კატეგორია: ბლოგი
მედიას შეუძლია ტკივილი აჩვენოს.
მედიას შეუძლია ტკივილი შეამსუბუქოს.
მედიას შეუძლია გადაარჩინოს.
მედიას შეუძლია მოკლას.
მედიას შეუძლია დაიცვას.
მედიას შეუძლია ზურგი აქციოს.
არჩევანი - ჟურნალისტზეა და არა კონკრეტული ტელევიზიის მიკროფონზე და
ლოგოზე.
და არჩევანი ყოველთვის არსებობს.
„solution journalism” - ასე დაარქვეს ევროპელმა და
ამერიკელმა ჟურნალისტებმა ამ საუკუნის „მომავლის ჟურნალსიტიკას“.
ჟურნალისტის ერთ-ერთი პროფესიული მოვალეობაა, აჩვენოს პრობლემა,
რომელიც ეხება სხვას და/ან შესაძლოა შეგვეხოს ჩვენ. ახალი ამბების
ყურებისას მაყურებელმა პრობლემასთან ერთად, ჟურნალისტის დახმარებით,
უნდა დაინახოს გამოსავალი და შესაბამისი ქცევის მოდელი.
რა შეუძლია პროსოციალურ
მედიას?
მედიას შეუძლია აირჩიოს გამოსავალი და აჩვენოს: ანტისოციალური ქცევები
(აგრესია, ძალადობა, სტიგმატიზირება და სხვ.) ან პროსოციალური ქცევები
(თანადგომა, ემპათია და გაზიარება, სოლიდარობა, ქველმოქმედება,
მხარდაჭერა).
მაგალითად, ტრაგიკული მოვლენის, მკვლელობის, ძალადობის, სტიქიური
უბედურების გაშუქების დროს მედიას შეუძლია აჩვენოს
მოქალაქეების/მაყურებლის მხრიდან მსხვერპლის მიმართ გამოხატული
თანაგრძნობა, ქველმოქმედება, ემპათია და ტკივილის გაზიარება,
სოლიდარობის აქცია...
როცა მაყურებელი
ტრავმირებულია
2001 წლის 9/11-ის ტერორისტული აქტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი
ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელსაც ამერიკელები მუდმივად იხსენებენ.
ამერიკული მედია, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ წელს აჩვენოს შემზარავი და
შოკისმომგვრელი კადრები - აჩვენებს მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს, გამოხატავს თანადგომას მათი ოჯახებისადმი, იხსენებს მათ
ადამიანურ ისტორიებს, აჩვენებს უსაზღვრო ემპათიას და ტერაქტის
რეკონსტრუირებულ ადგილს ისეთს, როგორიც ის არის ახლა. კარგია, რომ იქ
მედიას თავში არ მოუვიდა 9/11-ის საარქივო მასალის გამოყენებით
რეალობის მოდელირება და მოსახლეობის რეტრავმატიზაცია, რომელსაც,
შესაძლოა, პანიკური შიშიც გამოეწვია და რეალობასა და მოდელირებას
შორის საზღვარიც წაეშალა.
როცა მსხვერპლი
რესპონდენტია
საინფორმაციო გამოშვებებსა თუ ტოქ-შოუებში, მედია ცალსახად უნდა
მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას. ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის
ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს და მოვლენებს
იხსენებს... ასეთ დროს, პროცესის „ეკოლოგიურად“ (ფსიქოლოგიურად დაცული
გარემოს შექმნით და უსაფრთხო მიდგომით) წარმართვისთვის ხშირად წლების
მანძილზე მიღებული გამოცდილებაც არ კმარა, ფსიქოთერაპევტებისთვისაც
კი, რადგან იმპროვიზაციები შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო და/ან ახალი
ტკივილის მომტანი.
ტრაგიკული მოვლენების რეკონსტრუირებისას, არის დიდი ალბათობა, რომ
მსხვერპლის გონებაში თანმიმდევრულად გაცოცხლდება ტრავმული ეპიზოდები
და პირველადი შეგრძნებები. ასეთი სახის ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს
(დიდი სიფრთხილით) ფსიქოთერაპიული სეანსის ან ჰიპნოზის დროს. თითოეული
სიტყვა შეიძლება იყოს აგრესიის ან სიმშვიდის გამოწვევის ტრიგერი.
თუ ტრავმული ეპიზოდის გახსენება მედიით ხდება, სჯობს ინტერვიუ
რესპონდენტისთვის იყოს იმ რეალურ სამყაროსთან შემაკავშირებელი ხიდი,
საიდანაც მისთვის მოდის თანადგომა და უსაფრთხოება. სჯობს
ჟურნალისტების კითხვები (პერიოდულად მაინც) მისთვის ასოცირდებოდნენ
არა მხოლოდ წარსულთან, არამედ აწმყოსთან და მუდმივად ახსენებენ მას,
სად იმყოფება, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს.
მაგალითად, ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის
დახმარებით უმჯობესია რესპონდენტმა გაიხსენოს ის პერიოდი, როცა ჯერ
კიდევ არ იყო ტრავმა, ხოლო ინტერვიუს ადგილად აირჩეს ის ადგილი,
რომელიც ნაკლებად ტრავმულია მისთვის. თუ ეს ადგილი სატელევიზიო
სტუდიაა, რესპონდენტმა სტუდიაში ან ჩაწერაზე, პირველ რიგში, თავი უნდა
იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.
დაუშვებელია შოკური ტრავმის მსხვერპლის ბულინგი და/ან კუთხეში
მიმწყვდევა. ამ დროს შესაძლოა, ტრავმის გამოღვიძებით და ფსიქოლოგიური
საშიშროების დანახვით რესპონდენტი: ან გაიქცეს, ან აგრესია აჩვენოს,
ან გაშეშდეს/გაიყინოს. და თუ სტრესული სიტუაცია არ დასრულდა ბრძოლით
ან გაქცევით, ამან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ფიზიკურ
მდგომარეობაზე (ფსიქოთერაპევტებმა იციან, რომ ეს მდგომარეობა
განსაკუთრებით საშიშია ჰიპერტონიით ან დიაბეტით
დაავადებულთათვის).
საბოლოოდ, ფსიქოთერაპევტსაც და მედიასაც უნდა სურდეს და რაც მთავარია,
უნდა იცოდეს და შეეძლოს, მსხვერპლისთვის ტკივილის შემსუბუქება და არა
მხოლოდ მისი ტკივილის ჩვენება, ზედაპირზე ამოტანა. ამისთვის კი
მნიშვნელოვანია მისი მუდმივად რეალობაში დაბრუნება, რეალობის
შეხსენება და არა წარსულით რეტრავმატიზაცია. ასეთ დროს, მთავარი
ადამიანის, მსხვერპლის ემოციური თანადგომაა და არა მისი კათარზისის
მცდელობა.
რა შეუძლია
მაყურებელს?
თურმე, მაყურებელს შეუძლია მსხვერპლს ტკივილი შეუმსუბუქოს.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო 2015 წლის 13 ივნისი, როცა
სტიქიამ 19 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ითვლება. მედიაში მხოლოდ პრობლემის და ტრაგედიის ჩვენება როდი მოხდა.
მაყურებლის, მოხალისეების ჩართულობა და აქტიურობა გასცდა ე.წ.
clicktivism-ს .
მოქალაქეები სოციალური ქსელებით (გამოცდილების და ინფორმაციის
გაზიარებით, მობილიზებით, ქველმოქმედებით) და მის მიღმა, რეალურად
ჩაერთნენ პრობლემის მოგვარების პროცესში, დაინახეს მისაბაძი
ადამიანები (ძირითადად ახალგაზრდები) და მათი საქციელის მედიაში
დემონსტრირებით გამოიკვეთა სოლიდარობის, ემპათიის და თანაგრძნობის,
ქველმოქმედების, რეალური დახმარების ფრეიმები. ასეთი დიდი ტკივილის
დროს მაყურებელიც ხედავს სცენარს, რომ „თურმე რაღაცის გაკეთება ასეთ
საშინელ დროსაც შეუძლია“ და „თურმე შეგვიძლია შევამსუბუქოთ სხვების და
ჩვენი ტკივილი“.
ნებსით თუ უნებლიეთ, მაყურებელი, რომელიც ტრავმული სცენარის ნაწილი
ხდება, მსხვერპლთან ერთად პოულობს გამოსავალს, ეძებს სხვის და უკვე
საკუთარ უსაფრთხოებას, პოულობს გადარჩენის სცენარებს და რაც მთავარია
- მოქმედებს. და ეს კარგია.
რას ვთხოვთ
ჟურნალისტს?
პროფესია მოითხოვს, რომ ჟურნალისტი მეტაპოზიციიდან დააკვირდეს
მოვლენებს, რაც რთულია. იგი არ უნდა აღმოჩნდეს მხარე „კარპმანის
დრამის სამკუთხედში“, სადაც „გმირი შეიძლება მსხვერპლი გახდეს,
მსხვერპლი – მოძალადე, მოძალადე - გმირი“ და ასე დაუსრულებლად.
ინტერვიუს მოსაპოვებლად ზოგჯერ ჟურნალისტებიც თითქოს იძულებულები
არიან იყვნენ აგრესიულები, მაგრამ არა ჭირისუფალთან, არა ტრავმირებულ
მოზარდთან, არა შვილმკვდარ მშობელთან... როცა მსხვერპლის ტკივილს
ვუყურებთ, ან როცა ვხედავთ, რომ მისი დასჯა და ტრავმირება ისევ
გრძელდება, ან როცა მის მიმართ ბულინგი წახალისებულია, მინდა
გვახსოვდეს, რომ მსხვერპლი ჩვენგან სხვა რამეს ელის. ჟურნალისტი
მისთვის შესაძლოა გახდეს საყრდენი, რომელიც მაყურებელთან ერთად,
თანადგომის ხიდის გავლით, დააკონტაქტებს რეალობასთან და ცოტათი მაინც
შეუმსუბუქებს ჭირისუფალს გაუსაძლის ტკივილს და იქნებ დაეხმაროს კიდეც
რესურსების აღდგენაში.
და მაშინ, კითხვები, პასუხები და ლოგოიანი მიკროფონიც კი შეიძლება
გახდეს ემპათიური.