოსული მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს
ლესბოსელების შესახებ გადაღებულ პორნოფილმებს. შემზარავი რეალობაა!
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ძუძუში რძე ჩამიდგა!
ხაინდრავასთვის და ტელეკომპანია „იმედისთვის“, რომლის ეთერშიც
დიდი ზარ-ზეიმით გავიდა ხაინდრავას ფილმი, ქვეყანაში კრიტიკული
აზროვნება დეფიციტშია. სხვანაირად ვერ ვხსნი ამათ ლოგიკას, როგორ
შეიძლება თან იმას ქადაგებდე, რომ „ევროპა გაპიდარასტებს“ და თან იმას
ჰპირდებოდე დაშინებულ მაყურებელს და მოსახლეობას, რომ „2030 წელს
მაინც შევალთ ევროკავშირში!“, თანაც „ღირსებით“. თან რომელ
ევროკავშირში იცით? აი, გულმოდგინედ რომ აშავებენ ფერადი პასაჟებით,
რომელშიც ჩანს საფრანგეთში 2024 წელს ჩატარებული ოლიმპიადის
პერფორმანსი, სადაც აშკარად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები
მონაწილეობენ. და ეს არის ფილმის ავტორებისთვის „კოლექტიური
დასავლეთი“, რომელიც შეუთავსებელია ქართველების ღირებულებებთან. არადა
ამ შემთხვევაშიც ხაინდრავა და ტელეკომპანია „იმედიც“ ფსონს კრიტიკული
აზროვნების დეფიციტზე აკეთებენ, რადგან იმედოვნებენ, რომ მაყურებელი
ჩაყლაპავს ამ სალაფავს და ცხვრის მორჩილებით ირწმუნებს პროპაგანდას.
არადა ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი
მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი,
ბულგარეთი. ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების
მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ. არცერთი არ
„გაპიდარასტებულა“. მეტიც, ევროკავშირის სულ მცირე 10 ქვეყანაში
(პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი,
კვიპროსი, ხორვატია, უნგრეთი, იტალია) არ არის დაშვებული ერთსქესიანთა
ქორწინება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ინერვიულოს
ხაინდრავამ და თითიდან გამოწოვოს ხელოვნური პრობლემები და არარსებული
საფრთხეები. მთავარი ამოცანაც ხომ ის აქვს, რომ დეზორიენტირებულმა
მაყურებელმა სხვა მიმართულებით წარმართოს დაგროვილი
აგრესია.
დასკვნა N4: “ძაღლი შინ არ ვარგოდაო - სანადიროდ
გარბოდაო.”
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ალბათ, კი - ყველაზე
ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მხოლოდ 91-ე ადგილზეა.
ოკუპანტი ქვეყანა, ხაინდრავას მიერ გაკრიტიკებული და გაქილიკებული
დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთიც კი გვისწრებს ბედნიერების
მაჩვენებლით. თუმცა, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში
ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ...“, - აღნიშნა
ერთხელ კრიტიკულად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,
მიხეილ სარჯველაძემ და ალბათ, გოგა ხაინდრავა იგულისხმა, რომელიც
ხედავს სხვა ქვეყნების მცირე ნაკლსაც კი, მაგრამ საქართველოში ასი
ქარხნის გუგუნი და ეკონომიკის დუღილი არ აძლევს საშუალებას
კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე.
არადა, რამდენი ფილმის სიუჟეტი შეიძლება ამოიკითხო ამ ტრაგედიაში ნიჭიერმა რეჟისორმა: 2023 წლის სექტემბერში, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილი მეუღლე და სიდედრი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაუსრულებელი სერიალის სიუჟეტსაც კი მივცემ ხაინდრავას იმისთვის, რომ მოყვეს კონკრეტული ადამიანების ისტორიები:
2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს!
2019 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს!
2020 წელს საქართველოში 27 ქალი მოკლეს!
2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს!
2022 წლის მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 23 ქალი!
2023 წელს, მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 13 ქალი!
2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში რვა ქალი მოკლეს
ქალებს კლავენ ქმრები!
ქალებს კლავენ ყოფილი ქმრები!
ქალებს კლავენ ყოფილი პარტნიორები!
კლავენ საჯაროდ და ხმაურით - ქუჩაში და ავტობუსებში!
კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!
და ამაზე ფილმსაც არავინ იღებს!
ხაინდრავა თავისი ფილმის ფინალში გველაპარაკება „ოჯახის სინწმინდის დღეზე“. მაგრამ მე რაღაც დამაკლდა ტიტრებში. მეტი დამაჯერებლობისთვის დავურთავდი ამონარიდს: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1%-ის აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%-ის აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1%-ი გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7%-ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…”
მაგრამ მართლმადიდებელ და კონსერვატიულ საქართველოში ყველა ბოროტების საფუძველი ხომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებშია, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას თავის პროპაგანდისტულ ფილმში ხაინდრავა. აბა რა, აბა რა.
მთავარი, რაც პოსტსაარჩევნო კონტექსტში მნიშვნელოვნად მეჩვენება, ეს
არის სახელისუფლებო მედიის და განსაკუთრებით, „იმედის“ კარგად
დაზეთილი პროპაგანდისტული მანქანის არსებობა, რომელიც წლების
განმავლობაში გამართულად სწორედ ხელისუფლების მესიჯებითა და
იდეოლოგიით მუშაობს. ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი და ასევე
„ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მესაკუთრე, ირაკლი რუხაძე არც მალავს
კავშირს ხელისუფლებასთან და „იმედის კვირის“ ბოლო გადაცემაში გასულ
ინტერვიუში პირდაპირ ამბობს:
„სანამ სააკაშვილი და სანამ ეს ოპოზიცია არსებობს (და იმედი მაქვს, ოპოზიცია და მათი ქართველი დამფინანსებლები და უცხოელი „წყემსები“ ვერ დაბრუნდებიან), ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ. იმიტომ, რომ ეს ხალხი თუ მობრუნდა, ისევ მოაწყობენ ახალ 7 ნოემბერს და ისევ ტელევიზიებს დახურავენ. ეს არის „იმედის“ აბსოლუტური ამოცანა - არ მოვდუნდეთ და ეს ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში და ხელისუფლებაში“.
ბატონ რუხაძის იდეოლოგიურ გზავნილს, შესაშური სინქრონულობითა და გაფუჭებულ-ჩახვეული მაგნიტოფონივით ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძეც: „ცხადია, რომ „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია, სინამდვილეში ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილებია. ოთხივე მათგანი ერთია. ისინი გაკოტრების შიშით ეძებენ უცხოელ პატრონებს, რომელთაც პარტნიორებს უწოდებენ. მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს ოთხი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია ოპოზიციის ფლანგზე ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“...
და იქვე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი, რომელიც თავისი შინნასწავლი ცინიზმით „იმედთან“ ამბობს: „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შეიძლება ოპოზიციამ თავად აიკრძალოს თავი და ჩვენი გადაწყვეტილება სულაც არ დასჭირდეთ. ერთი დაპირება უკვე შევუსრულეთ ამომრჩეველს - ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. რაც შეეხება გაუქმებას, დაველოდოთ, შეიძლება თავი თვითონ გაიუქმონ“.
„იმედის“ მთელი პროპაგანდისტული და კარგად აწყობილი საინფორმაციო ველი - სუბიექტური და დამახინჯებული ნიუსებით, „იმედის კვირის“ მოზრდილი სიუჟეტებითა და „შესატყვისი“ სათაურებით („რადიკალების ტრაგიკომედია“, „დამარცხებულების აგონია“, „რადიკალების საბოტაჟი“, „ინსტრუქცია მარცხისათვის“), სინამდვილეში დიდი ხანია ემსახურება სწორედ ირაკლი რუხაძისა და სახელისუფლებო პარტიის ერთიან იდეოლოგიას - გააქრონ საკუთარი საინფორმაციო სივრციდან ამბები მრავალპოლუსიანი ოპოზიციური პარტიების შესახებ. თან რაც შეიძლება ხშირად გაიმეორონ, რომ ყველა პარტია სინამდვილეში ერთია, რომ ყველა „კოლექტიური ნაცია“!.. ცხადია, გამორიცხულია მათი დაშვება და მონაწილეობა „იმედის“ გადაცემებში, თოკ-შოუებსა და რაიმე ფორმით დებატებში.
ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზებული ტელემედიის არსებობას და ხელშეწყობას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ბატონი რუხაძე ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მთავარია „ის ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში“! და ბუნებრივია, როცა სატელევიზიო სივრცეები ისეა დანაწილებული, რომ ყველა არხმა თუ ტელეკომპანიამ ზეპირად იცის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოზიციები, მათი განწყობები თუ მხარდამჭერები, არამედ სამოქალაქო სექტორისა და უბრალოდ, აქტიური მოქალაქის პოზიციაც.
ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლებია არც მიდიან ოპოზიციურ ტელევიზიებში, ხოლო ოპოზიციას უბრალოდ, არ უშვებენ სახელისუფლებო მედიაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირება, ასევე მოქცეულია იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც აისახება მის საინფორმაციო პოლიტიკასა და გადაცემებში. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელის „ტრავმები და ფანტომები“ პოლიტიკურ კონტექსტში, ცალკე და საფუძვლიანი საუბრის თემაა...
ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ სისტემაში, სადაც უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის პასუხისმგებლობაც გამქრალია; თითქოს ის ბუნებრივადაც არ არსებობს. ხელისუფლებამ ინსტიქტურად უკვე იცის, რომ ტოტალიტარიზმი მედიის კონტროლისა და პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის დისკურსი, მისი არსებობა საინფორმაციო სივრცის მიღმა დატოვოს, გაანადგუროს, ან „ჭორ-ნიუსებს“ მიუგდოს საჯიჯგნად. ამიტომაა, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიცია ვერ აიღებს პასუხისმბგებლობას საკუთარ შეცდომასა და ჩავარდნებზე...
7 ნოემბერს შესრულდა 17 წელი „იმედის“ დარბევიდან და ცხადია, ტელეკომპანიამ „იმედის კვირაში“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ, ამ მართლაც გამოუსწორებელი ზიანის მქონე აქციას. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის დაარსებულმა და როგორღაც დამოუკიდებელი გზით მავალმა მედიამ ბოლოს დროს ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ ალბათ „მკვდარასაც კი გაეცინება“. მაგრამ როდესაც ბატონი რუხაძე პათეტიკურად ყვებოდა „იმედის“, როგორც დამოუკიდებელი მედიის ისტორიის შესახებ, დაავიწყდა ისიც ეთქვა, რომ როცა 2018 წელს მისი მფლობელი გახდა, იმ დროიდან „იმედი“ უბრალოდ სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარ მედროშედ იქცა.
რუხაძე ხშირად ახსენებდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას თუ ბოკერიას გვარებს; სულ უნდა გვახსოვდეს 7 ნოემბერიო... მაგრამ არ გახსენებია სად იყვნენ და რომელ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ სწორედ მაშინ მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, რომელიც მთლად ადეიშვილის მოადგილე იყო. არც ის უხსენებია, ვისი ფულით ნაყიდი ფორმები ეცვათ სპეცრაზმს, რომელიც დარბევაში მონაწილეობდა...არც იმ მიზეზების შესახებ უთქვამს, რატომ უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მხარს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს!..კიდევ ბევრი რამე არ თქვა, ან დაავიწყდა.
„ეს უკვე გადაშლილი ფურცელია, მაგრამ ისტორიის გამეორების საფრთხე ყოველთვის არსებობს“ - დაამატა სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა. ჰო, ნამდვილად არსებობს, თუ ხელისუფლება გაყალბებულ არჩევნებს დაიკანონებს, ერთპარტიულ პარლამენტს საკუთარ გასართობ კლუბად აქცევს, ხოლო ივანიშვილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ანუ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოაშთობს და მერე მათ ხურდაში ოპოზიციურ მედიებსაც მიაყოლებს. თუმცა იმედია „იმედის“ ჟურნალისტის გაფრთხილება მხოლოდ ამ პროპაგანდის საარქივიო მასალად იქცევა და არა რეალობად.
ჩაროზად, მწერალ ელზა გურგენიძის „მარწყვის ტორტის“ შესახებ, რამაც ისე შეაძრწუნა „იმედის“ საინფორამციო სამსახური, რომ უნებლიედ ისტორიული ქარდი გამოაცხვეს: „მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც თეთრიწყაროს რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა, ცოლი მარწყვის ტორტის გამოცხობას შეჰპირდა. მოსამართლის ცოლი, ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.
აი, ხო ნამდვილად დაუჯერებელია თავად ნიუსის შინაარსი და ლამის პაროდიას ჰგავს... არადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 24-საათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სადავო უბანზე, ძალაში დატოვა.
მოკლედ, შესანიშნავი რომანის, „ზაოდის“ ავტორმა და „ოპოზიციის ატივისტმა“, ელზა გურგენიძემ (რომელსაც სხვათა შორის, „იმედმა“ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების აქციაზე ყოფნაც გაუხსენა), მარწყვის ტორტი ტყუილად გამოუცხო მოსამართლე ქმარს. სამაგიეროდ, ამ ტორტის სამართლებრივი და პროპაგანდისტული „გემოც“ და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქმეც, ისტორიაში ნამდვილად შევა.
წერა იმით რომ დავიწყო, რას აშავებს „იმედი“, როგორ არ იცავს
მედიაეთიკას და სტანდარტს, როგორ იტყუება და შავზე თეთრს ამბობს. ან
უფრო შორიდან რომ მოვყვე, რამხელა ძალა აქვს პროპაგანდას და რა ზიანს
აყენებს ეს პროპაგანდა ქვეყანას, დიდხანს გამიგრძელდება და თანაც ეს
სხვებს ჩემზე უკეთ შეუძლიათ. მე დავწერ
ადამიანებზე.
„იმედის“ საინფორმაციოს ფბ ლაივებს ვუყურებ ხოლმე, ხან ცალკე სიუჟეტები ამომიხტება და ხან ნიუსები, ვერაფერს და არაფერს თვალს არ ვარიდებ. ჯიუტად ვკითხულობ ყველა ნიუსს, ვუსმენ წამყვანს და ჟურნალისტებს, რომლებსაც კარგად ვიცნობ და ნელ-ნელა გადამდის იმედგაცრუებაც და ბრაზიც.
ადრე სხვანაირად იყო.
ბოლო ოთხი წელია ვაკვირდები, როგორ იცვლებიან ადამიანები, ეცვლებათ ხმა, რიხი, გარეგნობა, ლექსიკა, სტილი. ვიხსენებ, როგორები იყვნენ ადრე, როცა ერთად ვმუშაობდით, შვებულებებს ერთად ვატარებდით, ღამის 12 საათზე დაბადების დღეებს ვულოცავდით ერთმანეთს, საერთო ჩატები გქონდა, შუაღამამდე ვგეგმავდით გადაცემებს სოციალურ თემებზე, ვმუშაობდით და გვიხაროდა ყველა კრიტიკული და კარგად გამოსული სიუჟეტი. რამ შეცვალა ადამიანები? თუ რამ შემცვალა მე.
„იმედზე“ კრიტიკული ფეისბუკ პოსტების გამო პერიოდულად ვიღებ შენიშნვას, რომ ჩემს მეგობრებს ვაკრიტიკებ, ჯერ თავს ვიმართლებდი, მერე აღარ ვპასუხობდი, ახლა აღარც მაინტერესებს.
თავიდან იმაზე ვფიქრობდი, რა იქნება, პირადად როცა შევხვდები? რას ვეტყვი? როგორ მივესალმები? აი, მაგალითად, საერთო ნათლულის ან ნაცნობის გამო რომ შევხვდეთ, რა იქნება მაგ დროს? ჯერ თავში ვალაგებდი ამ შეხვედრებს, ახლა აღარც ეგ მაინტერესებს.
იმიტომ რომ აგენტების კანონის გამო საპროტესტო აქციაზე გასულ ახლადნაოპერაციებ მამაჩემს „ჩემმა მეგობარმა“, რომელიც ჩემს ოჯახს იცნობს, რადიკალი უწოდა.
ჩემს დას, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ქალების და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაზე მუშაობს, „მეორე მეგობარი“ უცხოეთის აგენტს ეძახის.
ჩემს მეგობრებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს კრიტიკულ მედიაში და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამო იდევნებოდნენ, მაშინდელ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტები „ნაცებს“ ეძახიან.
და ვხედავ ჩემს ყოფილ უფროსს, რომელიც ეთერში იტყუება, რომ ოპოზიციის ლიდერი მის მიერ დაგეგმილ შეკრებაზე არ მისულა.
ვუყურებ ჩემს „კოლეგებს,“ რომლებიც ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს, რადიკალებს გვეძახიან და ეთერში დაუმონტაჟებლად უშვებენ „ოცნების“ წევრებისა და „იმედის“ სტუმრების სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებს.
ბოლო წლებია ვაკვირდები, როგორ ცვლის რეჟიმი მედიას და პასუხი არ მაქვს, როგორ იქცნენ ჟურნალისტები, ეს ადამიანები პროპაგანდის მთავარ გამტარებად. როდის შეწყვიტეს კრიტიკული აზროვნება. როდის დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ მათი პირით საუბარი და რას ფიქრობენ, მარტო რომ რჩებიან.
„იმედის“ დაწყებულმა „მშვიდობის კამპანიის“ პროპაგანდამ მოქალაქეების ნაწილს რუსების მოკლული თამაზ გინტური, გია ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი დაავიწყა.
რეჟიმი ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველები არ არსებობენ. შესაბამისად, 13 აგვისტოს ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილ ექვსი წლის ტყუპებზე „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არაფერი უთქვამთ.
„იმედმა“ სახელისუფლებო წინასაარჩევნო კამპანიის - „გარეჯი საქართველოა“ გასამართლებლად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე ათეულობით ცილისმწამებლური სიუჟეტი გააკეთა და მათ სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერა, მაშინ როცა გავრილოვის მასპინძლებზე ერთი კრიტიკული სიტყვაც არ დასცდენია.
„იმედმა“ არ დაინდო ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავას ხსოვნა.
და ახლა ჩვენ თვალწინ ახალი მსხვერპლი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ჰყავს და ვუყურებთ, საათში რამდენჯერ ავრცელებენ მასზე ყალბ ინფორმაციას. თან პრევენციულად აფრთხილებენ სხვა მოსამართლეებს, რა მოელით მათ, თუ „ოცნების“ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებიან.
ორ წელზე მეტია ვუყურებთ, როგორ აშუქებს „იმედი“ უკრაინის ომს და ვხედავთ, რომ მათი პოლიტიკა ერთი ერთში ემთხვევა რუსულ ნარატივს.
2024 წლის თებერვალში ბრიტანეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (Institute for Strategic Dialogue (ISD), რუსული სამთავრობო მედია უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხ მნიშვნელოვან ხაზს ავითარებს: 1. მუდმივი აქცენტი იმაზე, რომ უკრაინა სათანადო სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ვერ მიიღებს; 2. უწყვეტად მაუწყებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანციის გაძლიერების საჭიროებაზე; 3. შეუზღუდავად აშუქებს კრემლთან დამეგობრებული ევროპული პარტიების აქტოვობებს და მათი არჩევნების შედეგებს; 4. ასევე, უწყვეტად საუბრობს და მაყურებელს თავს ახვევს მითს ევროპული ღირებულებების ორმაგ სტანდარტზე, განსაკუთრებით კონფლიქტების კონტექსტში.
რატომ ვუყურებ მაინც?
რომ ვნახო, როდის გამომაცხადებენ ჩემი ყოფილი მეგობრები უცხოეთის აგენტად, რადგან გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ.
როდის შეგვაპარებენ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ჩემი დის, დაჭერისა და დასჯის ამბავს ჩემი ყოფილი მეგობრები.
როდემდე იქნებიან უკრაინის ომში რუსეთის მხარეს. როდის აჯობებენ რუსულ და ჩრდ. კორეულ მედიას. კიდევ რაზე წავლენ და რისთვის.