„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების
დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის
შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა 2017 წლიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია საზოგადოებას დაანახოს, „თუ როგორ ირღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, როგორ გამოიყენება საჯარო თანხები და რა მდგომარეობაა ამჟამად მაუწყებელში საკუთარი ფუნქციის აღსრულებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კითხვის ნიშნები მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მისი როლი მკვეთრად „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით.
მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად, მათ შორის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად იყენებს:
„არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ
თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის გამო
პროტესტს ღიად გამოხატავენ. სწორედ აღნიშნულის გამო მოხვდა სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და დირექტორი თინათინ
ბერძენიშვილი ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში
იმ პირების გვერდით, რომელთა დასანქცირებაც ევროპარლამენტმა
აუცილებლად მიიჩნიეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა
ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის და პროპაგანდის ხელშეწყობის
გამო“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“
მისია
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და მიზანი პოლიტიკურად ნეიტრალური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების მომზადება და მიწოდება უნდა იყოს, თუმცა უკვე წლებია, რაც მაუწყებელი მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს უხეშად არღვევს, რის გამოც, მისი მმართველი ძალის მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს:
„„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ 2024
წელს ჩატარებულმა ორთვიანმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა
აჩვენა, რომ წინასააჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი
მაუწყებლის „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური
ამბების გაშუქებისას, „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებულ
სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. „ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას,
„მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური
განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა“.
უშუალოდ „პირველი არხის“ მიერ ჩატარებული შიდა წინასაარჩევნო
მონიტორინგითაც, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“
დაეთმო. იგივე აჩვენა ოდირის სადამკვირვებლო მისიის
მონიტორინგმაც“.
მაუწყებლის მმართველი რგოლის „ქართული
ოცნებასთან“ კავშირები
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო, რომელიც 11 წევრისგან შედგება იმგვარად არის დაკომპლექტებული, რომ მის უმრავლესობაში მუდმივად ხელისუფლებისადმი ლოიალური და მისი კვოტით წარდგენილი კანდიდატები დომინირებენ, რომლებიც მაუწყებელში პროსამთავრობო ინტერესების გატარებას ემსახურებიან, რაც საბოლოო ჯამში, არხის სარედაქციო პოლიციკაზეც მკაფიოდ აისახება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურობით გამოირჩევიან.
„გარდა ამისა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“
სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და სხვადასხვა წამყვან
პოზიციებზე მუშაობენ ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერა ივანიშვილის
ტელევიზია GDS-ის (Georgian Dream Studio) ყოფილი
თანამშრომლები, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძემ არხზე ღია
კონკურსის გარეშე დაასაქმა. მაგალითად,პირველი არხის საინფორმაციო
სამსახურის ხელმძღვანელი და ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელია ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო
სამსახურის უფროსი იყო. არხის ვებგვერდის მთავარი რედაქტორია GDS-ის
საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ის ყოფილი რედაქტორი - ირინა
დეკანოიძე. ასევე, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები არიან: ახალი ამბების
დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები - თამუნა კენკიშვილი და
მაია ჭუჭულაშვილი; ტოკშოუს წამყვანი მაკა ცინცაძე და ფინანსური
დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე“.
სარედაქციო პოლიტიკა და ცენზურა
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა პროცესებმა გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს „ქართული ოცნების“ არასასურველი საკითხების გაშუქებისას ზღუდავს და კრიტიკულ ხმას სათანადო დროს არ უთმობს, ხოლო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ცალმხრივად, „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად წარმოაჩენს.
„მაუწყებლის ამგვარი პოზიციონირებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქტივისტებმა მაუწყებლის შენობასთან პროტესტით გამოხატეს და მენეჯმენტს მაუწყებლის რეალური მისია ამ ფორმით შეახსენეს. მათვე მოვლენების ადეკვატურად გაშუქება და ეთერის საზოგადოების საპროტესტო ხმის დათმობა მოითხოვეს. მართალია, თავდაპირველად, მაუწყებლის მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ყოველდღიურ ეთერში დაახლოებით 40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და აღარც განახლებულა“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მავნე პრაქტიკას აგრძელებს და აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ღიად უპირისპირდებიან.
„სწორედ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა
დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანის, ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანის ჯერ ეთერიდან მოხსნა, შემდეგ კი - გათავისუფლება,
ასევე ტოკ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის
გათავისუფლებაც. წამყვანების გათავისუფლების პარალელურად, მაუწყებელმა
დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს, რომლებიც
„მაუწყებლის მცველების“ რიგებში არიან. ორი მათგანის მიერ
გასაჯაროებულ ბრძანებებში წერია, რომ თუკი ისინი „მაუწყებლის
სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“ კიდევ
დააყენებენ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლონ“.
საკადრო პოლიტიკა/პოლიტიკური ნიშნით
გათავისუფლებულები
ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკადრო პოლიტიკა და თანამშრომლების გათავისუფლების საკითხი არაერთხელ გახდა ფართო განხილვის საგანი, რა დროსაც მაუწყებლიდან რეორგანიზაციის მოტივით ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.
„მაუწყებელზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება
2017 წლიდან დაიწყო და 2021 წლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში 102
თანამშრომელი
გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა ნაწილმა სასამართლოში
შრომითი დავები წამოიწყო, რომელთა უმეტესობა მომჩივნების სასარგებლოდ
დასრულდა და მარტო 2017-2020 წლებში მაუწყებელს
დაახლოებით 300 000 ლარი აქვს გადახდილი გათავისუფლებული
თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით, რიგ შემთხვევებში კი
მაუწყებელი იძულებული გახდა რამდენიმე თანამშრომლი
სამსახურშიც აღედგინა. მაუწყებლიდან თანამშრომლების
გათავისუფლება შემდგომშიც გაგრძელდა“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ,
მაუწყებლის რეპუტაციასა და მისდამი ნდობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა
და საზოგადოების ობიექტური კრიტიკა და მწვავე პროტესტი
გამოიწვია. ასევე, გამოიკვეთა საჭიროება, რომ მაუწყებელმა
გააუმჯობესოს საკადრო პოლიტიკა და უზრუნველყოს თანამშრომელთა
უფლებების დაცვა.
საზოგადოებისა და თანამშრომელთა ნაწილის პროტესტი
მაუწყებელს
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული გამოწვევები და პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებული პრობელემები კიდევ უფრო თვალსაჩინო 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე გახდა.
„პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატურად გაშუქებისა და ხალხის ხმისთვის სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით, ერთ-ერთ საპროტესტო კერად მაუწყბელის შენობაც იქცა. მართალია, დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ყოველდღიურ ეთერში მოქალაქეთა პოზიციის გახმოვანებისთვის დაახლოებით 40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და აღარც განახლებულა. ამდენად, იმავე მოთხოვნით, მაუწყებელთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება“.
კოალიცია მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას დაუშვებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობა, რაც მაყურებლის წინაშე არსებული მათი უმთავრესი ვალდებულებაა.
„ცალსახაა, რომ მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ის „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების იარაღად არის გამოყენებული. ამდენად, კოალიცია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოქმედი მენეჯმენტის ცვლილებას და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინა ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და სანაცვლოდ, პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას“.
ვრცლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები იხილეთ აქ.