საქართველო
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია “მთავარი არხის”ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვუგარ ისაევმა, მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის, სამუშაო პროცესში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაჭრით დაემუქრა. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ახალისებს ძალადობას და შსს-ს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარზე რეაგირება.  

შემთხვევა 16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში მოხდა, სადაც ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა.

ვიდეომასალაში, რომელიც “მთავარმა არხმა” გაავრცელა ქართულენოვანი თარგმანით, ისმის, რომ დეპუტატი ჟურნალისტს გადაღებას უკრძალავს, რადგან “მას ასე უნდა” და ეუბნება, რომ “არჩევნების შემდეგ მასაც და სხვებსაც შეხვდება”. გარდა ამისა, ვიდეოში “ქართული ოცნების” დეპუტატი “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება: “არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ, სულ სხვანაირად დაგელაპარაკები. მიდი აბა, იმუშავე „ნაციონალებზე“.

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი დანით დაჭრით მას შემდეგ დაემუქრა, რაც იგი დაინტერესდა, რატომ იყვნენ მობილიზებული იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის საარჩევნო კანდიდატი ხალხს ხვდებოდა:

“მე მივედი მასთან კითხვით, თუ რატომ იყვნენ ოპოზიციის და ადგილობრივების სიახლოვეს მობილიზებულნი, რაზეც მან მიპასუხა, რომ მისთვის არ უნდა გადაგვეღო რადგან ამის უფლება არ გვქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მე დანით დამჭრიდა და ფიზიკურად გამისწორდებოდა. მან ასევე მკაფიოდ აღნიშნა, ისიც რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ‘’მომხედავდა/მომივლიდა’’ ქუჩურ და კაცურ ამბავში”-, წერს ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.

დღეს, 17 სექტემბერს ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევის ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამოეხმაურა. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება „მთავარი არხის” ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარისა და მედიის საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

“მედიის და ჟურნალისტის უფლებები, მათ შორის, მათი საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას პრაქტიკაში საფრთხე არ შეექმნას, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც სახელმწიფოს აკისრია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში და ხაზს უსვამენ, რომ მედიის დამოუკიდებელი საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს, - “სწორედ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ეძლევა ამომრჩეველს შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. შესაბამისად, ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა და მუქარა, ერთი მხრივ, არღვევს უშუალოდ მედიის წარმომადგენლის უფლებას, მეორე მხრივ კი, ახალისებს ძალადობას და ქმნის ქვეყანაში თვითცენზურის გარემოს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ნეგატიურ სახეს აძლევს”, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიების დაწყება სპეციალური ბრიფინგით მოითხოვა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა.

„მედიას გადამწყვეტი როლი ეკისრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში. აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების გაზრდას და ახდენს ძალადობის წახალისებას, რაც აზიანებს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. აუცილებელია ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან“, - აცხადებს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წევრი ალიკა კუპრავა.

არხის ხელმძღვანელობას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებისთვის ჯერ ოფიცილურად არ მიუმართავს. "მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა, ვინაიდან უკვე გავრცელდა ორგანიზაციების გამოხმაურებები და მიმართვები უწყებისადმი, თავად ჯერ განცხადება არ შეუტანიათ და უწყების რეაგირებას ელოდებიან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ მომხადრზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით დაიწყო.  

კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას გამოკითხულთა მხოლოდ 1% უცხადებს ნდობას. ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელეკომპანია იმედს აქვს - 40%, 16% ასახელებს, “მთავარ არხს”, 11% - “რუსთავი 2-ს”, 5% კი “TV პირველს”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მსგავსად, გამოკითხულთა 1% ენდობა “ფორმულას”, “ობიექტივს”, “პალიტრა ნიუსს” და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას.

IRI-ის კვლევის თანახმად, 1%-ზე ნაკლები უცხადებს ნდობას “post TV-სა” და “ერთსულოვნების” მიერ გავრცელებულ ახალი ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა 2020 წლის 4 - 21 აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობდა, საველე სამუშაოები „აიფიემმა” ჩაატარა.

IRI-ის ინფორმაციით, “მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი”.
კატეგორია - საქართველო
თბილისობის პროგრამა, ახალი წლის მილოცვა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რაზეც “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” სარეკლამო კლიპებს ამზადებს და თბილისის მერიის გასაპიარებლად სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში განთავსებისთვის ასობით ათას ლარს იხდის ბიუჯეტიდან.

მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპის 4 ტელევიზიის ეთერში განთავსებისთვის თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ” 132,438 ლარი გადაიხადა მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ თანხის 60%-მდე (79,424 ლარი) ტელეკომპანია “იმედს” ერგო, 31%-მდე (40,532 ლარი) - “რუსთავი 2”-ს , 8% (10,674 ლარი) - TV პირველს და 1%-ზე ოდნავ მეტი (1,806 ლარი) - “მაესტროს”.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპი კი სააგენტომ 5 ტელევიზიაში განათავსა გასულ წელს, რაშიც 110,874 ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წილი - 58,714 ლარი ტელეიმედს ხვდა წილად, 38,667 ლარი - რუსთავი 2-ს, 6,878 ლარი - TV პირველს, 5,093 ლარი - საზოგადოებრივ მაუწყებელს და 1,522 ლარი - მაესტროს.

alt
ინფოგრაფიკაზე მოცემულია  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე და მესამე ეტაპის თაობაზე განთავსებული კლიპების ჯამური ღირებულება. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსდა მხოლოდ მეორე ეტაპის შესახებ მომზადებული ვიდეო.



“საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” თბილისის მერიაში 2018 წელს შეიქმნა. მას შემდეგ სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვაზე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2018 წელს სააგენტომ 2.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც სარეკლამო რგოლების მხოლოდ სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის 519 ათასი ლარი გადაიხადა. ამ თანხის 69.5% (361,117 ლარი) “იმედმა” აითვისა, 17.3% - რუსთავი 2-მა, 5.9% - TV პირველმა, 3.6% - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და 2.5% - “იბერიამ”.

alt


“მედიაჩეკერმა” შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებები, რომლებიც “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ” 2019 წელს გააფორმა ტელევიზიებთან.

როგორც ირკვევა, გასულ წელს 805,077 ლარი გადაუხადა სააგენტომ ტელევიზიებს საეთერო დროის შესყიდვისთვის. ამ თანხის ნახევარზე მეტი, 52% - “იმედის ჰოლდინგმა” აითვისა, საიდანაც 388,210 ლარის ხარჯი ტელეიმედზე მოდის, 23,385 ლარი - GDS TV-ზე და 9,189 ლარი - მაესტროზე; საერთო თანხის 37%-ზე მეტი (299,677 ლარი) - რუსთავი 2-ის საეთერო დროის შესყიდვისთვის დაიხარჯა; 5%-ზე მეტი (43,247 ლარი) - TV პირველზე; 3.3% (26,815 ლარი) - საზოგადოებრივ მაუწყებელზე; ხოლო დარჩენილი თანხა აითვისეს “კავკასიამ” (8,706 ლარი) და პალიტრა TV-მ (5,848 ლარი).

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს” ტელევიზიებთან უკვე გაფორმებული აქვს 629,080 ლარის ღირებულების კონტრაქტები. აქედან თანხის 60%-ზე მეტი (379,573 ლარი) “იმედზე” მოდის, დაახლოებით 32% (199,930 ლარი) - რუსთავი 2-ზე, 7%-მდე (43,404 ლარი) - TV პირველზე და 1%-მდე (6,172) - მაესტროზე.


alt

ამას გარდა, თბილისის მერიის შესახებ ფეისბუკზე განთავსებული ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირებისთვის (დასპონსორებისთვის) „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ მიმდინარე წელს 170,000 ლარს ხარჯავს.

სააგენტოს ასევე მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული “ბრავო რექორდსთან”, რომელიც ითვალისწინებს კინოთეატრებში თბილისის მერიის საქმიანობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპების განთავსებას. ამისთვის სააგენტომ 2019 წლის აპრილში 134,685 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა “ბრავო რექორდს”, ხოლო 2019 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულებაა 140,000 ლარი. თანხა სააგენტოს გადახდილი აქვს, თუმცა “ბრავო რექორდს” მხოლოდ 2 მიღება-ჩაბარების აქტი აქვს წარმოდგენილი, რომელთა ღირებულება 31,087 ლარია. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო მიმდინარე წლის მარტიდან კინოთეატრები საქართველოში დაკეტილია.

კატეგორია - საქართველო
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2-ის” ერთ-ერთ წამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადის შეცვლა მოუხდა. დღეს, 11 სექტემბერს, ეთერიდან მოიხსნა “ღამის კურიერი” და, შესაძლოა, ორი დღის განმავლობაში არხმა გარკვეული ცვლილებებით იმაუწყებლოს.

მაუწყებლის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაუწყებლობა არ შეფერხდეს.

“ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა. თუმცა, შესაძლოა, ორი დღის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები იყოს”, - განაცხადა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, მაუწყებელი მომზადებული შეხვდა ამ ვითარებას და ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდებიან:

“ამ არასასურველი სიტუაციისათვის “რუსთავი 2” წინასწარ იყო მომზადებული. შევიძინეთ სწრაფი ტესტები იმისათვის, რომ ამ მომენტისთვის ვინც არის შენობაში, ჩაუტარდეს შემოწმება. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მაქსიმალურად არ აისახოს ეთერზე და, ასევე, არავის შევუქმნათ საფრთხე ჩვენი ოპერაციით. “ღამის კურიერი”, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური გადაცემები, აუცილებლად დაბრუნდება ბადეში, მას შემდეგ, რაც მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავალთ”.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მაუწყებლის განცხადებით, არხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანიაში მყოფმა არცერთმა თანამშრომელმა არ დატოვოს შენობა, სანამ თითოეულ მათგანს ტესტირება არ ჩაუტარდება. მათივე თქმით, თანამშრომელთა ნაწილი უკვე იზოლაციაშია გადაყვანილი.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, ინფიცირებული "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის ინფორმაციით, მაუწყებლის 217 თანამშრომლიდან კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ტესტირება ტელევიზიის თანამშრომლებს მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც Covid-19-ით "TV პირველის" ერთ-ერთ თანამშრომელი ჟურნალისტი ვიკა ბუკია დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან გოგიჩაიშვილსა და მის ცოლს, ვიკა ბუკიას, რომელიც "TV პირველის" თანამშრომელია. თავად ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, ტესტი კი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც ვირუსი მის ქმარს დაუდასტურდა.

"ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია: სიცხემ როგორც კი მისცა (სამსახურში ვიყავი და დამირეკა), ტესტი ეგრევე გაიკეთა და ჩაჯდა იზოლაციაში, პასუხის მოლოდინში. კიდევ კარგი. იმ დღეს მეც ბოლოჯერ ვიყავი სამსახურში და მეორე დღეს უკვე ტესტი მეც დამიდასტურდა. პასუხი იყო: “სუსტად დადებითი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ახალდაწყებულო იყო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არც სიცხე. არც ხველა. თავის წამოტკიებაც კი არა. ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი", - დაწერა ვიკა ბუკიამ.

დღეს "TV პირველმა" გაავრცელა ანონსი, რომლის თანახმად, ვიკა ბუკია გიორგი ნიორაძესთან ერთად არხზე ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "პირველი ხაზი".

alt
კატეგორია - საქართველო
2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები კი შემცირებული - მედიის განვითარების ფონდმა “სიძულვილის ენის” 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
MDF-ის დაკვირვებით, 2019 წელს სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, მათი უმეტესობა - 1214 კი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი - 646 კომენტარი მედიასაშულებებმა გააკეთეს.

alt

“ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას (275); რომ ჰომოსექსუალობა გადახრა, ცოდვა და გარყვნილებაა (209); ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფად იყო წარმოდგენილი (196). ისმოდა თემის წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებები (188), ასევე ხდებოდა ინდივიდუალური სექსუალური ორიენტაციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა (106).

ჰომოფობიურ განცხადებებს, რაოდენობრივად ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს. MDF-ის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2019 წელს 538 ქსენოფობიური შინაარსის გზავნილი გავრცელდა, მათგან ყველაზე დიდი წილი - 277 ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდიოდა, 136 კი თურქოფობიური განცხადებებზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 65 განცხადება გავრცელდა, რომლებიც, ძირითადად, დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ აზერბაიჯანი ქართული ტერიტორიის მიტაცებას, ოკუპაციას ცდილობს. 41 კო- 12 მენტარი არმენოფობიური ხასიათის იყო და მეტწილად პოლიტიკოსების და ცალკეული პირების სომხური გვარით ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ეთნოსების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები (19) ამ ჯგუფებს სეპარატიზმისა და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხესთან აკავშირებდა, ასევე ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების თანამდებობაზე დანიშვნას მიუღებლად მიიჩნევდა.

რაც შეეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ განცხადებებს, მონიტორინგის მიხედვით, მათი უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც იეჰოვას მოწმეების (9) და არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ (8) გაკეთებული კომენტარები მოსდევდა. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ კონტექსტში იყო მოხსენიებული ევანგელურ – ბაპტისტული (5) და კათოლიკური (5) ეკლესიები. ერთი განცხადება იუდეველთა, ერთი კი სხვადასხვა სექტების წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთდა.

MDF-ის მონიტორინგის მიხედვით, სხვადასხვა მოტივით სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებიდან (84) ყველაზე მეტი შემთხვევა ინდივიდუალური შუღლის გაღვივებასა და ძალადობის წამახალისებელ კომენტარებზე (38) მოდის. 27 განც- 15 ხადება ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეხებოდათ. სიძულვილის ენის შემცველი 7 კომენტარი „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მისამართით გაკეთდა. თითქმის თანაბარი იყო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ (4) და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ (5) მისამართით გაკეთებული კომენტარები.

რაც შეეხება რასისტული შინაარსის განცხადებებს, ექვსიდან სამი თანაბრად გაიყო მედიის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სასულირო პირებს შორის, ხოლო დანარჩენი სამი საზოგადოების წარმომდგენლებმა გააკეთეს.

alt


MDF-ის კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა

უფრო კონკრეტულად, მედიამონიტორები აკვირდებოდნენ 4 ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” (შემდგომში “მთავარის”) და “ობიექტივის” პრაიმ თაიმის ყოველდღიურ საინფორმაციო და კვირის ანალიტიკურ გამოშვებებს; 5 ტელევიზიის , “იმედის”, “რუსთავი 2-ის” (შემდგომში “მთავარის”), “ობიექტივის” და “კავკასიის” ტოქშოუებს; 6 ონლაინ გამოცემას - “საქინფორმი”, “ნეტგაზეთი”, “ინტერპრესნიუსი”, “საქართველო და მსოფლიო”, PIA და “მარშალპრესი”. ასევე, 4 გაზეთს - “რეზონანსი”, “კვირის პალიტრა”, “ასავალ-დასავალი”, “ალია”.

კატეგორია - საქართველო
ფონდია “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სათემო რადიოს ქმნის. რადიო “ლილე” ქართულ და სვანურ ენებზე იმაუწყებლებს.

“მთის ამბების” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რადიო სატესტო რეჟიმში დაიწყებს მაუწყებლობას და სხვადასხვა ტიპის სამ გადაცემას მოამზადებს: საინფორმაციო გამოშვებას და ორ გადაცემას - „ღია სტუდია“ და “ლილე”.

საინფორმაციო გამოშვება, ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 საათზე გავა და მსმენელს ამბებს არამხოლოდ სვანეთიდა, არამედ მთელი საქართველოდან გააცნობს. გადაცემა „ღია სტუდია“ ოთხშაბათობით გავა ეთერში და სტუმრებთან ერთად, რეგიონის მთავარ თემებს განიხილავს. გადაცემა “ლილე” კი, ყოველ პარასკევს, ადგილობრივი უხუცესების მონაწილეობით, სვანური კულტურის, ტრადიციებისა და წესების შესახებ მოუყვება მსმენელს.

რადიო „ლილეს“ შექმნის ინიციატორი ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 2020 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა. “მთის ამბების” ინფორმაციით, სვანეთის სათემო რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სვანური ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას.

ამ დროისთვის საქართველოში ოთხი სათემო რადიო ფუნქციონირებს. ნინოწმინდაში - რადიო “ნორი”, პანკისში - “რადიო WAY”, გორში - “მოზაიკა” და საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით ახორციელებს მთაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიური დეტალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში მედიალანდშაფტი პლურალისტური, მრავალფეროვანი, თუმცა კვლავ პოლარიზებული იყო, რასაც ძირითადი მედიასაშუალებების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა სდევდა თან.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია აჭარის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, მედიაპლურალიზმისა და პრესის თავისუფლების კუთხით სიტუციის პოტენციური გაუარესების თვალსაზრისით ადგილობრივი არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განგაშის საფუძველი გახდა.

Freedom House-ი გასული წლის აპრილში აჭარის მაუწყებლის დირექტორის ნათის კაპანაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მაუწყებლის საქმიანობა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ დადებითად იყო შეფასებული. ანგრიშში ასევე ნათქვამია, რომ კაპანაძის გათავისუფლება ადგილობრივმა არასამთავრობო ორანიზაციებმა გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ ქვეყანაში განგრძობადი ნეგატიური ტენდენციაა, რომელიც მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული და პროცესში პოლიტიკური ჩარევების შესახებ ეჭვებს აძლიერებს.

Freedom House-ი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში” მფლობელების შეცვლის, ტელევიზიიდან ჟურნალისტების დიდი ნაწილის წამოსვლისა და ქვეყანაში ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებაზეც საუბრობს.

„საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიის „წაღება“, ისე, როგორც ეს განხორციელდა, საქართველოში უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩახშობა იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ გასული წლის 20 ივნისის აქციაზე ბევრი ჟურნალისტი დაშავდა. Freedom House-ი Amnesty International-ის მონაცემებს იშველიებს, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის აქციის დაშლისას 31 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან უმეტესობა პოლიციელების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე გასული წლის დასასრულისთვის კვლავ სათანადოდ არ იყო გამოძიებული. ამავე ანაგრიშის თანახმად, მუხთარლი მის გატაცებაში სწორედ საქართველოს კრიმინალურ პოლიციას ადანაშაულებს.

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიში - „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები“ - ქვეყნებს ეროვნული მმართველობის, საარჩევნო პროცესის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელ მედიის, ადგილობრივ მმართველობის, ასევე სასამართლო სისტემისა და კორუფციის კრიტერიუმებით აფასებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 7-დან 3.25-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.04 პუნქტით ნაკლებია. მედიის თავისუფლების ნაწილში კი - საქართველო 7-დან 3.75 ქულით არის შეფასებული.

წყარო: freedomhouse.org
კატეგორია - საქართველო
TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია. “ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს”- წერს ინგა გრიგოლია.

საქართველოში მედიის წარმომადგენელის კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევაა. 4 სექტემბერს, COVID-19 დაუდასტურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელსაც. შემთხვევის დაფიქსირების გამო, აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა
კატეგორია - საქართველო
15-ის ნაცვლად, 5%-მდე გაზრდილი რეიტინგი, ისიც მეგაშოუების ხარჯზე, ძველი შენობის გაყიდვის სამი უშედეგო მცდელობა, მაუწყებლის და ახალი შენობა, რომლის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ჯერ ტენდერი ახლა გამოცხადდა - რა გეგმებით მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორად და რა ეტაპზეა მაუწყებელი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა.

ორგანიზაციამ რეფორმის მიმდინარეობა და რეფორმის შედეგებთან მიმართებაში გაწეული ხარჯები შეაფასა. ანალიზში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. რეიტინგი კი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ისიც, მეგაშოუების ხარჯზე.

ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის დირექტორად დანიშვნიდან მალევე, 2017 წელს მასშტაბური რეფორმები დააანონსა და არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარადგინა. რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება, საბოლოო მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა იყო.

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ვასილ მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილების იმიტომ მიიღო, რომ არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი TVMR-ის მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს. TVMR-ის მონაცემებზე დაყრდნობით კი წერს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.

IDFI-ის მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს უმნიშვნელო ზრდა ჰქონდა, რაც, მეტწილად, არხზე დაწყებულმა ახალმა პროექტებმა და მეგაშოუებმა გამოიწვია. 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად - 8.91% და 8.60%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.

გარდა რეიტინგებისა, კვლევაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საბიუჯეტო დაფინანსების ყოველწლიურ ზრდაზე და ამასთანავე, მაუწყებლის მიერ აღებულ სესხზე. IDFI წერს, რომ აღნიშნული სესხის მიზნობრიობა ტექნიკური გადაიარაღება იყო, თუმცა სასესხო თანხის ათვისება 2019 წელს ვერ მოხერხდა და 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მლნ ლარის სესხი აიღო. თუმცა, IDFI ამბობს, რომ გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი ამ თანხის გამოყენებით.

IDFI ამგარიშში პირველი არხის საშტატო განრიგის საკითხსაც ეხება და წერს, რომ მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა ცვლილებები “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ” დადგენილებაში და ჩანაწერის ის ნაწილი, რომელიც მას უფლებამოსილებას უფართოებდა, დააკონკრეტა. უფრო ზუსტად, ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოღებულია “მედიის” განმარტება და დაკონკრეტებულია, რომ რეგულაციები “მაუწყებლებს” ეხება, რაც თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ იყო.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული ცვლილებები 20 აგვისტოს განიხილა. თავდაპირველ ვერსიაში მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები გარკვეულ ხარვეზებს ხედავდნენ. განხილვას წინ უსწრებდა კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” საჯარო განცხადება. მედიაკოალიცია მიიჩნევდა, რომ ტერმინთა განმარტების ცვლილება ხარვეზიანი იყო და დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებდა კომისიის დისკრეციას.

ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ “მედიის” განმარტების და, ასევე, ჩამონათვალის, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები, დადგენილებიდან ამოღებით, საქართველოს კომუნიკაციების კომისიას უფლებას მიეცემოდა, რომ მისი მოქმედების სფერო გაეფართოებინა და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა, ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაევრცელებინა.

მედიაკოალიციამ GNCC-ის წარუდგინა წერილობით მოსაზრებები, სადაც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები თავდაპირველი ვერსიის მიღებაში ხედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ GNCC აცხადებდა, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლო იყო, სადავო ჩანაწერი მცირედით დაკორექტირდა, დაკონკრეტდა, რომ რეგულაციები მაუწყებლებზე გავრცელდება და ონლაინ მედიაზე გაავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ” დებულებაში ცვლილებები 27 აგვისტოს შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები 7 სექტემბრიდან, დადგენილების გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდა.