“იმედის" ფეისბუქ პოსტის მანიპულაციური სათაური
29.04.2024

როგორ მოხვდა საქართველოს დროშა რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე?! 

დღეს, 29 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუქ გვერდზე 28 აპრილის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან ვიდეო გაავრცელა სათაურით: „დემონსტრანტის მიერ ძირს დაგდებული დროშა პოლიციელებმა სამხედრო პატივით აიღეს“.  

სინამდვილეში მაყურებელმა ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში 23:53 წუთზე იხილა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალმა სპეციალურად  დააფინა სპეციალური დანიშნულების რაზმის წინ სიმბოლურად დროშა, როგორც ერთგვარი წინაღობა.


 
საბოლოოდ, ადგილზე მყოფმა შსს-ის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ძირს დაფენილი დროშა სიმბოლურადვე აკეცეს და აქციის მონაწილეებს დაუბრუნეს.


თეგები : მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
დაშავებულ ჟურნალისტებს/მოქალაქეებს მიყენებული ზიანის დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის შევსება შეუძლიათ


„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს“ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტთა ჯგუფის, ბერკლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ომეგას კვლევითი ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით, მიმდინარე წელს პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინებისთვის ფორმა შეიქმნა.

აღნიშნული ფორმა დაზარალებულს გამოცდილებისა და ფიზიკური ზიანის ნებისმიერი მტკიცებულების დოკუმენტირებაში, ასახვასა და იმ აღჭურვილობების აღწერაში დაეხმარება, რომლებიც სამხედრო, თავდაცვისა და პოლიციის დანაყოფებმა მისთვის ზიანის მიყენების დროს გამოიყენეს.

IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი 2024 წლის აპრილში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თიკო ცომაია გახდა. ის „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან“ ერთად ცდილობს საქართველოში დაზარალებული ადამიანების (მათ შორის ჟურნალისტების) ბაზა  შექმნას, რათა მომავალში მათთვის მიყენებული ზიანი სწორად იდენტიფიცირდეს და დახმარების გაწევა გამარტივდეს.

ცომაიას თქმით, ევროკავშირმა მიიღო ჟურნალისტების დაცვის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაცვას მათი წყაროების გამჟღავნებისა და მათ წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენებისგან. 

„აქ გაერთიანდა ბევრი ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების დაცვის ინსტრუმენტებზე მუშაობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოხდეს იმ ჟურნალისტების იდენტიფიცირება, ვინც წამების მსხვერპლი გამხდარა და მათი სახელის საერთო ბაზაში განთავსება. ამის შემდეგ ხდება, საჭიროების შესაბამისად, მათი სხვადასხვა ფორმით დახმარება, იქნება ეს ფულადი კომპენსაცია თუ სხვა“. 

როგორც IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი აღნიშნავს, რაც მეტ ჟურნალისტს ექნება ინფორმაცია „პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამატებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის“ შესახებ, ეს მათ დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვას გაუადვილებს.

„ყველა ჟურნალისტმა, ვინც პროტესტის დროს დაზიანდება, უნდა იცოდეს, რომ არსებობს ამგვარი კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც მოხდება: 1. დაზიანების კვალიფიკაცია და 2. კონკრეტული დახმარების მიღება. როდესაც იქნება მტკიცებულებები, ჟურნალისტების დაცვის აქტი მისცემს მათ საშუალებას, რომ ყველა მათგანს დაეხმარონ მატერიალური, ფიზიკური სახით“.

„წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭო“ არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მუშაობს წამების პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში. დანიაში დაფუძნებული IRCT არის ქოლგა ორგანიზაცია 160-ზე მეტი დამოუკიდებელი წამების სარეაბილიტაციო ორგანიზაციისთვის 76 ქვეყანაში.

 
DRI: ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა


„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18-თვიანი დაკვირვების  შედეგები გამოაქვეყნა.კვლევა „ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“ აჩვენებს, რომ საქართველოში ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად  „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. 


ანგარიშში მიმოხილულია:

  • ხელისუფლების, როგორც წამყვანი ანტიგენდერული აქტორის და სხვა ძირითადი ულტრამემარჯვენე ჯგუფების დროში ცვალებადი ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკა; 
  • ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ/სოციალური დისკუსიები; 
  • პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიები, მისი დამახასიათებელი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მედია კონტენტი. 

კვლევის დასკვნით ნაწილში მოცემულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები. 

ანგარიშის შესახებ ვრცლად DRI-ის დირექტორი, თამარ ხიდაშელი


ჯანა ჯავახიშვილის სახელმძღვანელო -

"არსებობს პროფესიები, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ საზოგადოებრივ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი ასეთია ჟურნალისტის პროფესია. მედია პროფესიონალებს საზოგადოების ფართო სეგმენტებთან აქვთ შეხება, მათ გზავნილებს მედიის მაგიური ძალა აქვს. ისინი, ერთი მხრივ, ასახავენ რეალობას, და მეორე მხრივ აკონსტრუირებენ მას. სწორედ ამიტომ, მოცემული წიგნი -  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებებზე -  მედია პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი", - ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილის ჟურნალისტების პროფესიული სტრესის შესახებ.





სახელმძღვანელოს სანახავად ეწვიეთ ბმულს 
ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო


კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. კომისია 55-მდე ტელემაუწყებელს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება. 

როგორც ComCom-ი განმარტავს, რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. 

"მონიტორინგის პროცესში 25 სპეციალურად გადამზადებული მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება". 

მონიტორინგის პერიოდში კომუნიკაციების კომისია 2 შუალედურ და ერთ შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 

"მედია მონიტორინგის გარდა, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აღასრულებს საარჩევნო კოდექსით გაწერილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით".

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევიც გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. 

საარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც".  მონიტორინგისთვის შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, ალტ ინფო და კავკასია  და 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge შეირჩა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

 
 სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან 1 თვე გავიდა - ჟურნალისტი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფგან სადიგოვი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ დაუდასტურა.

„3 სექტემბერს მიგრაციის დეპარტამენტი იყო მასთან მისული და მოხდა ანკეტირება. ამ შეხვედრაში ჩვენი ორგანიზაციის [„უფლებები საქართველო“] იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილიც მონაწილეობდა. ამ მიმართულებით ისაა სადიგოვის იურისტი. ანკეტირების შემდეგ უნდა მოხდეს ინტერვიუირება, რომელსაც მალე ველოდებით. ამის შემდეგ  კი, უნდა გადაწყდეს, მისცენ მას საერთაშორისო თავშესაფარი, თუ არა.

თუ მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა, მივმართავთ სასამართლოს და ამ უარს გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა ნოზაძემ.

როგორც სადიგოვის მეუღლემ განაცხადა, აფგანმა მიგრაციის დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენელს აცნობა, რომ ის აზერბაიჯანში სისხლის სამართლებრივად იდევნებოდა, იჯდა ციხეშიც და რამდენჯერმე ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს.

„აფგანმა განაცხადა, რომ მას საქართველოშიც დევნიდნენ და მის წინააღმდეგ აღძრულია ყალბი სისხლის სამართლის საქმე და ის ციხეში პოლიტიკური შეკვეთით იმყოფება. მას არ აქვს იმედი, რომ საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტი რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს, რადგან აფგანს არ მიეცა საშუალება, დაწვრილებით მოეყოლა იმის შესახებ, რაც შეემთხვა“.

სევინჩ სადიგოვას თქმით, მისი მეუღლე სტრესშია და ოჯახის წევრებზე ძალიან ნერვიულობს.

„საერთო მდგომარეობა არც ისე კარგია. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს ბავშვების გამო. თქვენი ჯანმრთელობა მადარდებსო. მეშინია, შენ და ბავშვებს რამე არ დაგემართოთო. იმ საფრთხის გამოც განიცდის, რაც მე მემუქრება, იმიტომ რომ მე ვწერ, ვლაპარაკობ, ვიცავ აფგანს. მარტოები რომ ვართ, ამის გამო ეშინია“. 

სადიგოვა აღნიშნავს, რომ საპატიმროში როგორც ჰიგიენური, ისე კვების თვალსაზრისითაც, შეუფერებელი პირობებია.

„ვუყურებ მის თვალებს, სახეს, როგორი ფერმკრთალია. არ მესმის, ასე როგორ ჰყავთ დაკავებულები საქართველოში, ეს ხომ არაადამიანურია.  ციხეში არის მაღაზია, ვისაც აქვს ფული, იქ ყიდულობს და ჭამს, იქნებ  ვინმეს ფული არ  აქვს, მაშინ რა მოხდება? არ ვიცი, რა ვთქვა, ეს ხომ არაკანონიერია. საერთოდაც არაა კანონი, თორემ კანონი რომ ყოფილიყო, აფგანი მანდ არ იქნებოდა“. 

აფგან სადიგოვი მეუღლის მიმართვის საფუძველზე რამდენჯერმე მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც.  

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა


„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის, სულხან მესხიძის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირი რამდენიმე სააათის განმავლობაში შეჭრას ცდილობდა. ამის შესახებ მესხიძემ დღეს, დილის 4:13 საათზე Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.



მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა.

„დილის 7 საათამდე ვიჯექი აივანზე და ვდარაჯობდი იმ უცნობ პირს, ვინც სამჯერ ჩემს სახლში შემოჭრას ცდილობდა. ბევრი უცნაური გარემოებაა, მათ შორის კითხვებიც...პოლიცია ორჯერ გამოვიძახეთ, ორივე შეტყობინებაზე თითქმის ერთ საათიანი დაგვიანებით მოვიდნენ, რეაგირება მათი მხრიდან იყო 0.

სამართალდამცავებს ვუხსნიდით გარემოებას, მათ შორის მოსალოდნელ რისკებზე ვსაუბრობდი და შემთხვევის ადგილზე ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულან. ოქმში არ ჩაწერეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გვითხრეს, რომ თუ ისევ გამოჩნდებოდა ხელახლა დაგვერეკა მათთვის და არა 112-ში.

წარმოიდგინეთ, ღამით, სრულიად ადეკვატური და მოწესრიგებული ადამიანი ცდილობს თქვენს სახლში რამდენჯერმე შემოჭრას და ასეთ მდგომარეობაში პოლიცია გტოვებთ მარტო, არ რჩება შემთხვევის ადგილზე და რისკის წინაშე გტოვებს შიშველი ხელებით,“ - წერს მესხიძე.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინდეს, უკავშირდება თუ არა მომხდარი „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის პროფესიულ საქმიანობას.

„სულხანს მოუწია თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში აივანზე იმყოფებოდა, რათა ცოლ-შვილი მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

ის არის ჟურნალისტი და მისი შინაგანი რწმენაც არის ის, რომ ეს უკავშირდება მის საქმიანობას. გამოძიება უნდა დაიწყოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და უნდა დადგინდეს ის გარემოება, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ჟურნალისტია მისი მეუღლეც, ამიტომ კიდევ უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ მათ ოჯახში შეღწევა მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს,“ - განაცხადა დიასამიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

 
IPI აზერბაიჯანში OC media-ს კონტრიბუტორების საქმეს ეხმიანება


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ბაჰრუზ სამადოვის დაკავებას გმობს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. IPI ჟურნალისტ ჯავიდ აღას სამგზავრო აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმებასაც მოითხოვს.

OC media-ს კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა 21 აგვისტოს დააკავეს. ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

სამადოვის კოლეგები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.

OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის თქმით, ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს. ასევე, ის ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ქვეყნის შიდა ამბებზე, მთავრობასა და პოლიტიკაზე.

ნიკურაძის შეფასებით, სადამოვის დაკავების მიზეზი შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მისი მოსაზრებები გამხდარიყო. 

„ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება მისსავე მოსაზრებებს უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, რადგან ომის დროსაც კი, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, რაც აზერბაიჯანისთვის საკმაოდ საკამათო პოზიციაა.

მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამობებნ, ბრალი ღალატში ედება… ეს ალბათ, კონფლიქტთან დაკავშირებული მოსაზრების გამოა და არა პოლიტიკური კრიტიკის გამო“.

24 აგვისტოს აზერბაიჯანში OC media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, სამად შიხი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში გამგზავრებას ცდილობდა.

OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი, ჯავიდ აღა კი აეროპორტში, როგორც მოწმე სამადოვის საქმეზე, 27 აგვისტოს დააკავეს. მოგვიანებით ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს. აღა ლიტვაში ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად მიემგზავრებოდა.

 
აშშ-მა „როსია სევოდნია“  და მისი შვილობილი 5 კომპანია დაასანქცირა


აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა„ და მისი შვილობილი კომპანიების: „რია ნოვოსტის“, TV-Novosti-ის, RT-ს, Sputnik-ისა და  Ruptly-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, შეზღუდვები ასევე ეხებათ ფიზიკურ პირებს: RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, მის მოადგილეებს: ანდრეი კიაშკოს, ელიზავეტა ბროდსკაიასა და ანტონ ანისიმოვს, RT-ის მედიაპროექტების დეპარტამენტის თანამშრომელს, ელენა აფანასიევასა და ციფრული პროექტების მენეჯერ კონსტანტინ კალაშნიკოვს. მათ სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, მიზეზი „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. 

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია რუსეთის მცდელობებზე თავისი საინფორმაციო რესურსების დახმარებით სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს უკრაინასა და მთელს მსოფლიოში და გავლენა იქონიოს მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. 

უწყების თქმით, RT-ის თანამშრომლებმა რუსული ინტერესების დასაცავად ვიდეოების გამოქვეყნებაზე, თითქმის, 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.

 
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა DW-ისა და „1+1“-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრა

© 2021 Aziz Karimov/Getty Images

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის, ნიკოლას კონოლისა და უკრაინული არხის - „1+1“ კორესპონდენტის, ნატალია ნაგორნაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ФСБ-ის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებმა „უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და გადაიღეს ვიდეოები კურსკის ოლქის სუჯას დასახლების ტერიტორიაზე“.

როგორც ირკვევა, ჟურნალისტები ქალაქ სუჯაში რეპორტაჟების გადასაღებად იმყოფებოდნენ, თუ რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ. 

ФСБ-მ გასულ კვირას ანალოგიური ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო იტალიური მაუწყებლის, RAI-ს ჟურნალისტების, სტეფანია ბატისტინისა და სიმონე ტრეინის, ასევე CNN-ის რეპორტიორ ნიკ უოლშის, უკრაინელი ჟურნალისტების ოლესია ბოროვიკისა და დიანა ბუცკოს წინააღმდეგ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ 17 აგვისტოდან, მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო, სისხლის სამართლის საქმე შვიდი უცხოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.

Deutsche Welle-ს ჟურნალისტის, კონოლის თქმით, ის აგრძელებს მოვლენების გაშუქებას როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში და რუსეთის უსაფრთხოების ძალების გადაწყვეტილება მის მუშაობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. 

ნიკოლას კონოლის მომზადებული მასალა სუჯადან - „Visiting Sudzha, Russian Kursk border town held by Ukraine“

ნატალია ნაგორნაიას სიუჟეტი სუჯადან - „ТСН ВЖЕ В КУРСЬКІЙ ОБЛАСТІ! НАЖИВО!“

 
სტრატეგიული ხმაურის დროა!


ხშირად ვფიქრობ, ვისთვის ვწერ?! — ფაქტია, რომ დღითიდღე გვეზარება კითხვა. ვიწროვდება თანამოაზრეთა რიცხვიც, ვიკეტებით ე.წ. “ბაბლში” და ერთი მეორეს ვუზიარებთ იმ აზრებს, რომლებშიც ისედაც თანამოაზრეები ვართ. მძიმე პოლიტიკურმა ყოველდღიურობამ კი ისე დაგვძაბა, განსხვავებული აზრის მოსმენაც ჭირს, შეუძლებელი ხდება დიალოგი და ყოვლად მომაბეზრებელი გახდა ბაღის ზეიმზე დაზუთხული ლექსებივით გულისგამაწვრილებელი პოლიტიკური მონოლოგები, დამაჯერებლობისა რომ არაფერი სცხია. 

ბოლო დღეებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ჩვენი საზოგადოების მანკიერება კრიტიკის ამბავში: ჩვენიანს ყველაფერი ეპატიება, გამართლება მოეძებნება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, დუმილის უფლებით ვისარგებლებთ, ხოლო ვინც ჩვენიანი არ არის, მათდამი სიმკაცრეს საზღვარი არ უჩანს. ეს “ჩვენიანი” და “სხვისიანიც” ნამეტანი დავიწროვდა და ლამის სადაქალო-საძმაკაცოს დონემდე დავიდა. თითქოს ეს არ კმარაო, როცა ჩვენიანს სამართლიანად(!) აკრიტიკებენ, დასასრულს, ერთგვარ მანიპულაციასაც კი მივმართავთ: “ბარემ ჩაქოლეთ!!!”, ხოლო უცხოსა და უცხოებზე - რა მოგახსენოთ… ეს სიტყვა შორს წაგვიყვანს… მთავარია, ისე შორსაც არ წაგვიყვანოს, რომ ნაძალადევი დუმილით მეტრო “ნაძალადევს” გავცდეთ, იმ მიმართულებით, საითაც დაბანაკებულან არსაიდან წამში საპნის ბუშტივით აღმოცენებული და მეორე წამსვე მიმქრალი “ახალი სახეები”, ინტელექტსა და ღირსებასთან რომ არიან მტკიცედ ნაღალატევი.

პარალელურად, წარმატებით მუშაობს სახელისუფლებო და რუსული (ან კი რამ გაჰყო ეს ორი) პროპაგანდა, ისე რომ, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა: ის, რაც ერთ ნაწილს საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად მიგვაჩნია, საზოგადოების მეორე ნაწილისთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. ვაღიარებთ თუ უარვყოფთ, გავიცინებთ თუ დავმწუხრდებით, ფაქტია, რომ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად და ყოველი პრობლემის სათავედ “გარყვნილი ევროპა” და ჰომოსექსუალები მიაჩნიათ. წლებია, ამას ისმენენ სამთავრობო და პრორუსული ტელევიზიებიდან, კიდევ უფრო დიდი ხანია — ამბიონებიდან.

“რუსული კანონის” შემდეგ, 2024 წლის 29 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავდა. მაშინვე მივხვდით, რასაც აპირებდნენ. 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”. 22 აპრილს, ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. ის, რაც მაშინ მოვისმინეთ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, არასდროს მინახავს და მომისმენია მანამდე. ერთ-ერთ მონაწილეს დაასმევინეს შეკითხვა, (ვიყენებ ამ ფორმულირებას, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ განხილვაზე დასწრება არ იყო თავისუფალი, ამდენად, ეს გახლდათ ერთი საერთო პარტიული სპექტაკლი), იმის თაობაზე, თუ როგორ გააკონტროლებდნენ გეების არსებობას საჯარო სამსახურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჩაუტარებდნენ თუ არა ექსპერტიზას. ამის პასუხად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და სხვა კანონმდებლები ღლიცინებდნენ და გაიძახოდნენ, რომ პარლამენტში სწორედ ასეთი ხალხია საჭირო — ამგვარი შეკითხვებისა და იდეების ავტორები.

არასამთავრობო სექტორისა და, ზოგადად, აქტივისტების საერთო პოზიციად, (უმცირესი გამონაკლისის გარდა), ე.წ. სტრატეგიული დუმილი იქცა, რომელიც, ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და ქვიარ აქტივისტვისთვის, კატეგორიულად მიუღებელი იყო და ასე რჩება დღემდე. უპირველესად, იმიტომ, რომ როცა ერთ მხარეს სიძულვილისა და ფაშიზმის პროპაგანდაა გაჩაღებული, საპირწონედ არსებული დუმილი ვერაფრით ჩაითვლება სტრატეგიულად. ბოროტების პროპაგანდის უპასუხოდ დატოვება — მავნებლობაა, რადგან ჰომოფობიასთან დაპირისპირების არარსებობა მხოლოდ და მხოლოდ აღვივებს მას. 

ამასობაში, ნახევარ წელზე მეტი გავიდა და, სამწუხაროდ, იგივე ითქმის ლიბერალურ მედია-საშუალებებზეც, მცირე გამონაკლისის გარდა. აქაც თავი იჩინა “სტრატეგიულმა დუმილმა”, გნებავთ — წაყრუებამ…

ივანიშვილმა კი გვაუწყა, რომ მის წინასაარჩევნო დაპირებებში, რიგით მეორე ადგილს იკავებს ხსენებული კანონის აღსრულება. 12 წლის შემდეგ, ლამის მთავარ საარჩევნო დაპირებად “გეების აკრძალვა” დასახა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კი ივანიშვილის გამოსვლა ისე შეაფასეს, რომ ეს დააანონსებული ფაშიზმი არც კი უხსენებიათ — ერთი მხრივ, ძალზედ მოწინავე და რიგით მეორე, მეორე მხრივ კი, ყოველთვის და ყველასთვის უმნიშვნელო საკითხი.

ერთი თვეა, ამ ბლოგზე ვმუშაობ. ათამდე ადამიანს ველაპარაკე, ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ქვიარ ემიგრანტებს და არა მხოლოდ. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, რადგან, მინდოდა, ფართოდ, ანუ სხვადასხვა ადამიანის თვალით დამენახა არსებული სურათი. საბოლოოდ, დამრჩა მხოლოდ ღია შეკითხვები, რადგან ჩემი თვითმიზანი არ არის ვისიმე განსჯა, თუმცა, წლები რომ გავა, ერთადერთი, რასაც თავს ვერ ვაპატიებ, დუმილია. იმას მაინც ვიტყვი, შეკითხვებს ვსვამდი - მეთქი. 

რას ვეუბნებით თემის წევრებს, რომელთა ხმაც ჩვენ ვართ? ნახევარი წელია სტრატეგიულ დუმილში ვიმყოფებითო?! 

რას ვეუბნებით თემის წევრებს, რომელთა დაუცველობა დღითიდღე იზრდება და ქვეყანაც იცლება მათგან.

რა მოგვცა დუმილმა? ჰომოფობია ვერ გამოიყენეს წინასაარჩევნოდ, თუ კანონი ვერ მიიღეს?! 

ერთიც და მეორეც — 4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა II მოსმენით მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც თავის თავში გულისხმობს ცენზურის დაკანონებას მაუწყებლებსა და ხელოვნებაში, შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და ამ სიშლეგის წინააღმდეგ მოქმედებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 

2018 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულებით. დღეს, საქართველოში ცხოვრების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ისტორიის მასწავლებელი ვყოფილიყავი რომელიმე სოფელში, ან ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში. ამას  საკუთარ თავს ვახსენებ, რათა უფრო ნათელი გახდეს, რამდენად მავნებლურია მთელი ეს პროცესი და რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების ყოველდღიურობაზე. ამ თემაზე საჯარო განხილვა და პოლიტიკოსთა მხრიდან თუნდაც ამგვარი ლეგიტიმაცია, კიდევ უფრო ამძიმებს და დაუცველს ხდის არა მხოლოდ ღიად ჰომოსექსუალთა, მათ შორის და კიდევ უფრო მეტად, “არც თუ ისე ღიად ჰომოსექსუალთა” ყოფასაც, რადგან შანტაჟის მსხვერპლად აქცევს მათ. 

ეს დუმილი არც ოქროა და არც სტრატეგიული, ჟანგია, მცდარია და სამარცხვინო, ხოლო რაც დრო გავა, უფრო და უფრო სანანებელი გახდება.

არც ეს აქტივიზმია პრინციპული და კეთილსინდისიერი, არც ობიექტური ჟურნალისტიკა და ადეკვატური პოლიტიკა — ეს არის წაყრუება და დისკრიმინაცია, ისედაც ჩაგრული და აწ უკვე რეპრესიებისთვის გაწირული ჯგუფისა!

რაც მთავარია, მანიპულაციას შევეშვათ: კრიტიკა არ ნიშნავს ვისიმე ბრძოლის დაკნინებას, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ხდება დღეს და რა იქნება ხვალ!

პოლიტიკურ ელიტასთან უნისონში მყოფ, ან ბერი ნარიმანივით მდუმარე აქტივიზმს, ეს ძალიან გაუჭირდება… პომიდვრები მაინც ისროლეთ! — თუნდაც  ჩემი მიმართულებით, ევროპაში გაქცეული რომ გასწავლით ჭკუას…

სტრატეგიული ხმაურის დროა, სანამ ჯერ კიდევ დარჩა ხმის ამომღები, სანამ ჯერ კიდევ შეგვრჩა ხმა!..

 
ტელევიზია თუ სოციალური მედია? - ინფორმაციის მიღების პირველი წყარო საქართველოში „კავკასიის ბარომეტრის


თუ შენც ჩემსავით წლებია ტელევიზორი არ ჩაგირთავს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ადევნებ, ალბათ, ჩემი არ იყოს, შენც გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ამ უკიდურესად ციფრულ ეპოქაში,


წყარო:

სადაც ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდება,


წყარო:

დასახლების ტიპის მიხედვით თუ ჩავშლით ამ შედეგებს, სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:


წყარო:

ამ ცვლადის შემოტანით მიღებული შედეგები თავისუფლად შეიძლება განპირობებული იყოს ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის არათანაბარი რეგიონული განაწილებითა და შემდეგი ფაქტორებით განსაზღვრული ციფრული უთანასწორობით: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დაბალი სერვისი, ინტერნეტის ღირებულება, ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ციფრული ცოდნის ნაკლებობა.

საინტერესოდ იცვლება სურათი კვლევაში ასაკობრივი ცვლადის შემოტანითაც. იმის გათვალისწინებით, რომ  55+ ასაკის ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ინტერნეტთან ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობითა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარებით და პირიქით, ამავე ინდიკატორის მიხედვით, ყველაზე დაწინაურებულები - 18-34 წლის ადამიანები, ბუნებრივია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გადანაწილებული შედეგები:

წყარო:

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამავე კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე - ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად?


წყარო:

ასევე, თუ გავიხსენებთ „კავკასიის ბარომეტრის” 3 წლის წინანდელ კვლევას, 2021 და 2024 წლებში გამოკითხულთა სამ ასაკობრივ ჯგუფს შორის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოციალურ მედიას პირველ მნიშვნელოვან წყაროდ 18-34 წლის ადამიანები ყველაზე ხშირად ასახელებენ და ამასთან:


წყარო:

ეს დიაგრამები გვიჩვენებს, როგორი მკვეთრი სხვაობაა ახალგაზრდებში ტელევიზიისა და სოციალური მედიის გამოყენების ტენდენციებს შორის.

ჩემთვისაც, როგორც 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის რიგითი წარმომადგენლისთვის, რთულია ვენდო შინაარსისგან დაცლილ, სიყვითლეზე, ეპატაჟსა და მანიპულაციაზე დაფუძნებული ტელევიზიისა და ყველა ჟურნალისტური თუ ეთიკური პრინციპის დამრღვევი ტელეჟურნალისტების საქმიანობას (იშვიათი გამონაკლისების გარდა). სწორედ ამიტომ, ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც მირჩევნია, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით გავეცნო.

ესეც რომ არ იყოს, ტექნიკური თვალსაზრისითაც, სივრცისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრად მოსახერხებელი და მარტივია ახალი ამბების ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ, სწრაფ რეჟიმში მიღება. 

2009 წლის კვლევის შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, არა მხოლოდ ამ ასაკობრივ ჯგუფში, არამედ მთლიანობაშიც ტელევიზიის პირველ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ დამსახელებელთა კლების ტენდენციასაც შეამჩნევ:


წყარო:

„კავკასიის ბარომეტრის" წინა წლების კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს თვალს რომ ვადევნებდი, 2009-2021 წლებში ტელეჟურნალისტების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული ორი შეკითხვა და მათი პასუხებიც მენიშნა: 


წყარო:


წყარო:

ეს ორი დიაგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ერთ-ერთ იმ საკვანძო ფაქტორზე, რის გამოც მე, შენ და ჩვენ გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი ტელემედიას არ ვენდობით და მიუკერძოებელი, დაბალანსებული ინფორმაციის მისაღებად სოციალური მედიის სხვადასხვა საინფორმაციო არხებს ვირჩევთ. ამ არხების დახმარებით უფრო დიდი არჩევანი და შესაძლებლობა გვეძლევა, ტენდეცნიურობისგან თავისუფალი, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური ინფორმაცია მივიღოთ. 


წყარო:

იმ მოცემულობაში, როცა ქვეყნის ყველა ძირითადი ტელევიზია სახელისუფლებო ან ოპოზიციური პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დელუზიური რეალობის შექმნის იარაღია, ალბათ, ბუნებრივიცაა ის ტენდენციები, რაც CRRC-ის მიერ „კავკასიის ბარომეტრის” სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული რეგულარული კვლევის შედეგებში მედიასთან დაკავშირებით გამოიკვეთა.

ტელევიზიის შინაარსზე საუბარს სულ რომ გავცდეთ, ჩვენს დროში ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებისა და ინფორმაციის გავრცელების ტემპი იმდენად სწრაფია, ძალიან რთული წარმოსადგენია, რატომ უნდა ველოდო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად სპეციალურ საეთერო გამოშვებებს, როდესაც ინფორმაციის მიღება რამდენიმე „კლიკით” ან სულ რაღაც ერთი „ჩამოსქროლვით” სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემიძლია. 


კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015, 2017 და 2019 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა. 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამოკვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით მხოლოდ საქართველოში ჩატარდა.










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მედია „დამნაშავე“ გოგოს ძიებაში


22 აგვისტოს რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხაშურში 15 წლის გოგომ 74 წლის კაცი მოკლა. „ტელეკომპანია პირველის“ და „მთავარის“ სიუჟეტებიდან ვიგებთ, რომ მოკლული ტაქსის მძღოლი იყო და მკვლელობაც ტაქსიში მოხდა ცენტრალური გზიდან მოშორებით. ჟურნალისტები ცდილობენ, დაადგინონ მკვლელობის მოტივი და ძირითადად ეყრდნობიან რა მოკლული კაცის მეზობლებისა და ნაცნობების კომენტარებს, ამბობენ, რომ „სასტიკი მკვლელობა“ სავარაუდოდ, დაყაჩაღების მიზნით მოხდა. სიუჟეტის მსვლელობიდან ვიგებთ, რომ გამოძიება მოტივს არ ასახელებს და რამდენიმე ვერსიას განიხილავს, თუმცა, ჟურნალისტები მხოლოდ დაყაჩაღების ვერსიაზე საუბრობენ.

ამ საინფორმაციო გამოშვებებიდან, მეზობლებისა და ნაცნობების კომენტარებით ვიგებთ, რომ თურმე  მკვლელობის მოტივის მეორე ვერსიაც არსებობს, კერძოდ, სექსუალური ძალადობის მოგერიება. სიუჟეტში მონაწილე ყველა პირი ამ ვერსიას უარყოფს მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მოკლულს კარგ კაცად იცნობდა. 

არც ერთ ტელევიზიას არ უცდია  ეჭვმიტანილი გოგოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მეტ-ნაკლებად სანდო წყაროდან. სიუჟეტში ვხედავთ მიკერძოებულ ადამიანებს, რომელთაც თავად არ უნახავთ  გოგო, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, „კაიფში“ ყოფილიყო,  მას როგორც „მაწანწალას“ მოიხსენიებენ და ამავდროულად ამბობენ, რომ დასასვენებლად ჩამოსული სტუმარი იყო. ჟურნალისტს დამატებითი კითხვა არ აქვს „მაწანწალა“ დამსვენებლის შესახებ. რეალურად, გამოკითხული მეზობლები და ნაცნობები საკუთარ ფანტაზიასა და შეფასებებს ჰყვებიან უკიდურესად მიკერძოებული პოზიციიდან. აქვე გავიხსენოთ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ძალიან გავრცელებული ფორმაა მეზობლებისა და ნაცნობებისთვის აზრის კითხვა. მაშინაც კი, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ადამიანი დამნაშავეა, მეზობლები მას ყოველთვის უკიდურესად დადებით ადამიანად ახასიათებენ. 

ისევ მოკლული კაცის ნაცნობებისგან ვიგებთ, რომ მკვლელობის შემდეგ გოგო გზაზე გამოვიდა, მანქანებს დახმარებას სთხოვდა, არ დაუმალავს დანაშაულის შესახებ, ამბობდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და ის თავს იცავდა. ჟურნალისტები ამ ვერსიაზე აქცენტს არ აკეთებენ და არ ცდილობენ მეტი ინფორმაციის მოპოვებას, ყურადღებას არ ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის რეალური მოტივი შესაძლოა, სწორედ ეს ყოფილიყო. 

ასეთ დროს სტატისტიკური მონაცემების ნახვაც საკმარისია, რომელიც ხშირად შესაძლოა, სწორ ვერსიაზე მიგვანიშნებდეს. შევხედოთ ტაქსიში ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევების რაოდენობას და ასევე, გოგოების მიერ ტაქსისტების დაყაჩაღების სტატისტიკას. საქართველოში ქალები სექსუალურ შევიწროვებას მეორე ადგილას აყენებენ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორის, მაშინ როდესაც გოგოების მიერ ჩადენილი ყაჩაღობა მიზერულია, მკვლელობაზე რომ არ ვილაპარაკოთ. თუმცა, ეს ვერსია ჟურნალისტებს არ აინტერესებთ და ამიტომ ის არც მათ ტექსტში ისმის. 

სიუჟეტი სავსეა სტერეოტიპებით არა მხოლოდ გოგოს, არამედ კაცის მიმართაც მისი ასაკის გამო.  სიუჟეტისთვის გამოკითხული რესპოდენტების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ 74 წლის კაცი ვერ იძალადებდა სექსუალურად. აღნიშნული შეფასებაც ასაკობრივ დისკრიმინაციას ეფუძნება. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ციხეებში სხედან პედოფილები, რომლებმაც დანაშაული ხანდაზმულ ასაკში ჩაიდინეს. რამდენიმე ასეთ საქმეს პირადად ვიცნობ.

აქვე უნდა აღინიშნოს დანაშაულის ინსცენირების პრობლემა. ერთ-ერთ სიუჟეტს ფონად გასდევს დანაშაულის მოდელირებული ვერსია, სადაც მძღოლი თავის ადგილზე ზის და მას მგზავრი გოგო თავს ესხმის. აღნიშნული კადრები პირდაპირ გამორიცხავს აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის ვერსიებს. ზოგადად პრობლემად გამოვყოფდი ძალადობრივი დანაშაულებისა და მკვლელობების ინსცენირების მართებულობას, საჭიროებასა და ეთიკურობას. მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ინსცენირება მხოლოდ ერთ მიკერძოებულ ვერსიას ეფუძნება და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიგნებებს კი არ ეყრდნობა, არამედ გადასაფარი კადრის ფუნქციას ასრულებს.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შემთხვევა გაშუქდა არასრულწლოვანი პირის ინტერესების უხეში დარღვევით და გენდერულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. პატრიარქალური სტერეოტიპები იმდენად გამჯდარია ჩვენს საზოგადოებაში, რომ ხშირად ჟურნალისტები და პროდიუსერებიც ვერ ამჩნევენ, თუ როგორ ექცევიან ამ სტერეოტიპების ტყვეობაში. ალბათ, ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ ხდება ისე, რომ მსგავს შემთხვევაში ყოველთვის ქალის ბრალეულობას ვეძებთ?! 

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ