როგორ აღმოჩნდა მაყურებელი სხვის საძინებელში
27.10.2020
“ჯერჯერობით სახლში არავინ არ იმყოფება და ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ სახლი”, - ამ სიტყვებით შეუძღვა პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს “ფორმულას” ჟურნალისტი კერძო პირის საცხოვრებელ სახლში, რომელიც, რეპორტიორის თქმით, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სახლი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ნათესავია და ჩხრეკაც ამ თავდამსხმელის ძებნის ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა.

მაყურებელმა იხილა როგორ შედის ჟურნალისტი და ოპერატორი კერძო პირის სახლში, ათვალიერებს ცარიელ ოთახებს, სადაც ჩხრეკის კვალი სახეზეა - გადმოყრილია კარადებიდან ნივთები, დამტვრეულია ინტერიერის გარკვეული ნაწილები და ა.შ. მაყურებელი იგებს, რომ სახლში არავინაა.

საქართველოს ჟურნალისტურის ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

ქარტიის პრინციპების განმარტებების მიხედვით, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “საზოგადოებრივ ინტერესს”.

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი, რა დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა თავდამსხმელმა და საბოლოოდ ნახევარი მილიონი დოლარი გაიტაცა და ამ დრომდე მიმალულია, ეჭვგარეშეა, რომ მაღალი საზოგადობრივი ინტერესის მქონე საქმეა. საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოები დამნაშავის ძებნა-დაკავების ოპერაციას, თუმცა, ემსახურებოდა თუ არა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას “ფორმულას” ჟურნალისტის ჩართვა თავდასხმაში ბრალდებული პირის ნათესავის ცარიელი სახლიდან? რა ტიპის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა ჟურნალისტის მხრიდან არეული საწოლებისა და კარადების, გაჩხრეკილი საძინებლის ჩვენება?

“ამგვარი ინტერესის გარეშე არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია”, - ნათქვამია ქარტიის პრინციპების განმარტებებში.

“ფორმულას” ფეისბუკ-გვერდზე ლაივ-ჩართვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის კომენტარებში მაყურებლის ნაწილი არაეთიკურს უწოდებდა ჟურნალისტის ქცევას, როდესაც ის კერძო პირის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც არავინ იმყოფებოდა და მაყურებელს დაათვალიერებინა ოთახები.

ქარტიის მე-10 პრინციპის დაცვის კუთხით, გაყოფილია ჟურნალისტისა და რედაქტორის (პროდიუსერის) პასუხისმგებლობა: ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვებს მასალას ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ; რედაქტორის (პროდიუსერის) პასუხისმგებლობაა რას გამოაქვეყნებს და რას არა.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ