ვნებითის ვნებანი
19.09.2018

„აშენებულ იქნა“, „განადგურებულ იქნა“, „არასწორად იქნა გაგებული“, „გაჟღერებულ იქნა პრესაში“, „დაგებულ იქნა გზები“, „დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტი/კანონპროექტი“, „ცვლილება განახორციელა“, „გამოყენება აქვს“ , „განცხადება გაკეთდა“, „განმარტება გააკეთა“, „შეშფოთება გამოთქვა“- ასეთ უცნაურ ფრაზებს დღეს ხშირად შეხვდებით ბეჭდურ, ონლაინ თუ ტელემედიაში.

რატომ უცნაურს?

იმიტომ რომ თითოეული მათგანის ნაცვლად ჩვენი მშობლიური და მშვენიერი ენა უფრო მარტივ და მოქნილ, ამასთან, მართებულ ფორმებს გვთავაზობს და თუ უმეტესწილად ხალხურ მეტყველებას ეკონომიურობისკენ აქვს მიდრეკილება, აქ სრულიად საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ეკონომიური პრინციპი უგულებელყოფილი და „ბარბაროსულად დამარცხებულია“.

ამ შეცდომებისა და უმართებულო ფორმების დამკვიდრების მიზეზები საინტერესო საკვლევია. შესაძლოა, მიზეზი მოსაზრების/ნათქვამის „უფრო ჭკვიანურად წარმოჩენის“ სურვილი იყოს, შესაძლოა, მიზეზი უფრო „კონსპირაციულია“ და მთქმელს მოქმედების რეალური შემსრულებლის დასახელება/დაკონკრეტება არ სურს ( ან შემსრულებელი ცნობილი არ არის...).

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სიტყვათშეთანხმებების გამოყენებით აშკარად ზარალდება ქართული ენისთვის ორგანული ეკონომიური ბუნება. ბლოგში შევეცდებით ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფორმები.

დავიწყოთ იმით, რომ ზოგიერთ ზმნას ვნებითი არ ეწარმოება და ამ შემთხვევაში ე.წ. აღწერილობითი ვნებითი გამოიყენება. აღწერილობითი ვნებითი, შედგენილი შემასმენლის მსგავსად, შედგება სახელადი და ზმნური ნაწილისგან. მეშველ ზმნად, უმეტესწილად, გამოყენებულია იქნება/იქნა. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის თეორიის თანახმად ამგვარ წარმოებას „ანალიზური“ ეწოდება და ის „სინთეზურის“ საპირწონეა.

ასეთი ფორმები, წესით, ძალიან იშვიათად იხმარება (ძირითადად, ოფიციალურ და სამეცნიერო დოკუმენტაციაში).

როგორც ზევით აღინიშნა, აღწერილობითი ვნებითი დღესდღეობით „აქტიურად შეიჭრა“ წერილობით და ზეპირ მეტყველებაში და დააზარალა მშობლიური ენისთვის ბუნებრივი და ეკონომიური სიტყვაწარმოება.

საინტერესოა, რომ ქართული ენა განვითარების ადრეულ ეტაპზე ანალიზური იყო (მაგალითად, ძველ ქართულ ტექსტებში შეხვდებით ფორმებს „დაწერილ არს“, „თქმულ არს“ და ა.შ.), თუმცა დროთა განმავლობაში მას უფრო მოქნილი და ბუნებრივი სინთეზური წარმოება ჩაენაცვლა.

შესაბამისად, აღწერილობითი ვნებითის ამ სიხშირით გამოყენება თანამედროვე მეტყველებაში უმართებულოა.

სწორია:
  • აშენებულ იქნა - აშენდა
  • განადგურებულ იქნა - განადგურდა
  • არასწორად იქნა გაგებული – არასწორად გაიგეს ( გაიგო...)
  • გაჟღერებულ იქნა პრესაში - პრესაში გაჟღერდა ( თუმცა სტილისტურად სიტყვათშეთანხმება „ პრესაში გაჟღერება“ საკუთრივ დასახვეწია).
  • დაგებულ იქნა გზები - გზები დააგეს
  • დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტი/კანონპროექტი - დაამკტიცეს
  • ცვლილება განახორციელა - შეიცვალა
  • გამოყენება აქვს - გამოიყენეს, შესაძლებელია გამოყენება...
  • განცხადება გაკეთდა - განაცხადეს (განაცხადა)
  • განმარტება გააკეთა - განმარტეს (განმარტა)
  • შეშფოთება გამოთქვა - შეშფოთდა

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ