SJC სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარს სასამართლოში ასაჩივრებს
16.10.2024


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებლია. ცენტრი დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას აფგან სადიგოვის სახელით სასამართლოში ასაჩივრებს.

საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. რისკების წინაშე დგას მისი ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მარტოები თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს. 

„იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდება, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი, როგორც ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმა და აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამასთან, ეს უგულებელყოფს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასოს სადიგოვის მიმართ პოლიტიკური დევნისა და წამების ან არაადამიანური მოპყრობის ის რისკები, რომლებიც მას აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება და მიანიჭოს მას საერთაშორისო დაცვა, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანში მისი ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს.


ორგანიცაზია მიმართავს  საქართველოს პროკურატურასაც:

 

  • არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, რაც დაარღვევს კონვენციითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ აბსოლუტურ ვალდებულებებს;
  •  მხარი დაუჭიროს აფგან სადიგოვისთვის საექსტრადიციო პატიმრობის ზომის ცვლილებას და მის გათავისუფლებას, რაც, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს;
  • უზრუნველყოს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი შეხვდეს აფგან სადიგოვის მეუღლესა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებს და პირადად მიიღოს მათგან ინფორმაცია სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აზერბაიჯანში განცდილი დევნის შესახებ.


ადგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ