ინფლუენსერი ბავშვები Youtube-სა და Instagram-ზე - ირღვევა თუ არა ბავშთა შრომის კანონი
01.06.2019

გასულ წელს 7 წლის ამერიკელი ბიჭი სახელად რაიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიან იუთუბერად დასახელდა. მან 12 თვის განმავლობაში თავის Youtube არხზე (Ryan ToysReview) სხვადასხვა სათამაშოს განხილვით $22 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ტოპ 10 იუთუბერს შორის ერთადერთი ბავშვი აღმოჩნდა.

სოციალურ მედიაში ბავშვების მონაწილეობით უამრავი კონტენტი ვრცელდება. ბევრი ბავშვისთვის კი ეს სფერო ერთგვარ სამსახურადაც იქცა. ამასთან, გაჩნდა კითხვები, რამდენადაა ინფლუენსერი ბავშვების უფლებები დაცული სოციალურ მედიაში და ხომ არ ირღვევა ბავშვთა შრომის კანონი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა The Guardian-ის ჟურნალისტმა ჯულია ქერი ვონგმა სცადა.

ისინი ხსნიან ახალი სათამაშოების ყუთებს, თამაშობენ, იღებენ "პრანკ" ვიდეოებს, ამზადებენ ტყლარწებს, მღერიან, ცეკვავენ და იმახსოვრებენ ფრაზას: "გამოიწერეთ ჩემი არხი!"

ბავშვები YouTube-ისა და Instagram-ის იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.

თუკი წლების წინ ტელევიზიაში ტყუპი და: მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები იყვნენ პოპულარულები, ახლა სოციალურ მედიაში პოპულარულები იდენტური ტყუპი დები: ალექსის და ევა მაკლუერები არიან. ყველასთვის ცნობილი მაკოლეი კალკინი კი 7 წლის რაიანმა ჩაანაცვლა.

ფაქტობრივად, დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებს ჰოლივუდის სტუდიაში ფეხის დადგმის გარეშე შეუძლიათ წარმატების მიღწევა და ქონების დაგროვება. თუმცა, მათზე ოფიციალურად არ ვრცელდება კალიფორნიის კინო ინდუსტრიის ცენტრში არსებული შრომითი კანონები, რომლებიც სპეციალურად მსახიობი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

alt

სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც თავის დროზე მშობლების ან/და დამსაქმებლის მხრიდან ბავშვი მსახიობების შრომითი ექსპლუატაციისგან თავდასაცავად შემუშავდა, YouTube-ისა და Instagram-ის ცნობილ ბავშვებზე არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია კალიფორნიაში მდებარეობს.

დღესდღეობით ჰოლივუდში რამდენიმე ყოფილი მსახიობი ბავშვი და ექსპერტი ხმამაღლა საუბრობს არსებულ მდგომარეობაზე იმ იმედით, რომ სოციალური მედია პლატფორმები თავიანთ პრაქტიკას შეცვლიან ან პროცესში კანონმდებლები და მარეგულირებლები ჩაერთვებიან.

"არ მაინტერესებს თუ ეს უბრალოდ კამერის წინ საჩუქრების გახსნაა. ეს მუშაობაა და აღარაა თამაში, თუ ამისგან ფულს აკეთებ", - ამბობს შილა ჯეიმს კუელი, რომელიც ბავშვობაში მსახიობი იყო, ხოლო ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით 1999 წელს მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორია. კუელი ფიქრობს, რომ საჭიროა კანონები ჩასწორდეს, რათა ტექნოლოგიურ განვითარებას დაეწიოს.

არის თუ არა ბავშვის ინფლუენსერობა (ე.წ kidfluencing-ი) მუშაობა?
 

ტყუპი დის: ალექსის და ევას მშობლებმა, ეიმი მაკლუერმა და მისმა ქმარმა გასულ წელს სამსახურები მიატოვეს იმისთვის, რომ თავიანთი შვილების კარიერა წარემართათ. შედეგად კი იუთუბერი შვილები სხვადასხვა პროექტში ჩართეს, მათ შორის Facebook-ის ჭკვიანი კამერის - Portal-ის რეკლამაში, რომელიც თავიანთ Instagram გვერდზე გამოაქვეყნეს.

ინფლუენსერი ბავშვების ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ მათი შვილები კონტენტის შექმნის პროცესში ერთობიან ან ვერც კი ხვდებიან რას აკეთებენ. 2017 წელს უშუალოდ Instagram-ის ანგარიშზე პატარა ზოი მიოშის ფოტო გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ზოის დედა სხვა მშობლებს რჩევას აძლევდა იმის, შესახებ თუ როგორ გადაუღო ფოტოები თავის 5 წლის გოგონას. "ძირითად შემთხვევებში ზოი ფოტოს გადაღებისას პირდაპირ მე არ მიყურებს, ამის დამალვაში კი მზის სათვალეები მეხმარება", - წერდა მშობელი. 

 
alt

 

Instagram-ზე ცნობილი სამი ბიჭის დედამ ბი ფიშერმა კი Wired-თან ინტერვიუში განაცხადა - “არის დღეები, როდესაც ბავშვები არ არიან ფოტოს ან ვიდეოს გადაღების ხასიათზე და არცაა აუცილებელი ყოველთვის ამის ხასიათზე იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ფულს არ გვიხდიან. ასეთ შემთხვევაში ისინი მზად უნდა იყვნენ გადაღებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კანფეტები (ბავშვებისთვის) ასეთ დღეებში". ეს ამბები არაფერია 47 წლის არიზონელი ქალის ისტორიასთან შედარებით. მიშელ ჰობსონს მიმდინარე წლის მარტში ბრალი დასდეს 7 აყვანილი ბავშვიდან 5-ის მიმართ ძალადობაში, რაც 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ცემას, დასჯასა და შიმშილს მოიცავდა.

“თითოეულმა ბავშვმა ახსენა, რომ დედამისის YouTube არხზე სახელწოდებით Fantastic Adventures-ზე (700,800-ზე მეტი გამომწერი და 242 მილიონზე მეტი ნახვა) განთავსებულ ვიდეოებში მონაწილეობდნენ. თუ ბავშვები თავიანთ სათქმელ ფრაზებს არ დაიმახსოვრებდნენ ან მითითებებს არ შეასრულებდნენ, ისჯებოდნენ. მოზარდებმა ისიც თქვეს, რომ სწორედ ამ მიზეზით გამოიყვანა ისინი დედამისმა სკოლიდან, რათა ვიდეოები გადაეღოთ", - აღნიშნულია პოლიციის დოკუმენტებში.

Arizona Republic-ის ინფორმაციით, ჰობსონმა თავისი YouTube არხიდან 2018 წელს თითქმის $300,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. მიშელ ჰობსონის დაკავებაზე YouTube-ის თავდაპირველი პასუხი მისი არხის დემონეტიზაცია (რეკლამების შეწყვეტა ვიდეოებზე) იყო. კომპანიამ მოგვიანებით არხი გააუქმა.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა იყო საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც იუთუბერებმა ქოულ და სავანა ლებრანტებმა თავიანთ ქალიშვილს, 6 წლის ევერლი როუზს მოუწყვეს.

აპრილის თვეში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელის პირველივე წამებში ჩანდა, თუ როგორ ტიროდა გოგონა. ბავშვის ცრემლების მიზეზს მშობლების "პრანკი" წარმოადგენდა, მათ შვილს დააჯერეს, რომ თავიანთი ძაღლის გაჩუქებას აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ამ ვიდეომ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, იუთუბერებმა საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნეს, საპირველაპრილო ხუმრობას შეცდომა უწოდეს და ვიდეო არხიდან წაშალეს. “ვიცით, რომ ეს YouTube-ზე არ უნდა დაგვედო, მაგრამ ჩვენ ჩვენს მთელ ცხოვრებას ვიღებთ", - ამბობოდა სავანა ლებრანტი.


ამ შემთხვევის შემდეგ ევერლი არაერთ ვლოგსა და Instagram-ის პოსტში გამოჩნდა. ის მუდმივად ჩანს მისი მშობლების YouTube-ის არხზე (8.8 მილიონი გამომწერი), საკუთარ არხზე (2.2 მილიონი გამომწერი) და “საუკეთესო მეგობრების“ არხზე (1.5 მილიონი გამომწერი).

მას Instagram-ის პირადი გვერდიც აქვს 4.4 მილიონი მიმდევრით. ევერლი ხშირად ჩანს დედამისის Instagram გვერდზე (5.1 მილიონი მიმდევარი) გამოქვეყნებულ დასპონსორებულ პოსტებზე. ლებრანტებს არასდროს გაუციათ პასუხი კითხვაზე, უხდიან თუ არა ევერლის თავიანთი YouTube არხიდან მოგების წილს ან აქვთ თუ არა ბავშვისთვის გახსნილი შემნახველი ანგარიში.

ყოფილი მსახიობი ბავშვებისთვის 1991 წელს შექმნილი საადვოკატო ჯგუფის დამფუძნებლის პოლ პეტერსონის აზრით, კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობა, რომელიც ბავშვი შემსრულებლების დაცვას ითვალისწინებს ამავე შტატში მცხოვრებ ევერლიზე, არიზონაში ჰობსონის შვილებზე და ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ მაკლუერებზეც უნდა ვრცელდებოდეს.

“YouTube-ის შტაბ-ბინა სან ბრუნოშია, რომლის ტერიტორიაზეც კალიფორნიის კანონმდებლობა ვრცელდება. თუ მცირეწლოვნების ამ პლატფორმაზე გამოჩენასა და მათთვის თანხის გადახდას აპირებთ, მაშინ მათზე კალიფორნიის კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გავრცელდეს. ამიტომ ვცვლით კანონს”,- აცხადებს პეტერსონი.


"ბავშვის მიერ გამომუშავებული თითოეული დოლარი მის მშობელს ეკუთვნის"


სანამ პეტერსონი კანონის შეცვლას დაიწყებდა, ისიც მსახიობი ბავშვი იყო, რომელიც "მიკი მაუსის კლუბის" Mouseketeers-ის სერიებში მონაწილებდა, 12-დან 20 წლამდე კი "დონა რიდის შოუში"თამაშობდა. 1966 წელს, როცა შოუ დასრულდა, მსახიობს პრობლემები დაეწყო.

“როცა ცნობადობა გაქრა, პრობლემები დამეწყო. ასე იყვნენ სხვა ბავშვებიც: მშობლებისა და დედმამიშვილებისგან გაუცხოება, ცნობადობის გაქრობასთან ერთად იდენტობის დაკარგვა. თუკი ცნობადობის გამო ცუდი გავლენებისგან თავისუფალი განათლების უფლებაზე უარი თქვი, რისკის ქვეშ ხარ და ეს უცნობი არაა ადამიანებისთვის", - ამბობს პოლ პეტერსონი.

პეტერსონი და მისი გუნდი კანონმდებლებთან ერთად მუშაობდნენ 1999 წელს "ქუგენის აქტის" გადახედვაში, რომელიც კალიფორნიაში მსახიობი ბავშვებისთვის შემუშავებული შრომითი კანონია.

იგი 1939 წელს მიიღეს და ამერიკის პირველი კინოვარსკვლავი ბავშვის - ჯეკი ქუგენის სახელი უწოდეს. ქუგენი 1921 წელს ჩარლი ჩაპლინის პატარა მეგობრის განსახიერებით გახდა ცნობილი და შემდგომ Metro-Goldwyn-Mayer-თან თანამშრომლობით $4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ის ელოდა, რომ 21 წლის ასაკში თავის ქონებაზე კონტროლს მოიპოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა, დედა კი დაქორწინდა ქუგენმა შეიტყო, რომ "თითოეული დოლარი, რომელსაც ბავშვი 21 წლამდე გამოიმუშავებს, მის მშობლებს ეკუთვნის, ჯეკი ცენტსაც კი ვერ მიიღებს" - სწორედ ეს სიტყვები თქვა ქუგენის მამინაცვალმა პრესასთან 1938 წელს, მას შემდეგ, რაც ჯეკიმ თავისი ქონების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

მოგვიანებით კანონმდებლებმა ქუგენის სახელობის კანონპროექტი შეადგინეს, რომელიც მშობლებს ბავშვების შემოსავლიდან გარკვეული პროცენტული წილის გადადებასა და შენახვას ავალდებულებდა. თანხაზე წვდომა ბავშვის სრულწლოვანებამდე დაუშვებელი იყო.

ამას სამართლებრივად ბევრი ცვლილება მოჰყვა. მსახიობ ბავშვებს უნდა მიეღოთ მუშაობის ნებართვა, მკაცრი რეგულაციები დაწესდა მათს სამუშაო საათებზე, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ყოფნისას "დასვენებასა და რეკრეაციას" და სწავლის პროცესში ხელის არ შეშლის მანდატს მოიცავდა. პროდიუსერები გადასაღებ მოედანზე ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები გახდნენ.

1999 წელს კი კანონში ცვლილების შესატანად რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რომლის მიხედვითაც, მსახიობი ბავშვები ფლობენ თავიანთი შემოსავლის 100%-ს, აქედან 15% ე.წ ქუგენის ანგარიშზე გადანახულ თანხას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი 85% მშობლებს შეუძლიათ ბავშვისთვის დახარჯონ - იქნება ეს შვილისთვის სახლის შეძენა, ხარჯების გასტუმრება თუ ხელფასის საკუთარი თავისთვის დანიშვნა ბავშვის კარიერის მართვისთვის. თუმცა ეს ფული მთლიანად ბავშვის საკუთრებას წარმოადგენს.


მეტი ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაში


მსახიობი ბავშვებისგან განსხვავებით, ინფლუენსერი ბავშვების კუთვნილებაშია თუ არა მათი შემოსავალი მაშინ, როცა სოციალურ მედიაში თავიანთივე გვერდებს არ ფლობენ?

YouTube-ი და Instagram-ი 13 წლამდე პირებს ანგარიშის შექმნას უკრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერობის ასაკამდე ბავშვები არ ფლობენ ანგარიშებს, რომელზეც YouTube-ი რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის წილს იხდის. ბავშვების საკუთრებაში არაა ის გვერდებიც, რომლებზეც ინფლუენსერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსა თუ ვიდეოში პროდუქტის რეკლამირებისთვის ბრენდები გარკვეულ თანხას იხდიან. ამ ტიპის ბიზნეს შეთანხმებები სოციალურ მედია პლატფორმებს სცდება და ბრენდებთან მოლაპარაკებები, როგორც წესი, მშობლებს აქვთ ხოლმე.

Beverly Hills Bar Association-ის გასართობი ინდუსტრიის სამართლის სექციის თანათავმჯდომარე, დევიდ პირსი, მიიჩნევს, რომ YouTube-მა უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა, რომლითაც მონეტიზაციის მქონე ვიდეოებში მონაწილე ბავშვებს უფლება ექნებათ YouTube-ის ანგარიშის მფლობელისგან მიიღონ შემოსავლის ნაწილი. “ასეთი პოლიტიკა რომ არსებობდეს, კალიფორნიის კანონის მიხედვით ბავშვისთვის განკუთვნილი თანხა, YouTube-ზეც ბავშვის თანხა იქნებოდა და თუ მშობელი მას არასწორად დახარჯავდა, ბავშვი შეძლებდა მისთვის ეჩივლა", - აღნიშნავს დევიდ პირსი.

YouTube-ისა და Instagram-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რამდენად მიიჩნევენ თავს ვალდებულად შემოიღონ ე.წ ქუგენის ანგარიშების შექმნა ან სხვა დაცვის მექანიზმი ინფლუენსერი ბავშვებისთვის.

Instagram-ის წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ კომპანია ინფლუენსერ ბავშვებს არ ასაქმებს. როდესაც Guardian-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ Facebook-ი, რომლის მფლობელობაში Instagram-იც შედის, ინფლუენსერ ბავშვებს Portal-ის გასაყიდად იყენებდა, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული კამპანია გარე სააგენტოს მიერ იყო წარმოებული და "ის ვალდებული იყო მოქმედი კანონმდებლობა დაეცვა." უშუალოდ სააგენტოს დასახელებაზე კი უარი განაცხადა.

alt

 კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ვინა დუბალი ფიქრობს, რომ YouTube-ს ინფლუენსერი ბავშვებისთვის იმაზე მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე მხოლოდ მათი მშობლების ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ შრომითი კანონები არსებობს.

“შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ YouTube-ი ბავშვის დამსაქმებელია. ის აკონტროლებს პლატფორმაზე რისი ნახვა შეუძლია და არ შეუძლია ბავშვს. ის აკონტროლებს ფულის გავრცელებასაც. ამიტომ კომპანია, დიდი ალბათობით, შეგვიძლია მივიჩნიოთ დამსაქმებლად, რომელზეც კალიფორნიის შრომითი და ხელფასის განმსაზღვრელი კანონმდებლობა ვრცელდება", - აცხადებს დუბალი.

დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს აშშ-ში შრომითი კომისრის ოფისი განიხილავს.

“ეს უბრალო გართობასა და თამაშზე მეტია. ბავშვები ასრულებენ სამუშაოს და თუ ეს სამუშაო მონეტიზირებულია, მაშინ ისინი ხელფასებს იმსახურებენ თავიანთი მომავლისთვის", - აცხადებს ვინა დუბალი. YouTube-ში Guardian-ის კითხვას კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ვალდებულების შესახებ არ უპასუხეს და განაცხადეს, რომ სპეკულაციაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

“მას შემდეგ, რაც საზოგადოება ამას ტრადიციულ მუშაობად აღიარებს, მეტი შანსია, რომ სახელმწიფოც ჩაერთოს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც საუბარია ბავშვებზე", - ამბობს დუბალი იუთუბერ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კალიფორნიაში დემოკრატების წევრმა კანსენ ჩუმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც "ქუგენის აქტში" შესწორების შეტანას გულისხმობდა და სოციალური მედის რეკლამაში მცირეწლოვნების დასაქმებას მოიცავდა. კანონპროექტი მიიღეს და მასზე ხელი შტატის გუბერნატორმაც მოაწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა ნაკლებად ჰგავდა დასაწყისში ინიცირებულ პროექტს.

The Guardian-ის ჟურნალისტი ჯულია ქერი ვონგი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება იქამდე არ შევა, სანამ ერთ-ერთი ინფლუენსერი ბავშვი არ გაიზრდება და ჯეკი ქუგენის მსგავს შემთხვევაში არ აღმოჩნდება.

მომზადებულია  The Guardian-ის მიხედვით.


თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ