„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს გურჯაანში თავს დაესხნენ
25.10.2024
კატეგორია - საქართველო

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა. 

ია გულიაშვილის თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდნენ.

„გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე იმის გასარკვევად მივედი, თუ როგორ მოხდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანი ჰყავთ რეგისტრირებული“. 

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, გადამღები ჯგუფის ადგილზე მუშაობის დროს, დაცვის პოლიციელები მივიდნენ, რომლებსაც კახა დევიძეც მიჰყვა. 

„საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნებოდა, რომ საარჩევნო უბანი უნდა დაიცვან და ამიტომ არიანო. ჟურნალისტი ვარ და თავისთავად იქ მყოფი პირებისგან ვცდილობდი, ინფორმაცია მიმეღო, რა მიზნით და რა მოტივით იყვნენ მოსულები, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ „ზონდერის“ კახა დევიძის  გაღიზიანება“.

ია გულიაშვილის თქმით, დევიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მის ხელთ არსებული ნივთები ესროლა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა. ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა 112-საც მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ