„მთავარი არხის“ ოპერატორს, რომელიც პროფესიული საქმიანობისას დააკავეს, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
12.02.2025

ფოტო : „პუბლიკა" 


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

სერგი ბარამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების პირველი ნაწილის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავებოდა.

„მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დღეს პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

სერგი ბარამიძისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კი, 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სერგი ბარამიძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა, უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა.

10 თებერვალს გამართულ სხდომაზე სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით სერგი ბარამიძის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო  და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

„რეალურად გინება რომ არ ყოფილა, ეს დაადასტურა მოსამართლემ და არ გაამტყუნა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი შეურაცხყოფაში, მაგრამ გაამტყნა, რომ თითქოს, ის ხელს უშლიდა პოლიციელებს სხვა ადამიანების დაკავებაში, რაც ასევე, სრული აბსურდია. ვიდეოკადრებითაც ჩანს, რომ იგი ხელს არავის არ უშლიდა, უბრალოდ იდგა. ჩვენების მიცემის დროს პოლიციელს რომ ვკითხე, ხელს რა ფორმით გიშლიდათ-მეთქი, მიპასუხა იქ იდგაო. რომ იდგა, ეს ჩათვალეს პოლიციისადმი ხელშეშლად“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას  სერგი ბარამიძის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე. 

ტაბატაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია:

„სერგი ბარამიძე თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ყველამ ნახა ვიდეომასალა, სადაც ეს ფაქტია ასახული. ამ დროს მას მოძალადე პოლიციელები დაესხნენ თავს და ასევე, ვიდეოზე ასახულია, რომ სახეში ურტყამენ გამეტებით. ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

იქ [ვიდეოში] საერთოდ არ ისმის არც ლანძღვა-გინება, არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ყველა საფუძველი იყო იმისთვის, რომ სერგი ბარამიძე სრულად გამართლებულიყო. ის დანაშაულის მსხვერპლია და არა - სამართალდამრღვევი“. 

სერგი ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ევალება, მეორე დღესვე, 2024 წლის 20 ნოემბერს გამოკითხეს. დაიწყო თუ არა ამ საქმის გამოძიება სამსახურმა და მიენიჭა თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი, „მედიაჩეკერი“ ამის გასარკვევად პრესსამსახურს დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ