გინება ეთერში, როგორც ქვეყნის მთავარი ამბავი
24.04.2019
მისაღებია თუ არა გინება პირდაპირ ეთერში? - ეს არის იმ ქვეყნის ორი მთავარი არხის მთავარი საკვლევი საკითხი, სადაც ბავშვები შიმშილით კვდებიან; სადაც სასამართლო უვადოდ ბარდება კლანს; სადაც ერთი ადამიანის ხელშია ყველა სახელისუფლებო ბერკეტი; სადაც ოკუპანტი ქვეყანა რბილი ძალის გამოყენებით სულ უფრო აფართოებს მხარდამჭერების წრეს, სადაც მოსახლეობა იძულებულია ქვებით და ხელკეტებით დაიცვას თავი ხელისუფლებისგან და ა.შ.

ჩამონათვალი ძალიან გრძელი გამოვა. იმდენი პრობლემაა, რომელიც მედიის ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ…

მაგრამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ქვეყნის დე ფაქტო მთავარს აგინებს; მთავრის მაგინებელს კი საგულდაგულოდ შერჩეულ მოქალაქეებს აგინებინებს მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში მომუშავე ტელეარხი.

და ზუსტად ამ დროს არ დააყოვნა საზოგადოების სახელით მოლაპარაკე ადამიანების ჯგუფის ინიციატივამაც, რომელიც მედიასივრციდან უხამსი ლექსიკის კანონით განდევნას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის თაობაზე ტელეიმედიდან შევიტყვეთ, რომელმაც საქართველოს მეცნიერთა, მწერალთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა უწოდა ერთგვერდიან წერილს, რომელსაც ხელს 60-მდე ადამიანი აწერს.

ამ წერილს მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებაც, რომლის მიხედვით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სატელევიზიო სივრცის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილებას, რათა “ამ სივრციდან არ იღვრებოდეს, აგრესია, ძალადობა, უხამსობა”.

არადა, საქართველოში უკვე მოქმედებს ორი კანონი, რომლებშიც უხამსობაზეა საუბარი. ესენია, კანონები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა” და “მაუწყებლობის შესახებ”. ამ კანონების მიხედვით, უხამსობა - ეს არის განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღირებულება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული ხელისუფალის, კონკრეტული ინსტიტუციის მიმართ ტელეეთერით გინებას? - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ მოქალაქეს შეუძლია დღეს მოქმედი კანონებითაც მიიღოს, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტს მიმართოს კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს ან პირდაპირ სასამართლოს.

მაშინ რატომ შეიძლება ირჯებოდნენ ისინი დამატებით და რა საფრთხის მატარებელია ამ მიმართულებით მედიის ნებისმიერი სახის რეგულირებაზე აპელირება?

ამ ხერხს უკვე მიმართა რუსეთმა. 2013 წლის მარტში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც ჯარიმები დაწესდა მედიაში უცენზურო სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენებისთვის. შედეგი იქამდე მივიდა, რომ როსკომნადზორი მედიასაშუალებებს უცენზურო გამონათქვამების შემცველი რეპ-ბათლის ვიდეოს გამოქვეყნებისთვისაც კი აჯარიმებს.

საქართველოს სინამდვილეში, ასეთი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მედიასაშუალებების დაჯარიმესთვის საკმარისი იქნებოდა პარლამენტის სხდომების ვიდეოტრანსლაციაც, რადგან საპარლამენტო სხდომებზე აქ ნამდვილად “მოსულა” პრემიერის მხრიდან კეთილების გინება, შეიძლება ჩართულ ან გამორთულ მიკროფონშიც “გაიპაროს” სპიკერის უცენზურო გამონათქვამი და ა.შ.

უფრო მეტიც, პოლიტიკოსების მხრიდან გინება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად მიმართავს უხამს ლექსიკას და მას, ცხადია, აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია.

თუმცა, მხოლოდ გინება არ არის უხამსობა. მაგალითად, სექსზე ტელეეთერიდან საუბარი რამდენიმე წლის წინ უხამსობად აღიქმებოდა საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილში და ტელევიზიებთან მასობრივი საპროტესტო აქციებიც იმართებოდა ასეთი გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. დღეს ამ თემაზე დისკუსიები იმართება, ვსაუბრობთ სკოლებში სექსუალური განათლების აუცილებლობაზე და ა.შ.

ამდენად, მედიაში ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღება ვერანაირად ვერ მოემსახურება საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ კეთილ ზრახვებს და ის მხოლოდ ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია ორგანიზაციების დევნისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამის პარალელურად, აუცილებელია უშუალოდ მედიის თვითრეგულირების მექანიზმების აქტიურად გამოყენება და მას, პირველ რიგში, საზოგადოება უნდა იყენებდეს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთ კონკრეტულ სტატიაზე ან ტელეგადაცემაზე შეიძლება 50 ათასი საჩივარი შევიდეს თვითრეგულირების ორგანოში მოქალაქეების მხრიდან. ასე იქცევა საზოგადოება, რომელსაც აღელვებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, ამბების ზუსტი და მიუკერძოებელი გაშუქება, ბავშვის უფლებები, მოქალაქეების დაცვა დისკრიმინაციისაგან და ა.შ.

და რაც მთავარია, ასეთ საზოგადოებაში ჟურნალისტები იძიებენ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებაში აღძრავენ პროტესტს და შესაძლოა, იწვევენ საზოგადოების მხრიდან გინებასაც კონკრეტული ხელისუფლებების მიმართ. და ეს გინება, როგორც საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს, მათ შორის, სატელევიზიო სივრცეში.

ბლოგის ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ