კატეგორია: საქართველო

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუარესდა. თუმცა 25 ქულით საქართველო ისევ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და მეზობელ სომხეთთან ერთად რეგიონში ლიდერობს.


ფრიდომ ჰაუსი მთავარ მიგნებებში ხაზს უსვამს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რაც ინტერნეტთან თავისუფალ წვდომასა და მისი სარგებლობის ფუნდამენტურ უფლებას ითვალისწინებს. ასევე, ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ელექტრონული სერვისების გაფართოება. ასევე, აღნიშნულია ონლაინ აქტივობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეები რეპ დუო “ბირჟა მაფიისა” და პრეზერვატივების კომპანია “აიისას” წინააღმდეგ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის რეიტინგზე. ანგარიშში ისევ არის ნახსენები თბილისიდან გატაცებული აფგან მუხტარლი.

ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის მოხმარება და ხელმისაწვდომობა საქართველოში იზრდება და დაახლოებით 60,49%-ს შეადგენს.

მედია, მრავალფეროვნება და კონტენტ მანიპულაცია

ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიაგარემო საქართველოში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და ინტერნეტ მომხმარებელს ხელი მიუწვდება მრავალფეროვან კონტენტზე. ონლაინ გამოცემების ნაწილი, რომელთაგან ზოგიერთი პოლიტიკურ პარტიებთანაა აფილირებული და მიკერძოებულობას ავლენს, კოორდინირებულად ავრცელებს ახალ ამბებს. ასეთი ჯგუფები ეფექტიანად დომინირებენ ონლაინში, რის გამოც პატარა გამოცემებს სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა უჭირთ. გასული წლების მსგავსად, ამ გამოცემებთან საქართველოს ხელისუფლება კვლავ აფორმებს კონტრაქტებს და აფინანსებს მათ. ზოგიერთი მედია ორგანიზაცია დაკავშირებულია რუსეთთან და ცნობილია ანტი-დასავლური დღის წესრიგის გატარებით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი გარკვეულწილად თვითცენზურას მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან არ ხდება ონლაინ კონტენტის სისტემატური მანიპულაცია. კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლები ხანდახან თავს იკავებენ სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვისგან, საჯარო მოხელეები კი ხშირად ექვემდებარებიან თვითცენზურას მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რეპრესიების შიშის გამო. ასევე, 2018 წლის ივნისში ანტი-სახელისუფლებო პროტესტის დროს ონლაინ აქტივისტები საუბრობდნენ ბოტების, ტროლებისა და დასპონსორებული პოსტების შესახებ, რომლებიც პრო-სახელისუფლებო ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა ინტერნეტის გამოყენება დაიწყეს. ონლაინ მედია სააგენტოებს კვლავ უჭირთ რეკლამის დამკვეთების მოზიდვა, კონტენტის დივერსიფიცირება, მულტიმედია შესაძლებლობების დაუფლება და ტრადიციულ მედიასთან კონკურენცია. კერძო სექტორი ონლაინ რეკლამირებაში, მცირე აუდიტორიის გამო, დიდ რესურსს არ ხარჯავს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არის რამდენიმე ბლოგერი, რომელთა შექმნილი კონტენტი იწვევს დისკუსიას ონლაინში და გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. უმცირესობები და მოწყვლადი ჯგუფები წარმოდგენილნი არიან ონლაინში. გასული 4 წლის განმავლობაში ლგბტი და ფემინისტი აქტივისტები აქტიურად იყენებდნენ ონლაინ ხელსაწყოებს საჯარო სფეროში დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად.

2017 წლის ბოლოს, მოხმარებელთან 63% ინტერნეტს სოციალური ქსელების შესამოწმებლად იყენებდა. Facebook ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული პლატფორმის ტიტულს საქართველოში. ბლოგერები და ჟურნალისტები სულ უფრო მეტად იყენებენ ფეისბუკს საკუთარი კონტენტის გასაზიარებლად და მკითხველამდე მისატანად. სამოქალაქო აქტივისტები ასევე იყენებენ ფეისბუკს პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე დისკუსიისთვის. მომხმარებელთა 43% ინტერნეტს ახალი ამბების მისაღებად იყენებს, 24% მხოლოდ Skype-ს ხმარობს, 14% - email-ს. ადამიანების 21%-ს მიაჩნია, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მთავარი წყაროა, ხოლო 26% მას ინფორმაციის მეორეხარისხოვან წყაროდ აღიქვამს.

ციფრული აქტივიზმი

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები სოციალურ მედიაში პოსტავენ მოწოდებებს და იყენებენ მხარდამჭერებთან საკომუნიკაციოდ. მიუხედავად იმისა, რომ ონალინ აქტივიზმის ფორმების უმრავლესობას რეალური შედეგი არ აქვს, ასეთი აქტივობის გავლენა თანდათანობით იზრდება. ონლაინ აქტივისტები იყენებენ სოციალურ მედიას გენდერული თანასწორობის კამპანიისთვის, ისევე როგორც, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი რეფორმების ადვოკატირებისთვის.

საანგარიშო პერიოდში ონლაინ პლატფორმები და განსაკუთრებით ფეისბუკი გამოიყენებოდა ისეთი აქციების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია თუ მკვლელობის სწორი გამოძიება.

2013 წლის შემდეგ 70-ზე მეტი ელექტრონული სერვისი იქნა ინტეგრირებული სახელისუფლებო პორტალზე My.gov.ge. მოქალაქეებ შეუძლიათ ელექტრონულად სხვადასხვა სერვისის მიღება, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია ბიუჯეტსა და დანახარჯებზე. 2017 წელს, ჩაეშვა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა www.ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეაგროვონ ხელმოწერები და გადაუგზავნონ ინიციატივა მთავრობას.

გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას.
კატეგორია: საქართველო
პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა - ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი…


პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საზოგადოებაში დებატებსა და ამომრჩეველზე ზეგავლენისათვის პოლიტიკური რეკლამის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათ შორის, საქართველოშიც, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაცია შესაბამის ჩარჩოებში იყო ჩასმული და მისი დამრღვევის მიმართ გამოიყენებოდა სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიება.

რა დრო ეთმობა სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამას და რა ღირს ეროვნულ და რეგიონულ მაუწყებლებში? რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ დახარჯა ყველაზე მეტი სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამაში და რომელმა ტელეკომპანიამ მიიღო აქედან ყველაზე დიდი შემოსავალი?

რა დრო იხარჯებოდა რეკლამაზე?

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო ეროვნული მაუწყებლების საეთერო დროის თითქმის ნახევარი შესაძლოა მხოლოდ რეკლამას დაეთმოს. ასეთი მაუწყებლები არიან ისინი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან და აუდიტორიას სხვადასხვა თემაზე მომზადებულ გადაცემებს სთავაზობენ.

საქართველოს კანონმდებლობით, ასეთ მაუწყებლებზე თითოეულ კვალიფიციურ სუბიექტს ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა 3 საათაში არაუმეტეს 90 წამისა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 17 კვალიფიციური სუბიექტი მონაწილეობს, შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია მთლიანი საეთერო დროის 14% უფასო პოლიტიკურ რეკლამას დაუთმოს. ამას ემატება ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი 15% და კომერციული რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილი 20%. საერთო ჯამში, მაუწყებლის მთლიანი ეთერის 49%-მდე შესაძლოა დაეთმოს რეკლამას. და, ასევე, ამას ემატება სოციალური რეკლამის ვალდებულებაც - 3 საათში არანაკლებ 90 წამისა შესაძლოა დაეთმოს სოციალურ რეკლამას.

რა ღირდა პოლიტიკური რეკლამა მაუწყებლებში?

მაუწყებლების მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი - 11 450 ლარი. რეკლამის განსათავსებლად ყველაზე ძვირიან გადაცემებში ვანოს შოუ ლიდერობს; მეორე ადგილზე 11 000 ლარით სერიალი ჩემი ცოლის დაქალებია; სამეულში ბოლო ადგილს კი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა არჩევანი იკავებს 10 850 ლარით.

ტელეიმედში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა. იმედის ეთერში ყველაზე მაღალი ფასი პოლიტიკურ რეკლამას შოუში ცეკვავენ ვარსკვლავები ჰქონდა და 9 618 ლარი ღირდა. მას მოჰყვება ტოქშოუ პირისპირ, სხვა რაკურსი, სიცრუის დეტექტორი და ღამის შოუ 8 232 ლარით. იმედის კვირაში კი რეკლამის ერთი წუთი 6 252 ლარი ღირდა.




საზოგადოებრივ მაუწყებელზე
პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი 550 ლარიდან 3 000 ლარამდეა.



ტვ პირველზე
პოლიტიკური რეკლამის ფასი 650-დან 3 250 ლარამდე მერყეობს. რეკლამის განთავსება ყველაზე მეტი ინგა გრიგოლიას რეაქციაში ღირს. გადაცემაში პირველები - 2 250 ლარი, ხალხის პოლიტიკასა და დღის ამბებში - 2 000 ლარი.
GDS-ზე - 400-1200 ლარამდე,  კავკასიაზე - 300-900, ხოლო ობიექტივზე - 300 ლარია.

რეგიონული ტელეკომპანიების ტარიფები მნიშვნელოვნად ნაკლებია ნაციოანლური მაუწყებლების ფასებზე. 
  • ტვ თრიალეთი - 750 ლარი;
  • მარნეულის ტელევიზია - 100-500;
  • ტელეკომპანია დია - 800 ლარი, მორბენალი სტრიქონი - 10;
  • რიონი TV - 300-944 ლარი;
  • ოდიში TV - 920 ლარი;
  • ეგრისი - 350-450 ლარი;
  • TOK TV - 150-250 ლარი.

რომელი პარტია რომელ ტელევიზიაში და რამდენს ხარჯავდა?

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ , ნაციონალურმა მოძრაობამ 2018 წელს, წინასაარჩევნოდ, რუსთავი 2-ის ეთერში ჯამში140 ათასი ლარის რეკლამა განათავსა. ; ტვ პირველში - 30 ათასის; კავკასიაში - 10 200; რეგიონულ მედიაში (13 მაუწყებელი) პარტიამ 20 ათასზე მეტი ლარის სარეკლამო დრო შეიძინა.

ნაციონალურ მიძრაობაზე მცირედ მეტი, 200 ათასამდე ლარის სარეკლამო დრო შეიძინა ევროპულმა საქართველომ რუსთავი 2-ში. ამ პარტიამ 7 რეგიონულ მაუწყებელში 24 ათასამდე ლარის სარეკლამო დრო იყიდა; ხოლო ტელეკომპანია კავკასიაზე - 10 ათასამდე ლარის.

ლეიბორისტებმა 12 რეგიონულ არხზე 23 ათასამდე ლარის სარეკლამო დრო შეიძინეს; ტვ პირველსა და იბერიაზე - 30-30 ათასი; რუსთავი 2-ზე - 60 000.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) სარეკლამო ხარჯი: 13 რეგიონული მაუწყებელი 25 ათას ლარზე მეტი; რუსთავი 2 - 170 000; კავკასია - 5 000 ლარამდე.

ქრისტიან კონსერვატიული პარტიის სარეკლამო ხარჯი: 13 რეგიონული მაუწყებელი - 20 ათასამდე ლარი; რუსთავი 2 - 160 000; კავკასია და იბერია 10-10 ათასამდე ლარი. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის სარეკლამო ხარჯი: 36 ათასამდე ლარი - 15 რეგიონული მაუწყებელი; ტვ პირველი - 33 ათას ლარზე მეტი, რუსთავი 2 - 46 000-მდე, ხოლო ტელეიმედი - 120 ათასი.

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია იმედთან სარეკლამო დროის შეძენაზე ხელშეკრულება ცესკოსთვის გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ პარტიამ მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის გააფორმა.

“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საარჩევნო წელს სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად კვალლიფიციური პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას იღებენ. ბიუჯეტიდან ამ მიზნისთვის მიღებული თანხა თითოეული სუბიექტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. ამ თანხიდან არანაკლებ 15%-ისა უნდა დაიხარჯოს სულ ცოტა 7 არაეროვნულ მაუწყებელში, ანუ იმ მაუწყებლებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არ ვრცელდებიან. მაუწყებელს ამ სარეკლამო ხარჯებს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
კატეგორია: ეთიკა
25 ოქტომბერს, გორში მოკლული იპოვეს 8 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 26 ოქტომბერს, დილით, პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

გორში მომხდარი ამბავი, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, მალევე მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის ყურადღების ცენტრში. საქმის გახსნის შესახებ მომზადებულ მასალებში კი მედიის დიდმა ნაწილმა მკვლელობის საქმეზე დაკავებულის იდენტიფიცირება მოახდინა.

მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი თავდაპირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. მასალას ერთვოდა შესაძლო დამნაშავის ფოტოც. ბრალდებულის სახელი და გვარი გამჟღავნებულია იმ მასალებშიც, რომლებიც მოამზადეს: tv პირველმა, იმედმა, მაესტრომ, ტაბულამ, რეგინფომ. ასევე იდენტიფიცირებული იყო სხვადასხვა მასალაში საიტებზე: Trialeti.ge, Newposts.ge; Dianews.ge; Resonancedaily.com; Ambebi.ge; Presa.ge, Paqtebi.ge; Kvira.ge; IPN.ge; News.coa.ge; Palitravideo.ge; Imedinews.ge, Alia.ge, Marshalpress.ge, Kvira.ge, Fortuna.ge, Ghn.ge, Mediamall.ge. მომზადებული მასალების ნაწილში ბრალდებულის ვინაობა სათაურებშივე წერია.

გორში მომხდარი მკვლელობისადმი მედიის განსაკუთრებით მაღალი ინტერესი, ბუნებრივია. მედიას უნდა მოემზადებინა ყველა მასალა, რაც ამ საქმეზე აუდიტორიას დამატებით დეტალს მიაწვდიდა.

თუმცა, ეს შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე და სახიფათოა, რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის: თავად მომხდარის სისასტიკე და სიმძიმე, ადგილობრივების ვარაუდები საქმეში სავარაუდო პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, მაღალი ემოციური ფონი საზოგადოებაში - სხვადასხვა გამოცემების გვერდებსა და სოციალურ ქსელში უკვე დაიწყო დისკუსია “მკვლელისა და მისი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების, ლინჩის წესით გასამართლების” შესახებ. ამ საფრთხეების გათვალისწინებით კი, მედიამ უნდა შეაფასოს მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის ვინაობის გამჟღავნების აუცილებლობა, თანაც მაშინ, როდესაც მის მიმართ ბრალი ჯერ წარდგენილიც კი არ არის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ მედიამ მხოლოდ მაშინ უნდა მოახდინოს კრიმინალში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს, მაგალითად: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა.


ამავე თემაზე წაიკითხეთ ლაშა ქავთარაძის ბლოგი -
სენსაცია ტრაგედიის წილ
კატეგორია: საქართველო
სამაუწყებლო მედიის თვალსაჩინო პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანია არასასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ და საარჩევნო დებატების ნაკლებობა - ეს იმ ძირითადი ტენდენციების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგმა გამოავლინა.

ანგარიშის თანახმად, ტოქშოუების სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები და დღის წესრიგი შეცვალა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა; შეინიშნებოდა სიღრმისეული მოკვლევითი მასალების ნაკლებობაც, რაც ამომრჩეველს ინფრორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.




კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რაც ამ მონიტორინგმა აჩვენა, არის ის, რომ გაზრდილია „ევროპული საქართველოს“ გაშუქება და, დათმობილი დროით ის ზოგიერთ არხზე უსწრებს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას.“

"ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის აქტიური გაშუქებით. ამ კომისიის ხელმძღვანელი და წევრების უმრავლესობა სწორედ „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. ეს თემა კი საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ქვეშ იყო", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, კანდიდატთა მიმართ მიკერძოება და ტენდენციური გაშუქება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ.



მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, თუ რუსთავი 2-ზე თვალსაჩინო იყო “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანია, იგივე ტენდენცია ტელეკომპანია იმედზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, ობიექტივზე კი გრიგოლ ვაშაძისა და “ევროპული საქართველოს” კანდიდატის დავით ბაქრაძის წინააღმდეგ შეიმჩნეოდა;

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.. წინა წლების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კვლავ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელეკომპანია „იმედი.“ ხელისუფლების გაშუქებისას მათი პრიორიტეტები და გზავნილები ხშირად იდენტურია. ასევე, რუსთავი 2-ისა და იმედის ტოქშუები პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებენ აუდიტორიას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში დღეს, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ქარტია მაუწყებლებში საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებს ამონიტორინგებდა. ანგარიში  აერთიანებს სატელევიზიო მედიაზე ქარტიის დაკვირვების პირველად შედეგებს და მოცემულ პერიოდში (18 ივნისი - 31 აგვისტო) გაშუქების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ანგარიშები სრულად:
კატეგორია: ეთიკა
22 ოქტომბერს ახალი ამბების ვებ-გვერდებზე Presa.ge, Newposts.ge, Resonancedaily.com და For.ge გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის სტატუსი, რომელიც 13 წლის შვილის სუიციდს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს. ონლაინმედიის ნაწილმა პოსტი ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე, მყვირალა, სენსაციური სათაურებით გამოაქვეყნა.

მომხმარებელი წერს, რომ ინტერნეტ თამაში რეალურია და მას ქართველი მენტორები ჰყავს. იგი მშობლებს მოუწოდებს, არ მოადუნონ ყურადღება: “კიდევ ერთხელ აუხსენით ბავშვებს, რომ არ უნდა ეშინოდეთ. ყველზე ხშირად ბავშვები სწორედ შიშის გამო ნებდებიან თამაშს…”

მედიას მოეთხოვება, რომ არასწრულწლოვნებთან დაკავშირებულ სენსიტიურ თემებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს. სააგენტოებმა Presa.ge და Newposts.ge კი მასალები იდენტური მყვირალა სათაური გამოაქვეყნეს: "ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ, ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან". რეზონანსმა და For.ge-მ კი სათაურად "ლურჯ ვეშაპს" შეწირული ბავშვის დედა მშობლებს აფრთხილებს!" - ისინი უკვე ქართულად ლაპარაკობენ" შეარჩიეს. მასალებში არაა მოცემული დამატებითი ინფორმაცია თამაშთან დაკავშირებით, არსაიდან დასტურდება, რომ ამ თამაშთან არის დაკავშირებული მოზარდების სუიციდი. ასევე, არ ჩანს ეცადა თუ არა ჟურნალისტი ოფიციალურ საგამოძიებო უწყებებთან ამბის დაზუსტებას ან გადამოწმებას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია ამ თემაზე მასალას დაუდასტურებელ ინფორმაციებზე დაყრდნობით ამზადებს.

წაიკითხეთ:
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: “არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ. ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია".

ამავე სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ჟურნალისტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს გარდაცვლილის ოჯახის წევრთან ურთიერთობისას.

„სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს, რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი მაღალი რისკჯგუფი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.


კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ორი კვირის წინ თურქეთში გაუჩინარდა ჯამალ ხაშოგი, ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, Washington Post-ის მიმომხილველი, რომელიც თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ბოლოს იგი 2 ოქტომბერს, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში შემავალი ნახეს, სადაც განქორწინების დამდასტურებელი დოკუმენტის ასაღებად იყო. შემდეგ რა მოხდა, იდუმალებითაა მოცული. დღეს, 18 ოქტომბერს Washington Post-მა გამოაქვეყნა მისი ბოლო სვეტი. მედიაჩეკერი ამ სვეტის თარგმანს გთავაზობთ. 

კარენ ეტაია, Washington Post-ის “გლობალური მოსაზრებების” სექციის რედაქტორი:

ეს სვეტი ჯამალ ხაშოგის მთარგმნელისა და ასისტენტისგან მივიღე სტამბოლში ჯამალის გაუჩინარების მეორე დღეს. Post თავს იკავებდა მისი გამოქვეყნებისგან, რადგან იმედი გვქონდა, ჯამალი დაბრუნდებოდა და ტექსტს მასთან ერთად დავარედაქტირებდი. ახლა უნდა მივიღო რეალობა: ეს არ მოხდება. ეს მისი ბოლო მასალაა, რომელსაც Post-ისთვის შევასწორებ. სვეტი სრულყოფილად აღწერს მის მის დამოკიდებულებას თავისუფლების მიმართ არაბულ სამყაროში. თავისუფლებისადმი, რომელსაც, როგორც ჩანს, სიცოცხლე შესწირა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რომ ერთი წლის წინ ჟურნალისტური სახლისთვის Post აირჩია და ერთად მუშაობის შანსი მოგვცა.

ახლახან, ონლაინ ვკითხულობდი Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშს “თავისუფლება მსოფლიოში” და მძიმე რაღაცას მივხვდი. არაბულ სამყაროში ერთადერთი ქვეყანაა შეფასებული როგორც თავისუფალი. ეს ქვეყანა ტუნისია. იორდანია, მაროკო და ქუვეითი შემდეგ ადგილზე იმყოფებიან, როგორც “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნები. სხვა არაბული ქვეყნები კლასიფიცირებულია როგორც “არათავისუფალი”.

შედეგად, ამ ქვეყნებში მცხოვრები არაბები არიან ან არაინფორმირებული, ან მისინფორმირებული. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ადექვატურად შეაფასონ, მით უმეტეს საჯაროდ განიხილონ, საკითხები, რომლებიც ეხება რეგიონს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. საზოგადოებრივ ფსიქიკაზე სახელმწიფოს ნარატივი დომინირებს, და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამის არ სჯერა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ყალბი ნარატივის მსხვერპლია. სამწუხაროდ, ეს სიტუაცია, ალბათ, არ შეიცვლება.

არაბული სამყარო სავსე იყო იმედით 2011 წლის გაზაფხულზე. ჟურნალისტებს, აკადემიკოსებს და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინები ნათელი და თავისუფალი არაბული საზოგადოებებისა მათივე პატივსაცემ ქვეყნებში. არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი გახდებოდნენ ემანსიპირებულნი მათივე ხელისუფლებების ჰეგემონიისგან და ინფორმაციაში მუდმივი ჩარევისა და ცენზურისგან. თუმცა ეს მოლოდინები მალე ჩამოიშალა; ეს საზოგადოებები ან ძველ სტატუს კვოს დაუბრუნდნენ, ან კიდევ უფრო უხეშ გარემოში აღმოჩნდნენ.

ჩემი ძვირფასი მეგობარი, ცნობილი საუდელი მწერალი სალეჰ ალ-შეჰი, საუდის არაბეთის პრესაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვეტის ავტორია. ახლა ის, სამწუხაროდ, უკანონო პატიმრობაშია და 5 წელი აქვს მისჯილი ხელისუფლების საწინააღმდეგო კომენტარებისთვის. ეგვიპტის ხელისუფლების მიერ გაზეთ al-Masry al Youm-ის მიტაცებას არ გამოუწვევია არანაირი რეაქცია კოლეგებისგან. ასეთი ქცევები აღარ იწვევს საერთაშორისო საზოგადოების გაღიზიანებას. ამის ნაცვლად, ასეთი ქცევები იწვევს დაგმობას, რომელსაც მალე დუმილი მოჰყვება ხოლმე.

შედეგად, არაბი ხელისუფლებები თავისუფალნი არიან მედიის გაჩუმებაში. იყო დრო, როცა ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ ინტერნეტი გაათავისუფლებდა ინფორმაციას ცენზურისა და კონტროლისგან, რომელიც ბეჭდურ მედიასთან ასოცირდება. მაგრამ ეს ხელისუფლებები, რომელთა არსებობა ინფორმაციის კონტროლზეა დამოკიდებული, აგრესიულად ბლოკავენ ინტერნეტს. ისინი აკავებენ ადგილობრივ რეპორტიორებს და ზეწოლას ახდენენ რეკლამის დამკვეთებზე, რათა კონკრეტული გამოცემების შემოსავლები დააზარალონ.

არსებობს რამდენიმე ოაზისი, რომელიც არაბული გაზაფხულის სულს განასახიერებს. ყატარის ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქების მხარდაჭერას. ტუნისსა და ქუვეითშიც კი, სადაც პრესა სულ მცირე “ნაწილობრივ თავისუფალია”, მედია საშიანო საკითხებზე ფოკუსირდება და არა უფრო დიდ არაბულ სამყაროზე. ისინი ხშირად ვერ ბედავენ, მისცენ პლატფორმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთიდან, ეგვიპტიდან, იემენიდან. ლიბანიც კი, არაბული სამყაროს ძვირფასი თვალი, როცა საქმე პრესის თავისუფლებას ეხება, პრო-ირანული ჰეზბოლას გავლენისა და პოლარიზაციის მსხვერპლი გახდა.

არაბულ სამყაროს საკუთარი “რკინის ფარდა” ემუქრება, არა საგარეო აქტორების, არამედ საშინაო ძალების მხრიდან, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ცივი ომის დროს, Radio Free Europe-მა, რომელიც წლების განმავლობაში კრიტიკულ ინსტიტუციად გარდაიქმნა, თავისუფლების იმედის შვილებასა და დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არაბებს სჭირდებათ რაღაც მსგავსი.

ჩემმა გამოცემამ, Post-მა აიღო ინიციატივა თარგმნოს და გამოაქვეყნოს მისი მასალების ნაწილი არაბულად. ამისთვის მე მადლობელი ვარ. არაბებს სჭირდებათ, წაიკითხონ საკუთარ ენაზე, რათა გაიგონ და განიხილონ აშშ-სა და დასავლეთში დემოკრატიის ასპექტები და სირთულეები. თუ ეგვიპტელი წაიკითხავს სტატიას ვაშინგტონში სამშენებლო პროექტის რეალური ღირებულების გამოაშკარავების შესახებ, ის უკეთ გააანალიზებს მსგავსი პროექტების შედეგებს მისსავე საზოგადოებაში.

არაბულ სამყაროს სჭირდება ძველი ტრანსნაციონალური მედიის თანამედროვე ვერსია, რათა მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულნი გლობალურ საკითხებზე. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პლატფორმა არაბთა ხმებს. ჩვენ განვიცდით სიღარიბეს, არასწორ მართვას და განათლების ცუდ სისტემას. დამოუკიდებელი საერთაშორისო ფორუმის შექმნით, რომელიც თავისუფალი იქნება ნაციოანლისტი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული სიძულვილის პროპაგანდით, რიგით ადამიანებს არაბულ სამყაროში შესაძლებლობა ექნებათ გადაჭრან სტუქტურული პრობლემები, რომლებიც მათ საზოგადოებებს აწუხებს.

კატეგორია: საქართველო
ჯამალ ხაშოჯი, ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, Washington Post-ის მიმომხილველი, რომელიც თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, ორი კვირის წინ გაუჩინარდა.

59 წლის ვეტერანი ჟურნალისტი ბოლოს 2 ოქტომბერს, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში შემავალი ნახეს, სადაც განქორწინების დამდასტურებელი დოკუმენტის ასაღებად იყო. შემდეგ რა მოხდა, იდუმალებითაა მოცული.

თურქი სამართალდამცავების თქმით, მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, რომ ხაშოჯის საკონსულოს შენობა არ დაუტოვებია და იქ მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება კი ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის გაუჩინარებასთან არაფერი აქვს საერთო და ამბობს, რომ ხაშოჯიმ საკონსულო უკანა კარიდან დატოვა. ხაშოჯი ბინადრობის უფლებით ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის ვირჯინიის შტატში ცხოვრობდა, რადგან ეშინოდა, რომ საუდის ხელისუფლება მას დისიდენტური ხედვების გამო მიზანში ამოიღებდა.

თუ ის ნამდვილად საკუთარმა ხელისუფლებამ მოკლა, დიდი კითხვის ნიშნები დაისმება ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და საუდის არაბეთის ურთიერთობაზე თურქეთთან, აშშ-სთან და სხვებთან.

ჯამალ ხაშოჯი ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ქვეყანა დაპატიმრების შიშის გამო დატოვა

ხაშოჯი საუდის სამეფო ოჯახთან საკმაოდ დაახლოებული იყო. ადრეულ 2000-იან წლებში ის საუდის არაბეთის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, პრინც ტურქი ბინ ფაისალის მრჩევლად მუშაობდა. ხაშოჯი ასევე იყო გაზეთ “ალ უატანის” რედაქტორი. მას გაუშუქებია ისეთი ამბები, როგორიცაა საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში და ოსამა ბინ ლადენის აღზევება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ის განსაკუთრებით კრიტიკული იყო გვირგვინოსანი პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის და მისი მმართველობის მიმართ.

2017 წლის ივნისსში, ჯამალ ხაშოჯიმ, დაპატიმრების შიშის გამო, ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გადასახლდა. ის გახდა ხშირი კონტრიბუტორი ამერიკული გამოცემების, როგორიცაა Washington Post და გლობალური მოსაზრებების სექციისთვის საუდის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტექსტებს წერდა. გასულ სექტემბერში გამოქვეყნებულ სვეტში სათაურით “საუდის არაბეთი ყოველთვის რეპრესიული არ იყო. ახლა ეს გაუსაძლისია”, - იგი წერდა, როგორ გაუცრუვდა იმედი, რადგან გვირგვინოსანი პრინცი რეფორმებზე ორიენტირებული ეგონა.

“მე დავტოვე ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი, სამსახური და ახლა ვიმაღლებ ხმას”, - წერდა ხაშოჯი. “სხვაგვარად მოქცევა ციხეებში გამომწყვდეულთა ღალატი იქნებოდა. მე შემიძლია ლაპარაკი, ძალიან ბევრს კი - არა. მინდა იცოდეთ, რომ საუდის არაბეთი ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ჩვენ საუდელები უკეთესს ვიმსახურებთ.”



ხაშოჯის არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვი, რომ მისი ხედვების გამო საუდელ ხელისუფლებას მიზანში ჰყავს აყვანილი. გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე მან BBC Newshour-ს უთხრა, რომ სამშობლოში დაბრუნების იმედი არ ჰქონდა.

ჯამალ ხაშოჯი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში პირველად 28 სექტემბერს წავიდა, თურქ საცოლესთან ჰატიჩე ჩენგიზთან ერთად. 2 ოქტომბერს, ჩენგიზის თქმით, ხაშოჯი საკონსულოში დაახლოებით 13 საათზე მივიდა. მისივე თქმით, საქმროს საკონსულოს ჭიშკრის გარეთ ელოდებოდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ საკონსულო დაიხურა და ხაშოჯის კვალიც არ ჩანდა.

ჩენგიზის თქმით, ჯერ საკონსულოში დარეკა, შემდეგ კი დაცვას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ შიგნით არავინ იყო. შემდეგ, როგორც საქმრომ დაარიგა, ქალმა დარეკა პოლიციაში და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მრჩეველთან. რამდენიმედღიანი დაბნეულობის შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტის სავარაუდოდ მოკლეს.

იასინ აკტაიმ, ხაშოჯის მეგობარმა და ერდოღანის მრჩეველმა როიტერსს უთხრა, რომ მისი რწმენით, ხაშოჯი საკონსულოს შიგნით მოკლეს და საქმეში 15-მდე საუდელი კაცი მონაწილეობს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ოფიციალურად მოითხოვა საუდის არაბეთის საკონსულოს გაჩხრეკის უფლება.

აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ საუდის ხელისუფლება თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან. წერილში ის საკუთარ თავს “ჯამალის მეგობარს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა.

მომდევნო დღეს Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის გვირგვინოსან პრინცს ხაშოჯის ქვეყანაში შესატყუებლად და მის დასაკავებლად გეგმა ჰქონდა შემუშავებული. Post-ის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქიდან სტამბოლში, ხაშოჯის გაუჩინარების დღეს, ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა და ბორტზე 15 ადამიანი იყო, რომლებიც იმავე დღეს, მოგვიანებით დაბრუნდნენ რიადში. ზოგი სპეციალისტი სპეკულირებს, რომ მათ ხაშოჯის დაჭერა და საუდის არაბეთში წაყვანა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ძალისხმევა უარყოფითად წარიმართა.

გასული დღეების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სხვებმა მოუწოდეს თურქ სამართალდამცავებს გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

ჟურნალისტის გაუჩინარებასთან საუდის არაბეთის სავარაუდო კავშირის გამო, სამეფოს დედაქალაქში დაგეგმილი კონფერენციას “Future Investment Initiative” მძიმეწონიანი მონაწილეები გამოაკლდნენ.

მათ შორის:
  • CNN
  • The New York Times
  • Bloomberg
  • Huffington Post-ის დამფუძნებელი არიანა ჰაფინგტონი
  • The Economis-ის მთავარი რედაქტორი ზენი მინტონ ბედოსი
  • Financial Times
  • UBER-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროვშაჰი
  • Viacom-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ ბაკიში
  • მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი
  • CNBC
  • LA Times-ის მფლობელი პატრიკ სუნ-შიონგი

წყარო: VOX
კატეგორია: ეთიკა
6 ოქტომბერს “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერში” გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის შესაძლო უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა. სიუჟეტში ისმოდა არაერთი ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, თუმცა, არ ყოფილა უწყების პოზიცია.



თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ 2009 წლიდან სისტემაში დასაქმებული, უკვე ყოფილი პოლიციელი შს სამინისტროს სამართალდამცველების მიმართ ტერორში ადანაშაულებს: “ყოფილი პოლიციელი ახლა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის, თუმცა წინასწარ ამბობს, რომ ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს, რადგან სასამართლოც, პოლიციაც და პროკურატურაც ერთი სისტემს ნაწილია, რომელიც მოქალაქეების დაცვის ნაცვლად ამ ადამიანებს ებრძვის”, - ამბობს წამყვანი. 6-წუთნახევრიანი სიუჟეტი მხოლოდ შს სამინისტროს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და უწყების გენერალური ინსპექციის მიმართ მძიმე ბრალდებებს დაეთმო, თითქოს დეპარტამენტი რომელიც გახარიას ექვემდებარება, სამართალდამცავებს დევნის.

სიუჟეტის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო იაკობ მანველიძემ სამსახური დაკარგა. მოგვიანებით კი თავადვე ამატებს, რომ ოფიციალურად მანველიძეს სამსახურის არასაპატიო მიზნით გაცდენას ედავებოდნენ.

“მანველიძე ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, გენერალურ ინსპექციაში ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ სამსახურს არასაპატიო მიზეზით აცდენდა. ამბობს, რომ ხელი რომ არ მოეწერა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ”, - ამბობს ჟურნალისტი და ამ მძიმე ბრალდებების დასადასტურებლად მანველიძის ადვკოატის სინქრონს გვთავაზობს - ადამიანის, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მანველიძის პოზიციის დაცვა სასამართლოში, - “იაკობ მანველიძე ყოველთვის ამბობდა იმას, რაც იყო სათქმელი. ის ვერ იტანდა იმ უსამართლობას, ადამიანთა დამცირებებს, რასაც პოლიციის ორგანოებში ჰქონდა ადგილი”.

“რუსთავი 2-ის” ეთერიდან მაყურებელს არ მოუსმენია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. სიუჟეტში არ ჩანდა, ჰქონდა თუ არა ავტორს მათგან ინფორმაციის მიღების მცდელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში კი ცალსახად ნათქვამია, რომ მასალაში “უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია”.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
თებერვალში, მანჰეტენზე, TIME-ის სათაო ოფისის შენობიდან მისი სახელის აღმნიშვნელი აბრა მოხსნეს. თითქოს, ამერიკის ყველაზე ცნობილი ჟურნალი ისტორიის სანაგვისკენ მიემართებოდა, როგორც ციფრული ეპოქის კიდევ ერთი მსხვერპლი. ახლა, ციფრული ეპოქა მისი გადამრჩენელი აღმოჩნდა.

სექტემბერში მარკ ბენიოფმა, ტექნოლოგიური კომპანია Salesforce-ს მილიარდერმა დამფუძნებელმა და მისმა ცოლმა ლინმა TIME190 მილიონ დოლარად იყიდეს. სულ რაღაც ერთი წლით ადრე კი 95 წლის ჟურნალი Family Circle-ის გამომცემელმა, კორპორაცია Meredith-მა ჩაიგდო ხელში, რომლისთვისაც TIME თითქოს არასასურველი შვილობილივით იყო.

მთავარი რედაქტორისგან, ედვარდ ფელსენთალისგან ახალ ამბავს ჟურნალის მეპატრონის შეცვლაზე ოფისში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. თუმცა როგორც კი აპლოდისმენტები ჩაცხრება ერთი მწვავე კითხვა იჩენს თავს, - არის თუ არა ადგილი ყოველკვირეული ახალი ამბების ჟურნალისთვის იმ ეპოქაში, როცა მსოფლიო თავისთვის საჭირო ახალ ამბებს ტელეფონით იგებს? და ნამდვილად კარგია, როცა ტექნოლოგიური სფეროს სულ უფრო მეტი მილიარდერი პრესის ბარონი ხდება?

Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი Washington Post-ს ფლობს, Atlantic-ის უდიდესი წილი ლორენ ჯობსს, სტივ ჯობსის ქვრივს ეკუთვნის, პატრიკ სუნ-შიონგი, ქირურგი და ტექ-მეწარმე Los Angeles Times-ის მფლობელია. ამ მილიარდერების რიცხვს კი უკვე ბენიოფიც შეუერთდა.

ისინი ხედავენ იმას, რასაც მედია და უოლ სტრიტი ვერ ხედავენ? სამირ ჰუსნი, მისისიპის უნივერსიტეტის ჟურნალის ინოვაციის ცენტრის დირექტორი და ბეჭდური მედიის უდიდესი გულშემატკივარი, რომელიც მისტერ მეგეზინის (ბატონი ჟურნალი) სახელითაა ცნობილი, ფიქრობს რომ პასუხია კი. “ეს ადამიანები აფასებენ მემკვიდრეობის მქონე მედიას იმაზე მეტად, ვიდრე ამ მედიასაშუალებებში დასაქმებული ხალხი”, - ამბობს ჰუსნი.

TIME ჯერ კიდევ ყიდის 2 მილიონ ეგზემპლარს ყოველკვირეულად და ჯერ კიდევ მომგებიანია. მას შეუძლია გაიფურჩქნოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორიტეტული ბრენდია იმ ეპოქაში, როცა ავტორიტეტი არასაკმარისია. “TIME-ის მემკვიდრეობა ყალბი ახალი ამბების იდეას ასუსტებს”, - ამბობს ჰუსნი და აგრძელებს: “TIME-ს ჟურნალისტიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.”

ტექ მაგნატებს ასევე შეუძლიათ ახალი იდეების განხორციელება, რაც ახალი ამბების ინდუსტრიას ასე საშინლად სჭირდება, ამბობს ჯეფ ჯარვისი. მისივე თქმით, ბენიოფის კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის სოფტვეარის ექსპერტია, რაც ნებისმიერ მედია ორგანიზაციას სჭირდება, ჯეფ ბეზოსის ამაზონი კი საკუთარ მომხმარებელს იმაზე უკეთ იცნობს, ვიდრე მედია ორგანიზაციების უმრავლესობას ამაზე ოცნება შეუძლია: “ამ ადამიანებს აქვთ ცოდნა, რომელიც შესაძლოა ინდუსტრიას ძალიან დაეხმაროს… ეს არ ეხება მხოლოდ ფულს. ეს ეხება ახალ პერსპექტივებსა და უნარებს.”

ამასთან, ჯარვისს ყოველკვირეული ახალი ამბების ჟურნალის გრძელვადიანი მომავლის არ სჯერა. “ადრე ერთ ფუნტად იმდენ ჟურნალს ვყიდულობდი, ორ პარკში მიწყობდნენ. ახლა ჟურნალებს არასდროს ვყიდულობ.” მსოფლიოში, სადაც ნიუ-იორკში მცხოვრებმა ახალი ამბები შესაძლოა ბრიტანული Guardian-სგან მიიღოს, ხოლო ბერლინის მკვიდრი New York Times-ს კითხულობდეს, ჯარვისის აზრით, კვირის ახალი ამბების დაიჯესტის ჟურნალს ბრძოლა მოუწევს, მისი მფლობელის მიუხედავად.

“ყოველკვირეული ბეჭდური ჟურნალისთვის ნამდვილად ოქროს ხანაა”, - ხუმრობს კაილ პოუპი, Columbia Journalism Review-ს რედაქტორი, თუმცა მისი აზრით, TIME-სთვის ადგილი მართლაც არსებობს: “ამ გარემოში, საკულტო ბრენდები თითზე ჩამოსათვლელია. ასეთ ბრენდებთან საკუთარი სახელის დაკავშირება კი, ჩემი აზრით, მდიდარი ადამიანებისთვი ძალიან ღირებულია.”

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას კარგად ახსოვს პრესის ბარონები, როგორიცაა უილიამ რენდოლფ ჰერსტი, მილიონერი ბიზნესმენის შვილი, რომელმაც აშშ-ში უდიდესი საგაზეთო ქსელი შექმნა და გამოცემებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებდა.

ჯერ-ჯერობით ახალი პლუტოკრატები - ძირითადად - კარგი მფლობელები არიან. ჯეფ ბეზოსმა ვაშინგტონ პოსტში დიდი ინვესტიციები ჩადო და როგორც ჩანს, დაპირებას ასრულებს და სარედაქციო გადაწყვეტილებებში არ ერევა.

თუმცა, უკვე არსებობს მაგალითები, როცა მდიდარ ადამიანებს თავიანთი ახალი სათამაშოები და მედია კომპანიის ფლობასთან დაკავშირებული სირთულეები მობეზრდათ. პიტერ ბარბიმ, კომპანიების Vans, Timberland, North Face და სხვა ბრენდების მფლობელმა გამოცემა Village Voice-ის ბეჭდური ვერსია გააუქმა, შემდეგ კი მედია საერთოდ დახურა. გასულ წელს, მილიარდემა ჯო რიქეტსმა ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ ორი ონლაინ მედია დახურა.

სხვა ეპოქაში, რიგითი ადამიანები სიფრთხილით მოეკიდებოდნენ ძალიან მდიდარი ხალხის მიერ მედია ორგანიზაციების ყიდვის ტრენდს. “ალბათ, ეს ყველაფერი მეტყველებს ჟურნალისტიკის მდგომარეობაზე, რომ ეს ერთადერთი იმედია, რომელიც გვაქვს”, - ამბობს პოუპი.

წყარო: Guardian
კატეგორია: ეთიკა
24 სექტემბერს სააგენტოებზე Resonacedaily.ge და Alia.ge გამოქვეყნდა ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი, რომელშიც ის ისლამოფობიური მოტივით წერს, რომ ისლამური ლოცვის მოსმენით შეწუხდა.

“ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს მოლაა თუ ვიღაც ჯანდაბაა არ ვიცი, ყოველ დღე ისე მოთქვამს და ბღავის, ეხლაც, აქვს კი ამის უფლება? გული გვაქვს დაწვრილებული მისი ხავილით. თანაც ისე ლოცულობს, თუ რას შვება არ ვიცი, მთელ ზემო ვაკეს ესმის. როგორ უნდა მოვიქცე? ჯერ ის ვინც შეუშვა სახლში, იმას უნდა მივაგნო, რას უხდის ამისთანას იმ ვიღაც არაადამიანს, რომ შეჭმული ვართ ამდენი ხალხი. ეხლაც ბღავიიის. თურქეთში ვცხოვრობ ასე მგონია!!! უნდა გავასახლო!"

მასალა არანაირ დამატებით ინფორმაციას არ შეიცავს, არ ჩანს რეალურად დაირღვა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგი კონკრეტულ დასახლებაში, ამიტომ გაუგებარია რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ამ ტექსტს და რატომ გადაწყვიტეს რეზონანსმა და ალიამ მისი გამოქვეყნება.

ისლამი საქართველოსთვის ისეთივე ტრადიციული რელიგიაა, როგორც ქრისტიანობა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 400 000-მდე მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობს. სტატუსის გადაკოპირებით კი რეზონანსი და ალია ისლამოფობიის პლატფორმად იქცნენ და წაახალისეს დისკრიმინაცია, რადგან მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველოში მოლას ლოცვა მიუღებელი უნდა იყოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

კატეგორია: ეთიკა
24 სექტემბერს სააგენტოებზე Resonacedaily.ge და Alia.ge გამოქვეყნდა ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი, რომელშიც ის ისლამოფობიური მოტივით წერს, რომ ისლამური ლოცვის მოსმენით შეწუხდა.

“ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს მოლაა თუ ვიღაც ჯანდაბაა არ ვიცი, ყოველ დღე ისე მოთქვამს და ბღავის, ეხლაც, აქვს კი ამის უფლება? გული გვაქვს დაწვრილებული მისი ხავილით. თანაც ისე ლოცულობს, თუ რას შვება არ ვიცი, მთელ ზემო ვაკეს ესმის. როგორ უნდა მოვიქცე? ჯერ ის ვინც შეუშვა სახლში, იმას უნდა მივაგნო, რას უხდის ამისთანას იმ ვიღაც არაადამიანს, რომ შეჭმული ვართ ამდენი ხალხი. ეხლაც ბღავიიის. თურქეთში ვცხოვრობ ასე მგონია!!! უნდა გავასახლო!"

მასალა არანაირ დამატებით ინფორმაციას არ შეიცავს, არ ჩანს რეალურად დაირღვა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგი კონკრეტულ დასახლებაში, ამიტომ გაუგებარია რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ამ ტექსტს და რატომ გადაწყვიტეს რეზონანსმა და ალიამ მისი გამოქვეყნება.

ისლამი საქართველოსთვის ისეთივე ტრადიციული რელიგიაა, როგორც ქრისტიანობა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 400 000-მდე მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობს. სტატუსის გადაკოპირებით კი რეზონანსი და ალია ისლამოფობიის პლატფორმად იქცნენ და წაახალისეს დისკრიმინაცია, რადგან მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველოში მოლას ლოცვა მიუღებელი უნდა იყოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

კატეგორია: ინტერვიუ
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან მედია ორგანიზაციას და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან სამოქალაქო ინსტიტუტს, გაზეთს The New York Times 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალი გამომცემელი ჰყავს - არტურ გრეგ (ეი.ჯი.) სოლზბერგერი, რომელმაც ამ პოზიციაზე მამამისი არტურ ოქს სოლზბერგერი უმცროსი ჩაანაცვლა. ის ოქს-სოლზბერგერების ოჯახის მეექვსე წევრია, რომელიც გაზეთს ჩაუდგა სათავეში.

სოლზბერგერი ნიუ-იორკში გაიზარდა. 2003 წელს დაამთავრა Brown-ის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა. თაიმსში მოსვლამდე ის Providence Journal-სა და Oregonian-ში მუშაობდა. ეი.ჯი.-ს თაიმსის გადაბარება მაშინ მოუწია, როდესაც გამოცემა გამოწვევების წინაშე იდგა: ციფრული სარეკლამო ბაზრის სამი მეოთხედი Google-სა და Facebook-ზე მოდის, ბეჭდურ მედიაში სარეკლამო შემოსავლები ყოველდღიურად მცირდება, მედია ბიზნესი საკმაოდ არასტაბილურია, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით თავს ესხმის და “ყალბ ახალ ამბებს” უწოდებს იმ მედია ორგანიზაცებს, რომლებიც არ მოსწონს.

ეი.ჯი.-ს მიერ თაიმსის ოფიციალურად გადაბარებამდე მასთან ინტერვიუ The New Yorker-ის რედაქტორმა, დევიდ რემნიკმა ჩაწერა.

უნდა დავიწყო იმის მოლოცვით, რაც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსახურია. როგორ ფიქრობ, მოსალოცი ამბავია, თუ ცივი წყალი უფრო გჭირდება?

მადლობა. ეს ნამდვილად დიდი პატივი და პრივილეგიაა, მაგრამ შიშის მომგვრელი. ერთმა კოლეგამ მომწერა “გილოცავ/ვწუხვარო”, რაც ალბათ, ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ღრმა გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჟურნალისტიკა დგას ამ მომენტში.

Washington Post-ის გამომცემელი დონალდ გრეჰემი იყო და ის აღზარდეს გამომცემლად. ის მუშაობდა ვაშინგტონის პოლიციაში, რათა ქალაქი კარგად შეესწავლა; მუშაობდა სპორტულ რედაქტორად; ჰქონდა ბევრი სხვადასხვანაირი სამსახური, რომელიც, ასე ვთქვათ, მომავლისთვის ამზადებდა. ბაშვობიდანვე იცოდი, რომ ეს მომავალი გელოდა?

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნამდვილი ჟურნალისტები ბუნებით მოწინააღმდეგეები არიან, რადგან მათ მწვავე კითხვების დასმა უწევთ; მათ უწევთ ფიქრი იმაზეც, ხომ არ ატყუებს რესპოდენტი. და როგორც ყველა კარგი ჟურნალისტს, მეც მაქვს მოწინააღმდეგის თვისებები, ამიტომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მეგონა, რომ ჟურნალისტიკაში არ წავიდოდი.

მაგრამ შენ სოლზბერგერების ოჯახში და ნიუ იორკ თაიმსში გაიზარდე. როგორ წარმოგედგინა ამ ყველაფრის გარეთ საკუთარი თავი?

ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახი ყოველთვის ახალისებდნენ ადამიანებს საკუთარი კურსის არჩევაში. ჩემთვის, ყველაფერი კოლეჯში შეიცვალა. ბოლო წელს პროფესორ ტრეისი ბრეტონის საგანი ავირჩიე, რომელიც Providence Journal-ში მუშაობდა გამომძიებელ რეპორტიორად. მას პულიტცერის პრიზიც აქვს მოგებული. ძალიან კარგი გამომძიებელი ჟურნალისტია და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ამ მიმართულებით წერა.

საბოლოოდ, ორი საგანი გავიარე მასთან. კურსის ბოლოს იყო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, საუბარი ასე წავიდა: “არტურ, Providence Journal-ში სამსახური გიშოვე, ორწლიანი სტაჟირებაა და ძალიან მინდა სცადო. სამხრეთ როუდ აილენდში პატარა ქალაქის, ნარაგანსეტის ამბებს გააშუქებ. მე ვუპასუხე:ტრეისი, ასეთი პროგნოზირებადი მარშრუტების მიმართ ყოველთვის ამბივალენტური ვიყავი. მგონი ჩემს კარიერას სხვა რაღაცების კეთებით დავიწყებ. მან შემომხედა და მითხრა, არტურ, იცი რა, შენთან მუშაობის შემდეგ, შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მოგეწონება და ვფიქრობ, თუ არ ცდი შეცდომას დაუშვებ. და თუ ცდი და არ მოგეწონება, შემდეგ სხვა რამე გააკეთე”.

ნარაგანსეტში ვაშუქებდი ქალაქის საკრებულოს შეხვედრებს, სკოლის ბორდის შეხვედრებს. ყოველ დილით პოლიციაში ვრეკავდი და ვარკვევდი გასულ ღამეს რამე ხომ არ მოხდა. ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ყველა პატარა ქალაქში მცხოვრები რეპორტიორი აკეთებს.

პირველი სამი თვე რთული იყო, რადგან რეპორტიორის სამსახური სხვებისთვის რაღაცის ახსნაა. მაგრამ, როცა ახალ საქმეს იწყებ კარგად ხვდები, რამდენი რამ არ იცი. ამიტომ, პირველი სამი თვე ვფიქრობდი, ნამდვილად იყო თუ არა ეს საქმე ჩემთვის. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ვთქვი, არსებობს თუ არა უკეთესი გზა...

დამოკიდებული გახდი. რატომ გახდი დამოკიდებული?

ჩემთვის, ეს ერთი კონკრეტული ამბავი არ ყოფილა; ეს იყო ძალიან ლამაზი კომბინაცია იმისა, თუ როგორ ხარჯავ დღის პირველ ნახევარს სწავლაში და მეორე ნახევარს სწავლებაში. ნახევარ დღეს ადამიანებთან საუბრობ და იგებ რა ხდება მსოფლიოში, მეორე ნახევარში კი ამბავს ყვები. უბრალოდ შემიყვარდა დღეების რიტმი. ასე რომ, ვიმუშავე იქ, შემდეგ ვიმუშავე “ორეგონიანში” და საბოლოოდ, შევუერთდი Metro-ს განყოფილებას თაიმსში. შემდეგ ვაშუქებდი “დიდ ვაკეებს” როგორც თაიმსის კანზასის ბიუროს უფროსი. და უკვე შემდეგ, ბოლო რამდენიმე წელია გადავერთე რედაქტირებასა და ციფრულ სტრატეგიაზე. ამ სამსახურმა ძალიან ახლო კონტაქტი მომცა დიდი ბიზნესის საკითხებთან, რომლებიც თაიმსსა და ყველა გაზეთს ეხება.

მოდი ცოტათი ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. იმიტომ, რომ ეს ეგზისტენციური საკითხებია როგორც ახალი ამბების ბიზნესისათვის, ასევე, ნიუ იორკ თაიმსისთვის. თუ არ მეშლება, დიდი დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ბეჭდური რეკლამირება იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. და ეს ტრენდი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. რაც შეეხება ონლაინ რეკლამირებას, მხოლოდ ამით ბიზნესის გაკეთება პრინციპში შეუძლებელია.

ასე რომ, ერთადერთი გზა, ჩემი აზრით, ნიუ იორკ თაიმსისა თუ ნიუ იორკერისთვის, და სხვა არერთი გამოცემისთვის, რომ ჯანსაღი ბიზნესი, და ზოგადად ბიზნესი აწარმოონ, არის, რომ მივიდეს მკითხველთან და უთხრას, “იმედი გვაქვს მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ, და ამის გამო ბევრად მეტი უნდა თანხა უნდა გამოგართვათ, ვიდრე 1985 წელსა თუ 1995-ში.”


კი, ანუ, მოდი დავიწყოთ ბიზნესის სარეკლამო მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია, ვიდრე შენ აღნიშნე. კიდევ ერთ უდიდესი ფაქტორი ისაა, რომ თითქმის მთელი ზრდა ციფრულ რეკლამირებაში ორ კომპანიასთან მიდის - Google და Facebook. დანარჩენი მედია ნარჩენებისთვის იბრძვის. ალბათ გინახავს ახალი ამბები იმასთან დაკავშირებით, რომ ონლაინ მედიები, როგორიცაა Mashable და BuzzFeed პროგნოზირებულ შემოსავალს ვერ იღებენ. მთელი ეკოსისტემა ძალიან, ძალიან რთული ხდება ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ძვირადღირებულ რეპორტინგს აკეთებს. ამიტომ მოდელი, რომელზეც ჩვენ გადავერთეთ დაახლოებით სამი წლის წინ იყო, რომ გამოგვეცხადებინა “გამომწერები უპირველეს ყოვლისა”. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს, ჩვენი შემოსავლის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ჩვენი მკითხველისგან მოდის.

რეკლამირების საკუთერესო პერიოდში, ნიუ იორკ თაიმსის შემოსავლის რა ნაწილი იყო რეკლამა და რა ნაწილია ახლა?

როგორც ვიცი, დაახლოებით 80 პროცენტი იყო. და აღსანიშნავია, რომ უამრავი ბეჭდური გამოცემისთვის ეს მაჩვენებელი დაბალი იყო და ისინი რეკლამიდან მათი შემოსავლის 95 პროცენტს იღებდნენ. ახლა თაიმსის შემოსავლის უდიდესი ნაწილი გამომწერებზე მოდის. ახლა შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი გამომწერებისგანაა.

და ალბათ იზრდება.

და იზრდება ყოველ დღე.

თქვენი ციფრული გამომწერების რაოდენობა 2,5 მილიონია, საერთო ჯამში კი 3,5 მილიონი გამომწერი გყავთ.

რაც ნებისმიერ ამერიკულ გაზეთზე მეტია.

კიდევ ერთი, გამომწერთა მოდელთან დაკავშირებით, რასაც არ ველოდით და ამ სტრატეგიული ცვლილების უნებლიე ბენეფიტი ისაა, რომ დღეს, თაიმსში დასაქმებული ყველა ადამიანი იღვიძებს იმაზე ფიქრით, როგორ ემსახუროს მკითხველს.

რა იყო განსხვავებული წარსულში?

ხომ გსმენია ახალ ამბებსა და ბიზნესის მხარეს შორის არსებული კედლის მნიშვნელობაზე. მისი არსებობის მიზეზი ის იყო, რომ რეკლამირება სხვა უფროსს ემსახურებოდა, ახალი ამბები - სხვას. ნიუსრუმში ფიქრობდნენ, “როგორ შეგვიძლია საუკეთესო ჟურნალისტიკა ვაკეთოთ და ჩვენი მკითხველის ინტერესები გავითვალისწინოთო” და მეორე, რეკლამირების მხარეს ფიქრობდნენ, “როგორ დავითანხმოთ ბევრი მდიდარი და გავლენიანი კორპორაცია, ბევრი რეკლამა იყიდოსო”. აქ იყო ჩვეულებრივი დაძაბულობა, რის გამოც შეიქმნა მნიშვნელოვანი წესები, მისაღებია თუ არა ესა თუ ის რეკლამა. და ეს წესები უზრუნველყოფს, რომ რეკლამირება და ნიუსრუმი არ შევიდნენ ინტერაქციაში ერთმანეთთან. წესები, რომლითაც ორგანიზაციები როგორიცაა ნიუ იორკერი და ნიუ იორკ თაიმსი ამაყობენ.

ანუ კედელი გაქრა? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბიზნესის განყოფილებასა და რეპორტიორებს შეუძლიათ, ფიზიკურად და მეტაფორულად, ერთმანეთის ოფისებში იცეკვონ? კიდევ არსებობს თუ არა რაიმე გაყოფა?

ჩემთვის მნიშვნელოვანია ინტერესთა კონფლიქტისგან თავის დაცვა. ახლახან მივმართე ჩემს კოლეგებს სიტყვით, სადაც ორი რამ ვთქვი. “ჩვენ ვართ ერთი კომპანია, საერთო მისიითა და სტრატეგიით, მაგრამ ასევე ვართ ერთი კომპანია, რომელსაც ესმის, რომ ჩვენი ჟურნალისტიკის დამოუკიდებლობა და ერთობა ყოველთვის პირველია.” ასე რომ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ნიუსრუმის დამოუკიდებლობის ნამდვილი ძლიერი დაცვაა. თუმცა ახალი ამბებისა და ბიზნესის განყოფილების ცნებებშიც არის პრობლემა.

ოთხი წლის წინ, როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო თაიმსი, რათა ძალიან სწრაფად განვითარებად მსოფლიოში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა, ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც გამაოცა იყო, რომ ტექნოლოგიების ჯგუფს ბიზნესის განყოფილებაში ვაერთიანებდით. ანუ, გვქონდა ძალიან უსარგებლო კონსტუქცია, როცა ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდს ქმნიან არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ ჟურნალისტებთან, რომლებიც საიტს კონტენტით ავსებენ. ამიტომ, ჩვენ ვეცადეთ “კედლის” კონსტუქცია ჩამოგვეტოვებინა და დაგვეწყო ფიქრი, ამ სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში როგორ უნდა იმუშავოს კომპანიამ ერთად, რათა საჭირო წერტილს მიაღწიოს.

მომიყევი დოკუმენტზე, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ინოვაციების ანგარიში.

იმ პერიოდში ახალ გამოწვევას ვეძებდი. ჯილ აბრამსონმა, თაიმსის მაშინდელმა რედაქტორმა მომმართა და მითხრა, რომ უნდოდა ახალი იდეების მოსაფიქრებლად შექმნილ პატარა ჯგუფს ჩავდგომოდი სათავეში. და მისი რწმენა, რომელსაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები, იყო, რომ ნიუსრუმი ინოვაციების ჰაბი უნდა იყოს. შევკარი გუნდი - ჭკვიანი ადამიანები მთელი ნიუსრუმიდან, ადამიანები, რომლებმაც სრულიად სხვადასხვა გზა გამოიარეს აქამდე - და დავიწყეთ ბრეინსტორმინგი. ამან კი ცხადად დამანახა, რომ ნიუ იორკ თაიმსს ახალი პროდუქტების შესახებ კარგი იდეები არ აკლდა. აკლდა სრული გააზრება იმისა, რომ ციფრულ მედია კომპანიად გარდავიქმნებოდით. ამის გააზრება კი საშუალებას მოგვცემდა ძველი ჩვევები მოგვეშალა და გადაგვეაზრებინა რას ვაკეთებდით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანგარიში კულტურული ცვლილებებზე იყო ორიენტირებული.

კი, მოკლედ, დავწერე ას-გვერდიანი დოკუმენტი, დავბეჭდე რვა ეგზემპლარი და ძალიან ფრთხილად დავურიგე ნიუსრუმის რამდენიმე ლიდერს. იმ დროისთვის ეს დოკუმენტი კონტრავერსიული იყო, რადგან ამბობდა, რომ თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ, ჩამორჩენის რისკის ქვეშ ვიქნებითო. ერთ-ერთი რამ, რაც ინსტიტუტებს, როგორიცა ნიუ იორკ თაიმსი, ნიუ იორკერი თუ ვაშინგტონ პოსტი, ხდის წარმატებულს, ის ტრადიციებია, რომლებიც თაობებს გადაეცემოდათ სიმართლისა და სამართლიანობის შესახებ. ხოლო როცა ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ამ ღირებულებებს ცვლილება ემუქრებათ, გასაგებია, რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო დარჩა.

მედია ორგანიზაციების ლიდერები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ადამიანებს შეცვლისკენ. იცი რა, უნდა აჩქარდე იმიტომ, რომ ვები სწრაფია; სოციალურ მედიაში უნდა წახვიდე იმიტომ, რომ დისკუსია იქ მიმდინარეობს; სხვაგვარად უნდა მოყვე ამბავი, რადგან ამბის თხრობის უამრავი ახალი ხელსაწყო გვაქვს, ინტერნეტი კი უფრო ვიზუალურია. ამ ანგარიშში ბევრი რთულად მისაღები მიგნება იყო და მძიმე სტატისტიკა.

შენი აზრით, ყველაზე რთულად რა მიიღეს ადამიანებმა?

მგონი მაშინ ყველაზე რთული იმის გააზრება იყო, რომ ჩვენი ჟურნალისტიკის ადამიანებამდე მიტანის კუთხით, ისეთი ციფრული მოთამაშეების ჩრდილის ქვეშ ვიყავით მოქცეული, როგორიცაა მაგალითად Huffington Post და BuzzFeed.

ახლა 37 წლის ხარ. შენი აზრით, როდის მოვა დრო, როცა ნიუ იორკ თაიმსი ბეჭდური სახით აღარ იარსებებს, ან მხოლოდ განსაკუთრებული მკითხველისთვის, ძალიან ცოტა ოდენობით იქნება ხელმისაწვდომი?

ყოველთვის მიკვირს, რამდენად ხშირად ისმება ეს კითხვა.

საერთოდ, ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს?

მგონი ამ კითხვის დასმის სიხშირე მიუთითებს, რამდენად უყვართ ადამიანებს ბეჭდური ნიუ იორკ თაიმსი. ვიტყვი, რომ მილიონი ერთგული მკითხველი გვყავს და გაზეთი მომგებიანია კვირის ყოველ დღეს, ყოველგვარი რეკლამის გარეშეც კი და ვფიქრობ, გაზეთის გამოცემა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ყველანი ვკითხულობთ სტატისტიკას, წელს გაზეთში 15 პროცენტით შემცირდა რეკლამა, მომავალ წელს ასევე 15 პროცენტით შემცირდება. ამ ეტაპზე გაზეთსაც ვკითხულობ და საიტსაც და გაზეთის კითხვისას ხშირად მიჩნდება განცდა, თითქოს ეს ორი დღის წინ მქონდეს წაკითხული. კიდევ ერთი რამ, რაც ფრუსტრაციას იწვევს ჩემში - და შეიძლება სხვა ადამიანებშიც - ტელეფონში კითხვით ტექსტში რაღაცები იკარგება. გაზეთის გადაფურცვლით კი ყველაფერი ზედაპირზე ამოდის.

თუ იცი, რომ გინდა, ყველაფერი წაკითხული გქონდეს, ამაში გაზეთს ვერაფერი შეედრება. მაგრამ შეხედე ამბის თხრობის ტიპებს ტელეფონზე, დესკტოპზე, პოდკასტებში. რასაც ონლაინ ვაკეთებთ ხარისხობრივად უკეთესი გამოცდილებაა, და ამას მელნითა და ფურცლით ვერ გავაკეთებდით.

და მაინც, გაზეთის ბეჭდვის ფასის მიუხედავად, მისი გამოცემა არ შეწყდება?

მხოლოდ იმ ერთგულ მკითხველზე რომ ვიყოთ დამოკიდებული, რომლებისთვისაც დივანზე მოკალათების და გაზეთის გადაფურცვლის გამოცდილება მნიშვნელოვანია, გაზეთის გამოცემა არ შეყდება. იცი მიზეზი, რატომაც არ ვწინასწარმეტყველებ გაზეთის გაქრობის თარიღს? ყველა ვინც ეს სცადა შეცდა.

დონალდ ტრამპი “დამარცხებულ” ნიუ იორკ თაიმსს გეძახით, მაგრამ თქვენი გამომწერთა რაოდენობა ძლიან გაიზარდა; ჟურნალისტიკის დონე კი არის ის, რაც არის. ხშირად მესმოდა ხოლმე ხმები, თითოს სოლზბერგერების ოჯახი ვეღარ ინარჩუნებს გაზეთს, რადგან არ არსებობს ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მილიარდობით დოლარით მოგამარაგებდათ. მაგრამ იმდენად აღარ მესმის არაფერი მაიკ ბლუმბერგსა თუ ლორენ ჯობსზე. უფრო თავდაჯერებულად გრძნობ თავს?

ვფიქრობ, ეს მიუთითებს ჩვენს პროგრესზე. ინოვაციების ანგარიშზე მკითხე. მას შემდეგ 4 წელი გავიდა, ჩვენი აუდიტორია, ჩვენი გამომწერთა ბაზა, და ჩვენი ციფრული შემოსავლები ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. დღეს, ჩვენ ყველაზე მოხმარებადი მედია ორგანიზაცია ვართ აშშ-ში.

მაგრამ ამის კეთება ძვირია.

ძვირია. ჩემს კოლეგებს ვეუბნები ხოლმე “კარგი ჟურნალისტიკა იმაზე ძვირია, ვიდრე ეს ადამიანებს ესმით”. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც რეპორტიორებს კვირებს, თვეებსა და ხანდახან წლებს აძლევს ერთი ამბის გასაშუქებლად. გასულ წელს - და ამ სტატისტიკით ძალიან ვამაყობ - რეპორტიორები ავიყვანეთ 174 ქვეყანაში.

დონალდ ტრამპი დაგეხმარათ?

შესამჩნევად. ვფიქრობ, ზრდა არჩევნებამდეც გვქონდა, თუმცა ამას დღემდე ვხედავთ. მე ამას რამდენიმე რამეს ვუკავშირებ. პირველი, ჩვენ გავხდით გაცილებით უკეთესები, როგორც ციფრული მედია ორგანიზაცია. ჩვენი პროდუქტი, ჩვენი ჟურნალისტიკა იზიდავს ხალხს. მეორე, ჩემი აზრით, ვხედავთ როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება ონლაინ სერვისების დაფინანსების კუთხით. მესამე - და ალბათ, ყველა ვისთვისაც ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია და ამ ქვეყანაზე ზრუნავს ამაზე უნდა წუხდეს - ჩვენ ვიზრდებით, რადგან მედია ეკოსისტემის დანარჩენი ნაწილი ძალიან უძლურდება.

გულისხმობ რეგიონალურ გაზეთებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც ჩვეულებრივ ვეყრდნობოდით ხოლმე.

დიახ.

როგორც ვიცი, ვაშინგტონ პოსტში სპეციალური კომიტეტია შექმნილი, რომელიც სწავლობს რა მოხდება ბიზნესის კუთხით, თუ/როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი წასვლის შემდეგ აუდიტორიაში მღელვარების კლებასთან ერთად მკითხველის რიცხვიც შემცირდება?

ჩემი აზრით, ტრამპი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ამბის, გლობალური პოპულიზმის აღზევების ნაწილია. და ეს უფრო დიდი ამბავი ერთ-ერთია იმ სამი თუ ოთხი ამბიდან, რომელიც ახლა ვითარდება. ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტს ცვლის სულისშემკვრელი სისწრაფით. კლიმატის ცვლილებაც ზუსტად იმავეს აკეთებს, უბრალოდ ის გაცილებით ნაკლებად ხილულია და მისი შედეგები ნაკლებად ცნობილია, თუმცა სერიოზული. მეოთხე ამბავი კი რასისა და გენდერის გარშემო ხდება, კერძოდ ჰარვი ვაინშტაინის ამბის გახმაურების შემდეგ.

საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ნიუ იორკ თაიმსი ლიბერალური გაზეთია. მართალია თუ ტყუილი?

ტყუილია. და შემიძლია გაჩვენო საძულველი გამოხმაურება, რომელიც კლინტონის კამპანიის ჩვენი აგრესიული გაშუქების გამო მივიღე.

კარგი, მაგრამ მართლა გგონია, რომ შესაძლებელია კამათი იმაზე, რომ თაიმსში ძირითადად მემარცხენე ან ცენტრისტი ადამიანები არ არიან დასაქმებული, ან გამოცემის რიტორიკაც მემარცხენე ან ცენტრისტული არაა?

ჩვენ ერთგული ვართ ძალიან ძველი ცნების, რომელიც დღეს პოპულარული აღარაა: ახალი ამბების გაშუქება “შიშისა და სარგებლის” გარეშე. ეს სიტყვები ბაბუაჩემის მამას, ადოლფ ოქსს ეკუთვნის. მე კი განვმარტავ როგორც მსოფლიოში მიმდინარე ამბების აგრესიულ გაშუქებას და სიმართლის ძიებას, სადაც არ უნდა მივყავდეთ მას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავიაზროთ ამბის ყველა მხარე და გადავცეთ ისინი სამართლიანად.

ობიექტურობის ცნების გჯერა?

მჯერა. ვფიქრობ, ამაზე უნდა იმუშავო; რაც ყოველთვის კარგად არ გამოგვდის.

მე რთული დამოკიდებულება მაქვს ობიექტურობის ცნებასთან. სამართლიანობა სხვა რამაა. ფიქრობ ობიექტურობა შესაძლებელია?

იცი რა, თუ გინდა, რომ ამას სამართლიანობა დაარქვა, ეს ის სიტყვაა, რომელიც ჩემთანაც ძალიან ახლოა. ვგულისმობ იმას, რომ ეს არის დისციპლინა, როცა ცდილობ შენი მიკერძოებულობებისგან გათავისუფლდე - მიუხედავად შენი მსოფლმხედველობისა თუ გამოცდილებისა - და ეცადო მოყვე ამბავი სამართლიანად. მგონია, რომ ეს დისციპლინაა. როგორც ვთქვი, დღეს ეს არაა ყველაზე პოპულარული პოზიცია. არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ, კონსერვატორი მიმომხილველის, ბრეტ სტეფანსის აყვანა იყო, რომელსაც პულიცერის პრემია ახალი მიღებული ჰქონდა.

რას ფიქრობ ცვლილებაზე ვაშინგტონ პოსტში? ის ახლა ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის [მილიარდერი ბიზნესმენი, Amazon-ის დამფუძნებელი], რომელსაც ულიმიტო რესურსები აქვს? და განსხვავება უკვე სახეზეა.

რას ვფიქრობ ვაშინგტონ პოსტის ზრდაზე? მშვენიერია კიდევ ერთხელ იმის ნახვა, რომ ეს ინსტიტუტი იზრდება.

თქვენთვის რამდენად კარგია ეს?

უპირველეს ყოვლისა, ეს კარგია ქვეყნისთვის. წლების განმავლობაში შემცირებების შემდეგ - შენ ალბათ ყველაზე კარგ პერიოდში მოგიწია იქ მუშაობა.

კი, თუმცა შემდეგ ჩემს მეგობრებს ვურეკავდი და ყოველ შუა დღეს მორიგ ტორტს ჭრიდნენ და კიდევ ერთ თანამშრომელს ემშვიდობებოდნენ.

და ხურავდნენ თავიანთ ბიუროებს საზღვარგარეთ, და ხურავდნენ ნაციონალურ ბიუროებს. ახლა კი შესანიშნავია, რომ ეს ინსტიტუტი იზრდება. და ვფიქრობ, რომ კონკურენცია ძალიან ჯანსაღია. დიდ პატივს ვცემ მარტი ბარონს [პოსტის რედაქტორი] და ჯეფ ბეზოსს.

რამდენად ხშირად იყენებ ტვიტერს და სოციალურ მედიას?

იშვიათად. ალბათ, ჩემი ტვიტერის ანგარიში რომ გახსნათ მხოლოდ ორი ტვიტი დაგხვდებათ, თან ძალიან ძველი.

რატომ?

საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ. როცა ტვიტერზე დავრეგისტრირდი, აღმოვაჩინე, რომ პირველ რამდენიმე დღეში, ამერიკის ყველა მედია კრიტიკოსმა გამოიწერა ჩემი ანგარიში.

ამავდროულად ამბობ, რომ დისკუსია სწორედ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს. ასეთი აზრი ხშირად გვესმის ჭკვიანი ხალხისგან.

არ მიგრძვნია, რომ ჩემი სამუშაოს ეფექტიანად შესრულებაში სოციალური მედია მჭირდება. ვფიქრობ, ჩემი სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისთვის სოციალური მედია უნდა შემესწავლა. ასეც მოვიქეცი და მგონი ამიტომაც არ ვხარჯავ დროს მასზე.

ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას გაძლევ. ახლახან ვნახე სტივენ სპილბერგის ფილმი “The Post”. იმედი მაქვს არ გწყინს, მაგრამ ფილმი ვაშინგტონ პოსტის გამოცდილებაზე ყვება პენტაგონის დოკუმენტების გაშუქებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ნახსენებია, რომ ამბავი თაიმსმა გახეთქა, როგორც ვიცი, თქვენი თანამშრომლები ამ ფილმით ძალიან გაღიზიანდნენ.

არ ვიტყოდი, რომ ძალიან გაღიზიანდნენ.

ანუ, ძალიან გაღიზიანდნენ.

მგონი ჩვენ ყველა ველოდებით მომდევნო ფილმს უოტერგეითზე, რომელიც თაიმსის ექსტრაორდინალურ გაშუქებაზე იქნება ფოკუსირებული.

რატომ არის თაიმსის დონის ჟურნალისტიკა რისკის ქვეშ?

იმიტომ, რომ ძვირია. ჩემი აზრით, აუდიტორიისა და გამომწერების ასეთი შთამბეჭდავი ზრდა მიუთითებს, რომ ხალხს ნამდვილად უნდა ხარისხი. ვფიქრობ, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც იზრდება ნიუ იორკერიც. ესენია ორი ორგანიზაცია, რომელიც ერთგული რჩება ღირებულებების, აშუქებს სიღრმისეულად და სვამს მწვავე კითხვებს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც შენნაირი და ჩემნაირი ადამიანები დგანან იმის დამტკიცებაა, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკისთვის გზა წინაა.
კატეგორია: ეთიკა
7 სექტემბერს, ონლაინგამოცემებმა Alia.ge და Resonancedaily.com ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნეს რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის არაზუსტი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ფეისბუკ სტატუსი.

ბრეგაძე ჰომოფობიური მოტივით წერს, თითქოს უახლოეს მომავალში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდება. ამავე სტატუსში, ის ქსენოფობიასაც არ ერიდება და ყაზახი და ანდორელი ფეხბურთელების დაკნინებას ცდილობს:

“დაზუსტებული ინფორმაციით - უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ლგბტ ორგანიზაციების და სახალხო დამცველის სარჩელი, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი ჩანაწერი კონსტიტუციაში - “ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა” და დაკანონდება - კანონიერად გამოცხადდება ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, მათ უფლება მიეცემათ აიყვანონ შვილებად ბავშვები, ისარგებლონ ქორწინების ყველა უფლებით და ა.შ. აი რა შედეგებამდე მიგვიყვანა კაშიას ლგბტ სამკლაურმა, მისმა მხარდაჭერამ!!! ახლა გინდა ჩობანებით და მწყემსებით დაკომპლექტებულ ყაზახეთთან გამარჯვება იზეიმეთ და გინდაც პარიკმახერებით და მეთევზეებით დაკომპლექტებულ ანდორასთან!!!” - წერს ბრეგაძე.



სტატუსის უცვლელად, გადაუმოწმებლად, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნებით, Alia.ge და Resonancedaily.com ბრეგაძის ჰომოფობიისა და ქსენოფობიის პლატფორმად იქცნენ. გარდა ამისა, ონლაინმედიებმა მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს, რადგან სახალხო დამცველის აპარატში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მეტიც, სამართლებრივად, კონსტიტუციური ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელია. ასევე, გეი ქორწინების დაშვება არ ნიშნავს, რომ გეი წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მიეცემათ, რადგან ამას სხვა სამართლებრივი რეგულაციების სჭირდება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის მეშვიდე პრინციპი კი ამბობს, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

სანდრო ბრეგაძე და მისი ორგანიზაცია, გასულ წელს, კანონმდებლობით ისედაც აკრძალული ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კონსტიტუცირ აკრძალვას მოითხოვდნენ. სწორედ მათი ადვოკატირების შედეგად გაკეთდა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლითაც ქორწინება განისაზღვრა როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Facebook-მა წაშალა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული 652 ყალბი ანგარიში და გვერდი, რომელთა დანიშნულება იყო აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოს, შუა აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა.

ეს ანგარიშები და გვერდები დაყოფილი იყო ოთხი სხვადასხვა კამპანიისთვის, რომელთაგან სამი ირანიდან იმართებოდა. ამის შესახებ სოციალურმა ქსელმა 21 აგვისტოს განაცხადა.

“უსაფრთხოების პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია… ჩვენ ვალდებული ვართ მუდმივად უკეთესობაზე ვიზრუნოთ და ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ,” - თქვა ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.

პირველი კამპანია, რომელიც ფეიბუკმა გამოააშკარავა, “Liberty Front Press”-ის ბანერის ქვეშ გაერთიანებული ფეისბუკ გვერდებისა და სხვა პლატფორმებზე არსებული ანგარიშების ქსელი იყო. ქსელი პოზიციონირდებოდა როგორც დამოუკიდებელი, სინამდვილეში კი ირანის სახელმწიფო მედიასთან იყო დაკავშირებული. 74 გვერდი, 70 ანგარიში და სამი ჯგუფი ფეისბუკზე და 76 ანგარიში Instagram-ზე - ზოგიერთი 2013 წლიდან მოყოლებული - პოსტავდნენ პოლიტიკურ კონტენტს შუა აღმოსავლეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, აშშ-სა და ლათინურ ამერიკასთან დაკავშირებით. გვერდებს, საერთო ჯამში, დაახლოებით 155 ათასი გამომწერი ჰყავდათ. ამავე ჯგუფმა 6 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი დახარჯა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რეკლამისთვის.

კიბერუსაფრთხოების კომპანიამ FireEye, რომელმაც პირველად აღმოაჩინა კამპანია და ფეისბუკს შეატყობინა, განაცხადა, რომ ამ აქტივობების უკან “ირანული პოლიტიკური ინტერესების გავრცელება იყო, მათ შორის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო და პრო-პალესტინური თემები. ასევე, აშშ-სა და ირანს შორის დადებული ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერა”.

მეორე კამპანია დაკავშირებული იყო პირველთან და მოიცავდა 12 გვერდს და 66 ანგარიშს ფეისბუკზე და 9 ანგარიშს ინსტაგრამზე. არარეალური ანგარიშები საკუთარ თავს ახალი ამბების ორგანიზაციებად მოიხსენიებდნენ.

მესამე ირანული კამპანია 168 გვერდსა და 140 ფეისბუკ ანგარიშს, ასევე 31 ინსტაგრამ ანგარიშს მოიცავდა. საერთო ჯამში მათ 25 ღონისძიება დააორგანიზეს და 813 ათასამდე გამომწერი მოაგროვეს. ფეისბუკის ცნობით, ამ გვერდებზე ძირითადად იპოსტებოდა კონტენტი შუა აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით არაბულ და სპარსულ ენებზე, თუმცა იწერებოდა აშშ-ისა და ბრიტანეთის პოლიტიკაზეც. ანგარიშების ქსელმა 6 ათას დოლარზე მეტის რეკლამა შეიძინა 2012-2018 წლებში.

ფეისბუკი განსაკუთრებით ბუნდოვნად საუბრობს მეოთხე და ბოლო კამპანიაზე - გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების ჯგუფზე, რომელიც რუსულ სამხედრო სადაზვერვო სერვისებთან იყო დაკავშირებული. მათი უახლესი აქტივობები იყო სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებით პრო-რუსული მესიჯების გავრცელება.

“ამ დრომდე, ჩვენ არ აღმოგვიჩენია ამ ანგარიშების აქტივობა, რომელიც აშშ-სთან იქნებოდა დაკავშირებული,” - განაცხადა ნათანიელ გლიჩერმა, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

ფეისბუკი ირანულ და რუსულ კონტენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე აღარ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებებთან თანამშრომლობს.

წყარო: The Guardian
კატეგორია: ეთიკა
19 აგვისტოს ონლაინმედიამ, Pirveliradio.ge გამოაქვეყნა ახალი ამბავი, თითქოს თუშეთში რუსეთმა საქართველოს მიმართულებით საზღვარი გადმოწია. ტექსტში აღნიშნულია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, საზღვარი სოფელ დიკლოსთან გადმოწიეს. Pirveliradio.ge-მ მათ მიერ მიწოდებული, მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობილი ინფორმაცია დადასტურებულ ფაქტად შესთავაზა მკითხველს მტკიცებითი სათაურით - "რუსეთმა სახელმწიფო საზღვარი თუშეთში რამდენიმე კილომეტრით გადმოწია".

მასალაში არ არის ასახული სახელმწიფო უწყებების პოზიცია, რომლებიც საზღვრის გადმოწევას უარყოფენ და ამბობენ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ასრულებენ მოვალეობას. Pirveliradio.ge-ს ვებგვერდზე მასალა 20 აგვისტოს მონაცემებით, არ შესწორებულა და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი არც ახალი მასალა გამოქვეყნებულა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ, Snapchat კიდევ ერთი სოციალური ქსელი გახდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხმარებელთა შემცირების თაობაზე განაცხადა. ფოტო ფილტრებით ცნობილი აპლიკაციის მფლობელი კომპანიის Snap Inc. განცხადებით, ივნისის ბოლომდე, გასულ სამ თვეში, მოხმარებელთა რაოდენობამ 191 მილიონიდან 188 მილიონამდე (-1,5%) იკლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი აპლიკაციის ახალი საკამათო დიზაინია. სნეპჩეტს მწვავე კონკურენციას უწევს ფეისბუკის საკუთრებაში არსებული Instagram.

ინტერნეტის მომხმარებელთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ყურადღების მიპყრობა სულ უფრო რთული ხდება სოციალური ქსელებისთვის. “ჩემ გარდა კიდევ ვინ აღარ ხსნის სნეპჩეტს?” - ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავის, კაილი ჯენერის ამ ტვიტმა კომპანია 1,3 მილიარდი დოლარით დააზარალა.



სოციალური ქსელების დიდი სამეულიდან Facebook იყო პირველი, რომელმაც ივლისში მისი არსებობის ისტორიაში პირველად ევროპაში მომხმარებელთა შემცირების შესახებ განაცხადა. მაშინ ფეისბუკის ღირებულება ერთ დღეში 120 მილიარდი დოლარით შემცირდა. ფეისბუკის განმარტებით, 3 მილიონ ადამიანს, რომელმაც პლატფორმა მიატოვა ამის კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები ფეისბუკს ტოვებენ, მშობლებია. მიმდინარე წელს 3 მილიონზე მეტი 25 წლამდე ახალგაზრდა გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში გააუქმებენ ან რეგულარულად აღარ გამოიყენებენ ფეისბუკს. “როგორც კი მშობლები დარეგისტრირდნენ, ყველაფერი დასრულდა,” - ამბობს 24 წლის ჯორდან რენფორდი, რომელიც ამ ასაკის ადამიანების დამოკიდებულებას იდეალურად გამოხატავს.

“ფეისბუკს ნამდვილად აქვს პრობლემა თინეიჯერებთან”, - ამბობს ანალიტიკოსი ბილ ფიშერი და აგრძელებს: “მშობლები ფეისბუკზე” რაღაც ტრენდია და ჩვენ ვხედავთ როგორ მცირდება ახალგაზრდა მომხმარებელთა რიცხვი. ჩნდება ახალი თაობაც, თინეიჯერები, რომლებიც ზრდასრულობაში გადადიან და ფეისბუკ ანგარიში არასდროს ჰქონიათ”.

1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა Twitter-მა. გასულ თვეში კომპანიის საბაზრო ღირებულება 20 პროცენტით შემცირდა. ყალბ ანგარიშებთან დაპირისპირების შემდეგ კი სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამ 335 მილიონი შეადგინა.



“აქამდე, ტვიტერის სტრატეგია მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა და ფეისბუკთან კონკურენცია იყო. მაგრამ ის ვერასდროს გახდება ბიზნესი მილიარდი მომხმარებლით”, - ამბობს ჯოზეფ ევანსი, ციფრული მედიის ანალიტიკოსი.

კლერ ჰანგეითის, კომპანიის Brave Bilson აღმასრულებელი დირექტორის აზრით, საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. მისი თქმით, სნეპჩეტმა მომხმარებლები რედიზაინის გამო დაკარგა, ფეისბუკმა შეცდომა დაუშვა, თუმცა გადარჩება, ხოლო ტვიტერი სიტუაციის გამოსასწორებლად პლატფორმაზე ვიდეოს ამოწევს: “მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყენებს სოციალურ მედიას რეგულარულად, რაც დაახლოებით 3,5 მილიარდი ადამიანია. ახლა მათ მაღალი მოლოდინები აქვთ, ხარისხი კი საუკეთესო ბიზნეს გეგმაა. დღევანდელ სიტუაციაში ყველა სოციალური პლატფორმისთვის არის ადგილი.”

წყარო: The Guardian
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The Boston Globe-ს კამპანიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მედიაზე დაუსრულებელი თავდასხმების პასუხად დაიგეგმა, 300-ზე მეტი ამერიკული მედია ორგანიზაცია ჩაერთო. გამოცემებმა სარედაქციო სვეტები გამოაქვეყნეს და დაგმეს ტრამპის “ბინძური ომი” პრესის წინააღმდეგ. წერილებში გამოცემების უმრავლესობა დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ტრამპის ადმინისტრაციას პრესის საწინააღმდეგო რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

The Boston Globe-მა “პრესაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან თავდასხმების საფრთხეებზე” სარედაქციო სვეტის გამოქვეყნება 16 აგვისტოს დააანონსა და კოლეგებსაც იგივე მოუწოდა.

პრეზიდენტი ტრამპი საჯარო გამოსვლებსა თუ ტვიტერზე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ მოსწონს, “ყალბი ახალი ამბების” გავრცელებაში ხშირდ ადანაშაულებს და “ხალხის მტრად” მოიხსენიებს. პრესის კრიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლოა, ჯანსაღი დებატის ნაწილი იყოს. მედია ორგანიზაციები ხანდახან ნამდვილად იმსახურებენ კრიტიკას. თუმცა ამერიკულ მედიას მიაჩნია, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია პრესის დემონიზაციით უფროა დაკავებული, რითაც ინფორმირებული საზოგადოების პრინციპს საფრთხეს უქმნის.

თავდაპირველად კამპანიაში ჩართვას 100 მედიაორგანიზაცია დათანხმდა, საბოლოოდ კი ეს რიცხვი 350-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან როგორც ნაციონალური გაზეთები, ასევე ლოკალური მედიასაშუალებები და საერთაშორისო გამოცემები, როგორიცაა ბრიტანული The Guardian.



Boston Globe
სარედაქციო სვეტში სათაურით “ჟურნალისტები მტრები არ არიან” წერს, რომ პრესის თავისუფლება 200 წლის განმავლობაში ფუნდამენტური ამერიკული პრინციპი და უცხო ერებისთვის მისაბაძი მაგალითია.

“თავისუფალ პრესას სჭირდები” - წერს The New York Times და ტრამპის თავდასხმებს დემოკრატიისთვის სახიფათოს უწოდებს. ტექსტის მიხედვით, პრესაზე თავდასხმა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა მყიფეა და ასევე, პატარა გამოცემებს, ინდუსტრიის ეკონომიკური კრიზისის გამო. “თაიმსი უერთდება კოლეგებს, რათა შეახსენოს მკითხველს ამერიკული თავისუფალი პრესის მნიშვნელობა.” გამოცემამ გამოაქვეყნა სხვადასხვა გაზეთის სარედაქციო სვეტებიდან აღებული ათობით ციტატა.

The Philadelphia Inquirer წერს, რომ მისი ქალაქი აშშ-ის დემოკრატიის დაბადების ადგილია: “თუ პრესა არაა თავისუფალი… არც ქვეყანაა თავისუფალი და არც მისი ხალხი”.

“ხალხის მტერი” იყო ის ფრაზა, რომელსაც “ნაცისტები უწოდებდნენ ებრაელებს” და როგორც იოსებ სტალინის კრიტიკოსებს მოიხსენიებდნენ დახვრეტამდე, - ამ მესიჯით გამოეხმაურნენ კამპანიას McClatchy-ის ჰოლდინგში შემავალი 30 ყოველდღიური გაზეთის სარედაქციო სვეტების ავტორები.

კიდევ ერთი გაზეთი, რომელიც კამპანიას შეუერთდა Topeka Capital-Journal-ია. მისი თქმით, ტრამპის თავდასხმები “მავნე და დესტრუქციულია და ახლავე უნდა დასრულდეს... “პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა კითხვებს უსვამენ. გვესმის. არ მოსწონს ნეგატიური გაშუქება. გვესმის. მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, პრეზიდენტი კი მიმდინარე მოვლენებში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს.” გამოცემა ერთ-ერთია, რომელიც 2016 წელს ტრამპის კანდიდატურას მიესალმებოდა.

The Beaver County Times და The Ellwood City Ledger: “ჟურნალისტები არ არიან ხალხის მტრები. ჩვენ ვართ ხალხი… ჟურნალისტები ვართ თვალები, ყურები და ხმა ადამიანებისა, რომელთაც ვემსახურებით. ჩვენ ვსხედვართ სკოლის ბორდის შეხვედრებზე, რათა იცოდეთ, ვინ იქნება შემდეგი დირექტორი. ჩვენ ვესწრებით ქალაქის საკრებულოს შეხვედრებს, რათა იცოდეთ რომელი კომპანია აშენებს თქვენს უკანა ეზოში.”

The Atlantic: “ჩვენ ვიცით საით შეიძლება წავიდეს მედიაზე თავდასხმები. ყოველთვის როცა პოლიტიკოსებს ეჭვქვეშ დაუყენებიათ პრესის უფლებები და ლეგიტიმურობა, ამას ძალადობა მოჰყოლია… როგორც ყველა ამერიკელს, პრეზიდენტსაც აქვს უფლება გააკრიტიკოს პრესა. მაგრამ მას, ასევე, ფიცი აქვს დადებული, დაიცვას კონსტიტუცია - და ის ასეც უნდა მოიქცეს.”

The Star News: “კი, პრესის წევრები ხანდახან არასწორ ფაქტებს აშუქებენ. როცა ასე ხდება, მათ ანგარიშვალდებულებას საკუთარი მედია ორგანიზაციები და ინდუსტრიის სხვა წამომადგენლები სთხოვენ. თითქმის ყოველთვის შეცდომას აღიარებენ და მალევე ასწორებენ, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტზე.”

რას ფიქრობს ამერიკული საზოგადოება, ამაზე Quinnipiac-ის უნივერსიტეტის კვლევაშია საუბარი. კვლევის თანახმად, ამერიკელი ამომრჩევლის 65% ფიქრობს, რომ მედია დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ტრამპისა და რესპუბლიკელების ამომრჩევლის 51%-ს მიაჩნია, რომ მედია “ხალხის მტერია და არა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი”.

ტრამპი, რომელიც გამუდმებით ესხმის თავს იმ მედიებსა თუ ჟურნალისტებს, რომელთა გაშუქებული ამბავიც არ მოსწონს, მის საწინააღმდეგო კამპანიას ტვიტერზე გამოეხმაურა: “ყალბი ახალი ამბების მედია ოპოზიციური პარტიაა. ეს ძალიან ცუდია ჩვენი დიდებული ქვეყნისთვის… მაგრამ ჩვენ ვიგებთ!”

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დონალდ ტრამპის მიერ მედიაზე დაუსრულებელი თავდასხმების პასუხად, 200-ზე მეტი ამერიკული გაზეთი კოორდინირებულ სარედაქციო სვეტს გამოაქვეყნებს.

კამპანია Boston Globe-მა წამოიწყო. გამოცემის თანამშრომლები პირადად დაუკავშირდნენ სხვადასხვა მედიას ქვეყნის სხვადასხვა წერტილში და მათ აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულების დაგმობისკენ მოუწოდეს:

“გთავაზობთ, გამოვაქვეყნოთ სარედაქციო სვეტი 16 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრესაზე თავდასხმის საფრთხეებზე და ვთხოვოთ სხვებს იგივე… ბინძური ომი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს!”

ამ დროისათვის 200-ზე მეტი გაზეთი, მათ შორის The New York Times, ჩაერთო კამპანიაში. თითოეული გამოცემა თავის სარედაქციო სვეტს გამოაქვეყნებს.

დონალდ ტრამპი რეგულარულად აწნის სილას მედია ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ რეპორტიორებს იმ გაშუქებისთვის, რომელიც არ მოსწონს და მათ “ყალბი ახალი ამბების” გავრცელებაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტს არაერთი კრიტიკა მიუღია იმისთვის, რომ პრესას გამუდმებით უწოდებს “ხალხის მტერს”. ახლახან, პენსილვანიის შტატში გამოსვლისას ტრამპმა ჟურნალისტების ჯგუფისკენ, რომელიც ღონისძიებას აშუქებდა, თითი გაიშვირა და თქვა რომ ისინი “ამბებს მხოლოდ იგონებენ” და მათ “ყალბი, ყალბი საზიზღარი ახალი ამბები” უწოდა.

გასულ თვეში, ბრიტანეთში პრეს-კონფერენციაზე CNN-ის თეთრი სახლის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას ტრამპმა კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და თქვა “CNN ყალბი ახალი ამბებია. CNN-სგან კითხვებს არ ვიღებ.” კიდევ ერთ კვირაში თეთრმა სახლმა დაბლოკა CNN-ის კიდევ ერთი რეპორტიორი.

“ჩვენ არ ვართ ხალხის მტრები”, - ამბობს Globe-ის წარმომადგენელი და აგრძელებს: “ვფიქრობთ, კოორდინირებული ძალისხმევით მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალ პრესასთან დაკავშირებით ძლიერ განცხადებას გავაკეთებთ.”

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.
კატეგორია: ეთიკური დილემა
ავსტრალიური Sky News-ის ეთერში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტთან ინტერვიუს გასვლის გამო რამდენიმე მსხვილმა ბრენდმა ტელეკომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

პირველი ასეთი მულტინაციონალური გიგანტი American Express-ი გახდა, რომლის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება აღარ დაუკვეთონ რეკლამა Sky News-ს, რადგან “არხზე ახლახან გასული კონტენტი ჩვენს ღირებულებებს არ ემთხვევა.”

საქმე ეხება ადამ გილსის შოუში გასულ ინტერვიუს ულტრა მემარჯვენე ექსტრემისთან, ბლერ კოტრელთან, რომელიც ფიქრობს, რომ ყოველ საკლასო ოთახში ჰიტლერის პორტრეტი უნდა ეკიდოს. როგორც თავად აღიარა, ქალების მანიპულაციისთვის ძალადობა და ტერორი გამოუყენებია და ძალადობრივი თავდასხმის, დაშინებისა და რასობრივი დანაშაულის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ. მანვე დააფიქსირა ქსენოფობიური და მიგრანტების საწინააღმდეგო მოსაზრებები.

American Express-ის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტეს პამპერსების ბრედნმა Huggies და ოპტიკურმა ქსელმა Specsavers. Sky News-ს რეკლამას აღარ დაუკვეთავს ავსტრალიური სამოგზაური კომპანია Luxury Escapes. ინტერვიუთი გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ ტელეკომოპანიამ განაცხადა, რომ კოტრელის მიწვევა არასწორი იყო, დახურა ადამ გილსის შოუ და დაბლოკა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები საკუთარ ეთერში.

წყარო: www.theguardian.com
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ინტერნეტის მომხმარებლებმა უნდა ითხოვონ ნებართვა ფოტოგრაფისგან მათი ფოტოების გამოქვეყნებამდე მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული ფოტო ხელმისაწვდომი ონლაინ. Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა.

“ავტორის ნებართვით ვებსაიტზე გამოქვეყნებული თავისუფლად ხელმისაწვდომი ფოტოს ხელახლა გამოსაქვეყნებლად ავტორის ახალი ნებართვაა საჭირო ”, - წერია ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოში საქმე გერმანიიდან შევიდა, სადაც მოსწავლემ სასკოლო პროექტისთვის სამოგზაურო საიტიდან ფოტო ჩამოტვირთა და გამოიყენა. საბოლოოდ ეს ფოტო სკოლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ფოტოს ავტორი კი ამტკიცებდა, რომ მან ნებართვა მხოლოდ სამოგზაურო საიტს მისცა და სკოლის მიერ ფოტოს გამოყენება საავტორო უფლებებს არღვევდა.

ევროპულმა სასამართლომ ფოტოგრაფის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სკოლას ნებართვა ხელახლა უნდა აეღო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მუსლიმი ექსტრემისტების ტერორისტული თავდასხმები ამერიკული პრესისგან 357 პროცენტით მეტად შუქდება, ვიდრე არამუსლიმის მიერ ჩადენილი აქტი. ალაბამას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, არამუსლიმების (ან სადაც რელიგია ცნობილი არ იყო) მიერ ჩადენილი ტერორისტულ აქტს პრესამ, საშუალოდ, 15 სათაური მიუძღვნა, მუსლიმი ექსტრემისტებს კი - 105.

გაშუქებას შორის განსხვავება არაბუნებრივია, რადგან თეთრკანიანი და მემარჯვენე ტერორისტების ჩადენილი ტერორისტული აქტები თითქმის ორჯერ აღემატება მუსლიმური ექსტრემიზმის გამოვლინებას 2008-2016 წლებში.

კვლევაში შესწავლილია 2006-2015 წლებში აშშ-ში ჩადენილი ტერორისტული აქტები, ხოლო მონაცემები გლობალური ტერორიზმის მონაცემთა ბაზიდანაა აღებული.
კატეგორია: ეთიკა
ონლაინ კომენტარები მედიაგამოცემების განუყოფელი ნაწილია და აუდიტორიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ფუნქციად ითვლება, თუმცა, ეს ფუნქცია ყველგან აქტიური აღარაა. სიძულვილის გამოხატვის, პერსონალური თავდასხმებისა თუ შეურაცხყოფის გამო, ვებსაიტების ნაწილი კომენტარების განყოფილების მოდერაციაში უზარმაზარ რესურსსა და დროს ხარჯავს, ნაწილი კი საერთოდ აუქმებს მას და დისკუსიისთვის ახალ სივრცეებს ეძებს .

ტექნოლოგიურ განვითარებამდე და ონლაინ კომენტარებამდე იყო წერილები რედაქტორს. ორივე ფორმა მკითხველს აძლევს საშუალებას გამოთქვას თავისი ცოდნა და მოსაზრება, დასვას კითხვები მედიის ეთიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ესაუბროს ავტორს და სხვა მკითხველებს, რაც საბოლოო ჯამში, ამდიდრებს დისკუსიას. შესაძლოა ჟურნალისტმა არ იცოდეს ყველაფერი, სპეფიციკური განათლების მქონე მკითხველმა კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დაამატოს სტატიას. კომენტარი შეიძლება გახდეს ახალი მასალის იდეის ინსპირაციაც. და კიდევ ერთი, ამგვარი დისკუსიები ხელს უწყობს მასალის პოპულარიზებასა და ზრდის ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობას.

თუმცა, კომენტარების სექციას აქვე მეორე, ბნელი და საშიში მხარეც.

ქალი ჟურნალისტი აშუქებს აბორტის თემაზე მიმდინარე დემონსტრაციას ერთ-ერთ კლინიკასთან, ამ დროს კი მკითხველი წერს: “ისეთი მახინჯი ხარ, რომ დაორსულდე ჩემით წაგიყვანდი აბორტისთვის კლინიკაში”; ბრიტანელი მუსლიმი წერს ისლამოფობიის გამოცდილებაზე და მას ასე პასუხობენ: “ისლამური სახელმწიფოს მებრძოლზე დაქორწინდი და ნახავ, როგორ მოგეწონება!”; შავკანიან კორესპონტენტს უწოდებენ “რასისტს, რომელსაც თეთრკანიანი ადამიანები ეზიზღება”, როცა ის აშუქებს ამბავს, როგორ მოკლა პოლიციამ კიდევ ერთი შავკანიანი ამერიკელი; “მოგი**ან დროშა და მწერლობა”, - წერენ ამბავზე, როცა ქართველმა მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა აფხაზეთის დროშიანი მაისური ჩაიცვა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მედია ორგანიზაციების 65%-ის კომენტარების სექციაში მათი ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი მოსაზრებები იწერება, მაგალითად: “ძალიან უინტელექტო ხარ”; “საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებ?”; “ამის დაწერისთვის ფულს გიხდიან?” და ა.შ.

გავლენიანი ადამიანები მედიისა და კომუნიკაციების სფეროში უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები დისკუსიისა და დებატისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და საჭიროა მათი გაფილტვრა, მოდერაცია.

ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც კომენტარების სექციის გაუმჯობესებაზე დროსა და რესურსებს ხარჯავს, არის The New York Times. გამოცემა მხოლოდ ზოგიერთ მასალაზე ტოვებს კომენტარების სექციას, რადგან მოდერაცია ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება და შესაბამისად, ლიმიტირებულია. ძირითადად, კომენტარების სექცია ღიაა მასალის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში.

“ასეთი თავდასხმებს რეალურ ცხოვრებაში ურეაქციოდ არ დავტოვებდით, ამიტომ ასევე ვიქცევით ონლაინ”, - აცხადებს The Guardian, კიდევ ერთი გამოცემა, რომელიც კომენტარებს ფილტრავს.

Guardian-ის მიდგომა მოდერაციისადმი ასეთია - ის აანალიზებს კომენტარებს და აწვდის მკითხველს ინფორმაციას, რა შინაარსის მოსაზრება დაიშვება და რომელი დაიბლოკება - მაგრამ ვებსაიტების უმრავლესობისთვის ეს არაპრაქტიკულია. არასასურველი კომენტარების უბრალოდ წაშლა არაეფექტურია მთელი ინტერნეტისთვის. გარდიანს შესაძლოა აქვს რესურსი ასეთი პოლიტიკა აწარმოოს და დაბლოკოს ათასობით კომენტარი დღეეში, მაგრამ საშუალო სტატისტიური მედიასაშუალებას ამას ვერ შეძლებს.

“დიდი სიამოვნებით გვექნებოდა ფილტრაციასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკა, მაგრამ თუ ამის პასუხისმგებლობას იღებ, ბოლომდე უნდა მიჰყვე სოციალური ქსელებიდან დაწყებული ვებგვერდით დამთავრებული. ალბათ, ერთი ადამიანი მინიმუმ უნდა იყოს სრულ განაკვეთზე, რომ მოდერაცია გააკეთოს, რისი რესურსიც არ გვაქვს”, - ამბობს ქართული ონლაინგამოცემა On.ge-ს დირექტორი ნოდარ დავითური მედიაჩეკერთან.

მისივე თქმით, რედაქცია ძალიან რადიკალური კომენტარებს შლის, თუმცა პროაქტიული მოდერირება დაკავშირებულია ფულთან. დავითურის თქმით, საკმაოდ პრობლემურია პოლიტიკის შემუშავებაც, რადგან ”ძალიან ვიწრო ხაზი გადის გამოხატვის თავისუფლებასა და მავნებლურ ქცევას შორის.”

“საერთოდ არ ვაუქმებთ, იმიტომ, რომ დარჩეს დისკუსიისთვის სივრცე და ასევე, ტრაფიკის წყაროა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩავკეტოთ. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ სარგებელი წონის იმ ზიანს, რაც უკონტროლობას მოაქვს”, - ამბობს დავითური.

“იდეალურ სიტუაციაში, იდეალური ფინანსური რესურსით, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას სპეციალური ადამიანების დაქირავების, მოდერირების გზას ავირჩევდით” - ამბობს კიდევ ერთი ქართული ონლაინგამოცემის, Netgazeti.ge-ს მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მისი თქმით, თავიდან ნეტგაზეთი იყო აბსოლუტურად ღია, თუმცა გარკვეულ სტატიებზე კომენტარების დახურვა მაინც ხდებოდა: “ვიცოდით განსაკუთრებით რომელ სტატიებზე იქნებოდა ბევრი ქსენოფობიური ან ჰომოფობიური კომენტარი, რომლის წაშლაც მერე მოგვიხდებოდა. ერთი პერიოდი სრულიად დავხურეთ ვებსაიტზე კომენტარების სექცია იმის გამო, რომ არ გვქონდა მოდერაციის რესურსი”.

ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ვებსაიტებზე კომენტარების რაოდენობა იკლებს და ძირითადად Facebook-ზე გადადის: “ახლა კომენტარების სექცია გახსნილი გვაქვს, იქედან გამომდინარე, რომ აღარ არის იმ რაოდენობის კომენტარები. ვერ ვიტყვით, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობთ, მით უმეტეს არქივში, ძველ მასალებზე, მაგრამ ზოგჯერ გვიხდება მათი მოდერაცია.

საერთოდ, რატომ უნდა შესთავაზოს საიტის მფლობლემა მომხმარებელს ის სივრცე, რომელის სარედაქციო კონტროლი ძალიან რთულია?

CNN, The Verge, Reuters, Toronto Star, Popular Science - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ჩათვალეს, რომ კომენტარების სექციის შენარჩუნებასა და მოდერაციაზე ზრუნვა არ ღირს. 2016 წელს მათ რიგებს შეუერთდა ამერიკული VICE NEWS. კომპანიის განცხადებით, თეორიულად, კომენტარების სექცია ძალიან კარგია, თუმცა მოდერაციისა და უახლესი ალგორითმების გარეშე, ძალიან ხშირად კომენტარები რასისტულ, მიზოგინიურ მორევში გადადის, სადაც ყველაზე ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი და სულელური აზრები ყველაზე მეტად ჩანს:

“აღარ გვაქვს დრო და სურვილი გავაგრძელოთ ამ სისულელის მონიტორინგი.”

დატოვებული კომენტარების მცირე რაოდენობით ახსნა NPR-მა ვებგვერდზე სექციის გაუქმება. მისი განცხადებით, სამი თვის განმავლობაში, 79,8 მილიონი ვიზიტორიდან მხოლოდ 2 600 ადამიანმა (0,003%) დატოვა სულ მცირე ერთი კომენტარი.

2018 წელს თქვა უარი კომენტარების სექციაზე გამოცემამ The Atlantic:

“წლების განმავლობაში The Atlantic-ის კომენტარების სექციაში მიმდინარე დისკუსიას ხშირად აზიანებდნენ სარეკლამო, რასისტული, მიზოგინიური, ჰომოფობიური, ანტიმუსლიმური და ანტიებრაული ნარატივით.”

ერთადერთი და სწორი გზა კომენტარების სექციის მენეჯმენტისთვის არ არსებობს. თითოეულ მედია ორგანიზაციას სხვადასხვა გამოწვევა აქვს, თუმცა ერთი რამ ცხადია: მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და შექმნან სივრცე ცივილური დისკუსიისთვის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში Twitter-მა 70 მილიონზე მეტი ანგარიში წაშალა და ტემპს არც ივლისში აგდებს. პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ტვიტერმა  მკვეთრად შეუტია ყალბ და საეჭვო ანგარიშებს. The Washington Post-ის მოპოვებული მონაცემებით, უახლოესი თვეების განმავლობაში კომპანია დღეში ერთ მილიონ ანგარიშს შლის.

ტვიტერის კამპანია ბოტებისა და ტროლების წინააღმდეგ კომპანიაში მიმდინარე დებატსა და ტვიტერის  პრინციპების ფილოსოფიურ ცვლილებებს ასახავს. თუმცა იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ტვიტერი ახლა, უნდა განვიხილოთ, როგორი უნდა ყოფილიყო ის.

თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო როგორც ნეიტრალური პლატფორმა, ძალიან ცოტა წესებით, სადაც შეგეძლო გეთქვა ყველაფერი ყველასთვის: თუ არ იქნება ბარიერები, იქნება საუბარი, მდიდარი დისკუსია, გამოჩნდება საუკეთესო იდეები. კომპანიის ხელმძღვანელები დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ქმედებების მონიტორინგს და საკუთარ თავს “თავისუფალი სიტყვის პარტიის თავისუფალი სიტყვის ფრთას” უწოდებდნენ.

ტვიტერი შეიქმნა როგორც თავისუფალი სიტყვის რადიკალური ექსპერიმენტი, თუმცა დროთა განმავლობაში ექსპერიმენტი ჩამოიშალა. ის შესაძლებლობა, რომელსაც ტვიტერი სამოქალაქო ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკურ დისიდენტებს აძლევდა, ტროლების ნეო-ნაცისტების, ნაციონალისტებისა და სხვა რადიკალური ჯგუფებისთვის ხელსაყრელი გარემო გახდა.

ბოტები, ტროლები და ყალბი ანგარიშები მას შემდეგ არსებობს, რაც 2006 წელს ტვიტერმა დაიწყო ფუნქციონირება. 2015 წელს ტვიტერის მაშინდელმა აღმასრულებელმა ხელძღვანელმა აღიარა პრობლემა და თქვა: “პლატფორმაზე შევიწროებისა და ტროლების პრობლემას ვერ ვუმკლავდებით და წლებია ეს ასეა.” ახლა კი ტვიტერმა Washinton Post-ს დაუდასტურა, რომ გაუქმებული ანგარიშების ინტენსივობა 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ გაორმაგებულია.

ტვიტერის ვიცე-პრეზიდენტი ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებში დელ ჰარვი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ ახლახან შეძლო ტექნიკური ხელსაწყოების შექმნა და რესურსების მიმართვა მავნე ქცევების საწინააღმდეგოდ.

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, როგორც ვუდგებით ბალანსს: გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლების მიცემა მათთვის, ვინც ამას სხვა ადამიანის თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგოდ იყენებს,” - ამბობს ჰარვი და აგრძელებს: “გამოხატვის თავისუფლება რეალუარად არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანები უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს".

ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიტერი აშშ-ის კონგრესის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რუსეთის მიერ ყალბი ანგარიშების გამოყენებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

მარტში ტვიტერის აღმასრულებელმა ხელმძღვანელი ჯეკ დორსი პლატფორმაზე “ჯანსაღი საუბრის” წახალისების ინიციატივით გამოვიდა. მაისში კომპანიამ ალგორითმში შესატანი ცვლილებებიც დააანონსა, რომელიც “ცუდ ქცევას” გაუწევს მონიტორინგს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას კომპანია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გააკეთებს.

ტვიტერი ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არაა, რომელიც გამოწვევების წინაშე დგას და გამოსავლის პოვნაც მარტივი არაა. მკვლევრები წლებია ამბობენ, რომ პრობლემა გაცილებით დიდი და სერიოზულია. ამასთან, ცვლილებები, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა ამხელა ძალაუფლება კერძო კომპანიის ხელში, როცა პლატფორმა წყვეტს რა კონტენტი ვნახოთ და არა, შესაძლოა სახიფათოც იყოს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ნორვეგიელმა ჟურნალისტმა ვეგას ტენოლდმა აშშ-ში ნეო-ნაცისტებისა და კუ კლუქს კლანის დემონსტრაციების გაშუქება 2011 წელს დაიწყო. დონალდ ტრამპის არჩევამდე, ასევე ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ულტრა მემარჯვენე განწყობების მოზღვავებამდე გაცილებით ადრე. იქამდე, ვიდრე თეთრკანიანთა უპირატესობის მხარდამჭერები საერთაშორისო პრესაში აქტიურად მოხვდებოდნენ.

ტენოლდის წიგნი "ყველაფერი რაც გიყვარს დაიწვება: თეთრი ნაციონალიზმის ხელახლა დაბადება ამერიკაში" მის ექვსწლიან გამოცდილებას აღწერს.

ამ გამოცდილებაზე ჟურნალისტთან ინტერვიუ The Guardian-მა ჩაწერა:

- როგორ წარადგინე საკუთარი თავი? როგორ განმარტე ვინ იყავი იმის გარდა, რომ უბრალოდ თქვი რეპორტიორი ვარო?

ნორვეგიელი სოციალისტი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მტერი ვარ. ნორვეგიაში ჯერ კიდევ შეგიძლია სოციალისტებს მისცე ხმა და ამას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს. თუმცა ვცდილობდი ეს იდეოლოგიური აფილაცია შემესუსტებინა, რამაც შესაძლებლობა მომცა მეჩხუბა, მეკამათა მათთან. ვუთხარი, რომ მართლა მაინტერესებდა რითი იზიდავს მათ ეს იდეოლოგია და რა აიძულებთ გადაიხადონ უზარმაზარი სოციალური ფასი ღიად ნაცისტობისთვის.

- ბოლო პერიოდში, თეთრი ნაციონალიზმის გაშუქებაზე ერთ-ერთი კრიტიკული მოსაზრების თანახმად, ამბების უმეტესობა მოთხრობილია თეთრი პერსპექტივიდან, განსაკუთრებით, თეთრი კაცების პერსპექტივიდან. მაგალითად, ჟურნალის Slate პოლიტიკური კორესპონდენტი ჯამელ ბუი ამბობს, რომ ამერიკელი პოლიტიკური რეპორტიორების უმრავლესობა თეთრკანიანია, რაც ხელს უშლის იმის აღქმას, თუ რამდენად საშიში არიან ეს ჯგუფები. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

აბსოლუტურად ვეთანხმები. ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი იმაზე, რა შესაძლებლობაც მე მქონდა. ძალიან დიდი პრივილეგია მაქვს, რადგან ვარ თეთრი, ნორვეგიელი და მელოტი. შარლოტსვილში ჩემი ფოტოგრაფი მეგობარი წავიყვანე მეთიუსთან [თეთრი ნაციონალისტების ლიდერი] შესახვედრად. რომ მივედით, სახლში მისი მეგობრები დაგვხვდნენ, რომლებიც ჩუმად საუბრობდნენ, თითქოს ჩემი მეგობარი ებრაელი იყო. ამის შესამოწმებლად მას ბეკონიანი პიცა შესთავაზეს და თითქოს აიძულეს მისი შეჭმა.

ეს ნამდვილად მიუთითებს გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგება ყველა, ვინც არაა თეთრკანიანი და კაცი და სურს ამ საკითხის გაშუქება. მე კი არ ვარ ულტრა-მემარჯვენე ნაციონალიზმის ტრადიციული მსხვერპლი. მე არ ვარ რასიზმის მსხვერპლი.

- რა გავლენა ჰქონდა ნეო-ნაცისტებთან გატარებულ დროს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

მათთან გატარებული დრო დამეხმარა მეტი გამეგო თეთრ ნაციონალიზმზე. ისე მეცნობა რიტორიკა, რომელსაც დღეს საჯარო პოლიტიკაში ვხედავთ, თითქოს უკვე მომისმენია ასეთი რამ. აიოვას [აშშ-ის შტატი] კონგრესმენი სტივ კინგი მუდმივად წერს ტვიტერზე საოცარ რასისტულ რაღაცებს და მე ამ დროს ვფიქრობ, რომ ეს შვიდი წლის წინ ერთ-ერთ აქციაზე უკვე მითხრეს. ერთ-ერთი პირველი ინტერაქცია მქონდა ერთ კაცთან არიზონადან [შტატი სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში, მექსიკის საზღვართან]. მაშინ ნიუ ჯერსიში მოგზაურობდა და მახსოვს თქვა: “ნიუ ჯერსიში ვართ და მექსიკელი დავინახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად გვჭირდება კედელი.” და ეს მოხდა 2011 წელს.

ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი და ნანახი მაქვს, რაც კიდევ უფრო შემაძრწუნებელია. ეს უბრალოდ რასიზმი არაა. ეს მოდის ნეო-ნაცისტებისგან და კუ-კლუქს-კლანისგან. რაღაცები რაზეც ვსაუბრობთ - უკვე ლამის კონგრესში - პირდაპირ ულტრა, ულტრა, ულტრა მარჯვნიდან მოდის. ესაა საფრთხე, რასაც ისინი წარმოადგენენ.

- არის თუ არა ეს მოძრაობა, რომელზეც ჟურნალისტები სერიოზულად უნდა საუბრობდნენ?

რა თქმა უნდა - ჩვენ უნდა გავაშუქოთ ეს ადამიანები, რადგან უკეთ დავინახავთ, როგორ აზროვნებს ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი]. მაგრამ ჩვენ უნდა ჩავსვათ ყველაფერი კონტექსტში. მაგალითად, კლანის წარმომადგენლები რაღაც ფლაერებს დაკიდებენ მანქანებზე ჩრდილოეთ კაროლინაში და უცებ, ყველა ჟურნალისტი მიდის და აშუქებს კლანს. რაც, ნუ, კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ უფრო დიდ პრობლემაზე - როგორ გახდა მეინსტრიმი ის, რაზეც ისინი საუბრობენ და რისიც სჯერათ. ჩვენ არ უნდა დავპანიკდეთ, რომ “უი, კლანი ისევ მსვლელობას აწყობს.”

- რატომ არ მოგწონთ ტერმინი “ნორმალიზება”, “ნორმალიზაცია”?

მგონია, რომ ამ ტერმინს იმ ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც აშუქებენ იმას რაც სხვებს არ მოსწონთ. ჩემთვის, მნიშვნელოვანია, გაშუქდეს ისეთი ამბებიც, რომლებიც შესაძლოა საზიზღარი და აუტანელი იყოს. და ეს მათი ნორმალიზება არაა. არ მომწონს, რომ ამ სიტყვას ბრალდების დატვირთვით იყენებენ.

ადამიანებს უკითხავთ: “როგორ მიდიხარ და აშუქებ იმ საშინელ ხალხს, რომელსაც არ ეთანხმები? და ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთია: “რატომ არ უნდა გავაშუქო? რატომ არ უნდა ვცადო, გავიგოთ რა არის ჩვენთვის საშინელი და აუტანელი”?

- ნეო-ნაცისტების ლიდერი, მეთიუ ჰაიმბაქი ამბობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს მას და საიდან აქვს შესაძლებლობა იმოგზაუროს ევროპაში ადგილობრივ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებთან შესახვედრად, როცა მისივე თქმით, რასისტული შეხედულებების გამო არაერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუ იცით საიდან იღებს ის ფულს?

ჩემი აზრით, სხვადასხვა ნაცისტური და ნაციონალისტური ჯგუფები ამერიკაში, ასე ვთქვათ, რუსეთისადმი სიყვარულში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ვფიქრობ, მათ ჰგონიათ, რომ რუსეთში დიდი ფულია. ამასთან, ჩემი აზრით, საკმარისი მტიკცებულებები იმის სათქმელად, რომ ეს ჯგუფები ფულად დახმარებას იღებენ, არ გვინახავს. რუსეთი ნამდვილად ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს აღმოსავლეთ ევროპაში. ვიცი, რომ უნგრული პარტია Jobbik საკმაოდ დაკავშირებულია რუსეთთან. დღევანდელ მსოფლიოში რუსეთი არის თეთრი ნაციონალიზმის შუქურა.

ფულის უმეტესობა საწევროზე მოდის, რაც, ვფიქრობ ბევრი არ უნდა იყოს. ვიცი, რომ მეთიუ ფულს აგროვებს. მას აქტივიზმის სეზონიც აქვს და მუშაობის სეზონიც. შესაძლოა, მდიდარი დამფინანსებელიც ჰყავს, არ ვიცი. მიმოგზაურია მასთან ერთად და ვიცი, რამდენად საცოდავად მოგზაურობს. სასტუმროს ოთახში ყოველთვის 6-7 ადამიანია. თუ მართლაც ჰყავს დონორი, მაშინ ის ძალიან მოკრძალებული ყოფილა.

- დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ესწრებოდით ნაციონალ-სოციალისტურ, კლანისა და სხვა ნაციონალისტურ დემონსტრაციებს. ელოდით თუ არა შარშან ზაფხულში, შარლოტსვილში მომხდარ ძალადობას?

არა. აქციების წინ, ყოველთვის არის ონლაინ დაპირისპირებები ანტიფასა [ანტი-ფაშისტური მოძრაობა] და ულტრა მემარჯვენეებს შორის. თუმცა, ტრადიციულად, აქციებზე ყოველთვის დადგმული სიტუაციაა. არის ორი ფრონტი. შუაში დგას პოლიცია და ქმნის ბარიერს. ამიტომ უფლება გაქვს შენს ოპოზიციონერ დემონსტრანტებს მიაძახო: “პოლიცია რომ არ იყოს…” ასე რომ, ეს დემონსტრაციები სულ ასეთი ბლეფია.

[შარლოტსვილამდე] მეთიუ ჰაიმბაქმა მითხრა, რომ ადგილობრვი სამართალდამცველებთან კომუნიკაცია ისეთი კარგი არ იყო, როგორც ეგონა. ცოტათი დამფრთხალი იყო, ყველას ეგონა, რომ ჩვეულებრივი მორიგი დემონსტრაცია იქნებოდა. საპარკინგე ადგილიდან გამოვედით და დავინახე ანტიფას კონტრ-დემონსტრანტები. ძალიან მეუცნაურა, რომ პოლიციის კორდონი არ იყო. ამის შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა. პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს, რის გამოც გარდაუვალი გახდა ის, რაც მოხდა.

- რა მოხდა?

ძალიან უცნაურო მომენტი იყო. წარმოიდგინეთ ძველი მულტფილმი, სადაც პერსონაჟი მირბის და კლდის კიდეს გასცდება, უცებ აანალიზებს, რომ მის ქვეშ მიწა აღარაა და ვარდება. უცბად, პოლიცია ქრება და ანტიფა და ნაცისტები ერთმანეთს მისჩერებიან და თითქოს ფიქრობენ: ნუთუ მართლა არაფერი გვაშორებს? შეიძლება, ერთმანეთს დავერიოთ?

ყველაფერი რელსებიდან გადავიდა და ქუჩაში ჩხუბი დაიწყო. მახსოვს უამრავი ადამიანი ყვიროდა და ეძებდა პოლიციას.

ერთი ბლოკის მოშორებით სამხრეთით წავედი, რადგან გავიგე, რომ პოლიციელები იყვნენ იქ. მართლაც დამხვდა ათზე მეტი პოლიციელი, რომელიც არაფერს აკეთებდა. მივედი და ვუთხარი: “აქ არაფერი ხდება, ზემოთ მოედანზე კი ადამიანებს სცემენ. რატომ არ აკეთებთ რამეს?” ერთ-ერთმა უბრალოდ მითხრა წადიო.

- თქვენს წიგნში წერთ: “ულტრა მემარჯვენეები, ან სულ მცირე მათი ინკარნაცია, რომელთაც წლების განმავლობაში ვაშუქებდი, აუცილებლად დამარცხდება… [მაგრამ] თეთრი სუპრემაციზმი ულტრა მემარჯვენეების გარეშეც კარგად გრძნობს თავს.” რას გულისხმობთ?

უბრალოდ უნდა შეხედოთ მსოფლიოს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. შეხედეთ პენიტენციურ სისტემას, შეხედეთ ფერადკანიანი პატიმრების რიცხვს. სისტემა აბსოლუტურად მორგებულია თეთრკანიანი ადამიანების ბენეფიტებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაციონალიზმისა და თეთრი სუპრემაციზმის ეს ფორმა არ იმუშავებს. იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

წყარო: The Guardian
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჯონ მური პულიტცერის პრიზის მფლობელი ფოტოგრაფია, რომელიც წლების განმავლობაში იღებს იმიგრანტებს აშშ-მექსიკის საზღვრის კვეთისას. მიმდინარე კვირას მისი ერთ-ერთი ფოტო იმიგრაციაზე ამერიკაში მიმდინარე დებატების სიმბოლო გახდა.

"იმიგრანტების ჯგუფს შორის დავინახე დედა, რომელსაც ხელში პატარა გოგო ეჭირა. დედას გავესაუბრე და მითხრა, რომ თვეებია, ჰონდურასიდან [ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში] მოდიან. როცა მისი გაჩხრეკის დრო მოვიდა, პოლიციამ ბავშვის დასმა სთხოვა. როგორც კი პატარა გოგოს ფეხები მიწას შეეხო, მან ყვირილი და ტირილი დაიწყო. ჩხრეკის დასრულებისთანავე მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. გაჩერება და რამდენიმეჯერ ღრმად ჩასუნთქვა მომიწია. მინდოდა ხელში ამეყვანა, მაგრამ არ შემეძლო", - უთხრა მურმა ჟურნალ TIME-ს.



დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის მშობლების დაკავებას და შვილებთან დაშორებას გულისხმობს. TIME-ის რედაქტორებმა 2018 წლის 2 ივლისის ჟურნალის ყდის საილუსტრაციოდ ჯონ მურის ფოტო აარჩიეს. 

ჯონ მურის მიერ საზღვარზე გადაღებული ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.
კატეგორია: საქართველო

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სულ უფრო მეტი მედია ორგანიზაცია ითხოვს დონაციებს და შემომწირველთა რიცხვიც სულ უფრო იზრდება. ამასთან, ეს სქემა ნაკლებად წარმატებულია ღარიბ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, კომერციულად ნაკლებად საინტერესო კონტენტის წარმოება რთულია.

მედია ორგანიზაციები, როგორიცაა The Guardian, თავიანთ მომავალ ბიზნესს შემოწირულებებზე დაყრდნობით აშენებენ. ამავდროულად, ბოლო წლებში გაჩნდა უამრავი მაგალითი ხალხის მიერ დაფინანსებული სტარტაპებისა. რა მასშტაბზეა საუბარი და რა მიდგომები არსებობს მსოფლიოში, ამის შესახებ Reuters Institute-ის ციფრული ახალი ამბების 2018 წლის ანგარიშშია საუბარი.

საერთო ჯამში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფულს სწირავენ მედია ორგანიზაციებს ძალიან დაბალია: 1% ბრიტანეთში და 3%-მდე აშშ-ში. თუმცა შესაძლებლობის შკალა ბევრად დიდია. ანგარიშის თანახმად, გამოკითხული ადამიანების თითქმის მეოთხედი (22%) ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მედია ორგანიზაციას თანხას შესწირავდა.



ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მედიისთვის თანხას იმეტებენ ახალგაზრდები არიან. ნებისმიერი შეტყობინება ჟურნალისტიკის დახმარების თაობაზე ამ ჯგუფზე კარგად მუშაობს.

შემოწირულობების უმეტესობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ძირითადად ცენტრისტებზე ან მემარცხენეებზე მოდის. ნაწილობრივ, ეს ისტორიული იდეოლოგიური ბრძოლების შედეგია, როცა ბევრი მემარცხენე გაზეთი კოოპერატივებისა თუ პროფესიული კავშირებისგან ფინანსდებოდა კაპიტალისტური პრესის საწინააღმდეგოდ. შტატებისნაირ ქვეყანაში მედია ისევ აღიქმება როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი - დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. საანგარიშო კვლევაში ჩანს, რომ დონაციები პოლიტიკური აქტია რესპონდენტებისთვის:

“მე ფულს ვწირავ [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორების მხარდასაჭერად, რომელსაც, ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება მოქმედი [ტრამპის] ადმინისტრაციისგან”.

“მინდა დავრწმუნდე, რომ ეს მედია ორგანიზაციები არ დაიხურება”.


თუმცა შემოწირულებები მხოლოდ მემარცხენე იდეოლოგიის შენარჩუნებას არ ემსახურება. უამრავი პარტიზანული კონსერვატიული საიტი სულ უფრო ხშირად მოუწოდებს მხარდამჭერებს დონაციისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკლამის დამკვეთები მათ ბოიკოტს უცხადებენ.

სხვადასხვა ამერიკული გამოცემის, მაგალითად NPR-ის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ათწლეულებია დონაციებზე მოდის. ასეთია მაგალითად 2009 წელს დაფუძნებული არაკომერციული მედია ორგანიზაცია Texas Tribune, რომელიც ყოველწლიურად 6,5 მილიონ დოლარს იღებს შემომწირველებისგან. გამოცემაში დაახლოებით 60 ადამიანია დასაქმებული.

“ვხვდები, რომ კარგ ჟურნალისტიკას ფული სჭირდება. თუ მხოლოდ უფასო სერვისებზე ვიქნები დამოკიდებული, ინფორმაციის ხარისხი, რომელსაც ვიღებ, გაცილებით გაუარესდება.”

ზოგისთვის გამოწერის სისტემა შემაშფოთებელია. ისინი ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის ახალი ამბები მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც ამაში ფულის გადახდა შეუძლია. ამიტომ, ორგანიზაციების ნაწილს, მაგალითად The Guardian-ს, ურჩევნია მათი პროდუქტი უფასო იყოს ყველასთვის და ნებაყოფლობით კონტრიბუციებს ითხოვენ.

მიზეზი, რის გამოც ადამიანები მედიას ფულს სწირავენ ყალბი ამბების ერაში ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკისა და თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერაა. ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად იხდიან ფულს ახალ ამბებში.
კატეგორია: რესურსები

ჟურნალისტების, როგორც საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა ინდივიდები, პოლიტიკოსები თუ კომერციული ორგანიზაციები, მთელს მსოფლიოში უამრავ დროს, ენერგიასა და ფულს ხარჯავენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი რეპორტიორებისთვის საჩუქრის ჩუქებაა.

მაშინ, როდესაც საქართველოში განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, სოციალური ქსელი ივსება ჟურნალისტებისთვის გაგზავნილი საჩურებით და საზოგადოებრივი მაუწყებელიც მმართველი პარტიის ხელმძღვანელის, ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახისგან საჩუქრად იღებს 350 ათას ლარამდე ღირებულების ტექნიკას, დასავლური მედიის სარედაქციო პოლიტიკა საჩუქრების მიმართ მკაცრი და ხისტია.


შტატში მყოფმა თანამშრომლებმა არ უნდა აიღონ საჩუქრები, ბილეთები, ფასდაკლებები, კომპენსაცია ან სხვა სახის წახალისება არც ერთი ინდივიდისა თუ ორგანიზაციისგან, რომელთა საქმიანობა The  New York Times-ს გაუშუქებია, ან მომავალში გააშუქებს (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ნივთის ღირებულება არ აღემატება 25 დოლარს. მაგალითად, ჭიქა ან კეპი კომპანიის ლოგოთი). საჩუქრები უნდა დაუბრუნდეს გამომგზავნს თავაზიანი ახსნა-განმარტებით.

შტატიან თანამშრომლებს  უფლება აქვთ აიღონ მხოლოდ ის საჩუქრები და ისარგებლონ იმ ფასდაკლებებით, რაც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.

The  New York Times-ს  მსგავსი სიტუაციებისთვის შესაბამისი წერილის ნიმუშიც აქვს შემუშავებული.

საჩუქარზე უარის წერილის ნიმუში
 

ძვირფასო XXXXXXXXX,

თვენი საჩუქარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ვაფასებ, რომ ჩემზე ფიქრობთ.

მაგრამ საჩუქარი უხერხულ სიტუაციაში მაყენებს. The New York Times უკრძალავს საკუთარ რეპორტიორებსა და რედაქტორებს ნებისმიერი ფასიანი ნივთის აღებას ადამიანებისგან თუ ჯგუფებისგან, რომელთაც აშუქებენ. გაზეთს არ სურს გარისკოს და გააჩინოს აღქმა, თითქოს ის კონკრეტული საკითხის გაშუქებისას ზედმიწევნით დააკვირდება დეტალებს, რადგან დაინტერესებულმა მხარეებმა წინასწარ დააფასეს მისი ძალისხმევა.

ასე რომ, უკან უნდა დაგიბრუნოთ საჩუქარი მადლობასთან ერთად. იმედი მაქვს, გაიგებთ ჩვენს პოზიციას და მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის.

პატივისცემით,


ჩვენ არ ვიღებთ საჩუქრებს ახალი ამბების წყაროებისგან. არ ვთანხმდებით უფასო მოგზაურობებს. არსებობს ამ წესის მხოლოდ რამდენიმე და ძალიან ნათელი გამონაკლისი - საკვებზე დაპატიჟება, მაგალითად, შესაძლებელია პერიოდულად, როცა მას არ აქვს განმეორებითი ხასიათი წინასწარ განსაზღვრული მიზნით. აკრძალულია უფასო მოსაწვევების აღება ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის უფასო არაა. ერთადერთი გამონაკლისია უფასო ადგილები, რომლებიც არ იყიდება, როგორიცაა პრესისთვის გამოყოფილი სივრცე, ან/და ბილეთები კრიტიკოსების შეფასებისთვის.


გუნდის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საკუთარი პოზიცია თავიანთთვის, ან სხვებისთვის შეღავათების მისაღებად.

  1. კომპანია The Guardian News and Media არ დაუშვებს, რომ საჩუქრებმა დააკნინოს სიზუსტე, სამართლიანობა და დამოუკიდებლობა. სარედაქციო კეთილგანწყობის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა საჩუქრების შემოთავაზებით უნდა ეცნობოს რედაქტორს.

  2. ჩვენ ცხადად უნდა მივუთითოთ, როცა ჟურნალისტის ტრანსპორტირებისა თუ განთავსების ხარჯებს ფარავს ავიაკომპანია, სასტუმრო ან სხვა.

  3. სამოგზაურო მასალებზე მუშაობის გარკვეული შემთხვევების გარდა, ჟურნალისტის პარტნიორის, ოჯახის წევრის ან მეგობრის მოგზაურობის ხარჯებს ფარავს ჟურნალისტი, ან თანმხლები პირი.

  4. მასალაზე მუშაობისას თანამშრომლები თავისუფალნი უნდა იყვნენ კომერციული გავლენებისგან, მათ შორის რეკლამის დამკვეთთა ინტერესების გავლენებისგან.

  5. საჩუქრები, რომელთა ღირებულება აჭარბებს 50 ფუნტ სტერლინგს, თავაზიანად უნდა დაუბრუნდეს გამომგზავნს, ან გადაეცეს ქველმოქმედებას.

 

 

საჩუქრები და გართობა


თომსონ როიტერსის ქცევის კოდექსი ჟურნალისტებს ახსნებს, რომ მათ უარი უნდა თქვან ახალი ამბების წყაროსგან შეთავაზებულ ნებისმიერ საჩუქარზე, უფასო სერვისსა თუ შეღავათებზე. ზოგიერთ საზოგადოებაში განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად რელიგიურ დღესასწაულებზე საჩუქრის მიღება და ჩუქება ტრადიციის ნაწილია. ასეთ დროს საჩუქარზე უარის თქმა შესაძლოა გამომგზავნისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს, რის გამოც ჟურნალისტი კარგად უნდა დაფიქრდეს და ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია საჩუქრის ღირებულება - დასაშვებია ტრადიციული საჩუქრის აღება, რომლის ღირებულება სიმბოლურია. სხვა შემთხვევაში ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას საჩუქარზე და აუხსნას გამომგზავნს ჩვენი წესები. თუ ღირებულ საჩუქარზე უარის თქმა შეუძლებელია, ის უნდა გადაეცეს ჟურნალისტის მენეჯერს შესაბამისი ქველმოქმედებისთვის გადასაცემად. ახალი ამბის შეგროვების პროცესში ჟურნალისტებს ხშირად პატიჟებენ საუზმეზე, ლანჩსა თუ ვახშამზე. ასეთ სტუმართმოყვარე ჟესტებზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს წყაროს მიმართ ვალდებულების აღებად არ აღიქმება.


BBC-ის თანამშრომლები არცერთ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდნენ პერსონალურ შეღავათებს. სტუმართმოყვარეობის ნებისმიერი აქტი უცხო ინდივიდებისგან თუ კომპანიებისგან კარგად უნდა შეფასდეს, რათა არ დაზიანდეს BBC-ის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა.

ადამიანები არ უნდა დათანხმდნენ შეღავათებს საკუთარი თავისთვის, ოჯახისა თუ ახლოებლებისთვის იმ ორგანიზაციებისა თუ ადამიანებისგან, რომელთან ურთიერთობაც BBC-ის სახელით აქვთ. მიუღებელი შეღავათი შეიძლება იყოს ფასდაკლებები, სერვისები, ფული, სესხები და სხვა. შეთავაზების დროს BBC-ის თითოეულმა თანამშრომელმა კონსულტაცია თავისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან უნდა გაიაროს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
29 მაისს მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. 30 მაისს, ბაბჩენკო პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და თქვა, რომ სიკვდილის სცენა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გაითამაშა. მედია გამოცემების ნაწილმა წინა დღის ამბავი განაახლა, ან შეცვალა. 
iMediaEthics-მა რამდენიმე მაგალითი შეაგროვა:

The Associated Press-მა შესწორება გაავრცელა:

29 მაისს უკრაინაში რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალაში, The Associated Press და სხვა მედია ორგანიზაციები, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაყალბებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ არკადი ბაბჩენკოს ესროლეს და მოკლეს. ბაბჩენკო მეორე დღეს პრესკონფერენციაზე გამოჩნდა და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა მისი სიკვდილის ინსცენირება მოაწყვეს, რათა მისი სიცოცხლე რეალური საფრთხისგან დაეცვათ.

The New York Times-მა მასალის შესავალში განახლება დაურთო:

[განახლება: 30 მაისს, არკადი ბაბჩენკო პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რათა განეცხადებინა, რომ მისი მკვლელობის ამბავი დადგმული იყო.]

ასე მოიქცა ბრიტანული the Guardian, მან მასალა განაახლა:

ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ არკადი ბაბჩენკომ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, სავარაუდოდ, მოსკოვის მხრიდან რეალური საფრთხის გამო.

Newsweek-ის განახლებაში ვკითხულობთ:

განახლება | უკრაინის ადგილობრივმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, პრეზიდენტ პუტინისა და კრემლის კრიტიკოსი კიევში მოკლეს. თუმცა, მეორე დღეს ის პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.

CNN-მა მასალას რედაქტორის შენიშვნა დაურთო:

არკადი ბაბჩენკოს სიკვდილზე ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს გაირკვა, რომ მისი მოკვლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ იყო დადგმული. სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ შეთქმულების გამოსააშკარავებლად.

Telegraph-მა მასალას ასე განაახლა:

“განახლება, 30 მაისი: ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოააშკარავდა, რომ ბატონი ბაბჩენკო რეალურად არ მოუკლავთ.“

მასალა განაახლა NPR-მაც:

რუსი ჟურნალისტი, რომელიც, თითქოს, უკრაინის დედაქალაქში, საკუთარ ბინაში მოკლეს, დაახლოებით 24 საათის შემდეგ პრესკონფერენციაზე ცოცხალი გამოცხადდა. “ცოცხალი ვარ”, - თქვა ბაბჩენკომ და თავის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მათ ბაბჩენკოს სიკვდილი დადგეს, რათა გამოეაშკარავებინა ადამიანები, რომლებიც მის მკვლელობას რეალურად ცდილობდნენ.

BuzzFeed-მა შესწორება ტვიტერზე დაწერა:

“გუშინ თითქოს მოკლული არკადი ბაბჩენკო სულაც არაა მოკლული.”
კატეგორია: საქართველო
ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 29 მაისს, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად მუხტარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ერთი წლის შემდეგ ისევ უცნობია მომხდარის დეტალები და პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში. თუმცა, ცნობილია როგორ აისახა ეს ფაქტი საქართველოზე.

აფგან მუხტარლის საქმე, გასული ერთი წლის განმავლობაში, მოხვდა ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. ამ პერიოდში მოვისმინეთ არაერთი კრიტიკული განცხადებაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

მომხდარიდან ორ კვირაში ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო, რითაც დაგმო მუხტარლის “თბილისიდან გატაცება და შემდგომ ბაქოში დაპატიმრება”. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ესაა ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ფაქტი.

ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს მომხდარში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

იმავე წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მუხტარლის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. “ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით გამოძიებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, სავარაუდო გატაცების შესახებ და მოვუწოდებთ მათ, რომ იგი იყოს გამჭვირვალე და დროული”, - ეწერა 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

აფგან მუხტარლის საქმე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

2009 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებისა და რუსთავი 2-ზე ზეწოლის ფაქტებთან ერთად, დემოკრატიის გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია აფგან მუხტარლის საქმეს ასახელებს.

“მუხტარლი საქართველოში აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის ბიზნესებს იძიებდა. მისი მასალები საქართველოს ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რასაც მივყავართ სპეკულაციამდე, რომ მისი არაკანონიერი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ერთგვარი საჩუქარი იყო მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მუხტარლის საქმე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის ქვეთავში შეიყვანა Amnesty International-მა: “გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის”.

მუხტარლის გაუჩინარებისთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) საქართველოს ოფიციალური პირებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, - როგორ და რატომ გაიტაცეს და გადაიყვანეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში. ორგანიზაცია აზერბაიჯანისგან აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, Human Rights Watch, საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ივნისში მიმართეს.

“აფგან მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის, როგორც კავკასიის რეგიონის ლიდერ ქვეყანაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,”- ვკითხულობთ წერილში.

გასული წლის დეკემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესნენ და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში PACE-ს წევრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები არიან, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი შეშფოთება.
კატეგორია: ეთიკა
ბოლო რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უცნობი ნივთიერების ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები დადგენილი არაა, ონლაინმედიის ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა, რომლებიც თითქოს კლუბებში იყიდება.

მომხდარს სოციალურ ქსელში დისკუსია და ბევრი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი კლუბების დახურვას მოითხოვს და წერს, რომ იქ “ბავშვებს რყვნიან”, ნაწილი კი თემას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ამით უარეს შედეგებს მივიღებთ.

ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა, მსგავსი ფაქტები, ახლაც მედიის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა, ონლაინმედიის ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების ციტირებით შემოიფარგლა. ამგვარ გამოცემებს მკითხველისთვის არც გადამოწმებული ფაქტები შეუთავაზებიათ, არც პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე უმსჯელიათ და არც სხვადასხვა მხარის პოზიცია უჩვენებიათ. ასეთმა მიდგომამ კი, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, არასწორ დისკუსიას, სტერეოტიპების გამყარებასა და თემის დემონიზაციას (ნეგატიურად წარმოჩენას) შეუწყო ხელი.

ამის ნათელი მაგალითია ჯონდი ბაღათურიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ახალ ამბად ქცევა. ბაღათურიამ 29 აპრილს დაწერა, რომ “ბოლო 4 დღეში თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით და ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, რადგან პოლიცია ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”.

ბაღათურიას ეს განცხადება ონლაინმედიების ნაწილმა უცვლელად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნა.  მაგალითად: Alia.ge, ww.ge, dainteresdit.ge, metronome.ge, cyc.ge, sazogadoeba.ge, newsroom.com.ge, sarkenews.ge, dianews.ge, gmvt.ge. ამით მათ ფაქტობრივად მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას პლატფორმის როლი შეასრულეს. გარდა იმისა, რომ სტატუსი დაუდასტურებელ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს (რეალურად ორი ადამიანი გარდაიცვალა), გამოცემებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული აზრი არ შეუთავაზებიათ. მასალებში არაა წარმოდგენილი არცერთი კლუბისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის პოზიცია.

მსგავსი, დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი მასალა გაავრცელა 30 აპრილს newposts-მაც. სტატიის - "კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება”, უდიდესი ნაწილი ეთმობა მღვდელ პეტრე კოლხის მოსაზრებებს, რომლის მტკიცებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვნები დადიან და მათ იქ ნარკოტიკებს სთავაზობენ. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა პეტრე კოლხის ნათქვამის გადასამოწმებლად.

“როგორც ამბობენ” - წერს ავტორი და აგრძელებს - “სწორედ “მეფედრონმა” იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა”, თუმცა ბუნდოვანია ვინ ამბობს ამას. მკითხველისთვის გაუგებარი რჩება ვინაა ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად კი, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ტერმინი “კლუბური ნარკოტიკი” აერთიანებს იმ ნივთიერებებს (MDMA, LSD და სხვა), რომელთა მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ეიფორიისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. “კლუბური ნარკოტიკი” არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კლუბებშია ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მათი მოხმარება რესტორანში, სახლში, პარკში და ა.შ. (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქმედება დასჯადია). შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ უკავშირებს ქართული მედიის ნაწილი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ამბებს, ხშირად, კლუბებს.

უცნობი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაცით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას, უმჯობესია, მედიამ კარგად გადაამოწმოს ყველა ფაქტი და განცხადება, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ფოკუსირდეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, სავარაუდოდ რომელი ნივთიერება გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი, არის თუ არა მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარება მომაკვდინებელი თუ ფატალური შედეგი მხოლოდ სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღების დროს დგება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზედოზირების დროს და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ნარკოტიკების საკითხზე მომუშავე ჯგუფი და მათი რეკომენდაციაც ისევე მარტივად ხელმისაწვდომია, თუნდაც იგივე სოციალურ ქსელში, როგორც სხვადასხვა პირების განცხადებები.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო "როსკომნადზორი" 16 აპრილის შემდეგ ცდილობს დაბლოკოს რუსული მესენჯერ აპლიკაცია Telegram. ამის გამო 10 დღეზე მეტია ინტერნეტის მომხმარებლებს რუსეთში სხვადასხვა რესურსის გამოყენება უჭირთ. "როსკომნადზორის" ომი ტელეგრამის წინააღმდეგ შეეხო ისეთ სერვისებს, როგორიცაა: Facebook, Twitter, Google, Amazon, Яндекс, ВКонтакте და სხვა.

ტელეგრამი cloud-ზე დაფუძნებული შეტყობინებების სერვისია, რომელიც მომხმარებელს დაცულ კომუნიკაციას სთავაზობს. კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული და მისი დამაარსებელი რუსი პაველ დუროვია. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და "როსკომნადზორის" მტკიცებით, აპლიკაციას ტერორისტები იყენებენ, რის გამოც ტელეგრამისგან მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომა მოითხოვეს.

პაველ დუროვს რუსეთის ხელისუფლებასთან დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს. დუროვი რუსული სოციალური ქსელის VKontakte-ს დამფუძნებელიცაა. 2011 წელს, როდესაც მან ოპოზიციის ლიდერების პროფაილების წაშლაზე საჯაროდ განაცხადა უარი, მისი თქმით, სახლში შეიარაღებული ძალები მიუვარდნენ.

"დავიწყე ფიქრი, როგორ დამეცვა თავი, როგორ დავკავშირებოდი ჩემს ძმას და გავაანალიზე, რომ დაცული კომუნიკაციის ძალიან ცოტა არჩევანი მქონდა", - ამბობს დუროვი. საბოლოოდ, მან VK-ზე კონტროლი დაკარგა და რუსეთის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ტელეგრამი დააფუძნა.

ტელეგრამი აცხადებს, რომ შიფრების გასაღების გაცემა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან მესენჯერი მომხმარებლების მოწყობილობებს იყენებს და შიფრებიც მუდმივად იცვლება. აპლიკაცია ასევე იყენებს სხვადასხვა ტექნიკური გიგანტის სერვისებს და მუდმივად იცვლის IP მისამართებს.

სწორედ IP მისამართების დაბლოკვით ცდილობს "როსკომნადზორი" ტელეგრამზე წვდომა შეზღუდოს, რის გამოც რუსი მომხმარებლები ხან კინოს ბილეთებს ვერ ყიდულობენ, ხან კი კბილების სკანირებას ვერ ახერხებენ სტომატოლოგთან.

27 აპრილს, დროებით დაიბლოკა: Twitter, Facebook და რუსული ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა: Yandex და VKontakte. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვა მხოლოდ ორი საათით გაგრძელდა, იანდექსმა განმარტებები მოითხოვა:

"ტელეგრამის დაბლოკვის მცდელობამ მოულოდნელად მთელ რუსულ ინტერნეტ სივრცეს დაარტყა. დაბლოკვა შეეხო არა მხოლოდ მესენჯერს - დაზარალდა უამრავი რესურსი და მათი მომხმარებლები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სიტუაცია ნორმალური არაა. რუსული ბაზარი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ღია კონკურენციის პირობებში”, - განაცხადა იანდექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ოჩირ მანჯიკოვმა.

“როსკომნადზორის” ქმედებებით დაზარალებულ საიტებს შორის მოხვდა Coda Story-ის რუსულენოვანი ვერსია.  


დაიბლოკა ერთი თვის წინ გაშვებული ტელეარხის Астрахань-24-ის საიტი, ხარვეზით მუშაობდა ონლაინ ლექსიკონი ABBYY Lingvo, სპამებისგან დამცავი სერვისი reCAPTCHA, რომელიც Google-ს ეკუთვნის. მასობრივი დაბლოკვის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა მობილური აპლიკაცია VSCO - ფოტოების დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი. პრობლემები ჰქონდა “საპრეზიდენტო გრანტების ფონდის” ვებსაიტი.

ტელეგრამის დაბლოკვის მცდელობისას “როსკომნადზორმა” პრობლემები შეუქმნა Viber-ისა და Skype-ის მომხმარებლებს. ეს მესენჯერები კი Microsoft-ს ეკუთვნის. 





ავიაბილეთების კომპანია “Купибилет-მა” მომხმარებლებს წერილები დაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდა, რომ ზოგიერთი ფუნქცია საიტზე შესაძლოა არ მუშაობდეს.

The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთში ამ დრომდე დაბლოკილია Google-ისა და YouTube-ის 18 მილიონამდე IP მისამართი. ამის მიუხედავად, ტელეგრამი მაინც მუშაობს და ეს 26 აპრილს კრემლის პრეს სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, “როსკომნადზორის” მცდელობების მიუხედავად ტელეგრამს იყენებს.


კატეგორია: ეთიკა
რასიზმის პრობლემა არის ყველგან  და სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა. ამის მიუხედავად, ქართული მედიის ნაწილი ხშირად თემას ზედაპირულად და არასწორი მიმართულებით აშუქებს. საკითხზე სასაუბროდ არაკომპეტენტურ სტუმრებს იწვევს და შესაბამისად აუდიტორიას ვერ სთავაზობს არგუმენტირებულ მსჯელობას. მეტიც, ხანდახან ჟურნალისტებს უჭირთ გაუმკლავდენენ გადაცემის მონაწილეს, რომლის სტერეოტიპული დამოკიდებულებები, დიდი ალბათობით, წინასწარაც იცოდნენ. საქართველოში ძირითადად ანტითურქული, ანტიირანული, ანტიარაბული და ანტიინდური განწყობებია.

არცთუ იშვიათია ისეთი შენიღბული რასიზმის შემცველი განცხადებები, როგორიცაა - „მიგრანტები „ქართულ გენს“ უქმნიან საფრთხეს“, „ქართველები საქართველოში მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან“, „უცხოელები ქართველ ქალებს გვართმევენ“ (თითქოს ქართველი ქალები ქართველი კაცების საკუთრება არიან). ამასთან, დასავლეთშიც და საქართველოშიც უფრო და უფრო იმატებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიცხვი. რასიზმის პრობლემის საილუსტაციოდ, ბოლო წლებში, მედიაში გავრცელებული რამდენიმე შემთხვევაც კმარა. რასისტული შინაარსის განცხადებები უცხო არც ქართველი პოლიტიკოსებისთვისაა. რამდენიმე ასეთი განცხადება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2015 წლის მოხსენებაშიც მოხვდა. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმადაც, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება.

ამგვარი ფონის მიუხედავად ტოქშოუში საკითხზე არარელევანტური სტუმრებით, უფოკუსო და ზედაპირული მსჯელობა იშვიათი გამონაკლისი არ არის. ამის ნათელი მაგალითი იყო 23 აპრილს “TV პირველის” ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, რომლის მეორე ბლოკის მიზანი იყო დაედგინა, არის თუ არა საქართველოში რასიზმის პრობლემა. საკითხის ამგვარად დასმით, ზემოთ აღნიშნული რასობრივი დისკრიმინაციის არაერთი მაგალითის მიუხედავად, გადაცემაში საერთო ჯამში პრობლემა დაკნინდა და საერთოდ არსებობა არარსებობამდე დავიდა დისკუსიის ფოკუსი. სტუმრების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში რასისტული განწყობები საერთოდ არ არის და მედიამ სხვა საკითხები უნდა გააშუქოს.

გადაცემაში ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი იმ საკითხში, სადაც მეორე მხარე არ არსებობს, რადგან რასიზმს გამართლება არ აქვს და ყველა შემთხვევაში მიუღებელი უნდა იყოს. ამ გადაცემაში კი ერთ მხარეს იურისტები ნინო ბოლქვაძე და ლევან ალაფიშვილი იდგნენ, მეორე მხარეს კი ნიკოლოზ მჟავანაძე და დავით ლორია “უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“. მსჯელობაში მონაწილეობდნენ დარბაზში მსხდომებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ფერადკანიანი პირები.

გადაცემის ამგვარი ფოკუსისა და სტუმრების გამო რაიმე საკითხის საფუძვლიანი განხილვის ნაცვლად დისკუსია ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა. გადაცემაში “უფლებათა დამცველის” სტატუსით მიიწვეული იყო სტუმარი (ნიკოლოზ მჟავანაძე), რომლის ანტიდასავლური და ისლამოფობიური განცხადებები მრავლად იძებნება. გადაცემაში კი მის დისკრიმინაციულ და უფოკუსო რეპლიკებსა და ბრალდებებს წამყვანი ვეღარ გაუმკლავდა, არაერთხელ მიუთითა, რომ სისულელეს ამბობდა და გადაცემის დატოვებისკენაც მოუწოდა. რეალურად რესპონდენტის ეს განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა მისი სხვა გამოსვლებისგან და წამყვანისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამგვარი რიტორიკა, შესაბამისად გაუგებარია მაშინ რატომ მიიწვია და რა ინფორმაციის მიღებას ელოდა მისგან. 

ტოქშოუს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე შავკანიანი კაცისა და სავარაუდოდ, ქართველი ქალის ქორწინების ცერემონიის ფოტოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფითი გამოხმაურება. კიდევ ერთი გახმაურებული ინციდენტი მოხდა ბელიაშვილზე, სადაც ნიგერიელ სტუდენტებს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივით ადგილობრივები თავს დაესხნენ. ეს ინციდენტები გაიხსენა წამყვანმა, ვახო სანაიამ და სტუმრებს ამ კითხვით მიმართა: “არის თუ არა ეს ყველაფერი რეალობა, თუ მაინც გაზვიადებულია ეს თემა?!”

გადაცემის განმავლობაში, რომლის უდიდესი ნაწილი ხმაურის ფონზე წარიმართა, მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ “ერთი ბელიაშვილის ქუჩით ავაგეთ მთელი ჰიპოთეზა, რომ საქართველოში ფერადკანიან ადამიანებს ჩაგრავენ.” ის მოუწოდებდა წამყვანს გაეშუქებინა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პრობლემები და აცხადებდა, რომ ამ საკითხით “TV პირველი” კომპანია სოკარის რეკლამის გამო არ ინტერესდება.
გადაცემის მიწურულს, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მაყურებელი ვახო სანაიასა და ნიკოლოზ მჟავანაძის კამათს ისმენდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დისკუსიის თემასთან. წამყვანმა სტუმრის თემაზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო და სტუდიის დატოვებისკენ მიუთითა.

“გინდა სტუდიაში, გინდა გარეთ, ეთერის მერე, გაბედეთ რაც გინდათ; ისე არ ქნათ, რომ ბოლო ეთერი იყოს თქვენთვის აქ; წადით თუ გინდათ… უკაცრავად მაყურებელთან, თქვენ როგორც უფლებადამცველი აღორძინდით. რაც ხართ ის ხართ, კარგად გამოჩნდა”, - უთხრა წამყვანმა. დისკუსის არასწორმა ფოკუსმა და არარელევანტურმა სტუმრებმა საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ერთი საათისა და 15 წუთის განმავლობაში გადაცემაში ძირითადად ზოგადი მოსაზრებები ისმოდა, დისკუსია დაცლილი იყო კონკრეტიკისგან და არგუმენტირებული მსჯელობისგან. საბოლოოდ, ვერც გადაცემის მთვარ კითხვას გაეცა პასუხი და მაყურებელმა ვერ გაიგო “არის თუ არა რასიზმი საქართველოში”.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
16 აპრილს, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრიზი 14 ჟანრში გაიცა.

2018 წლის გამარჯვებულთა სია ასეთია:

1. საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) The New York Times, ჯოდი კენტორისა და მეგან თუეის რეპორტინგისთვის და The New Yorker,  რონან ფეროუს რეპორტინგისთვის.

გამოცემები დაჯილდოვდნენ მდიდარი და გავლენიანი სექსუალური მოძალადეების გამოააშკარავებისთვის, მათ შორის, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერის მიმართ ბრალდებების გაშუქებისათვის.

2. Breaking News Reporting - The Press-Democrat

კალიფორნიის ისტორიული ხანძრების პროფესიონალურად გაშუქებისთვის, მათ შორის, ფოტო, ვიდეო და სოციალური მედიის გამოყენებით.

3. საგამოძიებო რეპორტინგი - The Washington Post-ის თანამშრომლები

მიზანმიმართული და მკაცრი რეპორტინგისთვის, რომელმაც ალაბამას შტატში სენატის არჩევნების მიმდინარეობა შეცვალა და გამოააშკარავა, როგორ ავიწროებდა სექსუალურად თინეიჯერ გოგოებს ერთ-ერთი კანდიდატი.

4. Explanatory Reporting - The Arizona Republic-ია და USA Today Network-ის თანამშრომლები

ცხადი და დროული რეპორტინგისთვის, ტექსტის, ვიდეოს, პოდკასტისა და ვირტუალური რეალობის პროფესიონალური კომბინირებისა და მკითხველისთვის რამდენიმე პერსპექტივის შეთავაზებისთვის.

5. ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - The Cincinnati Enquirer-ის თანამშრომლები

ქალაქ ცინცინატის ჰეროინის 7-დღიანი ეპიდემიის საინტერესო ვიდეო დოკუმენტირებისთვის.

6. ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - The New York Times-სა და The Washington Post-ის რეპორტიორები

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მონაწილეობის და ტრამპის კამპანიასთან კავშირების ღრმა და მკაცრი გაშუქებისთვის.

7. საერთაშორისო რეპორტინგი - Reuters-ის ჟურნალისტები: კლერ ბლადვინი, ენდრიუ რ.ს. მარშალი და მანუელ მოგატო

ნარკოტიკების წინააღმდეგ ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ომის გაშუქებისთვის, რომელმაც სასტიკი მკვლელობების კამპანია გამოააშკარავა.


8. ფიჩერსი - Rachel Kaadzi Ghansah, ფრილანსერი რეპორტიორი, GQ

უნიკალური ხერხების გამოყენებით, მკვლელის, დილა რუფის დაუვიწყარი პორტრეტის შექმნისთვის, რომელმაც ჩარლსტონში, აშშ-ში ეკლესიაში ცხრა ადამიანი მოკლა.

9. კომენტარი - Alabama Media Group-ის ჟურნალისტი ჯონ ერჩიბელდი

ლირიკული და მამაცი კომენტარისთვის კორუმპირებული პოლიტიკოსების შესახებ, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია რეზონანსი.

12. სარედაქციო კარიკატურა - ჯეიკ ჰელპერნი, ფრილანსერი მწერალი და მაიკლ სლოენი, ფრილანსერი კარიკატურისტი, The New York Times

ლტოლვილების ოჯახის ყოველდღიური პრობლემებისა და დეპორტაციის შიშის ემოციური გრაფიკული ფორმით გადმოცემისთვის.


11. კრიტიკა - New York magazine-ის კრიტიკოსი ჯერი სალსი

ამერიკის ვიზუალური ხელოვნების ორიგინალური და თამამი კრიტიკისთვის.

12. ახალი ამბების ფოტო - The Daily Progress-ის რეპორტიორი რაიან კელი

შარლოტსვილში რასისტული ინციდენტის დროს გადაღებული ფოტოსთვის.

13. სარედაქციო სვეტი - The Des Moines Register-ის ჟურნალისტი ენდი დომინიკი

ამერიკის ჯანდაცვის პროგრამის, Medicaid-ის საზიანო შედეგების სენტიმენტებისგან თავისუფალი გაანალიზებისთვის.

14. ფოტოისტორია - Reuters-ის ფოტორეპორტიორები

შოკისმომგვრელი ფოტოებისთვის, რომლებზეც როჰინჯას ლტოლვილების მიმართ ძალადობას ასახავს. ფოტოსერია სრულად იხილეთ აქ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ოჯახის მტკიცებით, სირიაში ომის დასაწყისში მოკლული ჟურნალისტის მარი კოლვინის მკვლელობა ხელისუფლებამ შეუკვეთა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ სასამართლოს ახალგამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მითითებული.

მარი კოლვინი, Sunday Times-ის კორესპონდენტი, 2012 წლის თებერვალში სირიის ქალაქ ჰომსში, ერთ-ერთ შენობაში, ფრანგ ფოტოგრაფ რემი ოჩლიკთან ერთად ჩაცხრილეს.

სამხედრო ჩანაწერები და იმ პირების ჩვენებები, რომლებმაც არსებული სიტუაციის გამო სირია დატოვეს, ცხადს ხდის, როგორ ამოიღეს მიზანში კოლვინი.

ჩვენებების თანახმად, დოკუმენტები, რომლებიც საქმეში ფიგურირებს ამტკიცებს, რომ სირიის ხელისუფლება ჟურნალისტებს მობილური ტელეფონის სატელიტური სიგნალებით უთვალთვალებდა მათი ადგილსამყოფელის გასაგებად.

კოლვინის ოჯახის ადვოკატი, სკოტ გილმორი ამბობს, რომ დოკუმენტებში ასევე მოცემულია მტკიცებულებები, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას "მედიის თანამშრომლები მიზანში ამოღებული კონფლიქტის დასაწყისშივე ჰყავდა." ასადის სიტყვებია, რომ კოლვინი ქვეყანაში არალეგალურად შევიდა, "ტერორისტებთან თანამშრომლობდა" და "მომხდარზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება".

ერთ-ერთი ანონიმური მოწმე სირიის მაღალჩინოსან სამხედროებს ასახელებს, რომლებმაც, ჩვენების თანახმად, ჟურნალისტების მკვლელობის მომდევნო დღეს იქეიფეს. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ გენერალი დააწინაურეს, მილიციის უფროსს კი ახალი მანქანა აჩუქეს.

ამავე თავდასხმის დროს დაჭრილი ბრიტანელი ფოტოგრაფი პოლ ქონროი ამბობს, რომ დასავლელი ჟურნალისტების მიმართ სირიის ხელისუფლების მტრული განწყობის შესახებ სმენოდა, თუმცა გადაწყვიტა გაეგრძელებინა მუშაობა მარი კოლვინთან ერთად და "გამოეაშკარავებინათ სიმართლე, თუ რა ხდებოდა სირიაში".

სირიის შვდიწლიან ომში 200-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. ხელისუფლება კი ბრალდებებს უარყოფს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები


"ებრაელების წინაპრები ღორები იყვნენ", - 2015 წელს BBC-ის ეთერში ნათქვამი არასწორი ციტატის გამო, რომელიც თითქოს მუსლიმ იურისტსა და ისლამური შარიათის საბჭოს მოსამართლეს, ჰაითამ ალ-ჰადადს ეკუთვნოდა, მაუწყებელმა შესწორება 2018 წლის 14 მარტს გააკეთა. ისლამური შარიათის საბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მუსლიმებს სამართლებრივად ეხმარება.

რეალურად ალ-ჰადადს მსგავსი რამ არ უთქვამს. როგორც მისი იურისტი iMediaEthics-თან აცხადებს, ეთერამდე BBC-ის ციტატა ალ-ჰადადთან არ დაუზუსტებია და ბრალდებაც ამ დრომდე განთავსებული იყო მის ვებ გვერდზე.

ალ-ჰადიდის ერთ-ერთი იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეძრწუნებული იყო არასწორი ციტირების გამო და რომ BBC-მ არაფერი იღონა დაუდასტურებელი ინტერნეტ წყაროს გადამოწმებისათვის:

​"ელემენტარული მოკვლევა რომ გაეკეთებინა, მიხვდებოდა, რომ ჩემს კლიენტს მსგავსი არაფერი უთქვამს... BBC-მ, ასევე, დაარღვია საკუთარი სამართლიანობის ნორმები და ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც ბრალდება ისე გაუშვა ეთერში, რომ ჩემს კლიენტთან დაკავშირება არც უცდია."

14 მარტის შესწორება BBC-ის ვებგვედზე:

"2015 წლის 5 მარტს, BBC-ის ეთერში This Week-ის ეპიზოდში ჰაითამ ალ-ჰადადის შესახებ BBC-მ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი იყო, რომ ალ-ჰადადის აზრით, ებრაელების წინაპრები ღორები იყვნენ. ბატონმა ალ-ჰადადმა დაარწმუნა BBC, რომ მსგავსი რამ არასდროს უთქვამს და მაუწყებელი არასწორ წყაროს დაეყრდნო. BBC-მ მასალიდან აღნიშნული ბრალდება ამოიღო და აღარ გაიმეორებს".
კატეგორია: საქართველო
მედიაინდუსტრია ღრმა კრიზისშია - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინფორმაციის უფასო წყაროებს და სულ უფრო ნაკლები იხდის თანხას ინფორმაციისთვის. არასტაბილური სარეკლამო ბაზარი და დამოუკიდებლობა კომერციული და პოლიტიკური გავლენებისგან - როგორ მუშაობენ საერთაშორისო კერძო მედიები? გთავაზობთ რამდენიმე მედიაორგანიზაციის დაფინანსების სტრუქტურის მიმოხილვას.

The Guardian

Guardian news & Media (GNM) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ახალი ამბების ორგანიზაციაა, რომელიც 1821 წელს დაარსდა. GNM-ის შემადგენლობაში შედის Theguardian.com - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინგლისურენოვანი ვებსაიტი, მისი ამერიკული და ავსტრალიური სერვისები. ასევე, ბრიტანული გაზეთი The Guardian და საკვირაო გაზეთი The Observer.

გარდიანის მფლობელი კომპანიაა Guardian Media Group (GMG), რომლის ერთადერთი აქციონერი Scott Trust-ია. GMG მართავს ინვესტიციებს და არ ერევა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში. Scott Trust კი, გარდიანის ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორია. ტრასტი ლიბერალური ღირებულებებისა და ჟურნალისტური თავისუფლების დასაცავად შეიქმნა და The Guardian-ის მთავარ რედაქტორს სწორედ ის ნიშნავს.

გაერთიანებული სამეფოს სარეკლამო ბაზრის გაუარესების მიუხედავად, გარდიანის შემოსავალი 2017 წელს 2,4%-ით, 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც შემოწირულობების ზრდით იყო განპირობებული.

გარდიანის შემოსავალი რეკლამის, კონტრიბუციისა და გრანტებისგან შედგება:

სარეკლამო კონტენტის პრეზენტაციისას გამოცემა უთითებს, როგორ მომზადდა მასალა და ვინ დააფინანსა იგი. ასეთ მასალებზე ჩნდება სამიდან ერთი ნიშანი: მხარდაჭერილია (Supported by), დაფინანსებული კონტენტი (Paid content), ან დამკვეთის კონტენტი/ჩვენი რეკლამის დამკვეთებისგან (Advertiser content/from our advertisers);

ორგანიზაციას დაახლოებით 800 ათასი კონტრიბუტორი ჰყავს;

არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო, გარდიანი იღებს გრანტებსაც. იმ ფონდებს შორის, რომლებიც გამოცემას ფინანსურად უჭერენ მხარს არის: The Bill & Melinda Gates Foundation, The Joseph Rowntree, Open Society Foundations, Humanity United, Hivos, European Climate Foundation.

გარდიანი აცხადებს, რომ დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიუხედავად, ყველა შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.

New York Times

წარმატებული ბიზნეს მოდელი და ამერიკული ინოვაციური მედიასაშუალება The New York Times, NYT Company-ს საკუთრებაშია. კომპანიის აქციების 10% საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, 90% კი ადოლფ ოქსის შთამომავლებს ეკუთვნით და მაკონტროლებლის ფუნქციაც მათ აქვთ. კომპანია მოიცავს გაზეთს The New York Times, ვებსაიტს NYTimes.com და მათთან დაკავშირებულ საკუთრებებს. იგი ცნობილია, როგორც ინოვაციური მედიასაშუალება და წარმატებული ბიზნეს მოდელი.

გამოცემის ვებსაიტის მომხარებლებს უფასოდ თვეში 5 სტატიის წაკითხვის შესაძლებლობა აქვთ. ულიმიტო მომსახურებას კი მხოლოდ გამომწერები იღებენ.

თაიმსის 2017 წლის შემოსავლის უდიდესი ნაწილი, მილიარდ დოლარზე მეტი გამომწერებისგან მიღებული თანხაა, რეკლამა კი - 558 მილიონ დოლარზე მეტი. საერთო ჯამში, გასულ წელს კომპანიამ 1,7 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავა. გამოცემას 3,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

2017 წლის ბოლოს, თაიმსში 1 450 ჟურნალისტი მუშაობდა 160 ქვეყნიდან. საერთო ჯამში კი კომპანიაში სრულ განაკვეთზე მომუშავეთა რიცხვი 3 790 იყო. არსებობის ისტორიაში თაიმსმა 122 პულიტცერის პრიზი დაიმსახურა.

AP

The Associated Press 1846 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული კორპორაციაა, რომელიც დაახლოებით 1 300 გაზეთსაა და მაუწყებლებს აერთიანებს. AP ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უდიდესი ახალი ამბების სააგენტოა მსოფლიოში, რომელიც თავის წევრ მედიაორგანიზაციებს, საერთაშორისო გამომწერებს და კომერციულ კლიენტებს ფოტოებით, ტექსტით, გრაფიკებით, აუდიო და ვიდეო მასალებით ამარაგებს.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო მის გამომწერ მედიასაშუალებებზე მოდის, ასევე, ფოტო, ვიდეო და გრაფიკული მასალების ლიცენზირებაზე.

კომპანიის ყოველწლიურმა შემოსავალმა 2016 წელს 2 პროცენტით იკლო და დაახლოებით 556 მილიონ დოლარი შეადგინა. ფინასნების კლების ტენდენცია 2008 წლის შემდეგ დაიწყო, რაც ზოგადად ბაზარზე გაზეთების შემცირებითა და სოციალური მედიის როლის ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, ის ასე გადანაწილდა: შემოსავლის დაახლოებით 50%-ს - ტელევიზიებიდან, 23% -ს - გაზეთებიდან, ინტერნეტ კომპანიებიდან კი - 10%-ს იღებს. დანარჩენი ნაწილი საინფორმაციო სააგენტოებსა და რადიო სადგურებზე მოდის.

AP დამკვეთებს სთავაზობს სარეკლამო მომსახურებასაც: Native advertising, Display advertising და Social promotion.

სააგენტოს ქსელი 106 ქვეყანას მოიცავს. AP-ის ჟურნალისტებს 52 პულიტცერის ჯილდო აქვთ მიღებული.

Die Tageszeitung - Taz

მაშინ, როცა ძალიან ბევრი მედია ორგანიზაცია მდიდარი ოჯახებისა თუ კორპორაციების საკუთრებაა, ეს გერმანული გაზეთი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავის 15 700 მომხარებელს ეკუთვნის.

1992 წლის შემდეგ, Taz-ის კოოპერატივი გამოცემის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორია. დაარსების პირველივე დღიდან, გაზეთი მხოლოდ თავის მკითხველის წინაშეა ანგარიშვალდებული.

15,4 მილიონი ევროს ოდენობის საერთო კაპიტალის მქონე გამოცემას დღეს 50 ათასზე მეტი ნებაყოფლობითი გამომწერი და 250 თანამშრომელი ჰყავს. თუმცა ვებსაიტი აბსოლუტურად უფასოა.

Propublica

“ჩვენი მისიაა, გამოვააშაკარავოთ ძალაუფლებისა და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები მთავრობის, ბიზნესის, თუ სხვა ინსტიტუტის მხრიდან. ვიყენებთ ჟურნალისტური გამოძიების მორალურ ძალას, რათა წავახალისოთ რეფორმები პრობლემების აქტიური გაშუქებით”, - ProPublica დამოუკიდებელი, არაკომერციული, 100-მდე ადამიანისგან შემდგარი რედაქციაა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს.

გამოცემა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობა და პოლიტიკა, ბიზნესი, სისხლის სამართალი, გარემო, განათლება, ჟანდაცვა, იმიგრაცია და ტექნოლოგიები. ჟურნალისტური გამოძებები დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, რის გამოც ნიუსრუმების უმრავლესობას ამ მიმართულებს შენახვის ფუფუნება არ აქვს. პროპაბლიკა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, მხოლოდ დონაციებზეა დამოკიდებული.

2008 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციას დღეს 150 პარტნიორი ჰყავს. მხოლოდ 2017 წელს, პროპაბლიკა თანამშრომლობდა 46 ორგანიზაციასთან, როგორიცაა: The New York Times, The Washington Post, NPR News, The Atlantic, The New Yorker, Consumer Reports, National Geographic. ამავე წელს, პროპაბლიკამ 34 ათასი დონორისგან 28,2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
კატეგორია: საქართველო
როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, ან საერთოდ უნდა აფინანსებდეს თუ არა მას ხალხი? - ამ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა.

4 მარტს შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისთვის არსებული სავალდებულო მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ინიციატივას მხარს დაუჭერს, შვეიცარია გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტს გააუქმებს. პარალელურად საქართველოში, საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებულ თანხასთან ერთად კომერციული შემოსავლების მიღების შესაძლებლობა ეზრდება.

როგორ ინარჩუნებენ ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები დამოუკიდებლობას ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენებისგან? როგორია დაფინანსების მოდელები ქვეყნების მიხედვით? გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სტრუქტურის მიმოხილვას.

BBC, გაერთიანებული სამეფო - რეკლამის განთავსება მხოლოდ ერთ არხზე შეიძლება



British Broadcasting Corporation (BBC) - ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მსოფლიოს ყველაზე ძველი ნაციონალური სამაუწყებლო კომპანიაა. ის 1922 წელს, ლონდონში დაფუძნდა, დღეს კი მსოფლიოს უდიდესი მაუწყებელია.

BBC მოქმედებს Royal Charter-ის (სამეფო ქარტია) მიხედვით. მოქმედი ქარტია ძალაში 2017 წლის პირველ იანვარს შევიდა და 2026 წელს გაუვა ვადა. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მაუწყებლის მიზნებს და უზრუნველყოფს BBC-ის სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას პარლამენტისა და მთავრობისგან.

2017 წელს, BBC-ის საერთო შემოსავალმა 4,9 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი შეადგინა. დაფინანსების უდიდესი ნაწილი, 3,7 მილიარდ ფუნტზე მეტი სამომხმარებლო გადასახადზე მოდის. ბრიტანელები BBC-ის ლიცენზირებული ყურებისთვის თვეში £147 იხდიან.

რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ BBC Worldwide-ზე, რომელიც BBC-ის შვილობილი კომერციული არხია. 2017 წელს, აქედან მიღებული კომერციული შემოსავალი 1,1 მილიარდი იყო. Royal Charter BBC-ის ავალდებულებს, კომერციული შემოსავალი საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებაზე მიმართოს. მაგალითად, გასული შვიდი წლის განმავლობაში, კომპანიამ BBC Worldwide ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში 1 მილიარდი ფუნტის ინვესტიცია ჩადო.

Yle ,ფინეთი - მაუწყებელი ფინანსებს მოქალაქეებისგან მიღებული დამატებითი გადასახადით იღებს

Yleisradio Oy (Yle) - ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც 1926 წელს დაფუძნდა. კომპანიის 99,98% ფინეთის სახელმწიფო საკუთრებაა. Yle აერთიანებს 4 ნაციონალურ მაუწყებელსა და 6 რადიოს. ასევე, 24 რეგიონალურ რადიო სადგურს. 2016 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი 508 მილიონი ევრო იყო.

2013 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გამო, მისი დაფინანსების მოდელი შეიცვალა და მას შემდეგ Yle-ს ფინეთის მოქალაქეები და კომპანიები სპეციალური დამატებითი გადასახადით აფინანსებენ. კერძო პირები მაუწყებელს საკუთარი შემოსავლის 0,68 პროცენტს უხდიან, კომპანიები - 0,35 პროცენტს.

გადასახადს იხდის ყველა სრულწლოვანი, რომლის შემოსავალიც წელიწადში 10 300 ევროს აჭარბებს. არასრულწლოვნები და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები გადასახადს არ იხდიან. Yle-ს გადასახადი გროვდება ფონდში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი არაა. სრული თანხის 10% პროცენტი კი იქვითება.

ფინეთის კანონმდებლობა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსებას ყველა პლატფორმაზე უკრძალავს. მაუწყებელს ეკრძალება დასპონსორებული გადაცემების გაშვებაც.

2017 წელს თავად მაუწყებლის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ფინეთის მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ Yle-ის კონტენტი და სერვისები გადასახადს ამართლებს.

ARD , გერმანია - ერთი ბინა უდრის ერთ გადასახადს

ARD - გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლების კონსორციუმი რეგიონალური მაუწყებლების გაერთიანებაა, რომელიც 1950 წელს დასავლეთ გერმანიაში დაფუძნდა. კომპანია აერთიანებს 9 დამოუკიდებელ რეგიონალურ და მეათე საერთაშორისო მაუწყებელს Deutsche Welle (DW). 2016 წელს ARD-ის საერთო ბიუჯეტმა 6,5 მილიარდ ევროზე მეტი იყო.

ARD-ის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, 85% სამომხმარებლო გადასახადზე მოდის, რომლის გადახდაც ევალება თითოეულ ოჯახს, კომპანიასა და სახელმწიფო უწყებასაც კი. სამომხმარებლო გადასახადი უზრუნველყოფს ARD-ისა და მისი გადაცემების დამოუკიდებლობას პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

თუ ფინეთის მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელს თანხას ინდივიდუალურად უხდიან, გერმანიაში 2013 წლიდან ARD-ის მომხარებლებისთვის ასეთი წესი მოქმედებს: ერთი ბინა - ერთი გადასახადი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ ბინაში და რამდენ მოწყობილობას მოიხმარენ ისინი.ამჟამად ეს გადასახადი ერთ ბინაზე 17,50 ევროს შეადგენს.

რეკლამა მაუწყებლის შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ამჟამად, რეკლამა რადიოს საეთერო დროის მხოლოდ 0,8%-ს და ტელევიზიის საეთერო დროის 1,1%-ს იკავებს. რეკლამის გაშვება დაუშვებელია საღამოს 8 საათის შემდეგ, ასევე, კვრაობით და დღესასწაულებზე.

ERR , ესტონეთი - ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

Eesti Rahvusringhääling (ERR) - ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტელე-რადიო ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წლის პირველ ივნისს დაფუძნდა. ის აერთიანებს 5 რეგიონალურ რადიოსა და ორ ტელევიზიას.

ERR შემოსავლის უდიდეს ნაწილს, დაახლოებით 91 პროცენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, ERR-ის მენეჯმენტმა უნდა მოამზადოს საბიუჯეტო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება შემოსავლები, ხარჯები და ტრანზაქციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს მაუწყებლის მარეგულირებელმა საბჭომ - Eesti Ringhäälingunõukogu (RHN).

ესტონეთის კანონმდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებას კრძალავს. ამასთან, RHN-მა შესაძლოა, გამონაკლისის სახით, დაუშვას სარეკლამო ან დასპონსორებული მასალის გადაცემა თუ:

ის დაკავშირებულია საერთაშორისო მსხვილი ღონისძიების გაშუქების უფლებასთან ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (EBU) გზით;

ის დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის კულტურული ან სპორტული ღონისძიების გაშუქების უფლებასთან. ამასთან, აღნიშნული მასალის გაშვების დროს უნდა დასახელდეს სპონსორთა სახელები ყოველგვარი მუსიკალური ფონის, ლოგოსა თუ სავაჭრო ნიშნის გარეშე.

RTÉ , ირლანდია - გადასახადს იხდიან მხოლოდ ისინი, ვინც სატელევიზიო პროდუქტს მოიხმარენ

Raidió Teilifís Éireann (RTÉ) - ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაწილობრივ სახელმწიფო კომპანიაა. RTÉ-მ მაუწყებლობა 1926 წლის პირველ იანვარს დაიწყო. 2016 წლის ბოლოს აქ 1 984 ადამიანი მუშაობდა.

RTÉ ორგვარი სახის დაფინანსებას იღებს. 2016 წელს მაუწყებელს 337 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. აქედან 179 მილიონზე მეტი სამომხმარებლო გადასახადი იყო, კომერციულმა შემოსავლებმა კი 158 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყოველ ოჯახს, ბიზნესსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც სეტ ტოპ ბოქსს იყენებს თვეში 160 ევროს ოდენობის სამომხმარებლო გადასახადის გადახდა ეკისრება. ირლანდიაში ოჯახების 92% მოიხმარს სატელევიზიო პროდუქტს. თუ მომხარებელი გადასახადს არ იხდის, ის შესაძლოა დაჯარიმდეს 1 000 ევროთი. ამასთან, გადასახადისგან თავის არიდების მაჩვენებელი ირლანდიაში 14%-ია, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია.

RTÉ კომერციულ საქმიანობას იმით ხსნის, რომ საზოგადოებრივი სერვისებისთვის სამომხმარებლო გადასახადიდან შემოსული თანხა არ ჰყოფნის.

GPB - საქართველო - ბიუჯეტი მიბმულია მშპ-ზე



საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) ნაციონალური ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანიაა, რომელიც 1925 წელს დაფუძნდა, 2004 წლიდან მას სახელმწიფო ტელევიზის სტატუსი შეეცვალა და საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა.

მაუწყებლისთვის გამოყოფილი თანხა მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული და ყოველწლიურად არ უნდა იყოს წინა წლის მშპს 0,14%-ზე ნაკლები. 2017 წელს მაუწყებელი ბიუჯეტიდან 39,471,426 ლარით დაფინანსდა, კომერციულმა შემოსავალმა (სპონსორობა) 848,137 ლარი შეადგინა. ხოლო ტექმომსახურებისა და სხვა ტიპის არასამაუწყებლო შემოსავალი 2, 002, 772 ლარი იყო.

2018 წლის 21 თებერვალს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია იმ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს იმაზე მეტი კომერციული რეკლამის მოზიდვა და განთავსება შეეძლება, ვიდრე ცვლილებებამდე შეეძლო. მაუწყებლობის შესახებ კანონს ასევე ემატება რეგულაცია, რომლის თანახმადაც დასაშვები ხდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობაც.

კანონში ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, რეკლამის ნაწილთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: “საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში სასპონსორო და კომერციული რეკლამისგან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდამ, შესაძლოა მაუწყებელს შეუზღუდოს თავისუფლება აღნიშნულ კომერციულ ჯგუფებთან დაკავშირებით კრიტიკული და საგამოძიებო შინაარსის წარმოებისას”.

თორნიკე მანდარია