რა არის სალიტერატურო ენა, ნორმა და ლიტერატურული ენა
26.10.2021
• ვინ ადგენს სალიტერატურო ნორმებს?

• რა არის სალიტერატურო ნორმა? იგივეა, რაც ლიტერატურული ენა?

• როგორ უნდა გადაწყდეს, მაგალითად, პარალელური ფორმების ბედი? ვინ წყვეტს?

ამ ბლოგში შევეცდებით ამ კითხვებზე მოგაწოდოთ ამომწურავი პასუხები.

სალიტერატურო ენა

სალიტერატურო ენა ეროვნული ენის ნორმირებული სახეა.

სალიტერატურო ენა მოიცავს ყველა იმ სფეროს, სადაც ვიყენებთ მშობლიურ ენას: განათლება, მეცნიერება, სიტყვიერი ხელოვნება, პოლიტიკა, მედია, ენის პრაქტიკული გამოყენების სფეროები (ოფიციალურ-საქმიანი, საკანცელარიო, სასაუბრო...) და ა.შ.

სალიტერატურო ენა დროთა განმავლობაში იცვლება. ასე რომ არ მოხდეს, ენა უცილობლად დაიღუპება. ცვლილებები უნდა იყოს თანადროული და განპირობებული სხვადასხვა ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ფაქტორით.

თუ ენა ვერ ასახავს თანამედროვეობას, სათანადოდ არ ივსება და იცვლება ახალი რეალობის შესაბამისად, მას საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაში სალიტერატურო ენის წინააღმდეგ „ირაზმებიან“ ბარბარიზმები და კალკირებული ფორმები, წარმატებით „უტევენ“ ენაში არსებულ შესატყვისებს და მათი ან ნეოლოგიზმების კუთვნილ ადგილს იკავებენ. უცხო სიტყვების სესხება და ენაში დამკვიდრება ბუნებრივი მოვლენაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც, თუმცა ნორმირების ფილტრის გარეშე დგება მშობლიურ ენასთან გაუცხოების საფრთხე.

ახალ რეალობას ახალი აღსანიშნები მოაქვს. ახალ აღსანიშნებს შესაბამისი აღმნიშვნელები სჭირდება. როცა ასეთი არ არსებობს, ჯიქურ შეტევაზე გადმოდიან უცხოენოვანი სიტყვები. მაგალითად, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპოსტვა, დაჰაიდება, შეიმინგი, დასქრინშოთება, დაშეარება, დალაიქება, „ფრენდი“, დასეივება, ტროლი, რესტარტი, სეტინგები, სელფი, ვიზიტორი, ჩექინი/დაჩექინება და ა.შ.

ერთი მხრივ, ყველა ამ სიტყვას, თითქოს, აქვს ქართული შესატყვისი, მეორე მხრივ, არსებული შესატყვისები ზუსტი ეკვივალენტები არაა ან წარმოთქმის თვალსაზრისით უფრო რთულია. შესაბამისად, ასეთი და მსგავსი სიტყვების ლეგიონი სალიტერატურო ენისთვის გამოწვევაა.

სალიტერატურო ენისა და მეტყველების კულტურის „სადარაჯოზე“ ენობრივი ნორმა დგას.

სალიტერატურო ნორმა

სალიტერატურო ნორმა ამა თუ იმ სიტყვის ის ფორმაა, რომელიც ოფიციალურადაა დადგენილი კონკრეტული ვითარების შესწავლის შემდეგ. ნორმის განსაზღვრის აუცილებლობა ჩნდება მაშინ, როცა ფორმათა ვარიანტულობა, ანუ პარალელური ფორმები იჩენს თავს.

იურისპრუდენციის მსგავსად, ენაშიც - დასაშვებია ის, რაც აკრძალული არ არის. ფორმათა წარმოქმნის თვალსაზრისით ეს თავისუფლება აუცილებელი და ფასდაუდებელია. თუმცა ზოგჯერ ჩნდება ისეთი ფორმა, რომელმაც ნორმის ფილტრი უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებს ის „არსებობის უფლებას“.

ზოგადად, საყოველთაოდ განმტკიცებული ფორმები გადახედვას მანამ არ ექვემდებარება, სანამ არ გაჩნდება პარალელური ფორმა, რომელიც გამოყენების სიხშირით გამოირჩევა.

როგორც კი ასეთი ვარიანტულობა შეინიშნება, საჭირო ხდება მოწესრიგება, ნორმირება. სპეციალისტები იყენებენ ნორმის დადგენისას შემუშავებულ პრინციპებს, ერთი ფორმის შერჩევისას კი პარალელურ ფორმათაგან უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომელიც უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში, გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად და მისაღებია ენისთვის.

ენის ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, შემუშავდება ნორმა.

როგორც წესი, „მოცილე (პარალელურ) ფორმათაგან უპირატესობა ენიჭება იმას, რომელიც შეესაბამება ენის განვითარების ძირითად ხაზს, მის ბუნებრივ ტენდენციებს და პერსპექტიულია ენობრივად“ (ავთანდილ არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, გამომცემლობა უნივერსალი, თბ.2004, გვ. 35).

გასათვალისწინებელია ასევე გამოყენების სიხშირეც, რასაც ხალხურ მეტყველებასაც უწოდებენ.

დღესდღეობით, ქართული სალიტერატურო ნორმების დადგენაზე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მუშაობს. ვებსაიტზე განთავსებული ცნობის თანახმად, „მეტყველების კულტურის განყოფილება დაარსების დღიდანვე არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია–სტანდარტიზაციის პროცესის მთავარი წარმმართველი“.

ლიტერატურული ენა

ლიტერატურული ენა სალიტერატურო ენის შემადგენელია. ლიტერატურული ენა ლიტერატურის კლასიკოსების, მხატვრული სიტყვიერების, მწერლობის ენაა. ენის ნორმათა შემუშავებისას ლიტერატურული ენა ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ