რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვის შემდეგ, 2008 წლის 3 ოქტომბერს,
ბიოლის ფონდის ოფისში იმსჯელეს საკითხზე —
"მედია და ომი". შეხვედრა
მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ პირველად გააანალიზეს მედიის
შეცდომები ომში.
აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტის სიცოცხლე არ იყო დაზღვეული, არ ჰქონიათ
ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არავის
ჰქონდა გავლილი ტრენინგი, როგორ უნდა ემუშავათ მსგავს სიტუაციაში.
"რამაც დაატყო კიდეც კვალი მოვლენების გაშუქებას. ჩავებით
პროპაგანდისტულ ომში და რუსულ პროპაგანდას კონტრპროპაგანდით
ვპასუხობდით", — თქვა შეხვედრაზე
დავით
კიკალიშვილმა, რომელიც "კურიერი P.S."-ის წამყვანი იყო
"რუსთავი 2"-ზე, იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე,
რომლის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლება აკონტროლებდა.
გარდა ამისა, შეხვედრისას ითქვა, რომ:
- მოუმზადებელი იყვნენ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით;
- არ იცოდნენ, როგორ გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება
ველზე; როგორ ემოქმედათ მტრულად განწყობილ სამხედროებთან;
- უმეტესწილად, სატელევიზიო მედიის ცნობები სახელისუფლებო
პროპაგანდას ემსახურებოდა და არა — აუდიტორიის სწორ
ინფორმირებას.
IREX SAFE Initiative-ის რისკების მართვისა და ფიზიკური უსაფრთხოების
სპეციალისტი,
გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ 2008 წლის
ომის გაშუქებისას, ქართული მედიის მოქმედება იყო დაუფიქრებელი და
გაუაზრებელი. ეს ნათლად აისახა ინფორმაციის ხარისხზეც, თუმცა,
უპირველესად, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, რადგან ომს რეპორტიორების
სიცოცხლე შეეწირა.
ეს და სხვა გამოწვევები, მედიის უდიდეს ნაწილს, ომიდან 14 წლის
შემდეგაც გადასაჭრელი აქვს.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი დღეს ?
- ჟურნალისტის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ნებისმიერ ინფორმაციაზე
პრიორიტეტულია და მედიასაშუალებებს მართებთ, ამზადებდნენ მათ
შესაბამისი ცოდნით;
- საჭიროა, მედიამ შეიმშავოს სარედაქციო პროტოკოლი — როგორ
იმოქმედებენ ამგვარი ვითარებისას;
- კონფლიქტების და ომის არაკვალიფიციური გაშუქებით, მედიამ შეიძლება
ავნოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
"ზოგადად, ჯობია, ნებისმიერი ამბისთვის მოემზადო, მით უფრო,
კონფლიქტების გასაშუქებლად, ოკუპაციის ფაქტორისა და აქამდე არსებული
გამოცდილების გათვალისწინებით. მოლოდინი, რომ კვლავ შეიძლება
მოგვიწიოს ამ ყველაფრის გავლა, ლეგიტიმურია, მით უფრო, თუ
გადავხედავთ, ვინ არის ჩვენი მეზობელი და როგორია რეგიონული
კონტექსტი", — ამბობს
მაკა ანთიძე, რომელიც
Reuters-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობდა და 2008 წლის ომსაც ამ
საერთაშორისო სააგენტოსთვის აშუქებდა.
"როცა გაქვს კონკრეტული მოცემულობა, მაგალითად, დგახარ და მოედინება
მეწყერი, ხომ არ დაიწყებ იმაზე ფიქრს, ჟურნალისტი ვარ და არ
დამაზიანებსო?! ასეთივე "მეწყერია" საომარი სიტუაცია, ან თუნდაც,
ძალადობრივი საპროტესტო აქცია, სადაც შეშინებული ხალხის მასა გარბის.
თუ პროაქტიულად არ მოემზადები ვითარებისთვის, "მეწყერი" აუცილებლად
გადაგივლის", — ამბობს გიორგი კუპატაძე.
ვინ შეიძლება აშუქებდეს ომს და ვინ — არა?
"Reuters-ი არასდროს გაუშვებს საომარი ვითარების გასაშუქებლად
ჟურნალისტს, ვინც არ იცის, რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს. მაგალითად,
დაბომბვისას — გაიქცე, დაწვე, დაიმალო, თუ შეეფარო შენობას.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სტანდარტი არ არსებობს,
შესაბამისად, ყველაფერი ხდება სპონტანურად, წინასწარი მომზადების
გარეშე", — ამბობს მაკა ანთიძე და გვიზიარებს საერთაშორისო მედიაის
პრაქტიკას, როგორ გეგმავენ კონფლიქტის გაშუქების პროცესს:
- ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და მზადყოფნა,
როგორ იქცეოდეს შესაბამის სიტუაციებში;
- ვინ გააშუქებს ველიდან და ვინ - ნიუსრუმიდან, ამის განსასაზღვრად
რედაქტორები გუნდში გამოკითხვას უნდა ატარებდნენ;
- მენეჯერები უნდა უხსნიდნენ თანამშრომლებს, რომ ველზე გასვლაზე
არანაკლებ მნიშვნელოვანია საომარი მდგომარეობის შესახებ სიახლეების
ნიუსრუმიდან, ან არასაბრძოლო ვითარებიდან გაშუქება.
- არც ჟურნალისტს უნდა მოერიდოს იმის თქმა, რომ ოფისიდან მეტად
პროდუქტიული იქნება, ვიდრე - ველზე, რადგან შეიძლება, ეშინოდეს, რაც
სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია.
"კარგი ჟურნალისტობაა, როდესაც იაზრებ, რომ თუ შესაბამისი ცოდნა არ
გაქვს, არ ხარ მზად ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად, ველზე არწასვლა არ
"ტეხავს". ისიც უნდა გვახსოვდეს, კურსები ძალიან განსხვავებულია
რეალური ვითარებისგან" - ამბობს მაკა ანთიძე - "რომ რთულია საომარ
მდგომარეობაში მუშაობა, მით უფრო, საკუთარ ქვეყანაში, რადგან ამ
შემთხვევაში ერთვება ემოციებიც, თუმცა "უნდა მივუდგეთ საქმეს
პროფესიულად და არა - ემოციურად. შენ იქ იმისთვის ხარ, ხალხს მოუყვე
რა ხდება."
მედიას არ აქვს რესურსი
ჟურნალისტების გადამზადება ძვირია და საქართველოში მედიას,
განსაკუთრებით, მცირე ნიუსრუმებს, შესაძლოა, შესაბამისი სახსრების
მოძიება უჭირდეთ, თუმცა, გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ ფინანსების
მოსაძიებლად მრავალი გზა არსებობს.
მთავარია:
- მზაობა — გააზრებული გადაწყვეტილება, რომ
უსაფრთოება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან "მოკლული, დაჭრილი,
დაშავებული, დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელსაც კამერა წაართვეს,
მასალებს ვერ გამოიტანს."
- შესაძლებლობების მოძიება — საერთაშორისო, თუ
ადგილობრივი ორგანიზაციების, და მათ შორის, IREX-ისა და "ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის" პერიოდული უფასო ტრენინგები უსაფრთხოების
შესახებ.
- საერთაშორისო დონორები, რომლებმაც შესაძლოა,
დააფინანსონ სწავლება და დაეხმარონ ნიუსრუმებს უსაფრთხოების
პროტოკოლის შემუშავებაშიც.
- პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება,
რომელიც საქართველოში მაღალი დონით ტარდება და თანაც, უფასოა.
ურთიერთობა მტრულად განწყობილ სამხედროებთან
- 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად დაიჭრა 11 და დაიღუპა 4
ჟურნალისტი.
- მოკლულთაგან ორი, მტრულად განწყობილმა სამხედროებმა მოკლეს.
"[...]ცხინვალში როცა მივაღწიეთ, სამხედროები დავინახეთ. შეიარაღების
მიხედვით, ერთ ჩვენგანს ქართველები ეგონა და ქართულად მიესალმა, რასაც
რუსულად გინება და სროლა მოჰყვა. მანქანისკენ გავიქეცით, რაც უმძიმესი
შეცდომა იყო, რადგან ტყვიამფრქვევის ჯერი წამოვიდა ჩვენსკენ. გიგა
ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი ადგილზევე მოკლეს, ორნი კი დავიჭერით. თუ
ისვრიან, თუნდაც ჰაერში, უნდა დაწვე მიწაზე და ხელები აწიო, იმიტომ
რომ შენ არ ხარ სამხედრო, ხარ ჟურნალისტი, არ გაქვს იარაღი და ვერც
ტყვიაზე სწრაფად გარბიხარ", — თქვა ჟურნალისტმა თემო კიღურაძემ
აგვისტოს ომის გაშუქებაზე საუბრისას
პოდკასტში, "პირველი ნაბიჯები".
ოკუპანტების კონტროლირებად გამშვებ პუნქტებზე არაერთხელ მოუხდა რუს
სამხედროებთან ურთიერთობა მაკა ანთიძესაც, როდესაც ომს "როიტერისთვის"
აშუქებდა.
"იმ მომენტში უნდა დაივიწყო, რომ ის ადამინი გძულს, ოკუპანტია,
გიკლავს მოქალაქეებს და შესაძლოა, ხვალ შვილიც მოგიკლას. ეს რთულია,
თუმცა ამის გამოსამუშავებლად არსებობს სპეციალური ტრენინგები, როგორ
უნდა მოიქცე გამტარ პუნქტებთან. ძალიან ფრთხილი უნდა იყო: არ
გააღიზიანო, არ გაუჩინო ეჭვი, რომ რაიმე საფრთხეს შეუქმნი და ასე
შემდეგ".
ომი, ინფორმაცია და პროპაგანდა
"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართული მედია ცხინვალში, ქართული
ჯარის წარმატების შესახებ იუწყებოდა. იქაურები უყურებდნენ ტელევიზორს
და ეჭვიც არ ჰქონიათ საფრთხის მოახლოებაზე, მხოლოდ მეზობლებისაგან
გაიგეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ სახლები. მათ სიცოცხლეს
სერიოზული საფრთხე შეექმნა. მხოლოდ პროპაგანდისტული ინფორმაცია რომ არ
მოესმინათ და სიმართლე სცოდნოდათ, სხვა გადაწყვეტილების მიღების
საშუალება ექნებოდათ", — ამბობდა ჟურნალისტი
ნინო
დანელია, ომიდან 2 თვის შემდეგ, ბიოლის ფონდში გამართულ
შეხვედრაზე.
ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს, რა ხელშესახები ზიანი შეიძლება
მოუტანოს მედიამ ადამიანებს, პროპაგანდის გავრცელებით.
"ომის გაშუქება არ ნიშნავს, დაივიწყო ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია -
დასვა კითხვები და აუდიტორიას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდო -
ომის დროს ეს შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს, მით
უმეტეს, თუ ინფორმაციის მთავარი წყარო ხარ.
პროპაგანდაში გადაზრდილი პატრიოტიზმი არ არის ქართველი ჟურნალისტების
"ექსკლუზივი" და ეს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გაშუქებასაც
ეტყობა, ამ ქვეყნების მედიის ინფორმაციის მიხედვით, რთულია გააარკვიო,
რა არის მართალი და რა — არა",- ამბობს მაკა ანთიძე.
რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი
რისკების მართვის სპეციალისტს გიორგი კუპატაძეს, სხვა ქვეყნების
მედიათან სამუშაო ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს და ამბობს, რომ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბევრად სერიოზულად ეკიდებიან
უსაფრთხოების საკითხებს, ვიდრე აქამდე. მათ ფონზე კი, რეგიონში
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქართულ მედიას აქვს, რადგან
უსაფრთხოების საკითხს "ცოტა ინფანტილურად უყურებენ."
კუპატაძის თქმით, საქართველოს მსგავი პრობლემა ჰქონდა უკრაინულ
მედიასაც, სადაც 2014 წლის ყირიმის მოვლენების გამოცდილების
მიუხედავად, ბევრმა მაინც არ დანერგა სისტემური მიდგომა უსაფრთხოების
თვალსაზისით, რამაც 2022 წლის მოვლენებისას იჩინა თავი, მათ შორის,
კიბერუსაფრთხოების კუთხით.
"ომის პირველ თვეებში უკრაინულ მედიაზე უამრავი კიბერშეტევა მოხდა,
ისინი კი, ვისაც არ ჰქონდათ სარეზერვო საიტები, დიდი პრობლემების
წინაშე აღმოჩდნენ".
კიბერთავდასხმები საომარი მდგომარეობისას გარდაუვალია და 2008 წელს
ამის გამოვლა ქართულ მედიასაც მოუხდა, რისთვისაც არ იყვნენ მზად.
მაგალითად, რუსთავი 2-ზე განხორცილებული კიბერთავდასხმის შემდეგ,
ტელევიზიას არ ჰყავდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ვიდეომასალას
ალტერნატიული წყაროებით გაავრცელებდნენ.
2008 წელს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, დავით კიკალიშვილი
ამბობდა, რომ ამან გარკვეულწილად, ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის
საერთაშორისო პოზიციონირებაზე. იგივე პრობლემა ჰქონდათ საინფორმაციო
სააგენტოებსაც, რომელთა ნაწილმა, ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
მხოლოდ 10 აგვისტოსთვის აღადგინა.
კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა, კონფლიქტების გაშუქებისათვის, მედიის
მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მედიისთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხოების ტრენინგების უფასო
ონლაინ-ვერსიებიც, მათ შორის არის IREX-ის მიერ შედგენილი
დოკუმენტიც, თუმცა, გიორგი
კუპატაძე მიიჩნევს, რომ სასურველია, უსაფრთხოების გეგმა ყველა მედიამ
სპეციალისტებთან ერთად, ინდივიდუალურად შეადგინოს - კონკრეტული
ქვეყნისა და კონკრეტული მედიასაშუალებისთვის შესაბამისი ფაქტორების
გათვალისწინებით.
ჟურნალისტებს კი, ვინც შესაძლოა, ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდეს
საბრძოლო ვითარებაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარი
წესებით,
Youtube-ის ამ არხზე, გენერალ
მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიერ მომზადებული
ვიდეოების სერია შეუძლია იხილოს.