„გრამატიკული ჰიბრიდები“ - სახელზმნები
17.05.2017
სათაურში ნახსენები უცნაური ეპითეტი ზედგამოჭრილია იმგვარ ფორმათა აღსანიშნავად, რომელთა მიმოხილვასაც დღეს ვაპირებთ.

აღმნიშვნელი სახელზმნა პირველად ახსენა ანტონ კათალიკოსმა თავის „ქართულ ღრამატიკაში“. ის გულისხმობს „ქმნის და ვნების“ გამომხატველ სიტყვებს, რომლებიც სახელის ნიშნებსაც ატარებს და ზმნისაც.

თავდაპირველად სახელზმნა მხოლოდ იმ სიტყვებს ესადაგებოდა, რომლებიც არსებითი სახელისა და ზმნის „ჰიბრიდს“ წარმოადგენდნენ. მოგვიანებით აკაკი შანიძემ გააფართოვა ტერმინის მნიშვნელობა და იგი მიმღეობაზეც გაავრცელა. დღეისათვის სახელზმნა მოიცავს საწყისსაც და მიმღეობასაც. ნაზმნარი არსებითი სახელი აღინიშნა ტერმინით საწყისი, ზმნის უუღლებელი ფორმა კი, რომელიც მეტწილად ზედსართავის მნიშვნელობით იხმარება, აღინიშნება ტერმინით - მიმღეობა. მივყვეთ თანმიმდევრულად:

საწყისის მართლწერა

საწყისთა უმეტესობას აწარმოებს ა ნიშანი. ავიღოთ ზმნა - ვწერ. ზმნის საწყისი არის წერა. ვხატავ - ხატვა და ა.შ.

თუმცა ისეთი საწყისის გვხვდება, რომელიც სხვა ნიშნით ან სულაც ნიშნის გარეშე იწარმოება(ღალატი, ყოყმანი, ქეიფი და ა.შ.).

საწყისის მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

ვ თანხმოვანის ჩართვა ისეთი ზმნების საწყისში, რომლებსაც თემის ნიშანი -ავ არ გააჩნიათ დაუშვებელია. შესაბამისად, სწორია:
ტეხა და არა ტეხვა ( ზმნურ ფორმაში გვექნება ტეხს)
გლეჯა და არა გლეჯვა ( გლეჯს)
ფლეთა და არა ფლეთვა ( ფლეთს)
ყეფა და არა ყეფვა ( ყეფს)
ქროლა და არა ქროლვა ( ქრის)
თრთოლა და არა თრთოლვა ( თრთის)
ჩეხა და არა ჩეხვა ( ჩეხს)
კრეჭა და არა კრეჭვა ( კრეჭს)

რიცხვში მონაცვლე ზმნების საწყისის წარმოებისას უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ერთს ვგულისხმობთ, უნდა ვიხმაროთ მხოლობითის ფორმით ნაწარმოები საწყისი, ხოლო როცა ორი ან ორზე მეტი ( მრავლობითი) იგულისხმება, უნდა ვიხმაროთ მრავლობითის ფუძისგან ნაწარმოები საწყისი. შესაბამისად, სწორია:

დაგდება - დაყრა
ჯდომა-სხდომა
გდება-ყრა
ვარდნა-ცვენა
ზედმეტი ნივთის გადაგდება-ზედმეტი ნივთების გადაყრა
წიგნის დავარდნა - წიგნების დაცვენა/დაყრა

საგანგებოდ აღვნიშნოთ ორი ზმნის საწყისი და მათგან ნაწარმოები ზმნური ფორმები:
პოვნა და შოვნა - ამ საწყისების ფუძისეული ნ თანხმოვანი ზმნურ ფორმებში იკარგება. შესაბამისად, სწორია:
ვიპოვე ( და არა ვიპოვნე) და ვიშოვე ( და არა ვიშოვნე)

მიმღეობის მართლწერა

მიმღეობა, როგორც უკვე აღინიშნა, ზმნისგან მიღებული ფორმაა და წინადადებაში გამოიყენება, როგორც ზედსართავი სახელი. გვაქვს მოქმედებითი გვარის მიმღეობა და ვნებითი გვარის მიმღეობა. მოქმედებითი გვარის მიმღეობა იწარმოება მ, მ-ელ, მა-ელ ნიშნებით. ვნებითი გვარის მიმღეობა კი სა ან სა-ელ ( ილ,ულ) ნიშნების დართვით.

მიმღეობის მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს შემდეგი წესები:

თუ სახელის ძირი მ თანხმოვნით იწყება, მოქმედებითი გვარის მიმღეობის წარმოებისას სიტყვაში ორი მ მოიყრის თავს. შესაბამისად, უნდა ითქვას და დაიწეროს:

მმართველი ( თვითმმართველობა)
დამმორჩილებელი
დამმარხავი

გთავაზობთ იმ მიმღეობათა სწორ დაწერილობას, რომელთა მცდარი ფორმებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მედიაში:

გაწვრთნილი ( და არა გაწრთვნილი)
გამომშრალი ( და არა გამოშრობილი)
გამომცხვარი ( და არა გამოცხობილი)
გაძარცვული ( და არა გაძარცული)
დამავალი ( და არა დაღმავალი)
დაუწერელი ( და არა დაუწერავი)
მთრთოლარე ( და არა მთრთოლვარე)
მოუსყიდველი ( და არა მოუსყიდავი)
მწმენდელი ( და არა მწმენდავი)
შეცივებული ( და არა შეციებული)
შეფუთნილი ( და არა შეფუთნული)
შეწებებული ( და არა შეწეპებული)
შეჭმუხნილი ( და არა შეჭმუხნული)
შეურაცხმყოფელი ( და არა შეურაწმყოფელი)
სადავო ( და არა სადაო)
სადაზღვევო ( და არა სადაზღვეო)

თანამედროვე სალიტერატურო ნორმების თანახმად პარალელურ ფორმებადაა მიჩნეული შემდეგი ფორმები:

ნასამართლევი//ნასამართლები
აბურძგნული//აბურძგნილი
გაუხუნარი//გაუხუნებელი

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ