საქართველო
კატეგორია - საქართველო
პირველი სტატიები/რეპორტაჟები კოვიდის შესახებ მოამზადეს, როგორც ამბავი სადღაც, სამყაროს მეორე ნაწილში გაჩენილი ვირუსის შესახებ, რომელიც რასიზმს აღვივებდა. რესპონდენტების მონათხრობი ჰგავდა ფილმის კადრებს, ალბათ ღიმილის მომგვრელსაც და არც კი დაუშვიათ, რომ მალე ეს ყველაფერი მათ გარშემოც დაიწყებოდა… მას მერე ერთი წელი გავიდა... შიშით, შფოთვით, სასოწარკვეთით, ახლობლების მონატრებითა და მოლოდინით - როდის დაწერენ ბოლო ამბავს ვირუსზე, რომელიც დამარცხდა.

"პანდემია ჩემთვის აღმოჩნდა ფობია" - გვეუბნება ნინო თარხნიშვილი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რომელიც ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე სისტემატურად წერს კოვიდთან დაკავშირებულ ამბებს.

"ის ქცევები, რაც ჩამომიყალიბდა პანდემიის დასაწყისში - თუნდაც, მაგალითად, ნივთების წმენდა და პროდუქტების დასპირტვა (მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ძალიან ბევრი სტატიაც დავწერე, რომ ზედაპირებიდან ვირუსი არ გადადის ისე, როგორც თავიდან ეგონათ) - ეს ჩვევა, მე რაღაცნაირად ვერ შევიცვალე".

 

ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებს აშუქებენ, პანდემია ბევრი კუთხით აღმოჩნდა გამოწვევა. გაიზარდა მათი შრომის უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის რისკები, დატვირთვა, დამძიმდა ემოციური ფონი.

"გარდა იმისა, რომ უნდა იმუშაო და ახალ რეალობას მოერგო, ყველა ეს სტრესი, ყველა ინფორმაცია, ყველა უბედურება ჟურნალისტებამდე მოდის, მერე შენ ამას ფილტრავ და მკითხველს აწვდი. ჯერ ჩვეულებრივი, რიგითი მკითხველისთვისაც სტრესული და დამღლელია მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიღება პანდემიაზე, რომ ამდენი ათასი ადამიანი კვდება, რომ ადამიანები ტანჯვით იღუპებიან და ამ დროს ჟურნალისტებისთვის, რომლებასც ათჯერ მეტი ინფორმაციის და უბედურების მიღება უწევთ, კიდევ უფრო რთულია. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, არ არის ადვილი ამ ინფორმაციის გაფილტვრა და გინდა არ გინდა, ეს გონებაში რჩება", - გვეუბნება თაზო კუპრეიშვილი, ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი.



მისი შფოთვის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ დასახმარებლად სპეციალისტსაც მიმართა:

"მე პირადად შფოთვებიც მქონდა ღამღამობით ამ ინფორმაციული ნაკადით გამოწვეული, იმიტომ, რომ სულ ცუდზე ვფიქრობდი. გარდა პროფესიული კუთხით, ადამიანურადაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ჩაკეტვამ. ერთ ექიმს ველაპარაკე და პირველი რჩევა იყო - მაქსიმალურად მოერიდე ნეგატიურ ინფორმაციას კორონავირუსზე, გათიშე ფეისბუქი, ტელევიზორი და ამით ეშველება შენს შფოთვებსო. ძალიან გამეცინა, შეიძლება რიგითმა მკითხველმა ეს გააკეთოს, ინფორმაციაზე უარი თქვას, მაგრამ როდესაც პროფესიით ჟურნალისტი ხარ, ამას როგორ გინდა თავი აარიდო, არ ვიცი".


alt

დაღლის, შფოთვისა და "გადაწვის" განცდაზე საუბრობს ყველა, ვინც ბოლო ერთი წელია კოვიდის საკითხებს აშუქებს. ჟურნალისტების მძიმე ემოციურ ფონსა და დემოტივირებულობაზე საუბრობენ ქართველი გამომცემლებიც. სპეციალისტის დახმარებაზე კი ძალიან ცოტამ თუ იფიქრა.

"ტრენინგებიც კი გვაქვს გავლილი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი საქმიანობიდან გამოწვეულ სტრესს. ძირითადად, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა მიმართო სპეციალისტს. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მომსვლია აზრად. არამარტო ჟურნალისტურ წრეში, ზოგადად, საქართველოში იმის კულტურა არ არის, რომ სტრესის დროს სპეციალისტს მიმართო. ასე რომ, საკუთარ თავს ვეხმარებოდი", - ამბობს ზურა ვარდიაშვილი, ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი.

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ამზადებს გადაცემებს ვირუსზე, ამბობს, რომ მას ადამიანებთან ურთიერთობა დააკლდა: "მიგრძვნია, რომ ზღვარზე ვარ, ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი მინდა… ყველასთვის ძალიან მძიმეა და მერე ეს ფსიქიკაზე როგორ აისახება, ჯერ კიდევ არ ვიცით".

alt


თაზო კუპრეიშვილის მსგავსად, მას სპეციალისტისთვის არ მიუმართავს, ეცადა გამოსავალი სხვა გზით ეპოვა: "ბავშვებთან მეტ დროს ვატარებ, მეტს ვკითხულობ. ვცდილობ, რომ სახლში გატარებული დრო უფრო სასიამოვნო და ეფექტური იყოს. მეხმარება ისიც, რომ ძალიან ვარ ჩაბმული საქმეში, მუდმივად დატვირთული გრაფიკი მაქვს. ჯერჯერობით ვუძლებ. რაღაცნაირად გადავიტანე მუშაობით და კითხვით".



 

ემოციურ სირთულეებს თან სდევს გაათმაგებული შრომა.

"პანდემიის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. გაგვიათმაგდა შრომა, გარდა იმისა, რომ გაგვიათმაგდა სტრესი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობას ისედაც თან ახლავს. ისედაც დაძაბული ხარ, მუდმივად საქმის კურსში ხარ, ინფორმაციულ გადაღლას გრძნობ და ამას ემატება ვირუსი, რომელზეც, უბრალოდ, არაფერი არ იცი", - ამბობს ზურა ვარდიაშვილი, რომლისთვისაც, ცხადია, მისი კოლეგების მსგავსად, ასევე წარმოუდგენელია დისტანცირდეს ამბებისგან, - “მე ახლა თავში ერთი დიდი კორიანტელი მაქვს პოლიტიკის, ეკონომიკის, კორონავირუსის და კიდევ ათასი ამბის…”



"ჟურნალისტიკისა და ტრავმის დართ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ბრიუს შაპიროს შეფასებით, პანდემიის გაშუქება ფსიქოლოგიური წნეხია, იმის გამოც, რომ ამბის შინაარსის გარდა, რეპორტიორებს გამოჯანმრთელებულებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ინტერვიუების აღება, მსხვერპლების გადაღება და მძიმე მონაცემების გაცნობა უწევთ.

ნინო თარხნიშვილისთვის განსაკუთრებით სტრესული სწორედ გარდაცვლილი ადამიანების ახლობლების მოსმენა და მათი ისტორიების წერა აღმოჩნდა:

"განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩემთვის მკვდრების თვლა. ჩვენ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ეხლაც გრძელდება, კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ვწერთ, მოკლედ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ რიცხვები, მონაცემები და უბრალოდ სტატისტიკა და ამის მიღმა დგანან ადამიანები, თავიანთი ისტორიებით, ამბებით, გეგმებით, შეუსრულებელი მისიებით, ოცნებებით და ა.შ. ვუკავშირდებოდით მათ ახლობლებს და პირადად მე მიწევდა მათთან კომუნიკაცია. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი კომპიუტერის ერთი ფოლდერი სავსეა ამ ხმებით, როგორ ტირიან რესპონდენტები, იხსენებენ თავიანთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს… მერე მე აქედან ვუხდი ბოდიშს, რომ კიდევ ერთხელ გავუახლე ეს ძალიან მძიმე ტკივილი, მერე ისინი მიხდიან ბოდიშს, რომ თავი ვერ შევიკავეთ, და მოკლედ, ძალიან რთულია ამ თემაზე მუშაობა…" 



"იმედის კვირის" ჟურნალისტის ელენე ცინცაძისთვის, ასეთი მძიმე და ემოციური ბოქსირებულ პალატაში შესვლა აღმოჩნდა:

"მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით ქცევის წესები. შევედით და რაც იქ ვნახეთ და გადავიღეთ, მართლა იყო რაღაც უცხო და შემაშფოთებელი ჩვენთვის და ძალიან დავისტრესეთ. ეს იყო პირველი სიუჟეტი, რაც კოვიდზე გავაკეთე... პანიკური შიში მქონდა ნებისმიერი გადაღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესებს ვიცავდი, მაინც მქონდა შიში, რომ ვირუსი დამემართებოდა".

 
და მთავარი, რაც ამ შფოთვებისა და სასოწარკვეთის ფონზე ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, აუდიტორიისთის ინფორმაციის ამ განცდების გარეშე მიწოდებაა. ეს კიდევ ერთი, დამატებითი სტრესორია. ახლა ყველა მხოლოდ იმ დღეს ელოდება, როდესაც დაწერენ ბოლო ამბავს ვირუსზე, რომელიც დამარცხდა.

კატეგორია - საქართველო

ინტერნეტში რეკლამისთვის პოლიტიკური პარტიები უმეტესად არა ონლაინ მედიას, არამედ ფეისბუკს მიმართავენ. ამას ადასტურებს საარჩევნო სუბიექტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები.

“ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებს მოიცავს და ასახულია კონტრაქტები, რომლებიც ივლისიდან არის გაფორმებული, ინტერნეტ რეკლამაში მმართველმა პარტიამ, ჯამში, 689,825 ლარი დახარჯა.

ინტერნეტ რეკლამისთვის გამოყოფილი თანხის 44%, 300 ათას ლარზე მეტი, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუკისთვის გამოიყენა. დარჩენილი თანხით კი სარეკლამო მომსახურება 39 ონლაინ მედიასაშუალებაში შეისყიდა.

აუდიტის სამსახურში წარდგენული დოკუმენტების მიხედვით, ონლაინ მედიაში რეკლამისთვის დახარჯული თანხის 30%-ზე მეტი “ქართულმა ოცნებამ” ერთ მედია ჰოლდინგში გამოიყენა: ვებგვერდებზე - www.ipn.ge, www.palitravideo.ge, www.allnews.ge, www.bpn.ge, www.intermedia.ge, www.ambebi.ge, www.shin.ge - მმართველმა პარტიამ 121 ათას ლარამდე ღირებულების სარეკლამო მომსახურება შეისყიდა.

10 კომპანიაზე ნაწილდება “ქართული ოცნების” მიერ ონლაინ მედიაში საარჩევნო რეკლამისთვის დახარჯული თანხის 65%. კომპანია “აირეგიონთან”, რომელიც აერთიანებს ვებგვერდებს - www.ipress.ge, www.ibusiness.ge, www.iregions.ge, www.imtarvroba.ge - მმართველმა პარტიამ 31 ათასი ლარის ღირებულების სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა; “პირველთან” (www.pia.ge, www.dijest.pia.ge) - 16,668 ლარის ღირებულების; “კვირა+”-თან (www.kvira.ge, www.region.kvira.ge) - 14,018 ლარის ღირებულების კონტრაქტი. ათეულში შედიან “რეპორტიორი” (www.reportiori.ge, www.qartuliazri.ge), www.primetime.ge, www.accentnews.ge და 2 რეგიონული ონლაინ მედიაორგანიზაცია - www.newpress.ge (იმერეთი) და www.speqtri.ge (კახეთი).

იმ მედიაორგანიზაციების სრული ჩამონათვალი, რომლებთანაც საარჩევნო პერიოდში ინტერნეტრეკლამის მომსახურება შეიძინა “ქართულმა ოცნებამ” შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში, რომელიც აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს:


ცხრილი#1: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო რეკლამა განათავსა: 


alt
alt
alt
alt

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ინტერნეტრეკლამაში მათ ჯამში 336,381 ლარი დახარჯეს.

საერთო თანხის მხოლოდ 5,5% გამოიყენა ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ ონლაინ მედიაში და ამ თანხით მხოლოდ 8 მედიასაშუალებაში განათავსა რეკლამა და ყველა მათგანი რეგიონული კომპანიაა.



ცხრილი #2: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც ენმ-მ საარჩევნო რეკლამა განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):



alt



320 ათას ლარამდე ღირებულების სარეკლამო შესყიდვა განახორციელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ფეისბუკისგან, ანუ ყოფილმა მმართველმა პარტიამ ინტერნეტრეკლამის ბიუჯეტის 94.5% ფეისბუკში მიმართა.

კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” ინტერნეტრეკლამაში 672,911 ლარი დახარჯა. ამ თანხის 90%-ზე, ანუ 600 ათას ლარზე მეტი აღნიშნულმა პარტიამ “ფეისბუკში” რეკლამისთვის დახარჯა.

ინტერნეტრეკლამის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი “ევროპულმა საქართველომ” შპს “დიჯიტალ ინტერ მედიას” გადაუხადა (ამ კომპანიის დამფუძნებლებს შორის არიან: თეიმურაზ უგულავა, კობა დავარაშვილი, არჩილ კახიძე, ირაკლი ასანიშვილი, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი ბურძგლა და დევი გვახარია).

ინტერნეტრეკლამაში დახარჯული თანხის მხოლოდ 2%-ით შეიძინა “ევროპულმა საქართველომ” სარეკლამო მომსახურება შემდეგი ონლაინ მედიასაშუალებებიდან:


ცხრილი #3: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც “ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო რეკლამა განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):

alt

 

აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეებმა” ინტერნეტრეკლამაში 34,446 ლარი დახარჯა და ეს თანხა თითქმის სრულად ფეისბუკში რეკლამისთვის გამოიყენა.

 


ცხრილი #4: კომპანიები, სადაც “მოქალაქეებმა” ინტერნეტ რეკლამა განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):

alt

ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან (როცა ბიბლიოეთეკაში ჩაირთო საქართველოს მონაცემები) დღემდე საქართველოდან 1,097,848 აშშ დოლარის ღირებულის პოლიტიკური რეკლამა განთავსდა ფეისბუკში

კატეგორია - საქართველო
საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემა რომ ხშირად ჭიანურდება და კანონით დადგენილ ვადებს ცდება, ეს ახალი არ არის და მედიისთვის ჩვეულ ამბად იქცა. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება კიდევ უფრო რთულ გამოწვევად იქცა.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, ხშირად მიწოდებული მონაცემები არასრულია ან საერთოდ არ პასუხობს მათ კითხვებს, ზოგჯერ კი, თვეობით ლოდინის მიუხედავად, საერთოდ ვერ იღებენ გამოთხოვილ ინფორმაციას. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელი ეშლებათ სრულყოფილი მასალების მომზადებაში და საჯარო უწყებების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აფერხებს და ამძიმებს მათ სამუშაო პროცესს.


რას ითხოვენ მედიები და რას პასუხობენ საჯარო უწყებებიდან

“ეს არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ეს არ არის მხოლოდ მედიისთვის მუშაობაში ხელშეშლა და მხოლოდ კანონის უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებების უგულვებელყოფა”, - ამბობს ეთერ თურაძე, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორი, და ბოლო შემთხვევას იხსენებს, როდესაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაინც ვერ მიიღეს.

“ბათუმელები” ჯანდაცვის სამინისტროს “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან” ითხოვდა ინფორმაციას სახელმწოფო პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ამჟამად დეფიციტშია და პაციენტები ვერც პროგრამით იღებენ და ვერც ყიდულობენ.


alt
ეთერ თურაძე. ფოტო: © თამარ ჭანიძე
“ჩვენ მოგვმართა ადამიანმა, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს პარკინსონის დაავადება და რეგულარულად სჭირდება მედიკამენტი, თუ ამ მედიკამენტს ვერ მიიღებს, დაიღუპება. სხვებიც გამოგვეხმაურნენ მსგავსი პრობლემით. ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ეს ადამიანები წამალს ვერც ყიდულობენ და ვერც პროგრამულად იღებენ. ამ ფონზე, ვეკითხებით სამინისტროს, რატომ, რა მიზეზით არ არის ეს წამლები და როდის შემოვა ეს მედიკამენტები.

სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ ფეისბუქზე, რომ იქნებ გამოგვიგზავნოთ პასუხი, იქამდე არ გვიპასუხეს. ბოლოს, გამოგვიგზავნეს სრულიად გაუგებარი წერილი, ინფორმაცია, რომელიც ჩვენს კითხვებზე პასუხს არ შეიცავს. ეს არის უპასუხისმგებლობა, ჩემი აზრით”, - ამბობს ეთერ თურაძე.

altჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ძირითადად, კორონავირუსის თემაზე უწევს მუშაობა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ხშირად აწყდება მსგავს პრობლემას:

“ჯანდაცვის სამინისტროდან ვითხოვდი ინფორმაციას, წერილი მივიწერე, გავიდა ყველანაირი ვადა, 10 დღე, ერთი თვე და სამი თვეც გავიდა იმის შემდეგ და დღემდე არ მიგვიღია პასუხი. გვაინტერესებდა, რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პაციენტის მკურნალობა და ჩაშლილი გვქონდა სხვა კითხვებიც”.

ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის მიღების პრობლემაზე ყველა მედიასაშუალება ჩივის. თუმცა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინფორმაცია ყველა სხვა საჯარო უწყებიდანაც რთულად ხელმისაწვდომია.

alt“აუღებელი ციხესიმაგრეა ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა, ეს არის სისტემური პრობლემა და აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რომელიმე ერთ უწყებაზე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია არ მოგვცენ”, - ამბობს ნოდარ მელაძე, “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ორი თვის წინ გამოთხოვილ ინფორმაციას დღემდე ელოდებიან მარნეულის სათემო რადიოში. კამილა მამედოვა, რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ უწყებას დეკემბერში მიმართეს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით, ზოგჯერ პასუხს საერთოდ ვერ იღებენ, ზოგჯერ კი პასუხად არასრულ და გამოუსადეგარ ინფორმაციას იღებენ:

“ჩვენ სულ წერილებს ვწერთ და მერე 10-20 დღე ველოდებით. ცენტრალური უწყებები, ძირითადად, გვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ, მაგალითად, მარნეულის მერია ხშირად გვაწვალებს, საკითხს გააჩნია ხოლმე. გარდა იმისა, რომ დრო იწელება, ხშირად კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებთ. სხვას ვეკითხებით და სხვას გვპასუხობენ.”

alt
კამილა მამედოვა, რადიო "მარნეული". ფოტო: © თამუნა ჩქარეული/OC Media
იგივე პრობლემაზე საუბრობს ლიკა ზაკაშვილიც, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორი.

alt “ჩვენ პასუხის საერთოდ არმიღების შეთხვევა არ გვქონია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ პასუხებს ვიღებთ ვადების დარღვევით და მიღებული ინფორმაცია არ პასუხობს დასმულ კითხვებს. განათლების სამინისტროსთან სამჯერ თუ ოთხჯერ გვქონდა ამ ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევა, 10 დღიან ვადას ყველა გადასცდა. ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, დირექტორთა გათავისუფლების საკითხს ეხებოდა და რამდენიმეჯერ შევაბრუნეთ და კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ”.

მისივე თქმით, ადრე ნაკლებად იყო ეს პრობლემა და ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ ორ-სამ თვიანი დრო დასჭირვებოდა ინფორმაციის მიღებისთვის.

რა შუაშია პანდემია ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან

COVID-19-ის პანდემიის პირობებში მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება კიდევ უფრო გართულდა და მიუწვდომელი გახდა. 2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ამ პერიოდში, სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად, საჯარო ინფორმაციის გაცემაც შეჩერებული იყო.

“ეს იყო გადამეტებული ზომა და არანაირი საჭიროება არ არსებობდა იმის, რომ ინფორმაციის შეზღუდვა დაეწესებინათ. ვითომ, ეხლა აღარ არის ეს შეზღუდვა, თუმცა ჩვენი გაგზავნილი ბევრი წერილი დღემდე უპასუხოა”, - ამბობს სტუდია “მონიტორის” რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი “მედიაჩეკერის” გადაცემაში, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების პრობლემებს ეთმობა.





altიგივე გამოცდილებაზე საუბრობს გადაცემის მეორე სტუმარი ნინო ბაქრაძე, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” რედაქტორი. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემამ მათი ბევრი პროექტი და გამოძიება შეაფერხა:

“განსაკუთრებით, პირველი ლოქდაუნის დროს, როდესაც საგანგებო ვითარების გამო, სრულიად შეიზღუდა წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, წერილსაც არ ვაგზავნიდით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ არავინ დაარეგისტრირებდა კანცელარიაში. ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია... თვეობით ველოდებით ხოლმე ერთ წერილზე პასუხს. ვრეკავთ და გვეუბნებიან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის თვითიზოლაციაში, კორონა აქვს, მერე ამ იზოლაციას არ ამთავრებს არასდროს, შემცვლელი არავინ არ ჰყავს. განსაკუთრებით, რეგიონში როცა ვმუშაობთ, იქ არის კატასტროფა. შეუძლიათ, რომ ამ მიზეზით გაწელონ პროცესი უსასრულოდ”.

altკორონავირუსის გამო, დისტანციურად მუშაობის მიზეზით, კანონით დადგენილ ვადებში არ აწვდიან გამოთხოვილ ინფორმაციას რეგიონულ ონლაინ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესაც”. გამოცემის რედაქტორი თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველა უწყებასთან ჰქონიათ ამ კუთხით პრობლემა და ზოგჯერ საერთოდ ვერ იღებენ პასუხებს:

“ადგილობრივ თვითმართველობებში (საიდანაც პრემიებთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია) გვეუბნებიან, რომ დისტანციურად მუშაობენ და ამიტომ გვიანდება პასუხების გამოგზავნა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი, თუ რატომ არ გვაწვდიან, რა არის ამის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია, ათ დღიანი ვადა კი არა, ორი თვე გადის უკვე”.





 რა გზა რჩება მედიას საჭირო ინფორმაციის მისაღებად

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ განცხადების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია. ასევე, შეუძლია გამოიყენოს 10 დღიანი ვადა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არის დიდი მოცულობის, საჭიროებს შეგროვებას და დამუშავებას ან აუცილებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაწესებულება ამ 10 დღიან ვადას იყენებს, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს უნდა აცნობოს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჯარო უწყებები არათუ 10 დღიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, არამედ ვადაგადაცილების დროსაც არ ატყობინებენ და ხშირად ჟურნალისტებს უშედეგოდ უწევთ მრავალჯერ მიმართვა და ერთი და იგივე ინფორმაციის ახლიდან გამოთხოვა. თუ უწყება ინფორმაციას არ გასცემს, განმცხადებელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. ზოგჯერ, საჯარო პირები თავადვე უთითებენ ჟურნალისტებს სასამართლოსკენ:

alt“ჩვენ ორი-სამი სასამართლო პროცესი გვაქვს ინფორმაციის მიღებაზე. მაგალითად, პრემიერ მინისტრის განკარგულებებს ვითხოვდით კანცელარიიდან და ვერ მივიღეთ პასუხი, ბოლოს თვითონ მიგვითითეს, რომ შეგვეძლო სასამართლოში გვეჩივლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არაეფექტური გზაა, უნდა ჩათვალო, რომ იმ თემას ვერ გააკეთებ. ივნისში მივმართეთ სასამართლოს და ჯერაც არ ჩანიშნულა სხდომა”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი. 

სასამართლოში დავობს “ბათუმელებიც”, მათ შესყიდვების სააგენტოს და მედიაკადემიას უჩივლეს, რადგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდეს. თუმცა, სანამ სასამართლომდე მივა საქმე, ზოგჯერ სხვა გზებსაც მიმართავენ. მაგალითად, ეთერ თურაძე ამბობს, რომ უწყებები ზოგჯერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებზე რეაგირებენ:

“ჯანდაცვის სამინისტროს სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ ფეისბუქზე, იქამდე არ გვიპასუხეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც ვითხოვდით ინფორმაციას და რეაგირება არ ჰქონდათ, სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ. არის უწყებები, რომლებთანაც საჯაროდ დაწერასაც არ აქვს აზრი, მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო, საერთოდ არ აინტერესებთ რას დაუწერ და რას ფიქრობ”.


 




სასამართლოში ბევრი არ ჩივის იმის გამო, რომ პროცესი უსასრულოდ იწელება და როდესაც სასამართლოც დაავალდებულებს უწყებას, რომ გასცეს მოთხოვილი დოკუმენტები, შესაძლოა, ის ინფორმაცია მედიისთვის ღირებული აღარც იყოს.

მაგალითად, ნინო ბაქრაძე, რომელმაც ინფორმაციის არგაცემის გამო ეკონომიკის სამინისტროს უჩივლა, იხსენებს, რომ დავა ორი წელი გაგრძელდა და ორი წლის შემდეგ ძლივს მიიღეს გამოთხოვილი დოკუმენტი.

“საჯარო ინფორმაციის მიღებაზე პრობლემების მხრივ ასეთი სიტუაცია არ მახსენდება, 18 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო, მაგრამ ასეთი, რომ პასუხსაც არ გცემენ, ასეთი არ მახსენდება. გვაქვს რამდენიმე თემა, რომლის დასრულებას შევძლებთ თუ არა, არ ვიცი. იმიტომ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.

საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემები წლიურ ანგარიშებში

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” 2020 წლის მედიაგარემოს მიმოხილვაში ცალკე თავი მიუძღვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაწილს და შეაფასა, როგორც “გადაუჭრელი პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისთვის”.

მედიაკოალიცია განმარტავს, რომ “ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა აბრკოლებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უარს ეუბნებიან კრიტიკულ საინფორმაციო საშუალებებს ინტერვიუს მიცემაზე და საჯარო პირები სირთულეებს უქმნიან კრიტიკულ მედიას საჯარო ინფორმაციის მოპოვების პროცესში. პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება COVID 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ჟურნალისტებს უწევთ მეტი ბრძოლა ინფორმაციის მისაღებად”. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საჯარო ინფორმაციის გავრცელებაზე მონიტორინგს ატარებს, 2019 წლის ანგარიშში წერს, რომ “ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა”. 2020 წლის ანგარიშში კი IDFI ნათქვამია, რომ სიტუაცია გაუარესდა მას შემდეგ, რაც დააწესეს შეზღუდვები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე COVID19-ის პანდემიის დროს გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას.
კატეგორია - საქართველო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გასაჯაროებით მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი არ დაურღვევა, მან ამ ქმედებით კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კამპანიაც წაახალისა.

დღეს, 2 თებერვალს, „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ მასთან არაერთი უცნობი ზარი შედის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია უთითებს, რომ ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს.

„საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ასევე, მოუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა.
კატეგორია - საქართველო
მედიაჰოლდინგ “იმედში” მფლობელის ოფიციალური ცვლილების შემდეგ, ცვლილებებზე საუბრობენ ტელეკომპანიებთან, “რუსთავი 2-სა” და “ფორმულასთან” მიმართებით. “მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია, რამდენად საფუძვლიანია ცვლილებების მოლოდინი.

ქვეყანაში საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ, მედიაბაზარზე ცვლილებები დაიწყო. 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მედიაჰოლდინგ “იმედის” გაყიდვაზე კომუნიკაციების კომისიამ თანხმობა გასცა. ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ “იმედს” Hunnewell Partners ყიდულობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძეა. უფრო ზუსტად კი, თავად რუხაძემ განაცხადა, რომ ტელევიზია 2 წლის წინ იყიდა, უბრალოდ, სტრუქტურული მიზეზების გამო გადაფორმება გაჭიანურდა.

“იმედის” გარდა, მფლობელის შეცვლაზე საუბრობენ “რუსთავი -2-სა” და “ფორმულასთან” დაკავშირებითაც. მაუწყებლებში მოსალოდნელ ცვლილებებზე თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა, მიმდინარე წლის 11 იანვარს.

“ფორმულას” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილების ყიდვას ასევე ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩარტიშვილი აპირებს, გენერალური დირექტორის პოსტზე კი - პაატა სალიას ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი ჩაანაცვლებს.

“რუსთავი 2-ში” დაგეგმილი ცვილებები შესახებ ინფორმაციას პაატა სალია არ ადასტურებს. როგორც მან “მედიაჩეკერს” უთხრა, “ეს მცდარი ინფორმაციაა”. შესაძლო ცვლილებები შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას “მედიაჩეკერი” არხის აღმასრულებელ დირექტორთანაც შეეცადა:

“ამ ეტაპზე ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით აუცილებლად დაგიბრუნდებით”, - გვიპასუხა ირაკლი იმნაიშვილმა.

“მედიაჩეკერისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ვანო ჩხარტიშვილი თავად “ფორმულას” წილების ყიდვასაც აპირებს. თუმცა, ეს ინფორმაცია არც “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ტელევიზიის მფლობელებში ცვლილებებზე საუბარი არ არის და წილების გასხვისება არ იგეგმება.

ტელეკომპანიების ყიდვის შესახებ ცნობებს არც თავად ვანო ჩხარტიშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ არც “რუსთავი 2-ისა” და არც “ფორმულას” წილების შეძენას არ გეგმავს.

“წყარო, რომელც ჩემ მიერ ხან ერთი ხან მეორე ტელეკომპანიის შეძენის შესახებ ავრცელებს ჭორებს, აშკარად მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციას“, - გვითხრა ჩხარტიშვილმა.

კომუნიკაციების კომისიაში “მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ “რუსთავი 2-ისა” და “ფორმულას” წილების გასხვისების ნებართვის შესახებ თხოვნა მარეგულირებელ ორგანოში არ შესულა.

ამ დრომდე, არცერთი ტელევიზიის მფლობელებში ოფიციალური ცვლილება არც რეესტრში ფიქსირდება.

საჯარო რეესტრის 2020 წლის სექტემბრის ამონაწერის მიხედვით,”რუსთავი 2-ის” წილის 60%-ს კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს, 40%-ს კი - შპს პანორამა, რომლის 100%-ის მფლობელიც აგრეთვე ქიბარ ხალვაშია. იგივე მოცემულობაა 2020 წლის, ივნისისა და იანვრის მგომარეობითაც.

ტელეკომპანია “ფორმულას” კი, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის (2020 წლის 11 სექტემბერი) მიხედვით, 5 მფლობელი ჰყავს. წილების საკონტროლო პაკეტს - 51%-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს, 12.25%-12-25%-იანი წილები კი - მიხეილ მშვილდაძეზე, ირაკლი საღინაძეზე, ზურაბ გუმბარიძესა და გიორგი ლიფონავაზე თანაბრად ნაწილდება. იგივე სურათია 6 თებერვლის ამონაწერის მიხედვითაც.

ერთადერთი ცვლილება, რაც “ფორმულასთან” დაკავშირებით ზუკა გუმბარიძემ დაადასტურა, ტელევიზიაში კადრების შემცირების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებია. მისი თქმით, სამსახურდაინ თანაშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ გაუშვიათ. ოპტიმიზაცია ყველა მიმართულებას თანაბრად შეეხო და ამ მხრივ გამორჩეული რომელიმე კონკრეტული სამსახური არ ყოფილა. გუმბარიძის თქმით, კადრების ოპტიმიზაცია, პანდემიის ფონზე შემცირებული სარეკლამო ბაზრისა და შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავლის კლებამ განაპირობა.
კატეგორია - საქართველო

ორგანიზაცია უფლებები საქართველო მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობით, სავარაუდოდ უხამსობის შემცევლი სიუჟეტის განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მეათე მუხლი დაარღვია. ორგანიზაციის განცხადებითვე, კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდარღვევად ცნობის ფაქტი შეადგენს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ „მთავარი არხი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დადგინდა იმ შემთხვევებშიც, როცა გამოხატვის თავისუფლების სუბიექტი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, თუმცა სანქცია ფაქტობრივად არ დაკისრებია.

 

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო „საერთაშორისო პრაქტიკის“ შესწავლის საფუძველზე, თუმცა კომისიას მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს, უწინარეს ყოვლისა, „კანონით დადგენილი წესების თანახმად“, როგორც ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით.
 
კომისიის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს“. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ვიდრე განიხილავს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს და ჩარევის აუცილებლობას, პირველ რიგში, ამოწმებს, ჰქონდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, შესაბამისი წესები (საკანონმდებლო ნორმები/სასამართლო პრაქტიკა) უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ცხადი და წინასწარგანჭვრეტადი და ნათელი იმ თვალსაზრისით, რომ სამართლებრივი საფუძვლით არაორაზროვნად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ ვის აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და რა მოცულობით, რათა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას არ ჰქონდეს თვითნებური ხასიათი. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რადგან ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში მაშინაც, როცა მაუწყებლის პროგრამა სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას“, - ვკითხულობთ უფლებები საქართველოს განცხადებაში. აქვე, მოხმობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც აპელირებდა კომუნიკაციების კომისია „მთავარი არხის“ სიუჟეტის განხილვისას.




  • ამ გადაწყვეტილების ანალიზი წაიკითხეთ მედიაკოალიციის განცხადებაში, სადაც ახსნილია, რატომ ვერ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება საფუძველი კომუნიკაციების კომისიისთის ემსჯელა „მთავარი არხის“ სიუჟეტზე;

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არც საქართველოს კანონმდებლობით, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არ ითვლება სასამართლოდ. კომისიამ თვითნებურად განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოახდინა მართლმსაჯულების ფუნქციის უზურპაცია და კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩაერია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში.

ცხადია, სხვა საკითხია, საქართველოს საერთო სასამართლო როგორ შეაფასებდა „მთავარი არხის“ მიერ გადაცემული სიუჟეტის სადავო ნაწილს, ერთის მხრივ, მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების, საზოგადოების ინფორმირების ინტერესსა და მეორეს მხრივ, ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას (რომლის ნაწილიცაა პირის რეპუტაციის დაცულობის უფლება) შორის სამართლიანი ბალანსის დასადგენად“, - აცხადებენ "უფლებები საქართველოში".

ორგანიზაციის განცხადებითვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, მაგრამ ვერ ჩაითვლება, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში რაიმე წვლილი შეაქვს სატელევიზო პროგრამას, რომელიც მხოლოდ პირის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ კონკრეტული აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება, თუნდაც ეს პირი ცნობილი იყოს და ჩაწერა საჯარო სივრცეში წარმოებდეს:

„ეჭვგარეშეა, რომ „მთავარი არხის“ შესატყვისი გადაცემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს ეხებოდა, მაგრამ კითხვის ქვეშ დგას, თუ რამდენად აუცილებელი იყო სადავო მომენტის ტელევიზიით გაშუქება, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია, „საზოგადოებრივი ინტერესი“ დაყვანილი იქნეს საზოგადოების წყურვილზე, იყოს ინფორმირებული სხვათა პირადი ცხოვრების შესახებ ან მაყურებლის/მკითხველის მისწრაფებაზე სენსაციონალიზმისა თუ ვუაიერიზმისკენ“.

უფლებები საქართველო მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდარღვევად ცნობა არ ეფუძნება შიდასახელმწიფოებრივ სამართალს, ასევე დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომელსაც პირველ რიგში ამოწმებს ევროპული სასამართლო - გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს „კანონით დადგენილ წესებს“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ისახავდა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარღვია „მთავარი არხის“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

 

 

კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში მხატვრული ფილმი „მამაცი გულის“ შეუსაბამო დროს ჩვენების გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელი განმარტავს, რომ ფილმი არასრულწლოვნისთვის შეუფერებელია, რადგან ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს შეიცავს.

“აღნიშნული ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების გარეშე განათავსა. კერძოდ, „ჯი დი ეს თი ვის“ ეთერში ფილმი 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ნიშანდებით 18:15 საათზე გავიდა, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება განთავსდეს 6 საათიდან 21 საათამდე”, - ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

მარეგულირებელი ამბობს, რომ „ჯი დი ეს თი ვის“ დასაჯარიმებლად მინიმალური ჯარიმა გამოიყენა, რადგან დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანიის წარმომადგენელმა სამართალდარღვევა თავადაც აღიარა. გარდა ამისა, კომისიის განცხადებით, მათ გადაწყვეტილების მიღებისაას ის გარემოებაც გაითვალისწინეს, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში:

“კომუნიკაციების კომისია თითოეული საკითხის განხილვისას მხედველობაში იღებს იმ ობიექტურ ფაქტორსაც, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო სამაუწყებლო ბადეების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსების გამო აჯარიმებს. მარეგულირებელმა “ჯი დი ეს თი-ვის” დეკემბერშიც დაუდგინა დარღვევა და 2500 ლარის გადახდა დააკისრა.
კატეგორია - საქართველო

“ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ყიდის მედიაჰოლდინგ "იმედს", რომელშიც  ტელეკომპანია “იმედი”, “ჯი დი ეს-ი” და “რადიო იმედი" ერთიანდება.  კომუნიკაციების კომისიამ ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და გაყიდვაზე თანხმობა გასცა.

მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მერაბ კანკავამ თქვა, რომ შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენის” ყიდვა ნიდერლანდებში რეგისტრირებულ შპს “მედია ფაინანს გრუპს” სურს, რომლის ბენეფიციარები არიან ირაკლი ოთარ რუხაძე (აშშ-ს მოქალაქე), ბენჯამინ ალბერტ მარსონი (დიდი ბრიტანეთის მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ს მოქალაქე).

“ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 100%-იანი წილის მფლობელი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძეა. კომპანიის შესყიდვის მსურველები - ირაკლი ოთარ რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ მარსონი და იგორ ალექსეევი კი, ამავდროულად ჰოლდინგური კომპანია Hunnewell Partners-ის მეწილეები არიან, რომელიც საქართველოსა და უცხოეთში მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის უმსხვილეს აქტივებს განკარგავს.

ირაკლი ოთარ რუხაძე ამჟამად ტელეკომპანია “იმედის” მმართველობით რგოლშია, იგი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარეა.

რუხაძე საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. "თავისუფლების მონიტორის" გამოიძიების  მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა, ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-თან ერთად, 2017 წლის ნოემბერში ჰაიდელბერგცემენტის საინვესტიციო კომპანიის Cement Invest BV-ის 50%-ანი წილი შეიძინა. 


"მედიაჩეკერი" შეეცადა გაერკვია, ამ ცვლილებას ხომ არ მოჰყვება საკადრო ცვლილებები "იმედში", თუმცა, "იმედის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა  ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.  

კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ “მთავარი არხის” სიუჟეტი უხამსობას შეიცავდა და არხი სამართლადამრღვევად ცნო, თუმცა მისთვის სანქცია არ დაუკისრებია.

“კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: შპს მთავარი არხი ცნობილ იქნს სამართალდამრღვევად მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან”, - განაცხადა სხდომაზე კომისიის იურისტმა.

“მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტში უხამსობის საკითხი კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს განიხილა, დღეს კი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 12 დეკემბერს გასულ სიუჟეტს - “სასახლის კარის მსახურები”, რომელშიც ავტორი სარკაზმით უყვება მაყურებელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალარჩეული, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ.

კომისიაში მიიჩნიეს, რომ “სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს”. “არაეთიკური კონოტაციის წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებაში” კომისიამ ის კადრი იგულისხმა, რომელშიც ახლო ხედით ჩანს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის სხეულის ქვედა ნაწილი და მისი ხელი შარვალთან. 

„მთავარი არხის“ სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი - გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე - ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ ამ საქმის განხილვის შემდეგ გამოაქვეყნა.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ საქმეს ასე არ დატოვებენ და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებენ. მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს საშიში პრეცენდენტია და კომისიას ახალი ბერკეტების აღება უნდა ხელში, რათა მაუწყებლები დაასანქციროს და საბოლოოდ ცენზურა დააკანონოს.

მედიაექსპერტები მარეგულირებლის ქმედებაში სხვა საფრთხეებსაც ხედავენ და აცხადებდნენ, რომ შინაარსზე მსჯელობა საფრთხის შემცველია არამხოლოდ ცენზურის, არამედ თვითცენზურის მხრივაც.


დღეს, კომისიის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, “კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის” წევრმა ორგანიზაციებმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომისია კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადის და ამით ცენზურის დაკანონების საფრთხეს აჩენს. ამ განცხადებაში გაანალიზებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რაზეც აპელირებდა კომისია ამ საქმის განხილვისას და სინამდვილეში, რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება. მედიაკოალიციაში ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს და  მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, კატეგორიულად მიუღებელია.

"გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე” - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.

მედიაკოალიცია ცენზურის საფრთხებზე ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა, როდესაც მარეგულირებელი კომისია უხამსობის შემცველი მასალების კონტროლზე ალაპარაკდა. 9 დეკემბერს მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ნათქვამია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

მედიაკოალიციის ეს შეფასება მოჰყვა კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობებს, კერძოდ, „მთავარი არხის“ სიუჟეტის განხილვას. მედიაკოალიციის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კომისია მოქმედებს კანონის საწინააღმდეგოდ. საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება კი ცენზურის პირდაპირი საფრთხეა.

სადავო სიუჟეტი



შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისია განიხილავს 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში „შაბათის მთავარი” გასულ სიუჟეტს. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა , რომელშიც ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

საქმის წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება, და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.


რაზე აპელირებს კომისია საქმის განხილვისას

მედიაკოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომის მონიტორინგისას,მათთვის ნათელი გახდა, რომ კომისია 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს და მასზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით მას მიანიჭა უფლებამოსილება შეაფასოს პროგრამების შინაარსობრივი მხარე (დაადგინოს შეიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებების ან ღირსების შემლახველ უხამსობას).

„კომისიის მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და მეტიც, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უპირველესად გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე არის აგებული. სწორედ ამიტომ გვსურს დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი და სასამართლოს მოტივაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია“, - ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.

საკონსტიტუციოს იმ გადაწყვეტილების ანალიზი, რაზეც კომისია აპელირებს

მედიაკოალიციის განცხადებით, 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში. სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებას, არ განათავსონ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიც შეიცავს უხამსობას. შედეგად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში კი მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმებით არ ილახებოდა პირთა კანონიერი ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. ამგვარი ინტერესების არარსებობის პირობებში კი, სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში.

რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოსათვის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს“, - განმარტებულია მედიაკოალიციის განცხადებაში.

მედიაკოალიცია ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულ შემდეგ დასკვნაზე: „შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს”.

„სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს რომ დაერღვა კონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდა ჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამდენად ის გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ საუბრობს კონკრეტული ინდივიდის ინტერესზე, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით და მიმართოს სასამართლოს თავად, როგორც მოსარჩელემ. ამრიგად, სასამართლოს ერთადერთი მოტივატორი, თუ რატომაც დააკმაყოფილა ამ ნაწილში სარჩელი იყო ის, რომ თავად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესძლებოდა მაუწყებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და მისი უფლებების შელახვისას გაესაჩივრებინა ეს ფაქტი სასამართლოში“, - ვკითხულობთ განმარტებაში.

მედიაკოალიციის განცხადებით, სასამართლოს არც ერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომ ასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს რომ კონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას.

„აღნიშნული არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებს, მაშინ, როდესაც დაცვის საგანი ხდება სუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებები. აღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტად იზრდება მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს არა დამოუკიდებელი ხელისუფლების შტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთარი ინიციატივით“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

და იქვე დამატებულია: „სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“

მედიაკოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთელ გადაწყვეტილებაში საუბარი როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე მიმდინარეობს და კომისიის მანდატი ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა. მეტიც, ამის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც გააჩნდა, ვინაიდან სადავო ნორმები გასაჩივრებული იყო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში, რომელიც არც მაშინდელი და არც ამჟამინდელი პრაქტიკით არ მოიცავს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო კი ყოველთვის შებოჭილია იმ სასარჩელო მოთხოვნით, რაც დაყენებულია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მსჯელობა, თითქოს საკონსტუტიციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით და ერთ-ერთი სადავო ნორმის გაუქმებით, კომისიას რაიმე უფლებამოსილება მიანიჭა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის მიერ საკუთარი თავისთვის თვითნებურად დაწესებული მანდატი წარმოადგენს უკანონო ქმედებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უპატივცემულობას, რომელიც არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მის სულისკვეთებას“, - აცხადებენ მედიაკოალიციაში.

კოალიციის განცხადების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად გაჩნდა მისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნით რომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენის საშუალება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეიძლება მოხდეს. კომუნიკაციების კომისიის ხელში კი ჩნდება საშიშროება, რომ მაუწყებელს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დაეკისრება, თუკი სადავო პროგრამას არ ეყოლება უშუალოდ დაზარალებული და უფლებაშელახული ადამიანი. ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასული სადავო სიუჟეტი სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია, რომლის მთავარის გმირის, ივანე მაჭავარიანის პოზიციით კომისია საქმის განხილვისას არც კი დაინტერესებულა.

"აღსანიშნავია, რომ თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის უხამსობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისიას არასდროს უმსჯელია. უფრო მეტიც, კომისია საჯარო განცხადებებშიც უთითებდა, რომ 56-ე მუხლთან მიმართებით მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საკითხები მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია.

მაგალითად, 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადებაში „კომისია აღნიშნავს, რომ პროგრამული შეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშ. კერძოდ, ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის და სხვ. განთავსება არ იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს", - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

მედიაკოლაიცია თავის განცხადებაში ხაზს უსვამს თვითრეგულირების არსს, რომელიც გაშუქების ხარისხისა და ეთიკური დარღვევების გამოსწორების მყისიერი და ეფექტიანი გზაა.

"მედიის მთავარი მონაპოვარი მისი რეპუტაცია და ნდობაა, თუკი მის მიმართ არ იარსებებს ნდობა, ის უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს. ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში რას ამბობენ კოლეგები და მათი აუდიტორია. მედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოს გააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევა. ხოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიცია, რომ თვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდ, ვერ იქნება, რადგან თავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომისიაში მიმდინარე წარმოების უარყოფითი გავლენა მედიაზე



კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონები ქმნიან. ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების შინაარსი მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განიმარტება.

თავის მხრივ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტს, რომელიც ზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს", - აცხადებენ მედიაკოალიციის წევრი ორგანიზაციები. 

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს იმსჯელა. გადაწყვეტილება კი დღეს, 28 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.
კატეგორია - საქართველო
პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ჩივის, რომ ნაციონალური ტელევიზიები მას ეთერში არ ეპატიჟებიან და ამიტომ, გადაწყვიტა ტელევიზია თავად დააარსოს. ბრეგაძე ამბობს, რომ ახალ ტელევიზიას “გეორგია” ერქმევა და ის არ იქნება პარტიული, როგორც ახლა ბაზარზე არსებული მაუწყებლები. ბრეგაძე ამბობს, რომ ამით ის დაუპირისპირდება იმ “ლიბერალურ დიქტატურას”, რომელიც მაუწყებლებშია გამეფებული.

სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ ახალი ტელევიზია მაუწყებლობას, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყებს. მისი თქმით, “გეორგია” უკვე არსებული არხის ბაზაზე დაფუძნდება, თუმცა, რომელი არხის, არ გვიმხელს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კი გარკვეული დროა საჭირო.

ახალი ტელევიზია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” გენერალური მდივნის - ირაკლი შიხიაშვილის, თავად სანდრო ბრეგაძის და მათი ორი მეგობრის სახსრებით დაფინანსდება, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ:

“რა თქმა უნდა, არ იქნება რაღაც ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი არხი, მაგრამ ეს იქნება არხი, სადაც იქნება საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ობიექტურად გააშუქებს მოვლენებს. არხზე იქნება, ასევე, ობიექტური პოლიტიკური შოუ”.

პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცდებიან ტელევიზია, რომელსაც პარტიის ლიდერები აფუძნებენ, მიუკერძოებელი იყოს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ “გამოვა თუ არა, ეს სხვა ამბავია და გამორიცხული არაფერი არ არის”.

“აქ მთავარი არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, ყველა ტელევიზია არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის სამსახურში, რაც არის სამარცხვინო. არ არსებობს არხი, რომელიც პარტიას არ ეკუთვნის. ამასთანავე, დაბლოკილი არიან ყველგან კონსერვატორული ფიგურები, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა არ გვექნება და პირიქით, წარმოჩენილები იქნებიან ბევრად უფრო კარგად ის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც კონსერვატორულ ღირებულებებს ატარებენ”, - ამბობს ბრეგაძე და კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ არხი პარტიული იქნება, კვლავ იმეორებს, რომ მათი არხი რომელიმე პარტიის ინტერესს არ გაატარებს.

პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” ლიდერი “ჟურნალისტიკის სირცხვილს” და “ლიბერალურ დიქტატურას” უწოდებს მაუწყებლების პოლარიზაციას და იმ ფაქტს, რომ რესპონდენტებს შერჩევით ეპატიჟებიან. ამბობს, რომ მაგალითად მათთვის ყველა ტელევიზიის კარი დაკეტილია.

“ჩვენი მიზანი არ არის, რომ კიდევ ერთი პარტიული ტელევიზია შეემატოს ჩვენს საინფორმაციო ველს. ჩვენ ვეცდებით ყველას დავუთმოთ ეთერი, რამდენად შევძლებთ, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. მაგრამ ერთი ცხადია, კონსერვატორი ეროვნული პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის აბსოლუტურად ყველა ტელევიზიის კარი დაკეტილია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ლიბერალური დიქტატურა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის დამყარებული. ჩვენთვის ყველა ტელევიზია არის დაკეტილი. პირდაპირ გვიცხადებენ, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი იდეოლოგიის და ამიტომ ტელე-ეთერს ვერ დაგითმობთ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა”, - ამბობს ბრეგაძე და ამატებს, რომ მათ ტელევიზიაში “არავის დაბლოკავენ”:

“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ ტელევიზიაში დაბლოკილი იყოს თუნდაც “გირჩი”, ბოკერიას პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” ან სხვა ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფი. პირიქით - დისკუსიაში უნდა მოხდეს აზრთა ჭიდილი და თვითონ მაყურებელმა უნდა გამოიტანოს სიმართლე”, - ირწმუნება “ქართული მარშის” ლიდერი.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისია მსჯელობს შეიცავდა თუ არა უხამსობას ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტი. კომისიას საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, თავად პროცესი მედიის წარმომადგენლებს უკვე საშიშ პრეცენდენტად მიაჩნიათ, ვინაიდან მასში მედიის შინაარსში ჩარევის ნიშნებს ხედავენ.

საკითხზე შეიცავდა თუ არა უხამსობის ნიშნებს ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი, კომუნიკაციების კომისიამ დღეს, 21 იანვარს იმსჯელა. საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 12 დეკემბერს გასულ სიუჟეტს - “სასახლის კარის მსახურები”, რომელშიც ავტორი სარკაზმით უყვება მაყურებელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ. კომისიაში მიიჩნევენ, რომ “სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს”.

უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა სიუჟეტში უხამსობის შემცველად სიუჟეტის დასკვნითი ნაწილი მიიჩნია, სადაც ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: “კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

და ასევე, სიუჟეტის ბოლოს ავტორის მიერ მოყვანილი ციტატა ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბიდან” - „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი {ისმის ჩახველება} ეტევა და პარლამენტში კიდე ბევრიო.“

კომუნიკაციების კომისია “მთავარი არხის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის თითქმის ორი საათის განმავლობაში განიხილავდა. “მედიასთან ომს აუცილებლად წაგებთ, რადგან არავის მოუგია”, - ამ სიტყვებით სხდომაზე მთავარი არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მსჯელობით კომუნიკაციების კომისია გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს: “ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და კანონში მითითებული უფლებამოსილებების ფარგლებში. კანონში პირდაპირ წერია, რომ უხამსობასთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება განიხილოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანომ ან სასამართლომ”.

თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს საშიში პრეცენდენტია და კომისიას ახალი ბერკეტების აღება უნდა ხელში, რათა მაუწყებლები დაასანქციროს და საბოლოოდ ცენზურა დააკანონოს:

“ეს არის პირველი პრეცენდენტი და ძალიან საშიში პრეცენდენტი აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის და არა მარტო მაუწყებლისთვის, ვინაიდან ეს არის ცენზურის დაკანონება. ეს ნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისიას უნდა, რომ აიღოს ახალი ბერკეტი საკუთარ ხელში, იმისათვის, რომ მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფოს მედია, ასანქციროს, ფინანსური ჯარიმები დააკისროს მაუწყებლებს, რათა შემდეგ ე.წ. მსუსხავი ეფექტი გამოუმუშავდეთ ჟურნალისტებს და შიშით შემდგომ თავისუფლად ვერ გააკეთონ რეპორტაჟები. შედეგად, შეიძლება, ყოველ დღე დაგვამონიტორინგონ, ყოველ დღე დაგვიდგინონ დარღვევები და შედეგად, საბოლოოდ, მაუწყებლობის უფლებაც ჩამოგვართვან, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა “მთავარ არხთან”.

მარიამ გოგოსაშვილი მარეგულირებლის ქმედებებში თვითცენზურის საფრთხესაც ხედავს და ამბობს, რომ “შინაარსზე მსჯელობა საფრთხის შემცველია არამხოლოდ ცენზურის, არამედ თვითცენზურის მხრივაც, რადგან მაუწყებლები იმის შიშით, რომ შეიძლება მათ მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვათ, გაკონტროლებენ შინაარსს და თავს შეიკავებენ გარკვეული მასალების გავრცელებისგან.”

თავის მხრივ, საქმის განხილვისას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა თქვა, რომ უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს და იქვე აღნიშნა - “ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს უხამსობის ნაწილზე, სანამ არ მივაღწევთ მედიაში იმას, რომ ეთიკის სტანდარტები იყოს დაცული”.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” და “მაუწყებლობის შესახებ” კანონებში უხამსობა შემდეგნაირადაა განმარტებული - “განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს”.

“ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მედიაპროდუქტი უნდა იყოს ეთიკური. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ უნდა იმსჯელოს ამ გადაცდომაზე - ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც შეუძლია მაუწყებლობის უფლება ჩამოართვას მაუწყებელს, თუ თვითრეგულირების ორგანომ. რა თქმა უნდა, ცენზურა და თვითცენზურა რომ ავიცილოთ თავიდან, ასეთი საკითხები უნდა დარჩეს თვითრეგულირების ფარგლებში და არ უნდა მიეცეს ადმინისტრაციულ ორგანოს მედიის შინაარსში შესვლის უფლება”, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

„მთავარი არხის“ ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტის განხილვა დღეს დასრულდა, თუმცა, კომისიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. კომუნიკაციების კომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შემდეგი სხდომის შემდეგ, 28 იანვარს გამოქვეყნდება.