ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ "მედიის
ადვოკატირების კოალიციამ" USAID-ის მედია პროგრამის მხარდაჭერით
კვლევა მოამზადა, რომლის მიზანიც 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე
პერიოდში მედიის წარმომადგენლების შევიწროების მასშტაბისა და გავლენის
აღრიცხვა იყო.
მიმდინარე წლის ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ოფიციალური სახელმწოდებით - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელმეორედ დააინიციირა, რასაც ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე ძალის გამოყენებით დაშალეს. პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც.
კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებიც გაუკრეს. წარწერების გამოჩენამდე კი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და სისტემური დევნის გამო შესაბამის უწყებებსაც მიმართეს.
ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ გამოკითხვაში მონაწილეობა 43 მედიის 91-მა თანამშრომელმა მიიღო, საიდანაც 21 რეგიონულ მედიას წარმოადგენდა, 22 კი - ნაციონალურს. კვლევის კითხვარი რამდენიმე შინაარსობრივ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი უცხო ნომრებიდან მიღებულ ზარებს ეხებოდა. როგორც კვლევის შედეგებიდან ვლინდება, რესპონდენტების 24%-მა მიიღო და უცხო ნომრებიდან შესულ ზარებს უპასუხა კიდეც, 40%-მა კი ზარი უპასუხოდ დატოვა.
"მიღებული ზარებიდან 57% მოიცავდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 43% - ეპიტეთებს: “აგენტი” და “მოღალატე”, 35% - ძალადობის მუქარას, 13% - ჰომოფობიური შინაარსის შეურაცხყოფას. იმ რესპონდენტების 90%, ვინც ზარი მიიღო, აცხადებს, რომ მათთან 10-მდე ზარი შევიდა".
კვლევაში მონაწილე პირების 13%-ის თქმით, 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, 14%-ის შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები აქციაზე გამოვლინდა, 9%-მა პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება დაასახელა, 6%-მა კი სახლთან დახვედრისა და მანქანით ან პირის მიერ ადევნების ფაქტი აღნიშნა.
"ასევე, ამ პერიოდში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ავტომობილის "ჩხრეკას", აქციაზე დაკავებას, პირადი ტელეფონის ჩამორთმევას, სოციალურ ქსელებში ტროლების მიერ გინებას და ლანძღვას, გენდერული ნიშნით დაცინვა-დისკრიმინაციას, კიბერბულინგს, სექსუალური ორიენტაციით დარცხვენის მცდელობას, წერილობით მუქარას ანგარიშსწორებაზე, “ფეისბუკზე” მათი ფოტოების განთავსებას და დამცინავი და დამამცირებელი პოსტების გამოქვეყნებას მათი მისამართით".
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ ვინც განაცხადა, იმ რესპონდენტების მხოლოდ 17% ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მათი განცხადება ძალადობის შესახებ სერიოზულად მიიღეს.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის ძალადობის შესახებ მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ რესპონდენტების 65%-ში გაბრაზება გამოიწვია, 38%-მა კი პირადი უსაფრთხოების ზომები მიიღო.
"ფიზიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჟურნალისტებმა, ბოლო პერიოდში, გადადგეს შემდეგი ნაბიჯები: 47% სახლიდან გასვლისას ყურადღებით ათვალიერებს გარემოს, 43% საპროტესტო აქციებზე დამცავ აღჭურვილობას იყენებს, 26%-მა წიწაკის სპრეი შეიძინა, 19%-მა სახლის/ოფისის საკეტები გააუმჯობესა, 13%-მა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ერთმანეთის ადგილსამყოფელის გადამოწმების წესები, 8% საჯარო სივრცეში მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მასთან ერთად სხვა ადამიანიც არის".
კითხვარის შინაარსობრივი ნაწილის ანალიზის შედეგად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის ისიც, რომ მედიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავები ხელს უშლიან. ასევე, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად არის გაუარესებული ჟურნალისტების დაცულობის საკითხი და ფიზიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაცაა.
კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციებიც:
- საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამართალდარღვევების, მიზანმიმართული სატელეფონო შევიწროების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიება, ასევე მიიღოს ზომები ორგანიზატორებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ.
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.
- სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აიღონ ვალდებულება, დაიცვან მედიის უფლებები, რათა მათ შეეძლოთ შეზღუდვისა და მათზე ძალადობის გარეშე მუშაობა, მათ შორის საპროტესტო აქციებზე და მომავალ არჩევნებზე.
- საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ქართული მედიასაზოგადოების მხარდაჭერა და შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
- დონორებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მედიის მუშაკების ფიზიკურ, ციფრულ და ფსიქო-სოციალურ უსაფრთხოებას.