გამოტოვებული თემები
კატეგორია: ეთიკა
16 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მედიის უახლესი გამოწვევების შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ტელეკომპანია “პირველის” პოლიტიკური გადაცემის წამყვანებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, გარკვეული ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრეს. ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ბაზარზე არსებული პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასივრცის არსებობა დისკომფორტს უქმნის. შეხვედრაზე, "რუსთავი-2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკითხის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროება მოითხოვა.

ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გააშუქა მოკლე კადრ-სინქრონის სახით, „ტვ პირველის“ საკითხი კი აქაც ყურადღების მიღმა დარჩა.
კატეგორია: ეთიკა
14 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთოხების უზრუნველყოფის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 თებერვალს მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან კიდევ ერთი მუშა, 26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და დაიღუპა. ეს თემა "მოამბის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.
კატეგორია: ეთიკა
6 თებერვალს პატიმართა წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული 7 პირის მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდნენ. სასამართლო განაჩენი საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა იყო, საკითხზე მასალა 8 საათიანმა „ქრონიკამაც“ მოამზადა. ტელეკომპანია „პირველის“ და „რუსთავი-2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს თემა ვერ მოხვდა.
კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას 372 011 ლარს უხდის. მაუწყებელი კომპანიისგან ორი გადაცემისთვის საჭირო განათებებს ქირაობს, ეს გადაცემებია - „არჩევნები 2017“ და “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”. მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანია - "სილქ ფაქტორი სტუდიო" მონაწილეობდა. ამის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს „ნეტგაზეთის“ მასალიდან გახდა, თემის მიმართ საჯარო ინტერესიც სწორედ ამ დღეს გაჩნდა. მიუხედავად ამისა, თემა 8 საათიან „მოამბეში“ ვერ მოხვდა.
კატეგორია: ეთიკა
4 ოქტომბერს, სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ თბილისის 170-მდე საბავშვო ბაღის დირექტორს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. 5 ოქტომბერს, გამოძიების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, თემა საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგში პირველივე ბლოკში მოხვდა. გამონაკლისი მხოლოდ 8 საათიანი „მოამბე“ იყო, რომელშიც საკითხი არ გაშუქებულა. 5 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში შემდეგი თემები მოხვდა:



კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის მხრიდან დახმარების შეთავაზებას. 26 აგვისტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ამბობდა, რომ დახმარებისთვის გაეროს მიმართეს, შესაბამისად, რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა არა საქართველომ, არამედ გაერომ გაუგზავნა. ამავეს ამბობდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე: „არანაირი დახმარება ქართულ მხარეს რუსეთისთვის პირდაპირ არ უთხოვია. გაეროს ფარგლებში რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება“.

28 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. "რუსთავი-2" დაუკავშირდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა საქართველოსგან ნოტა მიიღო, რომელშიც ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას ითხოვდა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩართვაზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა და მაყურებელს მისი შინაარსი გააცნო. სამინისტრო ამ განცხადებაში ადასტურებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები შედგა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ ხანძრის ჩასაქრობად მოიძია ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდანაც. სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ჯერ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესაუბრა, შემდეგ კი შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს საქართველოსგან ნოტა გაეგზავნა. საკითხით დაინტერესდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. მეორე დღეს, 29 აგვისტოს თემა გააგრძელა „კურიერმა“, ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტები “იმედისა” და "tv პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც გავიდა. ამ არხებისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან “მოამბეში” ეს თემა ვერ მოხვდა.
კატეგორია: ეთიკა
26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის შედეგები წარმოადგინა. ამ ნაწილში საუბარი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევის შედეგები 26 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა, თუმცა ის გააშუქეს, რუსთავი 2-ის, იმედისა და TV პირველის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებებმა.

კითხვარს შორის მოხვდა ისეთი აქტუალური საკითხები, რომლის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არსებული სასჯელი. მათგან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა კვლევის გასაჯაროების დღეს დაძლია.

კვლევიდან ირკვეოდა, რომ გამოკითხულთა 44%-მა არ იცოდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდებოდა, 59%-სთვის კი მიუღებელი იყო ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ერთი ხელმძღვანელის არსებობა. საერთო ჯამში ამ ცვლილებას ქვეყნისთვის უარყოფითი გავლენის მომტანად 45% აფასებდა.

NDI-ის კვლევით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 60%-მა არ იცის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. იმ ადამიანებიდან ვინც იცოდა (32%) რეფორმის შესახებ, ნახევარზე მეტი (59%) ამბობდა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან არსებულ დანაშაულს: გამოკითხულთა 57% მიიჩნევდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს ციხეში არ უნდა იხდიდნენ.

კატეგორია: ეთიკა
17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ურაველში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ბეგლარ კაპანაძეს, მის მამას და შვილს სცემეს. კაპანაძე ცემაში “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებდა. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “იმედმა” და “TV პირველმა” 17 ივლისს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქეს. ამ ამბის შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-ის მაყურებელი შეიტყობდა.
კატეგორია: ეთიკა
10 ივლისს ცნობილი გახდა იუნესკოს 41-ე სესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გელათი საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიის სიიდან ძირითად ნუსხაში დაბრუნდა, ბაგრატის ტაძარი კი ამ ნუსხის მიღმა დარჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც ბაგრატის და გელათის ტაძრები 2010 წელს ძირითადი ნუსხიდან ამოიღეს, 2009 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ 2012 წელს იუნესკო წინასწარ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ “სამუშაოებმა, რომელიც ბაგრატის ტაძარზეა ჩატარებული, გადაფარა ტაძრის პირველადი ავთენტურობა, ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო”.

10 ივლისს იუნესკოს გადაწყვეტილება გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა სიახლე ვერ მოხვდა 9 საათიან “კურიერში”.
კატეგორია: ეთიკა
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას, 15 ივნისს მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მისასალმებელია, საქართველოს მხრიდან საქმის გამოძიების დაწყება, თუმცა ხაზგასმულია, რომ გამოძიება ეფექტიანი უნდა იყოს. რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსია 14 ივნისს გამოქვეყნდა, ამ დღეს თემა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა, ხოლო 9 საათიან „კურიერში“ მეშვიდე ამბად გავიდა. 15 ივნისს კი რეზოლუციის მიღება ოთხივე ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგში მოხვდა, თუმცა ყველა არხს, გარდა რუსთავი 2-სა, საკითხი პირველივე ბლოკში, პირველ სიუჟეტად ჰქონდა.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ თუკი მუხთარლის საქმეში საქართველოს მონაწილეობა დადასტურდება, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების იდეის, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისის ცენტრიდან 2 კვირის წინ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით, აზერბაიჯანში აღმოჩნდა დაკავებული. თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებით, იგი გაიტაცეს, რაშიც ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას.


თემის გაშუქება 15 ივვნისის გამოშვებაში
კატეგორია: ეთიკა
2017-04-28 27 აპრილს, ფოტოგრაფების საქმეზე ნათია გედენიძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“, „პირველის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, პირველივე ბლოკში გაშუქდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 9 საათიან კურიერში კი ამბავი ვერ მოხვდა.

27 აპრილს ფოტოგრაფების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნათია გედენიძემ ისაუბრა 6 წლის წინ, მისი და მისი კოლეგების დაკავებაზე და აღნიშნა, რომ მაშინ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სასურველი ჩვენების მიცემა აიძულეს. გედენიძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი ოჯახის კომპიუტერიდან ამოღებულიპიკანტური ფოტოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა, რის შედეგადაც, გედენიძისგან იძულებითი ჩვენება მიიღო.

პროკურატურის თანამშრომლებმა დავით დევნოზაშვილი 2016 წლის 6 დეკემბერს დააკავეს, ხოლო ძალოვანი უწყების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს ინტერპოლით ეძებენ. საგამოძიებო უწყების განმარტებით, 2011 წელს 4 ფოტოგრაფის დაპატიმრების მოტივი იყო არა ჯაშუშობა, როგორც ეს ოფიციალურ ბრალში აღინიშნა, არამედ მათ მიერ, 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელება.


კატეგორია: ეთიკა
25 აპრილს ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა სუსის მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ქონების შესწავლის მოთხოვნით. მათი აზრით, იკვეთება ელიტური კორუფციის ნიშნები.

პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა სუსის შენობასთანაც, სადაც გოგაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. იქამდე, სუსის მაღალჩინოსნის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი კვირას, 23 აპრილს "კურიერ P.S. ში" მომზადდა, მასალის მიხედვით, სამი წლის წინ, სუსის მაღალჩინოსანი სოციალურ შემწეობას იღებდა, დღეს კი სოლიდური ქონების პატრონია.

მედიასაშუალებების ნაწილის დღის წესრიგში ეს თემა ვერ მოხვდა. ორშაბათს, 24 აპრილს საკითხი, "რუსთავი 2-ის" გარდა, არც ერთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა. პროკურატურისთვის მიმართვის დღეს, 25 აპრილს კი ამბავი "მაესტროს" და "იმედის" მთავარმა საინფორმაციო გამოშვებებმა გამოტოვეს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიანმა "მოამბემ" ის მეთხუთმეტე ამბად, გამოშვების 50-ე წუთზე კადრ-სინქრონის სახით გააშუქა.