რატომ არის ასე ძნელი მედიისა და პოლიტიკის გამიჯვნა საქართველოში
18.09.2023
„მთავარი“ არხის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ ამავე არხის გადაცემაში „შენი შუადღე“ რამდენიმე სკანდალური და ამავე დროს, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. მან, ძირითადად, ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც ყველაზე პოპულარული ოპოზიციური არხის დირექტორი (სავარაუდოდ, ხელისუფლების?) „მაღალი ეშელონებიდან“ და საკუთარი „მეგობრებისგან“ განიცდიდა.

ამავე დროს, გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქამდე, აუდიტორიის თვალში, „მთავარი არხი“ ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა მისი მტკიცებით, ახლა აღარ არსებობს იმის მიზეზი, რომ ეს არხი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან გავაიგივოთ.

ამ დებატებში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი იყო. საკითხავია, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს ოპოზიციური ტელეარხის ესეთ მჭიდრო ასოცირებას პარტიასთან და რა ობიექტური წინაპირობები უნდა არსებობდეს ამ კავშირის მოსასპობად. ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ.

ვფიქრობ, საქართველოს კონტექსტში მიზეზი, რატომაც ოპოზიციური არხიც კი შეიძლება ასოცირდებოდეს კონკრეტულ პარტიასთან, ძირითადად, ორია. ქვემოთ, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ.

პირველი მიზეზი მაყურებლებს შორის არსებული პოლარიზაციაა. ტელეარხები არა მხოლოდ ქმნიან პოლიტიკურ განწყობებს, არამედ ისინი ცდილობენ, რომ მინიმალურად დონეზე მაინც დააკმაყოფილონ მაყურებლების პრეფერენციები. ამ აზრით, ისინი ჰგვავან პოლიტიკოსებს, რომლებსაც ამომრჩეველთა ხმების მოზიდვა აქვთ მიზნად. „მთავარი არხი“, ბუნებრივია, რომ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მაყურებელი და ამისათვის მას უწევს გარკვეული პოლიტიკური პოზიციების დაკავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მხოლოდ ნაწილობრივ სწორია ნიკა გვარამიას ვარაუდი, რომ „მთავარი არხი“ კი არ იყო აქამდე რომელიმე პარტიის გაგრძელება, არამედ „შესაძლოა პირიქით უფრო ყოფილიყო“. მართალია ის, რომ განვითარებულ დემოკრატიებშიც კი ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნების ფორმირებაში. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ელექტორატის პოლიტიკური პრეფერენციები, გარკვეულ დონემდე, კრისტალიზირებულია, დიდწილად, მოთხოვნა განსაზღვრავს ხოლმე მიწოდებას.

მეორე მიზეზი, რატომაც „მთავარი არხი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, ის არის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს კომერციულად მომგებიანი ტელეარხი. თითქმის ყველა ტელევიზიის არსებობა მჭიდროდ არის დამოკიდებული არა მხოლოდ მაყურებლების რაოდენობაზე (რაც თავის მხრივ განსაზღვრავს რეკლამების რაოდენობას), არამედ დონორების კეთილ ნებაზეც.

მაშინაც კი, როდესაც დონორები არხისგან ღიად არ ითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პოზიციების დაკავებას, პოლარიზებულ გარემოში, ზოგიერთ ჟურნალისტს შეიძლება თვითცენზურა ჩაერთოს. როგორც გაბუნიამ ზემოთხსენებულ ინტერვიუში აღნიშნა, ზოგიერთ მათგანს გაუხარდა, როდესაც არხის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შეეძლოთ აღარ ყოფილიყვნენ შებოჭილნი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით.

როგორც ვხედავთ, მიზეზები, რატომაც არასამთავრობო ტელეარხი შეიძლება მიბმული იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს იმდენად ღრმაა, რომ ტელემედიისა და პარტიული პოლიტიკის გამიჯვნა საქართველოში ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. შესაძლოა, ამ კავშირის ბოლომდე გაწყვეტა თეორიულადაც კი შეუძლებელი იყოს (ვინაიდან ყველა კერძო არხი, საბოლოო ჯამში, შეეცდება მაყურებლის გულის მოგებას). თუმცა პოლიტიკისა და მედიის მჭიდრო კავშირის შედარებით შესასტურებლად, პროგრამა მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს, კომერციული მოგების მქონე ტელევიზიების შექმნაა.

კომერციული ტელევიზიები და ზოგადად, კომერციული მედია ცალკე ვრცელი თემაა. ამიტომ ამ საკითხს სხვა ბლოგში დავუბრუნდები. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ პრობლემის მოგვარება მისი ჯეროვნად გააზრებით უნდა დავიწყოთ.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ