12.12.2015
შეცდომები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ბრჭყალების „უფლებები ირღვევა“ მათი უგულებელყოფით, ზოგჯერ თანდებულები ან ბრუნვის ნიშნები „იპარებიან საზღვრებს მიღმა“, ზოგჯერ მსაზღვრელი და საზღვრული ვერ „ ათანხმებენ“ ბრუნვას...
რა წესების ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავწეროთ სათაურები?
რამდენიმე ძირითადი წესის დამახსოვრება მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას.
დავიწყოთ სულ თავიდან:
- წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის და მისთანათა სახელწოდებები საკუთარი სახელებია და ბრუნების დროს იმ კანონს ემორჩილება, რომელიც საკუთარ სახელთა ბრუნებას განსაზღვრავს.
- სათაური და სახელწოდება აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში;
- ბრჭყალებში ვაქცევთ სათაურებზე დართულ თანდებულებსაც და ბრუნვის ნიშნებსაც;
- ქართულში სათაურის შემდეგ წერტილი არ იწერება.
1.თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაშია, ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს. სხვა სიტყვებით - ის ისევე იბრუნვის, როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული მსაზღვრელი;
ნიმუში:
სახ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“
მოთხ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბემ“
მიც. საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“
ნათ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“
მოქმ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბით“
ვით. საინფორმაციო გადაცემა „მოამბედ“
წოდ. საინფორმაციო გადაცემა „ მოამბე(ვ)“
და არა:
საინფორმაციო გადაცემის „ მოამბის“ ან საინფორმაციო გადაცემით „ მოამბით“...
2. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით უნდა დაიწეროს.
სწორია: გადაცემა „მოამბეში“ და არა: გადაცემა „მოამბე“-ში, ჟურნალ „გეორგიკაზე“ და არა: ჟურნალ „გეორგიკა“-ზე;
წესი ნარჩუნდება მაშინაც, თუ სათაურში რიცხვითი სახელია გამოყენებული: „რუსთავი 2-ში“, „რუსთავი 2-ს“ და ა.შ.
3. თუ სათაურს კითხვა-ძახილის ნიშანი დაერთვის, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთოს წინამავალ სიტყვას.
მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“
4. თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ( „მთანი მაღალნი“ ), გადმოცემულია სხვა ბრუნვის ( არა სახელობითის) ფორმით („სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხოხბის ცრემლები“ ), თანდებულიანია, მოცემულია წინადადების სახით („ შემოიხედე, გენაცვალე“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“), მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი და თანდებულიც მასვე უნდა დაერთოს.
სწორია:
ღვინის „ხოხბის ცრემლები“, რესტორანში „შემოიხედე გენაცვალე“, რომანს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და ა.შ.
რამდენიმე წინადადებით გადმოცემულ სათაურსაც ამ წესის დაცვით ვაბრუნებთ