საქართველო
კატეგორია - საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 25 აგვისტოს განცხადებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” რეკლამები, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს, არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.

ორგანიზაციის თქმით, 18 აგვისტოდან ტელეკომპანია “ობიექტივზე” ვიდეორგოლები გადის, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, ეკონომიკურ პროექტებზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

ორგანიზაციისვე განცხადებით, “თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიმართავს:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პატრიოტთა ალიანსს - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაწუყებლის პირველი არხის შენობიდან, ბომბის არსებობის შესახებ შესული ზარის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

“არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”, - წერს “პირველი არხი”.

მაუწყებლის ინფორმაციით, არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე მუშაობს.


მთავარი ფოტო: პირველი არხი
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა და ტელემაუწყებლებში სარეკლამო შემოსავალი შემცირდა. GNCC-იმ 2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დღეს 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.

GNCC-ის ინფორმაციით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი შემოსავალი - 5.4 მილიონი ლარი ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • იმედი - 5.4 მილიონი ლარი
  • რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი
  • მთავარი არხი - 1.3 მილიონი ლარი
  • ტელეკომპანია პირველი - 0.8 მილიონი ლარი
  • GDS TV- 0.5 მილიონი ლარი
  • POSTV - 0.4 მილიონი ლარი
  • ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
  • რ.ბ.ჯ. – 0.2 მილიონი ლარი
  • სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
  • სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
  • სხვა - 0.9 მილიონი ლარი

“კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება”, - აცხადებს GNCC.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების კომისია ეხმიანება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საჯაროდ წარდგენილ რეკომენდაციებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლოა.

კერძოდ, კომისიის განმარტებით, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაში ცვლილებები განპირობებულია მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რითაც ხდება დადგენილების „საარჩევნო კოდექსთან“ შესამისობაში მოყვანა. დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და ხდებოდა „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილ დებულებებთან დუბლირება.

„რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს მედიის განმარტებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი არ არის გამოყენებული რაიმე რეგულაციასთან კავშირში და ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს. კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც ის ახორციელებს საარჩევნო პროცესში, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და კომისიის უფლებამოსილების გაზრდა ვერ მოხდება კომისიის ნორმატიული აქტით, შესაბამისად, არც წარდგენილი დადგენილების პროექტით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა კომისიის რეგულირებად სუბიექტთა წრის გაფართოება“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა ცვლილებები „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები. კომისიას ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას.

მედიაკოალიციის განცხადების თანახმად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის იმგვარად მიღებამ, რგორც ის არის წარმოდგენილი, შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას.

მედიაკოალიციის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებდნენ მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია, კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს შემდეგი გარემოებების გამო:

1. ტერმინთა განმარტების ცვლილების ხარვეზი - განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ მედია ამ დადგენილების მიიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიის ძირითადი/ფართო განმარტება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე, დაუშვებელია ონლაინ მედია მიექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნი და საარჩევნო პროცესების გშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და დაავიწროვოს სუბიექტთა წრე.

2. დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებს კომისიის დისკრეციას - ზოგადი გახდა დადგენილების მუხლი 4 - საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის შინაარსშიც არ დგინდება თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას, რაც მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ფართო დისკრეციით განსაზღვროს მოთხოვნა და დაადგინოს დარღვევა; 3. დადგენილებიდან ამოღებულია დაკონკრეტება სავალდებულო პროცედურების შესახებ - დადგენილების განახლებული ტექსტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული ჩანაწერით უნდა ჩანაცვლდეს რედაქცია, რომელიც შედარებით კონკრეტულად მიანიშნებდა მედიის პასუხისმგებლობებზე. აღნიშნული ცვლილებით მედიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობები ნათელი და განჭვრეტადი აღარ იქნება.

4. დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით - დადგენილებიე მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად „ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება“ აღნიშნული ჩანაწერით დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კოდექსი კონკრეტულად არ მიუთითებს საწყის ვადაზე, დადგენილება მკაცრად ადგენს, თუ როდიდან შეიძლება რეკლამის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას გადახედოს პროექტს და შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 20 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისია განიხილავს ცვლილებებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ეს ცვლილებები მას უფლებას მისცემს, მისი მოქმედების სფერო გააფართოოს და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს.
კატეგორია - საქართველო


საქართველოს კომუნიკაციების კომისია გეგმავს ცვლილებები შეიტანოს დადგენილებაში, რომელიც მას უფლებას მისცემს, მისი მოქმედების სფერო გააფართოოს და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს.

საუბარია დადგენილებაზე “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების მესამე მუხლში განმარტებულია, რომ საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებზე, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელსა და გაზეთებზე, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ცვლილების მიხედვით კი, დადგენილებიდან ამ ჩამონათვალს ამოიღებენ. ეს კი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, კომისიის უფლებამოსილებას გააფართოებს.

„მედიის განმარტების ამოღებით, კომისია სავარაუდოდ დადგენილებას გაავრცელებს ონლაინ მედიაზეც. აღსანიშნავია, რომ საარჩეევნო კოდექსის საფუძველზე კომისია დღესაც ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს, თუმცა მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზეც კი არ აქვს კომისიას უფლებამოსილება დაამონიტორინგოს და მისი უფლებამოსილება გაავრცელოს ონლაინ მედიებზე. ონლაინ მედიებზე კომისიის უფლებამოსილების გავრცელების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომისია ამ ნაწილზე დაელოდოს სასამართლოს განმარტებას”, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2020 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართ იმავე რეგულაციების გავრცელება, რაც სამაუწყებლო მედიის (ტელევიზია და რადიოს) მიმართ არის დაწესებული. საქმე ეხებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ონლაინ გამოცემა reginfo-სთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენას იმ მიზეზით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

გარდა ამისა, მესამე მუხლიდან ასევე დაგეგმილია მეორე ქვეპუნქტის ამოღებაც, სადაც განმარტებულია, რომ რეგულაციები ვრცლდება წინასაარჩევნო რეკლამაზე, წინასაარჩევნო დებატებზე, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და წინასაარჩევნო აგიტაციაზე.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილებაც მთელ რიგ კითხვებს აჩენს:

“ცვლილება შესაძლოა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ მარეგულირებელმა დაამონიტორინგოს მაუწყებლის მთლიანი ბადე”.

კომუნიკაციების კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს დღეს, 20 აგვისტოს განიხილავს. ცვლილებების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ უახლოეს 10 დღეში უნდა მიიღოს.
კატეგორია - საქართველო
„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF) ევროპულ ინსტიტუტებს მიმართავს თვალყური ადევნონ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ არსებულ საფრთხეებს და საქართველოში ყველა ჟურნალისტისა და მედიის სფეროში მომუშავე ადამიანების მხარდასაჭერად იმუშაონ.

„მედიაჩეკერი“ ECPMF-ის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თარგმანს გთავაზობთ:

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის სახელით, გვსურს, თქვენი ყურადღება ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ განხორციელებულ მუქარებზე გავამახვილოთ, რასაც ერთი პირის დაკავება მოჰყვა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა, საქართველოსა და რუსულად მოსაუბრე ქვეყნებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ამისთვის იგი ორი თვით საქმიანობასაც ჩამოაცილეს, აღნიშნული სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავის -2-ში”, სადაც იგი მუშაობდა მფლობელები შეიცვალნენ. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებმა გაბუნიას მონოლოგი მყისიერად დაგმეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი სიტყვები ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი იყო. რუსეთი საქართველოს ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. რუსეთის დუმაში კი გაბუნიას ექსტრადირება მოითხოვეს. გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები ჩეჩნეთიდან გაგრძელდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრისკენ მოუწოდა, ამასთან „ტელეგრამზე“ ძალადობრივი მუქარის შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა და თქვა: „გაბუნიას ურჩევნია შვიდი ღობის იქით დაიმალოს, რადგანაც პირველივე ადამიანი, რომელიც მას შეხვდება, იმას მიუზღავს, რაც დაიმსახურა“.

2020 წლის 15 ივნისს, „ტელეკომპანია ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ამასთან, იმ დროს როდესაც, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვაში რამზან კადიროვი საჯაროდ დაადანაშაულა. რამდენადაც, დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ გამოძიება კვლავაც გრძელება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის დასადგენად, თუ ვინ გეგმავდა, ვინ იძლეოდა დავალებებს და ვინ აფინანსებდა მკვლელობას და პასუხისგებაში მისცეს ისინი. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჟურნალისტების მიმართ მუქარების აღსაკვეთად და იმის საჩვენებლად, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.

წყარო: ecpmf.eu
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუსკვოს შეინარჩუნებს და ამის შემდეგ უკვე დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, როგორიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 18 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. განცხადებაში, რომლითაც სამეურვეო საბჭოს მიმართა, მაღლაფერიძე წერს:

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

მოგვიანებით, სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაღლაფერიძემ მათთან დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა 30 კალენდარული დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად:

  • გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

  • გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ. ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. 
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ზაზა აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, დღეს, 18 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
განცხადებაში, რომლითაც სამეურვეო საბჭოს მიმართა, მაღლაფერიძე წერს:

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

ზაზა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაღლაფერიძემ მათთან დაადასტურა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილებაა

"ამის გარდა, მან ჩვენი კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე იყო ჩვენი საუბარი, ძირითადად“, – წერს ზაზა აბაშიძე.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - წერს მაღლაფერიძე ვრცელ განცხადებაში.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად სამეურვეო საბჭომ კონკურსი ათი დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა 30 კალენდარული დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად:

  • გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.
  • გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს. ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა. ახალი დირექტორის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 ნოემბერს არხის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა პოსტი გაურკვეველი მიზეზით დატოვა.  მაშინ, ვასილ მაღლაფერიძის არჩევას, სამოქალაქო ორგანიზაციების საჯარო განცხადება მოჰყვა, ისინი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობდნენ.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 40% ტელეკომპანია “იმედის”, 16% კი “მთავარ არხის” საინფორმაციოს - ენდობა. გამოკითხულთა 2% უცხადებს ნდობას საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალ ამბებს.

კითხვაზე, რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება: 

alt
  • “იმედი” - 40%
  • “მთავარი არხი” – 16%
  • “რუსთავი 2” – 14%
  • “TV პირველი” – 8%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2%
  • “ფორმულა” – 1%
  • “პალიტრანიუსი” – 1%
  • “ობიექტივი” – 1%
  • “მაესტრო” – 1%
  • “აჭარა” – 1%
გამოკითხულთა 1% კი თავს იკავებს პასუხის გაცემისგან.

IRI-ის კვლევის მიხედვით, მინდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა უმეტესობა - 85%, ტელევიზიიდან იღებს, 33% კი სოციალური მედიიდან - ფეისბუკიდან. 10% ამბობს, რომ ინფორმაციას ონლაინგამოცემების საიტებიდან იღებს, 4% – რუსული ტელევიზიიდან, ასევე 4% – ქართული ბეჭდური მედიიდან, 3% – რადიოდან, 2% კი - დასავლური ტელევიზიიდან.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.
კატეგორია - საქართველო
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები”, - 14 არასამთავრობო ორგანიზაცია 9 აგვისტოს “მთავარ არხზე” გადაცემა „მთავარ აქცენტებში გასულ ინტერვიუს და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემურ გაშუქებას გამოეხმაურა.

“მთავარ აქცენტებში” წამყვანს, ნიკა გვარამიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაცემაში წამყვანის მიერ დასმული კითხვები ეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის, ხოლო მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

“მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ”, - აცხადებენ ორგანიზაციები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე, მიუღებლად მიიჩნევენ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს.

“პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. კავშირი საფარი;
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  5. თანასწორობის მოძრაობა;
  6. უფლებები საქართველო;
  7. ღია საზოგადოების ფონდი;
  8. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  9. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  10. მედიაკლუბი;
  11. სატელევიზიო ქსელი;
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)