საქართველო
კატეგორია - საქართველო


ნიკა გვარამიას „მთავარი არხის“ 12 %-იანი წილის მეუღლისთვის გადაფორმების პროცესი შეჩერებულია. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, გადაფორმების პროცესის შეფერხებას საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს და ხელოვნურად ჭიანურდება, რაც სავარაუდოდ, მის პოლიტკიურ საქმიანობას უკავშირდება. საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით მოთხოვნილი კონსოლიდირებული სადამფუძნებლო შეთანხმებაც შეიტანა. მისი თქმით, თუ რეესტრი განხილვაში ამ დოკუმენტსაც არ მიიღებს, მაშინ საქმეს უკვე სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ჩვენი წესდებით, პარტნიორთა [90% წილის] თანხმობაა საჭირო, რაც გავითვალისწინეთ წინა კრების ოქმში. დირექტორი რო შევიცვალეთ, იქვე თანხმობა გავაცემინეთ სხვა პარტნიორებს. ეხლა შემიჩერეს წარმოება და ისევ თავიდან ყველა პარტნიორის ხელმოწერით სადამფუძნებლო შეთანხმებას და წესდებას ითხოვენ“.
დიტო საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „მთავარი არხის“ წილის ცვლილების მოთხოვნით 13 მარტს მიმართა. ნიკა გვარამიამ კი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების განცხადება 2024 წლის 27 თებერვალს დაარეგისტრირა. თანამდებობის დატოვებასთან ერთად, გვარამიამ "მთავარი არხის" საკუთარი 12%-იანი წილის მეუღლეზე - სოფო ლილუაშვილზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. მის ნაცვლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიაში თანამდებობას იკავებდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია "ახალი" დაარსა. ჯერჯერობით ის პარტიაში არანაირ თანამდებობას არ იკავებს. "ახალის" გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

კატეგორია - საქართველო

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

მედიის ხუთივე წარმომადგენელი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სამი ჟურნალისტი კი - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 23 იანვარს კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მარინა ხატიაშვილისა და მისი ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. სამართალდამცავების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ერთ-ერთ მათგანს არაერთხელ წაართვეს მობილური ტელეფონი. დაზიანდა მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერიც. თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა სამკერდე ნიშანი, რომლითაც შესაძლებელი იყო მათი, როგორც ჟურნალისტების იდენტიფიცირება.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა 2024 წლის 28 თებერვალს მოითხოვა.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ტელეოპერატორ გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. ზუკა გუმბარიძის თქმით, „ფორმულა“ დავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.

2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი გაიფიცა და ხელფასების მომატებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებდნენ, არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღეში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ტელეოპერატორების უმეტესი ნაწილი, მოლაპარაკებების შედეგად, სამსახურში აღადგინა.

გიორგი ჯიბღაშვილმა, რომელიც სამუშაო ადგილზე არ დააბრუნეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და ტელეკომპანიას ოპერატორისათვის, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კომპენსაციის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 14 მარტის განცხადებით, ორგანიზაცია გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს.

მთავარი ფოტო: გიორგი ჯიბღაშვილის Facebook გვერდიდან 

კატეგორია - საქართველო
ორგანიზაცია “მედიახმამ” ჩაატარა კვლევა — მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში. როგორც ავტორები ამბობენ, კვლევის მიზაბია, აღწეროს და შეაფასოს 2023 წელს საქართველოს მედიაგარემო და გამოკვეთოს საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოში არსებობს როგორც რეალური, ასევე ე.წ. ცრუ/ილუზორული პოლარიზაცია;
  • ცრუ და ილუზორული პოლარიზაციის შედეგად, მედიის დღის წესრიგიდან ხელოვნურადაა განდევნილი ის თემები, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს;
  • პოლარიზაცია მოქმედებს ჟურნალისტურ წყაროებზეც და ვლინდება მათ თვითცენზურაში — პოლარიზაციის სხვადასხვა მხარეს მყოფ მედიას ერთი და იგივე რესპონდენტები სხვადასხვანაირად ესაუბრებიან;
  • პოლიტიკური პოლარიზება ამცირებს მედიაორგანიზაციებს შორის სოლიდარობას და საზოგადოებაში ჟურნალისტის პროფესიისადმი ნდობას;
  • მედია მხოლოდ კი არ აშუქებს/აირეკლავს პოლიტიკურ პოლარიზაციას, არამედ თავადაა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და მხარე, რომლისგანაც “მტრის ხატი” იქმნება; გაუარესდა მდგომარეობა ჟურნალისტების უსაფრთხოების და მათი დაუცველობის თვალსაზრისით;
  • ჟურნალისტები არ არიან მზად 2024 წელს ელექტრონული წესით არჩევნების პროცესის გაშუქებისთვის;
  • განსაკუთრებით გააქტიურდა ტროლ-ბოტების რესურსის მიზანმიმართული გამოყენება რუსული დეზინფორმაციის ტირაჟირებისთვის;
  • დამოუკიდებელ მედიაში ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკური პოლარიზაციაა;
  • ხალხის მხრიდან მედიისადმი სოლიდარობისა და ნდობის ნაკლებობაა — მედიის დღის წესრიგი თავად დაშორდა ხალხსა და მის პრობლემატიკას, მედია აღარაა საზოგადოებისთვის პრობლემების მოგვარების ხიდი.
პოლარიზაცია:

როგორც კვლევაშია აღნისბული, პოლარიზაცია აზიანებს როგორც მედიაგარემოს, ასევე საზოგადოებას. გარდა ამისა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის “მხარდაჭერილი” პოლარიზაცია, იწვევს მათი მხრიდან მედიასაშუალებების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ლოიალურად ან კრიტიკულად განწყობილი.

“ეს ქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას ცალკეული მედიასაშუალებისთვის, რადგან “ე.წ. ოპოზიციურ მედიაში ისმის მხოლოდ ოპოზიციის ხმა, ხოლო ე.წ. სამთავრობო მედიაში — მხოლოდ მმართველი პარტიის”.

ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევები: კანონის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ

ამ მიმართულებით გამოყოფილია ის ცვლილებები და არა მხოლოდ, რასაც 2023 წელს უარყოფითი გავლენა ქონდა მედიაზე. მათ შორისაა:


კვლევის ავტორების თქმით, მმართველი პარტიის მიერ მედიის წინააღმდეგ კანონის ინსტრუმენტალიზაცია საშიში ტენდენციაა — “მიუხედავად ნიკა გვარამიას შეწყალებისა, მედიაგარემოში დარჩა მნიშვნელოვანი საფრთხეები და გამოწვევები, ისეთი, როგორიცაა მარეგულირებლის გაზრდილი უფლებამოსილება და ამ კონტექსტში, სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირება”.

რეკომენდაციები

კვლევის მიხედვით, მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია აქტორების კოორდინირებული და სისტემური მუშაობა, როგორც პოლარიზაციის შესამცირებლად, ასევე არჩევნების გაშუქებისა და რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში.

  • კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები მმართველი პარტიისთვის, მედიისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების გაშუქება, პოლარიზაციის შემცირება, ჟურნალისტების უსაფრთხოება.
კატეგორია - საქართველო
2023 წელს ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 13,7 მილიონი ლარით გაიზარდა — მიღებული თანხა 87,4 მილიონი ლარი იყო. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

2023 წელს "იმედის", "რუსთავი 2-სა" და Pos TV-ის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, "მთავარი არხის", "ფორმულის" და "TV პირველის" კი შემცირდა.

რომელ ტელევიზიებს გაეზარდათ შემოსავლები და რამდენით?

  • იმედს — 8,6 მილიონით (33.7 მლნ);
  • რუსთავი 2-ს — 4,5 მილიონით (13.7 მლნ);
  • პოს ტვ-ის — 2,5 მილიონით (7.4 მლნ);
  • GDS-ს — 1,4 მილიონით (3.3 მლნ);
  • BMG-ს — 1,3 მილიონით (3.2 მლნ).

რომელ ტელევიზიებს შეუმცირდა შემოსავლები და რამდენით?

  • მთავარ არხს — 2,2 მილიონით (7.9 მლნ);
  • "ფორმულას" — 0,4 მილიონით (5.3 მლნ);
  • "ტელეკომპანია პირველს" — 0,5 მილიონით (5.3 მლნ);
  • "საზოგადოებრივ მაუწყებელს" — 0,7 მილიონით (2.4 მლნ);
  • “ჯორჯიან თაიმსს" — 0,03 მილიონით (4.7 მლნ).

კომუნიკაციების კომისიამ სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების 2023 წლის სია გამოაქვეყნა. სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა გადახდილი თანხაც 500 ათას ლარს აღემატება.

“იმედის” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "რუსთავის აზოტი";
  • "დიპლომატ ჯორჯია";
  • "პსპ ფარმა";
  • "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია";
  • "სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი";
  • "Optimum Media Buying Limited";
  • "არქი პრომოუშენი";
  • "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო";
  • "ნესტლე საქართველო";
  • "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო".

“რუსთავი 2-ის” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია";
  • "პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ";
  • "დიპლომატ ჯორჯია";
  • "ავერსი-ფარმა";
  • "ნესტლე საქართველო";
  • "Optimum Media Buying Limited";
  • "ლაქტალის ჯორჯია";
  • "მაკდონალდსი";
  • "იმპელ დეველოპმენტი";
  • "არქი პრომოუშენი";

“მთავარი არხის” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია";
  • "პსპ ფარმა";
  • "დიპლომატ ჯორჯია";
  • "ავერსი-ფარმა";
  • "ჯი ემ ფარმასიუთიქალს";
  • "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია";
  • "მაკდონალდსი";
  • "სელფი მობაილი";
  • "გორგია";
  • "ვიმ ბილ დან საქართველო".

“Პოს ტვ-ის” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "კავეა";
  • "კავკასუს ავტო სერვისი";
  • "ფალავანი";
  • "სტერეო+";
  • "გემრიელი";
  • "მალკო";
  • "არქი პრომოუშენი";
  • "ტიფლის ფაბ";
  • "ქართული რძის პროდუქტები"
  • "დს ჯგუფი".

“ფორმულას” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია";
  • "პსპ ფარმა";
  • "სი კორპორეიშენ 22";
  • "თეგეტა მოტორსი";
  • "თიბისი ბანკი";
  • "ორთაჭალა გეითი";
  • "ავერსი-ფარმა";
  • "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი";
  • "კავეასა";
  • "ჩინური მედიცინის ცენტრს".

“ტვ პირველის” ტოპ 10 სარეკლამო დამკვეთი:

  • "პსპ ფარმა";
  • "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია";
  • "გალფი";
  • "კავეა";
  • "თიბისი ბანკი";
  • "სოფარმა";
  • "ნოვა";
  • "იმპექსფარმი";
  • "ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში";
  • "თბილისი ცენტრალი".
კატეგორია - საქართველო
ტვ პირველმა ბოდიში მოიხადა ეთერში გაშვებული ფოტოს გამო, რომელზეც თითქოს სავარაუდო დამნაშავე იყო აღბეჭდილი, არადა ის სრულიად სხვა ადამიანს ეკუთვნოდა.

მსგავსი რამ ტვ პირველზე 2022 წელსაც მოხდა, როდესაც გამოშვებაში სავარაუდო დამნაშავის ნაცვლად, სხვა ადამიანის ფოტო აჩვენეს.

რა ხდება?

9 თებერვალს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ამბავი TV პირველის 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა — სიუჟეტში აჩვენეს ფოტო, რომელიც თითქოს დამნაშავის უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო აღბეჭდილი.

რატომ არის ეს პრობლემა:

  • არასწორად გამოყენებულ ფოტოს ცოტახნით თავი რომ დავანებოთ (რა თქმა უნდა, არ უნდა დავანებოთ), სახელმძღვანელო წესების მიხედვით, დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.
  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა, საერთოდ იყო თუ არა თემა იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი, რომ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მომხდარიყო.
  • ახლა კი ისევ არასწორ ფოტოს მივუბრუნდეთ — მედიამ ჩათვალა, რომ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება საჭირო იყო, თუმცა არ გადაამოწმა სათანადოდ და მკვლელობაში უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულა.

მით უმეტეს,


ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტელევიზიამ ინფორმაცია სრულფასოვნად არ გადაამოწმა და სხვა ადამიანის ფოტო გამოიყენა.

  • 2022 წელს ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო, ტვ პირველზე, როდესაც არხმა გამოიყენა უდანაშაულო ადამიანის ფოტო ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის.
  • 2019 წელს მოქალაქემ ტელევიზიით გაიგო, რომ "მოკვდა" — მისი ფოტო აჩვენეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, თითქოს მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ უნდა გააშუქოს მედიამ კრიმინალი

როგორ მოიქცა მედია სიმართლის გარკვევის შემდეგ:

ამ დრომდეა ხელმისაწვდომი 3-საათიანი საინფორმაციო გამოშვება, მათ შორის, Youtube-ზე, სადაც სიუჟეტში რამდენჯერაა ნაჩვენების არასწორი ადამიანის ფოტო, თითქოს ის დამნაშავეა.

  • თუმცა უნდა ითქვას, რომ იმავე საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა განმარტა რომ არასწორი ფოტო გამოიყენეს და გამოქვეყნდა შესწორების განცხადებაც.

შესწორების სტანდარტის მიხედვით:


  • მაუწყებელმა ღიად და დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს დაშვებული შეცდომის შესახებ და თანაზომადი ფორმით შეასწოროს ის.
  • მაგალითად, თუ შეცდომა დაუშვეს პრაიმ ტაიმში, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ინფორმაცია ამავე გადაცემაში მეორე დღეს უნდა გავიდეს. თუმცა, რა არის თანაზომადი შესწორება, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
  • საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებელია, დაზუსტება უმჯობესი იყოს არა შემდეგ დღეს იმავე გადაცემაში, არამედ უახლოეს მომდევნო გადაცემაში.
  • მასალის დროულად გასასწორებლად, შესაძლებელია, გამოიყენოთ მაუწყებლის ოფიციალური გვერდი.
  • ეთერში გასული შესწორებული ვიდეო-მასალა ინტერნეტში ახალი რედაქციით უნდა აიტვირთოს ოფიციალური ვებსაიტზე და ასევე, შესწორდეს ყველა პლატფორმაზე.
კატეგორია - საქართველო
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ტრაგედიების დროს მედია განსაკუთრებით სენსიტიური უნდა იყოს. განსაზღვროს რას და როგორ აშუქებს — სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია. თუმცა არაერთი განცხადების, სახელმძღვანელო წესების შემუშავებისა, ეს საკითხი კვლავაც პრობლემური რჩება.

რა მოხდა ამჯერად?

  • 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა.
  • დაიღუპა სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ — ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი იყო, დანარჩენი ორი კი მფრინავები.
  • რამდენიმე მედიასაშუალებამ ტრაგედიის ამსახველი კადრები გაავრცელეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენოს მძიმე კადრების ჩვენებამ გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას და აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს.

  • “მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის”.

ტრაგედია, როგორც რეიტინგი

ის, რომ საქართველოს მედიასივრცეში არაერთხელ გამოუყენებიათ ტრაგედიები რეიტინგისთვის ახალი არ არის, თუმცა ერთი ტრაგედიის დასრულების შემდეგ, ყველა ელის, რომ იგივე აღარ განმეორდება. მაგრამ მოლოდინის მიუხედავად ის ყოველ ჯერზე მეორდება.

ძირითადად, მსგავსი კადრების გავრცელება საზოგადოებრივ ინტერესს მიაწერენ ხოლმე. თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი ცნობისმოყვარეობისაგან უნდა გაიმიჯნოს და პარალელურად, მედია ინდივიდის უფლებებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

წაიკითხეთ ვრცლათ:

კატეგორია - საქართველო
დღეს, 2 თებერვალს "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრიზიორებს ჯილდო პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გადასცა.

პრიზი წელს 7 კატეგორიაში გაიცა, ხოლო ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ პრიზი არ გაიცა, რადგან ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.

გამარჯვეულები არიან:

კატეგორია 1: საუკეთესო სტატია ბეჭდურ, ან ელექტრონულ მედიაში


კატეგორია 2: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში


კატეგორია 3: საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში


კატეგორია 4: საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში


კატეგორია 5: საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში

  • გამარჯვებული: ანასტასია ბახტურიძე, ინდიგო
  • ნამუშევარი: სადილი სკოლაში
კატეგორია 6: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში


კატეგორია 7: ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

  • გამარჯვებული: ზურაბ ცერცვაძე, Agency France Press
  • ნამუშევარი: AFP

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.
კატეგორია - საქართველო
კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული მთის ამბების რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რა მოხდა:

  • აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, იმავე დღეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის დროს ხელი შეუშალეს “მაუწყებლის” ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 იანვარს გაიმართა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება. მისივე თქმით, საქმეში იყო პოლიციელის ცრუ ჩვენება.

  • ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მოსამართლე ცნობილია ამ ტიპის უკანონო გადაწყვეტილებებით.
  • მთივლიშვილი გეგმავს საქმე შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივროს, საბოლოოდ კი აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ასევე ჯარიმა დააკისრა 2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებულ “პუბლიკასა” და “ტაბულას”.

კატეგორია - საქართველო
“მთავარი არხის” და “ფორმულას” ვებგვერდები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა. არხის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებგვერდები "დაჰაკეს".

“მთავარი არხის” ვებგვერზე გამქრალი იყო ნიუსები და ეწერა — “Hacked by niggers”. რას შეეხება “ფორმულას”, საიტზე შესვლისას აწერდა, რომ გათიშული იყო.

დეტალები:

  • “მთავარ არხზე” კიბერთავდასხვმა გუშინ, 25 იანვარს მოხდა, საიტზე თავდასხმა დილის საათებში დაიწყო და წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი. ამ დროისთვის ვებგვერდი მუშაობს. 
  • რაც შეეხება “ფორმულას” ის დღეს გაითიშა და ამ დროისთვისაც შეფერხებით მუშაობს.

"ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს", — ნათქვამია ფორმულას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა

კიბერშეტევა იყო პრეზიდენტის ვებგვერდზე. საიტზე შესვლისას იყო თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“. საიტი ამ დროისთვისაც [12:00] გათიშულია.

  • COZY BEAR ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც დასავლეთის ცნობით, ეფესბეს ხელმძღვანელობით მოქმედებს.

ტელევიზიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის შესახებ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს — მათი პასუხის შემთხვევასი მასალა განახლდება.
კატეგორია - საქართველო
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაშუქებისას, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს.

დაკავებულია "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გელა მთივლიშვილი და გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები.

გელა მთივლიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. "ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი." - ვკითხულობთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე ეხმაურება "მაუწყებლის" ჟურნალისტზე პოლიციელის მხრიდან პროფესიულ საქმინობაში ხელის შეშლას, "რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩამოაგდო, რითიც საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს" - წერია განცხადებაში. ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები."
კატეგორია - საქართველო
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარტლოს მიმართა.

რა მოხდა?

  • მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
  • Მეორე დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ თავად იყო თავდამსხმელი — ის იმავე დღეს დააკავეს. გამოძიებამ კი მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
  • 5 ივლისს ფორმულაში ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ თქვეს, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია. გენპროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებია და არა შსს-ს.
  • საგამოძიებომ საქმე დახურულად 11 სექტემბერს გამოაცხადა.

GDI-ს განცხადებით:

  • საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები.
  • გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი.
  • საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეოჩანაწერი არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
  • დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა).
  • “დაზარალებულს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები). აღნიშნული გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ — ნათქვამია განცხადებაში.

რას ასაჩივრებენ

საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და შესრულებული.

  • “ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა”.