საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 2021 წელი კიდევ ორი
თანამშრომლის გაშვებით და დირექტორის ახალი მოადგილის მისვლით დაიწყო.
31 დეკემბერს გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტებმა - გიორგი არობელიძემ
და ნათია ქარჩილაძემ კანცელარიიდან მისული წერილით შეიტყვეს, რომ
მაუწყებელის დირექტორი გიორგი კოხრეიძე შრომით ხელშეკრულებებს აღარ
უგრძელებთ. პარალელურად, ამავე დღეს დირექტორმა თავის მოადგილედ
დანიშნა ნიკა ჩხარტიშვილი, რომელიც იქამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო
პალატის თავმჯდომარე იყო.
"ჰეშთეგი" კიდევ უფრო შემცირებული გუნდით და
ფორმატით
გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, გადაცემა “ჰეშთეგის”
მაუწყებლობა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ შეჩერდა, გუნდს 3
თანამშრომელი გამოაკლდა და საბოლოოდ, გადაცემის ფორმატი 5-დან 1
დღემდე შემცირდა.
"ჰეშთეგი" 20201 წლის 14 იანვარს კიდევ უფრო შემცირებული გუნდით
დაუბრუნდა ეთერს. გადაცემის ორ ჟურნალისტს - გიორგი არობელიძესა და
ნათია ქარჩილაძეს, რომლებსაც ორწლიანი კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს, 31
დეკემბერს ამოეწურათ, მოქმედმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულებები
აღარ გაუგრძელა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დღეს კანცელარიიდან
მიღებული წერილით შეიტყვეს, რომ მაუწყებელში აღარ მუშაობენ.
"კანცელარიიდან დაგვიკავშირდნენ,
წერილი არისო თქვენს სახელზე და ამ წერილში ეწერა, რომ დირექტორმა ეს
გადაწყვეტილება HR სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე
მიიღო. არაფერი კონკრეტული არ ეწერა წერილში და ეს რეკომენდაციაც არ
გვინახავს ჩვენ ჯერჯერობით", - ამბობს გიორგი არობელიძე.
HR სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძე მისივე გაცემული რეკომენდაციის
შინაარსზე "მედიაჩეკერთან" არ საუბრობს. მაუწყებლის დირექტორმა გიორგი
კოხრეიძემ კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს არ
უპასუხა. ჩვენს კითხვაზე, რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი და
როგორი შეფასებაა მოცემული დოკუმენტში, რამდენად კრიტიკული იყო მისი
დასკვნა და რა შეიძლება ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ დირექტორს აღარ
გაეგრძელებინა ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებები - ემზარ პაქსაძე
გვპასუხობს, რომ დოკუმენტი ვრცელია, დადებითი ან უარყოფითი შეფასებები
არ არის, თუმცა, სანამ უშუალოდ ჟურნალისტებს არ ჩაბარდებათ, მათი
თანხმობის გარეშე ვერაფერს გვეტყვის, რადგან დოკუმენტი პირად
ინფორმაციას შეიცავს:
"ორშაბათს ჩაბარდებათ და მოგაწვდიან, თუ თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.
ვრცელია (დოკუმენტი), 8 თუ 9 გვერდია და უფლებამოსილება არ გამაჩნია
მე, რადგან პირადი ინფორმაციის შემცველია", - ამბობს ემზარ
პაქსაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში არ არის ახსნილი, კონკრეტულად რის
საფუძველზე არ გაუგრძელდათ ხელშეკრულები და ამ ეტაპზე არც HR
სამსახურის უფროსის რეკომენდაცია აქვთ ნანახი, ჟურნალისტები ფიქრობენ,
რომ დირექტორის გადაწყვეტილება მათ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას
უკავშირდება:
"ფაქტია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც ერთი დიდი პროცესის
ნაწილია. სახეზე გვაქვს, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან იმ პოლიტიკის
გაგრძელება, რომელსაც, ვფიქრობ, ისედაც ყველა ხედავს პირველივე დღიდან
- კრიტიკულად განწობილი ჟურნალისტების დევნა, შევიწროება,
გათავისუფლება… მთელი ამ ჯაჭვის ნაწილია ეს ყველაფერი", - ამბობს
გიორგი არობელიძე
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გარდა,
კიდევ ერთი მიზეზი, ალტერნატიულ პროფკავშირებში მათი აქტიური
წევრობაა:
"მეც და გიორგიც ვიყავით ერთ-ერთი
დამაარსებელი ალტერნატიული პროფესიული კავშირის, რომელიც მაუწყებელში
გიორგი კოხრეიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ჩვენ აქტიურად
ვიყავით ჩართული იმ აქციებსა და კამპანიაში, რაც მაუწყებელში
მიმდინარეობდა. ზეწოლა, გათავისუფლება თუ სხვა პოზიციაზე გადაყვანა კი
სწორედ იმ ადამიანებს შეეხოთ, ვინც პროფკავშირების წევრები იყვნენ და
აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესებში", -ამბობს ნათია
ქარჩილაძე.
"გრძელდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა და
შევიწროება", - ასე შეაფასეს პროფკავშირებში "ჰეშთეგის"
ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებების არ გაგრძელება - "ორივე
გათავისუფლებული თანამშრომელი აქტიურად ცდილობდა ქვეყანაში შექმნილი
რთული ვითარებისა და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ასახვას
სატელევიზიო რეპორატაჟებში; რაც, ჩვენი შეხედულებით, მათთან შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის და ჰეშთეგისთვის მორიგი მძიმე დარტყმის
მიყენების კიდევ ერთი მიზეზი იყო", - ვკითხულობთ ალტერნატიული
პროფკავშირების მიერ 13 იანვარს გავრცელებულ
განცხადებაში.
გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძე სამართლებრივი დავის დაწყებას
გეგმავენ. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე კი ამბობს,
რომ "ჰეშთეგის" თანამშრომლებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს:
"გვქონდა კონსულტაციები გიორგისთან და ნათიასთან და ვფიქრობთ მათთან
ერთად სამართლებრივ დავაზე. ამ შემთხვევაში ფაქტობრივი და
სამართლებრივი გარემოებები განსხვავებულია და ჯერჯერობით ვფიქრობთ,
რას ვაპირებთ და როგორ".
გადაცემის გუნდის შემცირების გარდა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის
პირობებში, გადაცემა "ჰეშთეგმა" ორჯერ შეწყვიტა მაუწყებლობა და ბოლოს
ეთერს შემცირებული ფორმატით დაუბრუნდა.
აჭარის ტელევიზიამ "ჰეშთგისთვის"
ეთერის დათმობა თავდაპირველად 23 მარტს
შეწყვიტა. ამ დღიდან, მაუწყებელმა
"ჰეშთეგთან" ერთად, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა,
ყველა გადაცემა შეაჩეარა და მენეჯმენტმა გადაწყვეტილება კორონავირუსის
გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ახსნა. გადაცემა მეორედ 31
ივლისიდან შეჩერდა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 12 ნოემბერს
ეთერში ხუთდღიანი ფორმატის ნაცვლად, ერთდღიანი ფორმატით
დაბრუნდა.
გადაცემის ფორმატის შემცირებასთან დაკავშირებით მაშინ გიორგი
კოხრეიძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ ამაში განსაკუთრებულს
ვერაფერს ხედავს და რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური, განვითარების
პროცესია - "ჰეშთეგი" გადაცემა ხომ არის ეხლა ეთერში? მითხარით, რა
განსხვავებას ხედავთ განსაკუთრებულს? სათქმელს ვერ იტყვიან, თუ რა?",
- გვიპასუხა მან და ჩვენს კითხვაზე, თუ რა არგუმენტებით და რის
საფუძველზე მიიღო გადაცემის 5-დან 1 დღემდე შემცირების
გადაწყვეტილება, გვითხრა, რომ გადაწყვეტილება კომისიიდან გამომდინარე
მიიღო და არა პირადი ინტერესებიდან.
“ჰეშთეგის” გუნდი კი მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებასაც
გადაცემის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.
დირექტორის მიერ უკონკურსოდ დანიშნული
კადრები
31 დეკემბერს, ორი კადრის გაშვების პარალელურად, აჭარის ტელევიზიის
დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელში ახალი კადრი - ნიკა
(იაკინთე) ჩხარტიშვილი თავის პირველ მოადგილე დანიშნა.
დირექტორმა თავისი მოადგილე უკონკურსოდ შეარჩია. ამას HR სამსახურის
უფროსი ემზარ პაქსაძეც ადასტურებს და განმარტავს, რომ “კონკურსი არ
ყოფილა გამოცხადებული. მას (დირექტორს) ჰქონდა ამის
უფლებამოსილება".
ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიასთან
საუბრისას ამბობს, რომ შეთავაზება პირადად გიორგი
კოხრეიძისგან მიიღო. თავად გიორგი კოხრეიძე კი არ მალავს, რომ ნიკა
ჩხარტიშვილთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და სანამ ამ პოზიციაზე
დაითანხმებდა, კონსულტაციები მასთან ერთი თვის განმავლობაში
მიმდინარეობდა:
“ახალი სეზონიდან მე უშუალოდ ვაკვირდებოდი პროცესებს, რომელიც
მიმდინარეობდა მაუწყებელში და დამანახა პროცესებმა, რომ საკმაოდ
სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა მაუწყებელი სუფთა მენეჯერული
კუთხით. გარკვეული მიმართულებებით მე სერიოზული მხარდაჭერა და
დახმარება მჭირდებოდა და,შესაბამისად, შევაფასე ადამიანი, რომელსაც მე
კაი ხანია ვიცნობ. ვიცნობ, როგორც ძალიან კარგ მენეჯერს. ბოლო ერთი
თვეა მქონდა მასთან კონსულტაციები, ვსაუბრობდით და ბოლო-ბოლო
დავითანხმე და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ დამიდგეს გვერდში და
ერთად შევძლოთ იმ პროცესების უკეთესად წარმართვა, რაც მაუწყებელს
მისცემს (საშუალებას) უფრო უკეთესად განვითარდეს”, -
განაცხადა გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიასთან.
ნიკა ჩხარტიშვილი 2017 წლიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
თავმჯდომარე, 2019 წლიდან კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი იყო. აჭარის
მთავრობის გვერდზე
გამოქვეყნებული მისი სამუშაო
გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მენეჯერულ პოზიციაზე რამდენიმე
კომპანიაში მუშაობდა, თუმცა, მისი მედიაში მუშაობის გამოცდილება იმით
შემოიფარგლება, რომ 2000 წელს გაზეთ „დიდუბელის“ დამფუძნებელი და
მთავარი რედაქტორი იყო.
2018 წელს ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის
მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ
კონკურსში მონაწილეობდა. მაშინ ჩხარტიშვილმა კომისიას
ვერ წარუდგინა დიპლომის ასლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლება აქვს მიღებული.
მაშინ, ვადის მიცემის მიუხედავად, ჩხარტიშვილმა დიპლომის ასლი ვერ
წარადგინა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა
უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი, თუმცა კომისიამ
მეორე ეტაპზე მაინც გადაიყვანა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ (მაუწყებლიდან ნათია ზოიძის
წასვლის შემდეგ)
ვახტანგ ხუზმიაშვილი იყო არჩეული. თუმცა, მას შემდეგ,
რაც ხუზმიაშვილი
საინფორმაციო სამსახურის უფროსად
დაინიშნა, დირექტორის მოადგილის თანამდებობა კვლავ ვაკანტური
გახდა.
გარდა ნიკა ჩხარტიშვილისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში,
მაუწყებელში ხელმძღვანელ პოზიციაზე უკონკურსოდ კიდევ ორი ახალი
თანამშრომელი დასაქმდა -
აკაკი გოგიჩაიშვილი და
ნინო ხაჟომია.
აკაკი გოგიჩაიშვილი 2020 წლის პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების
მთავარი რედაქტორი გახდა. მაშინ
აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ შეთავაზება მაუწყებლის საინფორმაციო
სამსახურის უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო.
აკაკი გოგიჩაიშვილამდე, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებით, საინფორმაციო
გამოშვების მთავარი რედაქტორად
ნინო ხაჟომია დაინიშნა, თუმცა მან
მალევე - ოთხ დღეში
თანამდებობა დატოვა და
მოგვიანებით ახალი ამბების რედაქციის
ხელმძღვანელის პოზიციაზე
დაინიშნა.
გიორგი კოხრეიძის დირექტორობის 14
თვე
და 14
თანამშრომლის ბედი
გიორგი კოხრეიძის
დირექტორად არჩევიდან - 2019 წლის
22 ნოემბრიდან დღემდე, აჭარის მაუწყებლიდან თანამშრომლების გაშვება,
პოზიის შეცვლა თუ შრომითი ხელშეკრულებების არ გაგრძელება ჩვეულ ამბად
იქცა.
დირექტორობის თითქმის 14 თვის განმავლობაში კოხრეიძემ ოთხი
თანამშრომელი გაათავისუფლა, სამს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, ხუთი
არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა, ორმა თანამშრომელმა კი,
მისი დირექტორობის პირობებში, თავადვე თქვა უარი ტელევიზიაში
მუშაობაზე.
- 01.01.2020 - გიორგი კოხრეიძემ შრომითი
ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ნათია შავაძეს. მან დირექტორის ეს
გადაწყვეტილება შეაფასა მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკის ნაწილად,
რომელსაც იგი აქტიურად აპროტესტებდა;
- 02.02.2020 - აჭარის მაუწყებელი დატოვა ნათია ზოიძემ და განაცხადა, რომ
იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზად სარედქციო
პოლიტიკიდან ჩამოშორება დაასახელა;
- 24.02.2020 - მაია მერკვილაძე აჭარის
ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი
საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციას ჩამოაშორეს და და რადიოს
ახალ ამბებში გადაიყვანეს;
- 24.02.2020 - აჭარის ტელევიზია “უკიდურესი
პროტესტის” ნიშნად თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა;
- 24.02.2020 - სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი
ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი;
- 13.03.2020 - სამსახურიდან გაათავისუფლეს აჭარის
ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე;
- 23.03.2020 - მაუწყებლის დირექტორმა ჟურნალისტი
თეონა ხარაბაძე კორესპონდენტად
ბათუმიდან ქუთაისში, ფაქტობრივად, არარსებულ ბიუროში
გადაიყვანა;
- 13.04.2020 - ხელშეკრულება შეუცვალეს ვებ
მიმართულების ხელმძღვანელ სოფო ჟღენტს და ახალ ამბებს
ჩამოაშორეს;
- 21.04.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული
სტატუსების გამო თეონა თურმანიძეს აჭარა TV-ში
წამყვანობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდეს;
- 11.05.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის
გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის”
წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე
მალხაზ რეხვიაშვილი
გაათავისუფლა;
- 31.07.2020 - აჭარის საზოგადოებრივი
მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს – შემოქმედებითი
სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო
გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების
მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. მოგვიანებით
ბაჩო გურაბანიძე და გიორგი
მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე დააბრუნეს, ორივე
მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად,
გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს;
- 31.12.2020 - შრომითი ხელშეკრულებები აღარ
გაუგრძელეს “ჰეშთეგის” ჟურნალისტებს - გიორგი
არობელიძე და ნათია ქარჩილაძეს.
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე
გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი
დავა დაიწყეს. მათ უფლებებს EMC იცავს. ამ ეტაპზე მხოლოდ მაია
მერკვილაძის საქმე არის განხილული და ქ
უთაისის სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზია მაია მერკვილაძის პოზიციაზე
ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს, სანამ შრომითი დავა არ დასრულდება.
EMC-ის ადვოკატი ლადო ქუთათელაძე, რომელიც მათ უფლებებს იცავს,
ამბობს, რომ პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოში საქმეების
ჩანიშვნას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან.