საქართველო
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი არხის სერვერებზე სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა დაახლოებით 10 წუთით გაითიშა. სავარაუდოდ, დაზიანებულია ცენტრალური სერვერი.

მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი "მედიაჩეკერთან" ამბობს, რომ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს:

“მაუწყებლობლობის აღდგენა მოვახერხეთ, მაგრამ სერვერების პრობლემაა. ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს და ჩვენი სპეციალისტებიც მუშაობენ. ვერკვევით და უახლოეს წუთებში გვეცოდინება პასუხი”.

საზოგადოებრივი მაუწყბლის პირველი არხის ეთერში, არჩევნების დღესთან დაკავშირებით, “მოამბის” სპეციალური გამოშვება გადიოდა. მაუწყებლობა, დაახლოებით, 17:53 წუთიდან გაითიშა და 18:03-დან აღდგა. თუმცა საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე [19:20 სთ] არ დაბრუნებულა ეთერში.
კატეგორია - საქართველო
ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მედიასამართლის იურისტის ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ეს, ფაქტობრივად, დაცინვაა.

გარდა ტელეფონის დაზიანებისა, “პუბლიკას“ ჟურნალისტს მოქალაქემ ხელი შეუშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკურადაც გაუსწორდა. შემთხვევა თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.

იურისტის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სამი მუხლით უნდა დაწყებულიყო.

“კვალიფიკაცია არასაკმარისია. რეალურად, ის ადამიანს დაესხა თავს, დაარტყა, ფიზიკური ძალადობის მუხლითაც უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც. მხოლოდ 187-ე მუხლი არაფერი არ არის, დაცინვაა”, - ამბობს საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და პირველი ნაწილი “ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე”.

"პუბლიკას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაიძეს, რომელიც თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.



ამავე უბანზე, იგივე ინციდენტის გადაღებისას, დაზიანება მიიღო "TV პირველის" ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, მას, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.

მომხდარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

საარჩევნო უბნებზე მედიის ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ასევე გამოეხმაურა კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის". კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება. ასევე, მიმართავს მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.
კატეგორია - საქართველო

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება. ასევე, მიმართავს მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის და  გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

ამ განცხადებით კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის, დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მედიის ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა. 

კოალიცია განცხადებაში უთითებს იმ ფაქტებს, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად: 

  • დღეს, გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე, ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

  • ამავე საარჩევნო უბანზე დაშავდა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი, ანა ახალაია, ჟურნალისტის განმარტებით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.

  • მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტის განცხადებით, მას პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა.


კოალიციის განცხადებით, გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნება აგრესია მედიის მისამართით.

"მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

ასევე მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა", - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, რომლითაც სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვას ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

კატეგორია - საქართველო
ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ აზიზ ქენდიში #14 უბანზე მყოფ ჟურნალისტს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა და აჩვენა, რომ შეიარაღებულია.

გამოცემა წერს, რომ ჟრუნალისტი დარინა ქამადაძე უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის ამბობს, რომ კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

“მას შემდეგ, რაც On.ge-ს წარმომადგენელმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალა და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა. მოგვიანებით, ის სხვა ქურთუკით გამოჩნდა და თქვა, რომ იარაღი კიარა, ტელეფონი ჰქონდა”, - წერს on.ge.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსლან გაჯიევიც, რომელიც ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

On.ge-ის ინფორმაციით, გამოცემა ესაუბრა ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მარნეულში, აჰმედ იმამკულიევს. მან დაადასტურა, რომ უბანზე მყოფი ადამიანი ნამდვილად ამ პარტიას წარმოადგენს, თუმცა მას იარაღი არ ჰქონია და ეს ტელეფონი იყო.

მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა თბილისშიც. გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ონლაინგამოცემა "პუბლიკისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ.

მომხდარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

ქარტიის ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ხელშეშლის რამდენიმე ფაქტს, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მოხდა.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ონლაინგამოცემა "პუბლიკისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ.

"პუბლიკას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაიძეს, რომელიც ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმს ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.

ამავე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა. ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან სამგორის ოლქშიც.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას On.ge-ს ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა. შემთხვევა მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი დარინა ქამადაძე უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია. მას შემდეგ, რაც On.ge-ს წარმომადგენელმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალა და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა.
კატეგორია - საქართველო
თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ონლაინგამოცემა "პუბლიკისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ.

"პუბლიკას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაიძეს, რომელიც ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმს ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა. გამოცემის ინფორმაციით, მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ამავე უბანზე, იგივე ინციდენტის გადაღებისას, დაზიანება მიიღო "TV პირველის" ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, მას, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.



© "პუბლიკა"
კატეგორია - საქართველო
"მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქების და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიებმა გაზარდეს ნეგატიური ტონი მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ”, - წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა.

ანგარიშში, რომელიც დღეს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ წინა პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში ეთიკური დარღვევის ფაქტებიც გაზრდილია. გარდა ამისა, წინა პერიოდის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

12 ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რომელიც ყველაზე დადებითად POSTV“-ზე გაშუქდა (51 %), ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის“ ეთერში (70%). ასევე, „იმედის“ ეთერში პოზიტიური იყო მთავრობისთვის დათმობილი დროის 50 %.

დროის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ შემდეგ, ყველაზე მეტი დრო „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოს“ დაეთმო . „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, დათმობილი დროის 19 % პოზიტიური იყო. „ევროპულ საქართველოს“ კი ყველზე მეტი დრო „ფორმულამ“ დაეთმო და ყველაზე პოზიტიურადაც ,, ფორმულაზე” გაშუქდა - დადებითი ტონის მაჩვენებელმა 5 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა.

ორივე პარტია ყველაზე უარყოფითად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა - „ნაციონალური მოძრაობა“ 97%-ით, „ევროპული საქართველო“ კი - 87 %.

ძირითადი მიგნებები:

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად „POSTV“-ზე გაშუქდა (51 %)
  • „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ გაშუქების უარყოფითი ტონი ყველაზე მეტი 70 % იყო. კრიტიკული სიუჟეტები ,,ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, დათმობილი დროის 19 % პოზიტიური იყო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა 97 %.
  • „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. ყველაზე პოზიტიურადაც „ფორმულაზე” გაშუქდა და დათმობილი დროის 5 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ევროპული საქართველო “ყველაზე უარყოფითად (87 %) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 5% -მდე შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ჰქონდა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ (29 %).
  • „იმედის“ ეთერში პოზიტიური იყო მთავრობისთვის დათმობილი დროის 50 %.
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო „მთავარმა არხმა“ დაუთმო. ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროსი 29 % პოზიტიური იყო.
  • მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარყოფითად POSTV-ზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 83% ნეგატიური იყო .
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი აქვს „ფორმულას“. მისთვის დათმობილი დროის 73 % უარყოფითი იყო.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას „პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე მეტი დრო ,,ობიექტივზე“ დაეთმო და მისთვის დათმობილი დროის 51 % დადებითი იყო.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიმცირე სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა პერიოდთან შედარებით შეიმჩნევა ეთიკური დარღვევების ფაქტების მატება.
  • მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქების და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა სატელევიზიო ახალი ამბები 5 განწყობილმა ტელევიზიებმა გაზარდეს ნეგატიური ტონი მმართველი პარტიის და მთავრობის მიმართ.
  • წინა სამონიტორნგო პერიოდთან შედარებით თითქმის არ გვხვდება გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უკომენტაროდ გაშუქება.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსაგავსად, საინფორმაციო გამოშვებებში ისევ დაფიქსირდა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალების ტირაჟირება 

მონიტორინგის შესახებ:

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები დღეს 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

მონიტორები 12 სატელევიზო არხს აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

მთავარი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი 15 ივნისს დაიწყო. პირველი შუალედური ანგარიში კი 24 სექტემბერს გამოქვეყნდა.
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, სამტრედიაში "ქართული ოცნების" ოფისთან მათ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაუწყებლის განცხადებით, აგრესიული თავდასხმა ჟურნალისტებზე მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ოფისთან შეკრებილ ათეულობით ადამიანს ჰკითხეს, რა ხდებოდა შენობის შიგნით.

"მანამდე "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები შენობაში ცალ-ცალკე შედიოდნენ და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს, იქ რაღაცას არიგებდნენ. ჟურნალისტებმა ოფისის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ისინი შენობასთან მყოფმა პირებმა არ შეუშვეს - რამდენიმე იქ მყოფმა, მათ შორის, სამტრედიის მერიის თანამშრომელმა "ფორმულას" ოპერატორს სცემა ზურგში და ფეხებში, რათა სიტუაციის გადაღება ვერ მოეხერხებინა", - ვკითხულობთ "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ეს არის ჟურნალისტების მუშაობის ხელშეშლის მეორე შემთხვევა. დილით ტელეკომპანია "მთავარი არხის" იმერეთის ბიუროს რეპორტიორს ირაკლი ვაჩიბერაძეს უცნობმა პირებმა ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. 

ასევე, დღესვე,  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა.

ამ უკანასკნელ შემთხვევას, გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და განაცხადა, რომ: "გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს".

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრმა ორგანიზაციებმა კი მოუწოდეს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

კატეგორია - საქართველო
დღეს, 29 ოქტომბერს OC Media-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. გამოცემის მენეჯმენტი მომხდარს ყარაბაღის ომის გაშუქებას უკავშირებს.

“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ობიექტურად გავაშუქოთ და ზუსტად წარმოვაჩინოთ ორივე მხარის პოზიციები და მოქმედებები. ეს კი ყოველთვის პოპულარული არ არის”, - ამბობს OC Media-სთან გამოცემის ინგლისურენოვანი სამსახურის მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო.

OC Media-ზე კიბერთავდასხმა ამ თვეში მეორედ განხორციელდა. გამოცემის თანადამფუძნებელი და მენეჯერი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია, სამართალდამცავი უწყებებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ, თუმცა აპირებენ.

“კიბერშეტევა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოხდა, პირველად 5 ოქტომბერს და მეორედ - დღეს. ჩვენ ვუკავშირებთ ომის გაშუქებას. დავადასტურეთ IT ჯგუფის საშუალებით, რომ ეს იყო კიბერშეტევა. საიდან მოხდა, ეს ჯერ ვერ დავადგინეთ. ამ ეტაპზე აღმოვფხვერით ეს პრობლემა”, - ამბობს მარიამ ნიკურაძე.

OC Media ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ახალ ამბებსა და უნიკალურ ისტორიებს იქაური პრობლემების, ხალხისა და კონფლიქტების სიღრმისეული ანალიზით აშუქებს.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა“. ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის (სატელეფონო) საუბარი შედგა და საზოგადოებას გააცნო საუბრის დეტალები.

დღესვე, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. ამ დროისათვის აპარატურა აღმოჩენილია, თუმცა კვლავაც უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

„როგორც სავარაუდოდ ფარული მოსმენა, ისე მოსმენის დეტალების გასაჯაროება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კი არ უნდა ახალისებდნენ მედიის მარგინალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება განსაკუთრებულია წინასაარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიაკოლიციის წევრმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. 

მედიაკოლაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.
კატეგორია - საქართველო

„ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს", - ამ ქანცხადებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა.

დღეს, 29 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს, ფაქტობრივად, არის დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან სატელეფონო საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა. გოგელია ამბობს, რომ იცოდა რომ უსმენდნენ, თუმცა, არ ეგონა, რომ ამას ასე ღიად აღიარებდნენ.

ნატო გოგელია ამბობს, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე არ დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.

კატეგორია - საქართველო
დღეს, 29 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა.

„გუშინ შედგა საუბარი ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიასა და ნაცმოძარობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს ლიდერ ბესო ქათამაძეს შორის. რა დროსაც, მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ - „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

“პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს! ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!

ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრია ჩაშლა სცადა "ქართულმა ოცნებამ" და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს”, - დაწერა ნატო გოგელიამ სოციალურ ქსელში. მან დასახლეებულ დეპუტატთან სატელეფონო ზარის ამსახველი ფოტოასლიც (სქრინი) გამოაქვეყნა, რომლითაც დაადასტურა, რომ ქათამაძეს ნამდვილად ესაუბრა.

გოგელია ამბობს, რომ იცოდა რომ უსმენდნენ, თუმცა, არ ეგონა, რომ ამას ასე ღიად აღიარებდნენ.



ნატო გოგელია ამბობს, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.