მედიაომბუდსმენი: საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს
25.10.2024
კატეგორია - საქართველო



„მედიაომბუდსმენმა“ მედიისთვის წინასაარჩევნო პერიოდი (2024 წლის 27 აგვისტოდან -  25 ოქტომბრამდე) შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო და წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე ხელი არ მიუწვდებოდა. 

„მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები კი ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო.

მედიის კონტროლის მექანიზმები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. “რუსული კანონის” მოქმედებაარ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. ამ კანონის ძალით, ხელისუფლება მედიას და სამოქალაქო სექტორს უცხოური გავლენის აგენტებად მიიჩნევს. მოიცავს მათ შორის, მედიის სფეროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების რისკებს, ასევე შექმნა მედიაორგანიზაციების დახურვის წინაპირობა.

მედიის რეგულირების პოლიტიკური შინაარსი

- წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია “ქართული ოცნების” მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს;

- კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი;

- კომისიამ ედისონ რისერჩის კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არის ნათელი ჩანაწერი, რა დამატებით მექანიზმებს ითხოვდა კომისია. აღსანიშნავია, რომ არხი კვლევით ორგანიზაციასთან 9 წელია თანამშრომლობს და სადავო არასოდეს გამხდარა. წლის მანძილზე “ფორმულამ” ხუთი კვლევა გამოაქვეყნა იგივე სტანდარტით.

- წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლების მხრიდან უპრეცედენტო და საგანგაშო კანონდარღვევები გამოვლინდა და სადამკვირვებლო მისიებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე, კომუნიკაციების კომისიამ მყისიერად გამოთქვა შეშფოთება, რომ მაუწყებლების ქმედება ქმნიდა საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან დაინახა რისკი, რომ სხვა არხებიც მიბაძავდნენ აღნიშნულ სამ მაუწყებელს, რაც დააზიანებდა საარჩევნო გარემოს.მოგვიანებით ასეც მოხდა და ასევე ღიად, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „ტელეიმედმა“, „მაესტრომ“, „პოსტვ“-მ და „რუსთავი 2“-მა, რომ არ განეთავსებინათ ეთერში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რგოლები - მითითებულია კომისიის 17 ოქტომბრის განცხადებაში.

კრიტიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ვის აკრიტიკებს "მედიაკრიტიკა"?

კომუნიკაციების კომისიამ 2018 წელს ა(ა)იპ “მედიააკადემია” დააფუძნა. მისი

ერთ-ერთი პლატფორმა “მედიაკრიტიკა” უმეტეს შემთხვევაში სწორედ კრიტიკული მედიასაშუალებების შესახებ ამზადებს მასალებს. “მედიაომბუდსმენმა” შეაფასა პლატფორმის სექტემბრის თვის აქტივობა, ოქტომბრის თვეში მედიაში არაერთი გამოწვევის მიუხედავად, “მედიაკრიტიკას” მასალები არ გაუვრცელებია:

- სექტემბერში გამოქვეყნებული მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისეული” დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა;

- საერთაშორისო ნაწილში, “მედიაკრიტიკის” პლატფორმის მთავარი “სამიზნე” ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო;

- ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ “ქართული ოცნების” დადებითი განწყობების გაშუქების გამო;

- გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს - ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება მედიისთვის

- თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მუდმივად იზიარებდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და სჯიდა კრიტიკულ

მაუწყებლებს;

- შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტელეკომპანია პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტების პერსონალური სანქცირება ეწინააღმდეგება შიდა და საერთაშორისო სტანდარტებს;

- თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს ე. წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი.

მოსარჩელეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ბუნდოვანია.


ჟურნალისტების უფლებები

- ქეთევან მოსიავა, QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტი, 23 ოქტომბერს ცდილობდა გადაეღო „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე თბილისში ორგანიზებულად მოქალაქეების გადაყვანა. ერთ-ერთ ლოკაციაზე,

შარტავას გამზირთან მუშაობის დროს, მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილე კარლო ნოდიამ. ნოდია ჟურნალისტისგან მოითხოვდა მედიის ბეიჯის წარდგენას მისთვის, ასევე აცხადებდა რომ არ აძლევდა ჟურნალისტს მისი გადაღების უფლებას. დაპირისპირების დროს ისმის მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარაც: „მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება.“

- „წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით... თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული...,“ – ასე მიმართა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძეს. შემთხვევა 16 ოქტომბერს, ხარაგაულში მოხდა. „ქართულ ოცნებას“ ხარაგაულის ცენტრში ამომრჩეველთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელზე დასწრების უფლებაც ჟურნალისტებს არ მისცეს.

- 11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. ონლაინ გამოცემამ “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა ვიდეო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე.

- “აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან“, დავით ბაციკაძე ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე პასუხობდა კითხვას. პასუხის შემდეგ ბაციკაძემ „სეპარატისტი“ და „მოღალატე“ უწოდა“ბათუმელების” ჟურნალისტს კითხვის დასმისთვის.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ამაზრზენი, სამარცხვინო და აღმაშფოთებელი” ვიდეორგოლების შინაარსი შეისწავლა და დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა


2024 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების საჩივარი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ. „საჩივარში მოხსენიებული საარჩევნო სუბიექტის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“.


უცხოელი ჟურნალისტების უფლებები

არჩევნების და ევროპული ვალდებულებების ფონზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულ ციხეშია. აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მეუღლე სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ „საქართველოში ალიევის დაკვეთით ადამიანებს კლავენ“.

ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება „მედიაომბუდსმენის“ საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ