22.05.2023
რა ხდება?
"როიტერსის" ინსტიტუტიმა და ოქსფორდის უნივერსიტეტმა, 2022-2023 წლებში ერთობლივი კვლევა ჩაატარეს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფების გაშუქებას ან ჟურნალისტთა მიერ ამ საკითხების სრულად უგულებელყოფას ამ "საზოგადოებებზე".
ფოკუს ჯგუფები ოთხ ქვეყანაში შეარჩიეს: ბრაზილია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
- ბრაზილიიდან შავკანიანი და "შერეული რასის" მოსახლეობა;
- ინდოეთიდან მუსლიმი აუდიტორია;
- დიდი ბრიტანეთიდან დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულები;
- ამერიკის შეერთებული შტატებიდან შავკანიანი მოსახლეობა და სოფლის მცხოვრებლები.
"როიტერსის ინსტიტუტის" კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება ახალი ამბების გაშუქებისას ისედაც სტერეოტიპებითა და დისკრიმინაციით გაჟღენთილ საზოგადოებაში, ჟურნალისტმა თავად შეუწყოს ხელი კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზებას, ხოლო თავად ამ "თემის წევრებში" შემცირდეს მედიის მიმართ სანდოობა.
როგორია კვლევის შედეგები?
კვლევის მიგნებებმა აჩვენა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ პირდაპირ ეხება, მედიის მიერ არასაკმარისად შუქდება, ან ზოგ შემთხვევაში არასწორი გაშუქებით უფრო მეტ ზიანს აყენებს მათ.
გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:
- მედია მხოლოდ უარყოფით ახალ ამბებს აშუქებს ამა თუ იმ თემზე;
- გაშუქებით, ჟურნალისტები ძირითადად ამყარებენ არსებულ სტერეოტიპებს;
- ამ ჯგუფებს და მათთან დაკავშირებულ თემებს ძირითადად აშუქებენ როგორც სენსაციას;
- იმის ნაცვლად, რომ ახალი ამბები დაყოფილ თემებს ერთმანეთთან აახლოებდეს, პირიქით მათ დაყოფას უწყობს ხელს;
- მედია, როგორც ინსტიტუტი ხშირად "პრივილეგირებულთა და ძლევამოსილთა" ხმად განიხილება, ხოლო უმცირესობის ან დაუცველი თემების წარმომადგენლები თავს გარიყულად გრძნობენ;
- კვლევის მონაწილეთა ნაწილი, თვლის, რომ საინფორმაციო ბადეში მათთვის მნიშვნელოვანი თემების არარსებობა არ არის ჟურნალისტების ბრალი და ამას, კომერციულ წნეხს აბრალებს.
- ჯგუფის ნაწილი, განსაკუთრებით, შავკანიანი ამერიკელები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ნიუსრუმებში როგორც მენეჯერულ ისე რეპორტიორის პოზიციაზე შავკანიანი კადრების არსებობა, რადგან ეს ამ თემის პრობლემებს გაშუქებას უფრო კომპლექსურს გახდიდა.
- ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ე.წ "ადგილობრივი ნიუსრუმები", ბლოგერები, პოდკასტები უკეთ საუბრობენ ამ თემის პრობლემეზე.
რას ამბობენ კვლევის მონაწილეები?
- "ახალი ამბების დიდი ნაწილი მხოლოდ ტრაგედიებზე საუბრობს. შავკანიანი ადამიანები მხოლოდ ტრაგედიებში არ მონაწილეობენ, ბევრი წარმატებულია ჩვენში" - ამბობს კვლევის ერთერთი მონაწილე.
- "სიახლებში მედია გამოყოფს მაღალ და დაბალ კლასებს. მაგალითად, ჩემს სამეზობლოში, ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, ამას მედია ისე აშუქებს, თითქოს ეს მთლიანი ტერიტორია ბინძური და საშიშია, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს არ არის ისეთი ადგილი როგორიცაა "პრესტიჟული" ჩრდილოეთ ლონდონი"
- რელიგიური შეკრების ტრადიციას, კოვიდის დროს ისე აშუქებდნენ, თითქოს "მუსლიმი ადამიანები ამ შეკრების ვირუსს გამიზნულად ავრცელებდნენ"
- "ეს ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი) მულტიკულტურულია, განსხვავებული "რასის",კულტურისა და გამოხატულების მქონე ინდივიდებით, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რომ მედია ახერხებს ამ მრავალფეროვნების "არეკვლასა" და ყველა თემისთვის აქტუალური თემების გაშუქებას".
- "არ მომწონს და არ ვენდობი ჟურნალისტებს. ისინი ჩემთვის, პოლიტიკოსებსა და უძრავი ქონების აგენტებს გვანან, ამიტომ უბრალოდ არ ვენდობი მათ."
- "ახალი ამბები თავს უიმედოდ და უძლურად მაგრძნობინებს, ეს კი თავის მხრივ პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვის მოტივაციას გიკარგავს. თითქოს გიწევს შეეგუო იმ პრობლემებსა და ცხოვრების დონეს რაც გაქვს".
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ, რეკომენდაციები:
- გამოცემებში ჟურნალისტები თავად უნდა იყვნენ ამ "ჯგუფების" წარმომადგენლები, ეს ამ თემების მიმართ მგრძნობელობას გაზრდის და შეამცირებს არასწორი გაშუქების შემთხვევებს;
- უფრო დიდი დრო დაუთმონ მსგავსი საკითხების გაშუქებას და იმას, რაც ამ ჯგუფებისთვის მართლა მნიშვნელოვანია;
- ჟურნალისტებმა უნდა იზრუნონ, ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობების დამყარებაზე, რაც ჟურნალისტისა და რესპონდენტის პროფესიულ ურთიერთობას გულისხმობს;
- თავიდან აიცილონ სენსაციური გაშუქება, სტერეოტიპების წახალისება;