გეოგრაფიულ სახელთა მართლწერა
17.03.2016
ზოგიერთი ქვეყნის ქართული სახელწოდება ხშირად წარმოითქმის და იწერება არასწორად. შეცდომები განპირობებულია როგორც საკუთრივ ლინგვისტური, ისე ისტორიული ფაქტორებით. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთმა ქვეყანამ შეიცვალა სახელდება. მათ ჩამოშორდა „ტრადიციული“ მსაზღვრელები ( მაგალითად, „საბჭოთა სოციალისტური“) და დარჩა ოდენ გეოგრაფიული დასახელება.

გარდა ამისა, რუსული ენის გავლენით ზოგიერთი ქვეყნის სახელი გავრცელდა დედნის ენაზე წარმოთქმის მიბაძვით და ასე მივიღეთ მცდარი ფორმები: მოლდოვა, თათარსტანი, ყაზახსტანი, ყირგიზსტანი, კაბარდინო-ბალკარეთი და ა.შ.

რუსულის გავლენით უნდა იყოს დამკვიდრებული ასევე სახელი „სტამბული“. ამ ტოპონიმის უპირატესი და სპეციალურ ლიტერატურაში დადასტურებული ვარიანტია სტამბოლი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ეს ორი ფორმა პარალელურ ფორმებადაა მიჩნეული.

გეოგრაფიული სახელების მართლწერისთვის უნდა გვახსოვდეს რამდენიმე წესი:

1.გეოგრაფიული სახელები ისევე უბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო არსებითი სახელები. თანხმოვანფუძიანთაგან ზოგი უკუმშველია, ზოგი - კუმშვადი. (თელავი - თელავის, მაგრამ იორი - ივრის).ხმოვანფუძიანთაგან ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სახელები კვეცადია.

აუცილებელია ცალკე იმის აღნიშვნაც, რომ ბრუნებისას იკვეცება ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა...

შენიშვნა: გამონაკლისია ადამიანის სახელებისაგან მიღებული გეოგრაფიული სახელები: ვიქტორიას კუნძულები, მარიანას კუნძულები...

ასევე - არ იკვეცება ე-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელი: ჩილე. სწორია - ჩილესი;

2. ქვეყნების ქართული სახელწოდებები -ეთ სუფიქსით უნდა ბოლოვდებოდეს. ლიტერატურული ტრადიციით განმტკიცეული ფორმებია: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, თათრეთი, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, მოლდავეთი.

3. თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით. სწორია:

New York — ნიუ-იორკი; San Francisco — სან-ფრანცისკო; Santa Cruz — სანტა-კრუსი; Lago Maggiore — ლაგო-მაჯორე;

4. თუ ქვეყნის მხარეების აღმნიშვნელი სახელი მსაზღვრელად გვევლინება ( ანუ განსაზღვრავს მომდევნო სიტყვას, საზღვრულს),ის, ზედსართავი სახელის მსგავსად, დაირთავს სახელობითი ბრუნვის ნიშანს და სწორია: სამხრეთი ამერიკა, დასავლეთი საქართველო, დასავლეთი ევროპა...

ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში ასეთი მსაზღვრელი, წესის თანახმად, შეკვეცილია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აღმოსავლეთ ირანის ქედი, დასავლეთ ავსტრალიის დინება და ა.შ.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ