ვინ არის ილონ მასკი?
08.11.2022
“კაცი, რომელიც ისწრაფვის გადაარჩნოს ჩვენი პლანეტა და მოგვცეს ახალი, რომელზეც დავსახლდებით: კლოუნი, გენიოსი, შოუმენი…” - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ჟურნალი Time მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს ახასიათებს.

ილონ მასკთან წლებია ასოცირდება ელექტროავტომობილები, რაკეტები, კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი, თამამი, პირდაპირი და ზოგჯერ საკამათო განცხადებები სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, რომელიც ახლა უკვე მისი საკუთრებაა.

მილიარდერმა “ტვიტერი” 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა და მის გარდაქმნას გეგმავს. როგორც თვითონ ამბობს, "ცივილიზაციითვის ერთიანი ციფრული სივრცის" შექმნა სურს, სადაც ძალადობის გარეშე იქნება შესაძლებელი განხვავებულ შეხედულებებზე საუბარი.

ქვეთავები:
1. ილონ მასკი და Twitter
2. ვინ არის ილონ მასკი?
3. მილიარდერის იდეები
4. გზა აშშ-მდე
5. პირველი კომპანია
6. გზა მილიარდებამდე
7. მასკი, უკრაინა, რუსეთი და სტარლინკი
8. მასკი - კრიტიკა და ბრალდებები
9. მასკი, გაერო და მსოფლიო სურსათის კრიზისი
10.“ღარიბი მილიარდერი”
11. ილონ მასკი და პოლიტიკა

ილონ მასკი და Twitter

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ “ტვიტერი” ფინანსური სარგებლისთვის არ შეუძენია და ეს ნაბიჯი კაცობრიობის დასახმარებლად გადადგა.

  • “ტვიტერი უნდა გახდეს მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო. ეს არის ჩვენი მისია.” - წერს მასკი. ჯერ კიდევ ბუნდოვანია როგორ გარდაიქმნება ერთ-ერთი პოპულარული სოციალური ქსელი, რომლის შეძენიდან ერთ კვირაში კომპანიაში მასობრივი შემცირებები დაიწყო.

“ტვიტერიდან” გაათავისუფლეს სამუშაო ძალის ნახევარი, დაახლოებით 3,700 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით. შემცირებები შეეხო ინჟინერიის, უსაფრთხოების, კონტენტის მოდერაციისა და გაყიდვების დეპარტამენტებს.

“სამწუხაროდ, არჩევანი არ გვაქვს, როდესაც კომპანია 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს დღეში. ყველა გათავისუფლებულს შევთავაზეთ 3 თვის ანაზღაურება, რაც კანონით მოთხოვნილზე 50%-ით მეტია.” - განმარტავს ილონ მასკი.

ახალა მედიის ყურადღება “ტვიტერზე” და მისი ახალი მფლობელის, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის შემდგომ ნაბიჯებზეა მიპყრობილი.

მასკი სოციალურ ქსელში გამომწერების მოდელის დანერგვას გეგმავს, თვეში ნებისმიერი მომხმარებელი ვერიფიკაციის ნიშანს თვეში 8 დოლარად მიიღებს.

ილონ მასკი ამბობს, რომ “ტვიტერზე”:

  • "ფართომასშთაბიანი ვერიფიკაცია ჟურნალისტიკის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს და გააძლიერებს ხალხის ხმას."
  • სახელის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს ვერიფიკაციის ნიშნის დროებით დაკარგვას.
  • "ტვიტერი" მალე დაამატებს ტვიტებზე გრძელი ფორმატის ტექსტის მიმაგრების შესაძლებლობას, "რაც დაასრულებს ჩანაწერების ამსახველი "სქრინშოტების" აბსურდულობას."
  • შესაძლებელი გახდება ყველა ფორმის კონტენტის მონეტიზაცია.
  • ანგარიშები, რომლებიც ვინმეს განასახიერებს "პაროდიის” მკაფიოდ მითითების გარეშე სამუდამოდ გაუქმდება გაფრთხილების გარეშე.

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი წლებია მედიის ყურადღებას იპყრობს. ილონ მასკის ისტორია სამხრეთ აფრიკიდან იწყება.

ვინ არის ილონ მასკი?

ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში, ინჟინერი მამისა და მოდელი დედის ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე ბევრს კითხულობდა, 10 წლის იყო, როდესაც პროგრამირება დაიწყო, რადგან კომპიუტერული თამაშები მოსწონდა. 12 წლისამ კოდი დაწერა ვიდეოთამაშისთვის Blastar, რომელშიც კოსმოსური ხომალდი უცხოპლანეტელებს ებრძვის. ეს კოდი ილონმა ჟურნალ PC and Office Technology-ს 500 დოლარად მიჰყიდა.

მასკი ამბობს, რომ მისი ბავშვობა ბედნიერი არ ყოფილა. ამაზე გავლენა სკოლაში ბულინგმა და 8 წლის ასაკში მშობლების განქორწინებამ იქონია. დღეს მამასთან კონტაქტი აღარ აქვს. მისთვის მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი და მამას, ეროლ მასკს “ბოროტ ადამიანად" ახასიათებს.

ილონს ბავშვობიდანვე ბევრი იდეა ჰქონდა. “5-6 წლის რომ ვიყავი, თავი გიჟი მეგონა, რადგან ცხადი იყო, რომ სხვა ადამიანების გონება, მუდმივად იდეებით არ ფეთქდებოდაო.”- ამბობს მასკი ჯო როგენის პოდკასტში.

მილიარდერის იდეები

  • 2016 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ სურს მარსზე ადამიანებმა იცხოვრონ. მისი გეგმის მიხედვით, ადამიანების მარსზე გაშვება 2024 წელს უნდა შეძლოს.
  • მასკი დარწმუნებულია, რომ მარსზე გადასვლა ერთ დღესაც ნახევარ-მილიონ დოლარზე ან 100 000 დოლარზე ნაკლები ეღირება.
  • მასკის თქმით, მარსზე გადასვლის ფასი “იმდენად დაბალი იქნება, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადასვლა შეძლოს.”
  • მილიარდერს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სურს მარსზე მოკვდეს.
  • მასკის წარმოდგენით, მომავალში არავინ გეტყვის რა გააკეთო, რობოტები შესარულებენ ყველა სამუშაოს, მომსახურება და საქონელი კი უხვად იქნება, შესაბამისად ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ ენდომებათ.
  • "არავინ იქნება შენი უფროსი. არ ვგულისხმობ ქაოსს, არამედ არავის გავლენისა და კონტროლის ქვეშ არ იქნები. გექნება თავისუფლება რაც გინდა ის აკეთო იმ პირობით, რომ ეს სხვებს არ დააზიანებს" - ამბობს მასკი.
  • ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ილონ მასკს ადარდებს “მოსახლეობის კოლაფსია”.

“თუ დედამიწისთვის საკმარისი ხალხი არ იქნება, მაშინ ნამდვილად არ იქნება საკმარისი ხალხი მარსისთვის” - დაწერა ტვიტერზე მასკმა 2022 წლის იანვარში.

შობადობის შემცირებასთან ერთად მასკი ეგზისტენციალურ საფრთხებად მიიჩნევს უკონტროლო ხელოვნურ ინტელექტს და რელიგიურ ექსტრემიზმს.

ზოგიერთი მილიარდერისგან განსხვავებით ილონ მასკს არ აინტერესებს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების თემა და არც “უკვდავების წყაროს” ეძებს.
  • "სიმართლე ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა აზრს არ იცვლის. ისინი უბრალოდ კვდებიან. თუ ისინი არ მოკვდებიან, ჩავრჩებით ძველი იდეებში და საზოგადოება წინ არ წავა", - ამბობს მილიარდერი Business Insider-თან.

მასკი აქტიურად იყენებს “ტვიტერს” და არ ერიდება სკამათო აზრების დაფიქსირებასაც. კოვიდ პანდემიის დროს რამდენჯერმე გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

  • 2020 წლის სექტემბერში მასკი ამბობდა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, რადგან ის და მისი შვილები დაავადების რისკის ქვეშ არ იყვნენ, თუმცა მომდევნო წელს აღიარა, რომ მას და მის შვილებს ვაქცინა გაკეთებული აქვთ.

გზა აშშ-მდე

17 წლის ილონ მასკმა სამხრეთ აფრიკა დატოვა და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა. მეორე მხრივ, იცოდა, რომ კანადელი ემიგრანტი უფრო მარტივად მიიღებდა ამერიკის მოქალაქეობას, ვიდრე სამხეთ აფრიკელი. ილონის დედა კანადელია, მისი ნათესავებიც კანადაში ცხოვრობდნენ ამიტომ ილონი ჩრდილოთ ამერიკაში ჩავიდა, ბიძაშვილის ფერმაში მუშაობა დაიწყო და ონტაიროში “ქუინსის უნივერსიტეტში” ჩაირიცხა.


მოგვიანებით მასკი აშშ-ში “პენსილვანიის უნივერსიტეტში” სასწავლებლად გადავიდა და ფიზიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მისი მომდევნო ნაბიჯი კალიფორნია იყო, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე მიიღეს, თუმცა 24 წლისამ ორი დღის შემდეგ სწავლა შეწყვიტა და ძმასთან ერთად სილიკონ ველზე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.

პირველი კომპანია

“ვფიქრობდი, რომ ინტერნეტი იქნებოდა რაღაც, რაც ძირეულად შეცვლიდა მსოფლიოს და მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი” - იხსენებს ილონ მასკი. თავდაპირველად კომპანიის შექმნაზე არ უფიქრია და კომპიუტერული მომსახურების კომპანია Netscape-ში დასაქმება სცადა, თუმცა მათგან პასუხი არასდორ მიუღია.

“[Netscape-ის] ფოიეში დორის გატარება ვცადე, მაგრამ ძალიან მორცხვი ვიყავი ვინმესთან სასაუბროდ. ასე რომ, უბრალოდ ფოიეში ვიდექი, ვცდილობდი გამეგო იყო თუ არა იქ ვინმე, ვისაც გავესაუბრებოდი და ეს უბრალოდ არ შემეძლო. ძალიან მეშინოდა ვინმესთან საუბრის, ამიტომ დავტოვე იქაურობა.”

ამის შემდეგ ილონმა გადაწყვიტა სტენფორდში სწავლა შეეჩერებინა და კომპანიის შექმნა ეცადა, თუ არ გამოუვიდოდა სწავლას დაუბრუნდებოდა.

ილონ მასკმა, მისმა ძმამ, კიმბალმა და მეგობარმა გრეგ კურიმ 1995 წელს კალიფონიაში, პალო ალტოში თავიანთი სტარტაპისთვის ოფისი იქირავეს. იმის გამო, რომ ერთდროულად ოფისისა და სახლის ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ძმები ოფისშივე ცხოვრობდნენ, შხაპს ადგილობრივ სავარჯიშო დარბაზში იღებდნენ, მეზობლის ინტერნეტს იყენებდნენ და სწრაფი კვების ობიექტში იკვებებდონენ.


ძმები მასკების კომპანია Zip2, რომელიც გაზეთებს ინტერნეტ პროგრამას სთავაზობდა, 4 წლის შემდეგ კომპანია Compaq-მა 300 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. აქედან ილონ მასკს 22 ამერიკული მილიონი დოლარი შეხვდა.




გზა მილიარდებამდე

Zip2-ის გაყიდვის შემდეგ ილონ მასკმა ახალი მიზანი: ფინანსურ სექტორში, ტრადიციული საბანკო სისტემის ტრანსფორმაცია დაისახა. ასე შექმნა X.com, რომელიც მოგვიანებით PayPal-ად იქცა და 2002 წელს eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკმა 180 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

30 წლის მასკი პლანეტა მარსით დაინტერესდა, რუსეთში საბჭოთა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საყიდლად ჩავიდა, რათა შემდეგ ის რაკეტის გამშვებად გარდაექმნა, თუმცა ამ ბიზნესით დაინტერესებული მილიონერი სერიოზულად არ მიიღეს. მოსკოვში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მასკი მიხვდა, რომ რაკეტები ძალიან ძვირი ღირდა და გადაწყვიტა 2002 წელს შეექმნა კომპანია, რომელიც რაკეტებს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად დაამზადებდა. ასე შეიქმნა SpaceX.

ამ კომპანიის პირველი სამი რაკეტა წარუმატებლად გამოსცადეს - სამივე აფეთქდა. წარმატებული მხოლოდ 2008 წელს, მეოთხე რაკეტის გაშვება აღმოჩნდა.

  • 2012 წელს SpaceX პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც რაკეტა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნა.
  • NASA-მ SpaceX-თან 12 ფრენის სანაცვლოდ 1.6 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.
  • მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნის იდეამ გაამართლა 2015 წელს, როდესაც SpaceX-ის რაკეტა კოსმოსიდან მიწაზე წარმატებით დაეშვა.
  • 2018 წელს კი ილონ მასკმა კოსმოსში რაკეტით Tesla-ს საკუთარი ავტომობილი გაუშვა.
  • 2015 წლიდან მასკის კომპანიამ სატელიტური ინტერნეტ სისტემის შესაქმნელად “სტარლინკზე” მუშაობა დაიწყო.
  • 2020 წელს SpaceX პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც ადამიანები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვა.

ილონ მასკმა PayPal-დან მიღებული თანხის ნაწილი, 6.3 მილიონი ამერიკული დოლარი ინვესტიციის სახით 2004 წელს ორი ამერიკელი ინჟინერის წამოწყებულ სტარტაპში Tesla Motors-ში ჩადო. 4 წლის შემდეგ ელექტროავტომობილების კომპანია “ტესლას” აღმასრულებელი დირექტორი გახდა და ამავე წელს გამოუშვა პირველი ავტომობილი.

ამჟამად ილონ მასკის ქონება 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ის 6 კომპანიის თანადამფუძნებელი ან ხელმძღვანელია, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბების მშენებელი კომპანია Boring company-ის, კოსმოსური რაკეტების კომპანია SpaceX-ის, ელექტროავტომობილების კომპანია Tesla-ს, ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის, ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-სა და სოციალურ ქსელ Twitter-ის.

მასკი, უკრაინა, რუსეთი და სტარლინკი

ილონ მასკი არ ერიდება საერთაშორისო მოვლენებში ჩართვასაც. მაგალითად, მისი შეთავაზებით, ჩინეთმა ტაივანში “სპეციალური ადმინისტრაციული ზონა” უნდა ჩამოაყალიბოს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებული ომის მიმდინარეობისას კი მასკმა უკრაინას სატელიტური ინტერნეტის უზრუნველასყოფად “სტარლინკის” ტერმინალები გაუგზავნა, რაც უკრაინული ჯარისთვის კომუნიკაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.

2022 წლის 3 ოქტომბერს მულტიმილიარდერი უკრაინაში ომის სამშვიდობო წინადადების შეთავაზებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც:

  • ყირიმი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.
  • ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით ხელახლა ჩატარდეს.
  • არჩევნები და რუსეთი გავიდეს ტერიტორიიდან თუ ეს ხალხის ნება იქნება.
  • უკრაინა კი ნეიტრალური დარჩეს.

ილონ მასკის ამ შეთავაზებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრემლიდან, თუმცა უკრაინელებისგან კატეგორიული უარი მიიღო. მათ შორის იყო, გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრი მელინკი, რომელმაც მასკის ამ შეთავაზებას უცენზუროდ უპასუხა.

  • ამ განცხადებებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკრაინას SpaceX-მა “სტარლინკის” დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი გადასცა, რაც მასკის თქმით, მის კომპანიას 80 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა და ეს თანხა წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

13 ოქტომბერს CNN-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში Spacex-მა პენტაგონს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინისთვის სატელიტური მომსახურების თანხის გადახდას შტატების თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, ილონ მასკმა დაწერა, რომ ანდრი მელინკის რეკომანდაციას ითვალისწინებდა.

მომდევნო დღეს კი მასკმა თქვა, რომ Spacex-მა პენტაგონიდან თხოვნა უკან გამოიხმო და მისი კომპანია უკრაინის მთავრობის დახმარებას უფასოდ გააგრძელებდა.

მასკი - კრიტიკა და ბრალდებები

ილონ მასკის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ წლების განმავლობაში სხვადასხვა ბრალდება ისმის, მათ შორის “ტესლაში” ტოქსიკური სამუშაო გარემოს, დისკრიმინაციის, რასიზმის, სექსიზმისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.

Business Insider-ის ინფორმაციით, SpaceX-მა კომპანიის ბორტგამცილებელს 250 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა, რათა ილონ მასკის მხრიდან სექსუალური შევიწროვების შემთხვევის შესახებ გაჩუმებულიყო. მასკმა გამოცემის ამ მასალას “პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა.

მასკთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასამართლო დავა ცილისწამების თემას ეხებოდა. 2018 წელს ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების დასახმარებლად მასკმა ტაილანდში “ტესლას” ინჟინრები და წყალქვეშა ნავი გაგზავნა, თუმცა სამაშველო ოპერაციაში მისი დახმარება არ გამოუყენებიათ.

  • 63 წლის ბრიტანელმა მყვითავმა და მღვიმის ექსპერტმა, ვერნ ანსვორთმა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, მასკის ამ ჟესტს CNN-თან ინტერვიუში “პიარ სვლა” უწოდა და თქვა “ წყალქვეშა ნავი ერთ ადგილას გაეკეთებინა.”
  • მასკმა ამ განცხადებას რამდენიმე ტვიტით უპასუხა, მათ შორის ვერნ ანსვორთს “პედოფილი” უწოდა, მოგვიანებით, კი როცა ცნობილი გახდა, რომ ექსპერტი სასამართლო დავას გეგმავდა, მასკმა თავის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს სიტყვები სიბრაზისგან დაწერა.
  • 2018 წლის დეკემბერში ილონ მასკმა სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ მასკმა ბრიტანელ ექსპერტს ცილი არ დასწამა. ილონმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ ფრაზა “პედო კაცი” მის მშობლიურ ქვეყანაში გავრცელებულია.

მასკი, გაერო და მსოფლიო სურსათის კრიზისი

ილონ მასკმა მედიის ყურადღება მიიპყრო გაეროსთვის 6 მილიარდი დოლარით დახმარების შეთავაზების დროს. 2021 წლის 26 ოქტომბერს “სი ენ ენმა” გამოაქვეყნა მასალა სათაურით “ გაეროს სურსათის ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ილონ მასკის ქონების 2%-ს შეუძლია მსოფლიოს შიმშილის პრობლემის გადაჭრა.”

  • მასკმა ამ სტატიის შესახებ ტვიტვს 2021 წლის 31 ოქტომბერს უპასუხა, რომ თუკი მსოფლიო სასურსათო პროგრამა ზუსტად აღწერდა, როგორ გადაჭრიდა 6 მილიარდი დოლარი შიმშილის პრობლემას, Tesla-ს აქციებს გაყიდდა და თანხას ორგანიზაციას გადაურიცხავდა.
  • ორგანიზაციის დირექტორმა დევიდ ბისლიმ იმავე დღეს უპასუხა მასკს, რომ სტატიის სათაური არასწორი იყო, 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოს შიმშილის პრობლემას ვერ გადაჭრიდა, თუმცა ის პრევენციას გაუწევდა გეოპოლიტიკურ არასტა.ბილურობას, მასობრივ მიგრაციას და გადაარჩენდა შიმშილის ზღვარზე მყოფ 42 მილიონ ადამიანს.
  • 15 ნოემბერს ბისლიმ “ტვიტერზე” 6.6 მილიარდი დოლარის დახარჯვის გეგმა გამოაქვეყნა და ილონ მასკი მონიშნა, თუმცა მასკისგან პასუხი აღარ მიუღია.

ილონ მასკს ექსცენტრიულ და არაპროგნოზირებად ადამიანად ახასიათებენ, ამაზე მისი გადაწყვეტილებები, ტვიტები, გაზიარებული მიმები და Soundcloud-ზე გამოქვეყნებული საავტორო მუსიკა მეტყველებს.

მილიარდერმა 2021 წელს კომედიური შოუს SNL-ის მონოლოგის დროს თქვა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს, რაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა.



“ღარიბი მილიარდერი”

ილონ მასკმა 2012 წელს, მაშინ როცა 2 მილიარდ დოლარს ფლობდა, პირობა დადო, რომ თავისი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარდა. მილიარდერის ქონებას ძირითადად მისი აქტივები შეადგენს, მას მედიაში “ნაღდი ფულით ღარიბ მილიარდერად” (cash poor billionaire) მოიხსენიებენ.

  • ილონ მასკს აქვს თავისივე სახელობის ფონდი, რომელიც გრანტებით მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის, კოსმოსური, პედიატრიული კვლევების, მეცნიერებისა და ინჟინრული განათლების, ასევე “კაცობრიობისთვის სასარგებლო ხელოვნური ინტელექტის” განვითარების მიმართულებით პროექტებს.

2021 წელს ილონ მასკმა ქვემოქმედებისთვის “ტესლას” 5,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გასცა. ამ ინფორმაციის გასაჯაროვებამდე Forbes-ის შეფასებით მასკი ნაკლებად ქველმოქმედ მილიარდელებს შორის იყო.

თუმცა, მისმა ამ ნაბიჯმა სპეკულაციები გამოწვია, რადგან ამ ქველმოქმედების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

  • “თუ მეგა-მილიარდერი თავისი ქონების 2.4%-ს ქველმოქმედებას შესწირავს, მაგრამ არცერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ იღებს ფულს, ითვლება ეს რეალურად ფილანთროპიად?” - წერს ჟურნალი Fortune ილონ მასკის შესახებ.
  • Forbes-ის ვარაუდით, შესაძლოა ეს თანხა ე.წ დონორებისთვის განკუთვნილ (DAF) ფონდში გადარიცხა, ამ ანგარიშზე თანხის დადება ქველმოქმედების მიზნით წლებით შეიძლება, სარგებელი კი ის არის, რომ მასკი აქციების ამ ანგარიშზე განთავსებით გადასახადებზე შეღავათს მიიღებს.
  • მეორე სცენარით, კი შესაძლოა მასკმა თანხა თავისივე ფონდში ჩარიცხა.

ამ მასშტაბურ ქველმოქმედებამდე, მასკს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედების სახით 280 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა გაცემული.

ილონ მასკი და პოლიტიკა

ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა 2002 წელს მიიღო.

  • 2014 წელს საკუთარ თავს “ნახევრად დემოკრატი, ნახევრად რესპუბლიკელი” უწოდა.
  • 2018 წელს თქვა, რომ “დამოუკიდებელ” ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული.
  • 2020 წლის არჩევნებში მხარდაჭრა გამოუცხადა დემოკრატების კანდიდატს ენდრიუ იანგს და დამოუკიდებელ კანდიდატს, რეპერ კანიე უესტს, თუმცა ხმა ჯო ბაიდენს მისცა.
  • 2022 წლის მაისში მასკმა დაწერა, რომ “დემოკრატები დაყოფისა და სიძულვილის პარტიად იქცნენ”, მათ მხარს აღარ დაუჭერს და ხმას რესპუბლიკელ კანდიდატს მისცემს.

“მხარს ვუჭერ რესპუბლიკური პარტიის მემარცხენე ნახევარს და დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ნახევარს” - ასე დააზუსტა მასკმა თავისი პოლიტიკური განწყობები 2022 წლის აგვისტოში.

მასკი ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პარიზის შეთანხმებიდან (კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება) გასვლის შემდეგ თეთრი სახლის ბიზნეს საბჭო დატოვა.

  • მილიარდერი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი მომდევნო საარჩევნო ვადისთვის ზედმეტად მოხუცია და რესპუბლიკელი რონ დესანტისისკენ იხრება.
  • მასკმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
  • მილიარდერის ქონებასთან შედარებით მწირია მისი შემოწირულობები პოლიტიკური პარტიების მიმართ. 2004 წლიდან ჯამში მხოლოდ 100 000 ამერიკული დოლარი აქვს გადარიცხული დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისთვის.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ